"ცოლს სამზარეულოს როგორ გავაკარებ?" - გზაპრესი

"ცოლს სამზარეულოს როგორ გავაკარებ?"

იუმორისტი გიორგი კაკიაშვილი "ღამის შოუში" ხან სანტაა, ხან ზონდერი, ხან პრეზიდენტის ინაუგურაციის ორგანიზატორი თელაველი მალხაზა და ხანაც, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი. გიორგი, იგივე კაკია "მან სან კანს" 13 წლიდან თამაშობს, 2015 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ამჟამად სტუდენტია - ჟურნალისტის პროფესიას ეუფლება. სულ ცოტა ხნის წინ, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად - სამსახურსა და ლექციებს ვგულისხმობ, "მოახერხა" და დაოჯახდა კიდეც.

- კაკიათი რომ გახსენებს ყველა, მეგონა, მეგრელი იყავი.

- (იცინის) სხვათა შორის, ბევრს ჰგონია, რომ მეგრელი ვარ. ერთხელ მეგრელი "ტაქსისტი" შემხვდა, მიცნო. - მაგრად მევასები, ბიჭო, მაგრად მიყვარხარ შენ, თან მეგრელი ხარ და მით უმეტესო, მითხრა. - არ ვარ მეგრელი, კაკიაშვილი ვარ-მეთქი, - ვუთხარი და მგონი, ვაწყენინე. კაკია არ არის შენი გვარი, აბა? - ჩაილაპარაკა... ბაღში მეგობარმა დამიძახა კაკია და მას შემდეგ ყველას დაავიწყდა ჩემი ნამდვილი სახელი, ყველა ასე მეძახის, დედაჩემიც კი.

- დედისერთა ხარ. ალბათ, განსაკუთრებულად განებივრებდნენ მშობლები, არა?

- რა თქმა უნდა, ყველა დედისერთას ხვედრი ასეთია, თუმცა უფრო მეტად ბებია მანებივრებდა, რადგან მისი გაზრდილი ვარ. სურამში დავიბადე, თბილისში გავიზარდე და ზესტაფონში ჩამოვყალიბდი, რადგან იქ დავამთავრე სკოლა - მე-7 კლასის შემდეგ დედაჩემის დედასთან გადავედი საცხოვრებლად. 13-14 წლის ვიყავი, მშობლები საზღვარგარეთ რომ წავიდნენ და ბებია ამიტომ მზრდიდა. როდესაც სკოლა დავამთავრე, მერე ისიც წავიდა იტალიაში, ახლა დედა და ბებია იტალიაში არიან, მამა კი საფრანგეთშია. გამიჭირდა მშობლებთან განშორება, მაგრამ იმ პერიოდში დავიწყე "მან სან კანის" თამაში და ყველაფერი ამან გადამატანინა.

- სკოლაში კარგად სწავლობდი?

- ცუდად არ ვსწავლობდი, მაგრამ ზარმაცი ვიყავი, როგორც ყველა ნიჭიერი ადამიანი, სამაგიეროდ, სხვადასხვა აქტივობაში ვიყავი ჩართული - სკოლის "მან სან კანის" გუნდის კაპიტანი ვიყავი, "რა სად როდის" - გუნდის წევრი, ჟურნალი მქონდა გაკეთებული და ა.შ. იყო საგნები, რომლებსაც არ ვსწავლობდი, მაგალითად, რუსულს, ხაზვას. მიყვარდა ისტორია, მათემატიკა, ქართული, ინგლისური. აქტიური და ცოცხალი, მაგრამ ძალიან ბუნჩულა და წესიერი ბავშვი ვიყავი, მასწავლებლებს არ ვაბრაზებდი. თავის გამოჩენა მომწონდა და ამის გამო ბაღში ყველაზე დიდ ლექსებს მე მაძლევდნენ ხოლმე. "მან სან კანის" თამაშიც სკოლის პერიოდში, 13 წლიდან დავიწყე. 15 წლის ვიყავი, როდესაც ზესტაფონის შიდასასკოლო ჩემპიონატი მოვიგეთ, 2015-ში კი საქართველოს ჩემპიონატზე ჩემმა გუნდმა - "მაღაროელი" გაიმარჯვა და მე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს.

GzaPress- რამდენად რთულია იუმორის "კეთება" და უფრო მეტად, რომელი კუთხის იუმორს ანიჭებ უპირატესობას?

- რთულია, ყოველთვის არ ხარ ხუმრობების წერის ხასიათსა და განწყობაზე, მაგრამ რას ვიზამ, ასეთია ჩემი სამსახური. ყველა კუთხეს აქვს რაღაც თავისი და გამორჩეული, მაგრამ უფრო გურულ სისხარტეს გამოვყოფ - შეიძლება გურულმა მარტივი ფრაზა გითხრას, მაგრამ ისეთ კონტექსტში, რომ იმ დროს მართლა ძალიან სასაცილო იყოს.

- საყვარელი იუმორისტი გყავს?

- რა თქმა უნდა, ჯიმ კერი, რომელიც ჩემი აზრით, საუკეთესოა, ქართველებიდან კი საკუთარი თავს დავასახელებ (იცინის).

- აი, დედისერთობის შედეგიც - საკუთარი თავი ძალიან გიყვარს, ხომ?

- რატომაც არა! ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული "მანსანკანელი" ვიყავი და იმედი მაქვს, კიდევ უფრო წარმატებული ვიქნები. ამისთვის ბევრს ვმუშაობ.

- გაბუნიასთან როგორ მოხვდი, ეგეც მითხარი...

- "მან სან კანს" ერთად ვთამაშობდით, გუნდის კაპიტნები ვიყავით ორივე. ბოლო თამაშზე ერთნაირი ქულები დაგვიჯდა და ისე მოხდა, რომ ორივე გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. "ღამის შოუ" "იმედზე" რომ გადმოვიდა, ზვიო ბლიაძემ და გიორგიმ თქვეს, გადაცემისთვის რამე უნდა მოვიფიქროთო და ასე "გავჩნდი" მე.

- შეგიძლია დაასახელო დასამახსოვრებელი გადაცემა, სტუმარი?

- ირმა ინაშვილი სტუმრის ამპლუაში არაჩვეულებრივი იყო, ხალისიანი. არ იცოდა, რას ვეტყოდი და რა მოხდებოდა, მაგრამ ისე წამომყვა, რომ რამდენიმე კარგი ხუმრობა აქეთ მითხრა. ზოგჯერ აუცილებელია, წინასწარ გავიაროთ სტუმართან რაღაც სიტუაციები, თუმცა სჯობს, ექსპრომტად მოხდეს ყველაფერი, უფრო ბუნებრივი და სასაცილო რომ გამოვიდეს. ასევე, ძალიან კარგი იყო ლალი მოროშკინა, რომელმაც ჩემთან ერთად იცეკვა და ნინი გოგიჩაიშვილი - "მის საქართველო", რომელთანაც როგორც "მისტერ ნაზუქში" გამარჯვებული, ასე წარვდექი. ვუთხარი, თუ ელოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, ეს მე ვარ-მეთქი, მაგრამ პრინცი უკვე დაკავებულია (იცინის) - ცოლი მოვიყვანე ცოტა ხნის წინ, მაისში ვაპირებთ ოფიციალურ ცერემონიებს.

- გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ! გაგვაცანი მეუღლეც.

- ქრისტინა გუბელაძე სტუდენტია, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. ჩემს თამაშზე გავიცანი. ქრისტინასაც მოჭარბებულად აქვს იუმორის გრძნობა, წარმოშობით ქუთაისელია და მოგეხსენება ქუთაისელების ამბავი.

- შეყვარებული კაკია როგორი იყო?

- შეყვარებული კი არა, კაკია ყოველთვის და ყველანაირად კარგია (იცინის) - კომფორტული და მზრუნველი. რაღაცებზე ვკამათობთ, რა თქმა უნდა - ყველაზე მეტად ლოდინი მაღიზიანებს და ძირითადად, ამაზე. სხვათა შორის, ისიც დედისერთაა და ჩემსავით ეგოისტი.

- ტრადიციული ქართველი ქმარი იქნები?

- არა, რას ამბობ, ცოლს სამზარეულოს როგორ გავაკარებ? თვითონ მოვამზადებ სადილებს, მეხერხება და მიყვარს კიდეც. თვითონაც იცის რაღაცების მომზადება, მაგრამ მე უკვე მიჩვეული ვარ მარტო ცხოვრებას და დამუღამებული მაქვს სადილების კეთება.

ნინო ჯავახიშვილი