პლასტმასის ადამიანებით გარშემორტყმული მეფე ლირი - გზაპრესი

პლასტმასის ადამიანებით გარშემორტყმული მეფე ლირი

უილიამ შექსპირის "მეფე ლირი" მის პიესებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია, დღემდე არაერთი ინტერპრეტაციით დადგმულა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე, თუმცა, ვერ ვიტყვით რომ ხშირად, რადგან რეჟისორები მას ურთულეს სამუშაოდ მიიჩნევენ. ამჯერად სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრის 37-ე სეზონის რეპერტუარშიც გამოჩნდა და ეს თამამი ნაბიჯი რეჟისორმა ირაკლი გოგიამ გადადგა.

მან მაყურებელს ლირისა (ნუგზარ ყურაშვილი) და მისი ქალიშვილების (გვანცა კანდელაკი, ნინო ციმაკურიძე, მაიკო ვაწაძე) დრამატული და ამავდროულად, შემზარავი ისტორიის მისეული ვერსია წარუდგინა. აქ ვერ ნახავთ შექსპირის ეპოქისთვის დამახასიათებელ სამოსს, ვერც გვირგვინსა და სხვა მეფის ატრიბუტიკას, ძირითადი ამბავი საავადმყოფოს კედლებსა და ოფისში თამაშდება, სადაც სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი არა მეფე, არამედ განზოგადებული მმართველის სახე უფროა - სახელმწიფო მოხელე. პერსონაჟები მკვეთრი ფერის კოსტიუმებში არიან შემოსილი, თითოეულის ვიზუალი თვალს გჭრის, თითქოს ყველა უსულოა და პლასტმასის გამხდარა. მართალია, ინტერიერი თანამედროვეა, მაგრამ მონაწილეთა კოსტიუმები, მათ მომავალი საუკუნის წარმომადგენლებად წარმოაჩენს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ წარსულში აღმოცენებული პრობლემების წინაშე ვიქნებით მომავალშიც და რომ დაუნდობლობა, ინტრიგები დასაბამიდან დღემდე იყო და იქნება ხვალაც...

GzaPress რეანიმაცია... სიკვდილის პირას მყოფი ლირი საკუთარი ქონების გადანაწილებას ქალიშვილებზე იწყებს. ვისაც უფრო მეტად უყვარს მმართველი მამა, მას სამეფოს უფრო დიდი ნაწილი შეხვდება. მოხუცი შვილებს სთხოვს, სიყვარულში გამოუტყდნენ და მათი სიტყვების მოსმენის შემდეგ განსაზღვრავს, ვის რა ქონება დაუტოვოს. უმცროსი ქალიშვილი კორდილია გარიგებაში არ ერთვება და შესაბამისად, მამა მას მემკვიდრეობას არ უტოვებს, თუმცა, რეალურად მხოლოდ ის ატარებს მამის სიყვარულს, უბრალოდ, პირფერობა არ შეუძლია და ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი დაუშვებლად მიაჩნია. ლირის ტრაგედიის პარალელურად, ირაკლი გოგიას სპექტაკლში მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ხაზი ედმუნდის (ანდრია გველესიანი) ამბავია. ახმეტელის თეატრის ვერსიით, ერთ-ერთი მკვეთრი აქცენტი მასზე კეთდება. მისი სახე განზოგადებულია თანამედროვე მლიქვნელ ტიპაჟთან, როგორსაც სამწუხაროდ, ხშირად ვხვდებით ჩვენს რეალობაში.

სპექტაკლი სახელმწიფო მოხელის შეცდომების გაანალიზებასა და მისი ქონების ხელში ჩაგდების მსურველ ქალიშვილებზე, კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, თუ როგორი დაუნდობლები ვართ ადამიანები და რომ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ინტრიგები მრავლად ხდება, საამისოდ ადამიანების ნაწილი ყველა გზასა და ხერხს მიმართავს. ამისათვის ბევრს შეუძლია გასწიროს ოჯახის წევრებიც და სხვა უახლოესი ადამიანებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ნუგზარ ყურაშვილის მრავალწლიანი სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში, მას არაერთი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლში, თუმცა, როგორც სპექტაკლის ბოლოს მითხრა, მეფე ლირის როლზე კი არ ფიქრობდა, არამედ ოცნებობდა და მოხარულია, რომ მის სამსახიობო კარიერაში ეს როლიც შედგა.

GzaPress სპექტაკლის შემდეგ ირაკლი გოგიასაც გავესაუბრე: - როცა ცხოვრება არატრადიციულია და გარშემო არანორმალური ნორმების ნორმებად დაფუძნება ხდება (რომელსაც თანამედროვე ფილოსოფოსებმა ნორმოზი დაარქვეს) და გლობალურ თემას ჰკიდებ ხელს, ის აუცილებლად არანორმალურია. სამწუხაროდ, ჩვენი ქმედებების გამო ყველაფერი პლასტმასისაა. ბურჟუაზიული კორპორაციები ქმნიან ასეთ გარემოს და მაგიდებთან სხედან ადამიანები, რომლებსაც ხელფასის გამო უწევთ რობოტებივით მუშაობა. ისინი ძალიან გვიან ამჩნევენ, რომ დაკარგეს ბედნიერება. ერთი შეხედვით ეს არის ფერადი გარემო, თუმცა მტკივნეული. ჩემი აზრით, სწორედ ასეთია აწმყო, თუმცა არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. სამყაროში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც კრიზისია, რადგან ადამიანებმა დაიწყეს კაპიტალისტური აზროვნება. საქართველოს კი კაპიტალიზმი ისე უხდება, როგორც ძროხას უნაგირი.

- როგორ ფიქრობთ, კლასიკურ ლირს ნაჩვევი მაყურებელი "მეფე ლირის" თქვენეულ ვერსიას როგორ მიიღებს?

- კლასიკა ისაა, რომ ამბავი და პრობლემა დღემდე შემორჩა და თუ როგორ დაანახვებ მას საზოგადოებას თბილისში, ახმეტელის თეატრში, ამაზე თეატრი ფიქრობს და მისი გადასაწყვეტია. დღეს დეკონსტრუქციის ხანაა, ჩვენც ამ გზას მივმართეთ და გავაკეთეთ ახალი კონსტრუქცია მაყურებლისთვის. ხშირად ყველაფერი უტრირებულადაც უნდა წარმოაჩინო, რომ მაყურებელი გაღიზიანდეს. ის ღიზიანდება მაშინ, როცა ამხელ. ჩვენ "მეფე ლირში" შევიტანეთ თემები, რომელიც ჩვენს საზოგადოებასაც ეხება, დაწყებული უმაღლესი ფენიდან, დამთავრებული ჩვენით. ასე რომ, აქ ყველაფერი აქტუალურია. იური მეჩეთოვის ფოტოები ანა კალანდაძე