"მზეხვეულას" და "მაჩვიკას" სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

"მზეხვეულას" და "მაჩვიკას" სიყვარულის ამბავი

მოგეხსენებათ, მსახიობი ჯანო იზორია დაოჯახდა. მისი რჩეული - გვანცა ბადურაშვილი გახლავთ, რომელიც თბილისის საკრებულოში მუშაობს. ჯანოსთვის ეს მეორე ქორწინებაა. გადავწყვიტეთ, ცოლ-ქმრისთვის ერთგვარი გამოცდა მოგვეწყო და გაგვერკვია, რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს? მათ ერთი და იგივე შეკითხვები ცალ-ცალკე დავუსვით - ისე, რომ ერთმანეთის პასუხები არ მოესმინათ, ერთმანეთისთვის მინიშნებები არ მიეცათ...

- როგორ ფიქრობთ, ერთმანეთს კარგად იცნობთ? თქვენი პასუხები რამდენი პროცენტით დაემთხვევა?

გვანცა:

- მიმაჩნია, რომ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან უკვე საკმაო დროა, რაც ერთად ვართ, თუმცა ჩვენი პასუხები როგორ დაემთხვევა ერთმანეთს, არ ვიცი - შესაძლოა, ნერვიულობის ფაქტორმაც იმოქმედოს... მოდი, ვიტყვი, რომ პასუხები 100%-ით დაემთხვევა.

ჯანო:

- ალბათ, 90%-ით დაემთხვევა. 10% დავიტოვოთ მაინც, ცხოვრებისეული ინტერესის გამო (იცინის)...

- როდის აქვს მას დაბადების დღე? შენ როდის გაქვს?

გვანცა:

- ჯანოს - 17 მაისს აქვს, მე - 27 აგვისტოს.

ჯანო:

- გვანცას დაბადების დღე აგვისტოში აქვს. მგონი, 23-ში... არა, 27 აგვისტოს აქვს!.. ჩემი დაბადების დღე 17 მაისს არის. ძალიან უცნაური დღეა - ძმაკაცების ხახაში ვარ ჩავარდნილი (იღიმის)...

- რა მოსწონს მას ყველაზე მეტად შენში და რა არ მოსწონს? შენ რა მოგწონს მასში და რა არ მოგწონს?

GzaPress გვანცა: - მისი საქციელიდან, საუბრიდან გამომდინარე, ჩემი ყველაფერი მოსწონს (იცინის). არ მომწონსო, არ უთქვამს, მაგრამ ჯიუტი ვარ და ამას აღნიშნავს ხოლმე... ჩავთვალოთ, რომ ჯერ კიდევ თაფლობის თვე გვაქვს, ეიფორიაში ვართ და ერთმანეთის ყველაფერი მოგვწონს. იმედია, ასე ძალიან დიდხანს გაგრძელდება...

ჯანო:

- ალბათ, ჩემი უშრეტი ენერგიულობა, დადებითი პიროვნული თვისებები და კიდევ, ჩემი ცხვირი მოსწონს (იცინის)... პირველ რიგში, მასში ის მომწონს, რომ ნიჭიერებასთან ერთად, ძალიან უშუალო ადამიანია. გარკვეული დოზით, ადამიანს სიამაყე უნდა გაგაჩნდეს, მაგრამ ქედმაღლური დამოკიდებულება მაღიზიანებს. მომწონს, რომ გვანცა ზედმეტად ამაყი არ არის. ადამიანში ცინიზმი და ირონიაც არის, გარკვეული დოზით, მაგრამ გვანცას ეს არ ახასიათებს... ყველაფერი ლამაზი აქვს, მაგრამ თმა - განსაკუთრებულად. ზღვაში რომ დავიკარგო და გვანცა ზღვის პირას იდგეს, მივაგნებ - მის გარეგნობას ვიცნობ. შუქურასავით არის...

- გვანცა, როგორ და როდის გამოგიტყდა ჯანო სიყვარულში?

გვანცა:

- ო, ეს ძალიან საინტერესო იყო: საერთოდ, რომანტიკული ადამიანია, მაგრამ სიყვარულში უცნაურად გამომიტყდა. გარკვეული პერიოდი გასტროლები, ფოთში სპექტაკლები ხშირად ჰქონდა. ერთმანეთისგან განშორება ხანგრძლივად გვიწევდა. მორიგი ხანგრძლივი განშორებისას, ზამთარში (თარიღი ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ იანვარი იყო) ჯანო ფოთში იყო, მე - გუდაურში. ღამით ვიდეოზარით დიდხანს ვისაუბრეთ. მერე თითქოს ემოციები დაგროვდა და უცებ ამოხეთქა - სიყვარულში გამომიტყდა. თავდაპირველად გავბრაზდი, - ამას მეუბნები და გვერდით არ უნდა მყავდე-მეთქი? - არა, ჰო... მერე გვერდითაც გეტყვიო, - მიპასუხა (იცინის). ვერ ვიტყვი, არარომანტიკული სიტუაცია იყო-მეთქი, მაგრამ ხომ არიან წყვილები, რომლებიც ასეთ დროს სპეციალურად სადღაც მიდიან, ჩვენ კი ერთმანეთისგან შორს ვიყავით.

ჯანო:

- თარიღების დამახსოვრება - ძალიან სუსტი წერტილი მიპოვე. ისტორია მიყვარს, მაგრამ სწორედ თარიღების გამო, გული ვერ დავუდე... ვიცი, რომ იმ დროს გვანცა გუდაურში იყო, მე ფოთში მქონდა საქმეები. თხილამურებზე სრიალი გვანცას ჰობია და გუდაურში გამგზავრება უხაროდა, მაგრამ თან, რაღაცნაირად იყო განწყობილი... მეც ასე ვიყავი. გუდაურში წასვლა მინდოდა (თან, ნამყოფი არ ვიყავი) - ძალიან მაგარი იქნებოდა, რომ ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ სპექტაკლი მქონდა... სულ მიკვირს, ადამიანები უცებ როგორ ეუბნებიან ერთმანეთს, - მე შენ მიყვარხარო. მგონი უკეთესია, როცა ეს სათქმელი გამუნჯებს და რაღაცნაირ სიტუაციაში გაგდებს, ვიდრე უთხრა და "დააჯახო" ადამიანს. მოკლედ, რაღაცნაირად, ტელეფონში გამოვცერი, - მიყვარხარ-მეთქი. მიპასუხა, - უკეთესი იქნებოდა, ერთად ვყოფილიყავით და მაშინ გეთქვაო (იცინის), მაგრამ დისტანციამ ცოტათი უფრო გამათამამა.

- გვანცა, ჯანოს ბოლოდროინდელი წარმატების შესახებ რა იცი - რომელ კინოფესტივალზე, რომელი ფილმით და რომელ ნომინაციაში გაიმარჯვა?

გვანცა:

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ზეპირად ვიცი, რადგან ჯანოს "არქივარიუსი" ვარ. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ: ის ჩემს ცხოვრებაშია ჩართული (თუნდაც - სამსახურებრივში), მე - მისაში (რეპეტიციები, გადაღებები...). კანადაში, რედლაინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმით - "ცუდი ხალხი" (რომლის გადაღებებზეც დავდიოდი), ჯანო "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლად" დაასახელეს. ეს საოცარი შეგრძნება იყო! როცა პრიზის შესახებ შევიტყვე (ჯანო მაშინაც ფოთში იყო), იმხელა ხმით ვიღრიალე, რომ საბრალო დეიდაჩემი (რომელიც ამჟამად ჩვენთან ცხოვრობს) ოთახში შეშინებული შემოვარდა და მუხლმოკვეთილმა მკითხა, - რა მოხდა, რა უბედურება დაგვემართაო?! სიხარულისგან ისე დავხტოდი, მართლა ჭერს ვურტყამდი თავს (იცინის).

ჯანო:

- კანადაში, რედლაინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე, გიორგი თავართქილაძის ფილმით მე და ვახო ჩაჩანიძემ გავიმარჯვეთ: ვახომ, როგორც "საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელმა", მე - "საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის". თვის ბოლოს ჯილდოს ველოდებით - არ ვიცი, რა იქნება... პირველ რიგში, იმით ვარ ბედნიერი, რომ გვანცა მყავს, მეორე ბედნიერება კი ის არის, რომ ჩემს პროფესიაში ისე კარგად ერკვევა, ნებისმიერ კინომცოდნესა თუ თეატრმცოდნეს შეშურდებოდა. ყოველთვის ობიექტურად მაფასებს: როდესაც საინტერესო არაფერია, ამასაც მეუბნება. თავისთავად, ამას ისე კი არ ამბობს, რომ ადამიანს ფარ-ხმალი დაგაყრევინოს? კარგად შეუძლია გირჩიოს და მოსაწონით გაიხაროს... როცა ჯილდოს შესახებ გავიგე, მაშინაც ფოთში ვიყავი - ჩამხუტებელიც არავინ მყავდა. მაშინვე ვის დავურეკავდი, თუ არა გვანცას? არანორმალური ხმით ისეთი ემოციები გადმოღვარა, რომ დეიდა მოვარდა, - რა ხდება, ამოვწყდითო (იცინის)? ეგონა, უბედურება მოხდა, მაგრამ პირიქით - ბედნიერება იყო და გვინდა, ჩვენი წარმატებებით ერთმანეთი ხშირად გავახაროთ.

GzaPress- ყველაზე ხშირად რის გამო კამათობთ?

გვანცა:

- ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ. კონკრეტულ შემთხვევებს მართლა ვერ ვიხსენებ. წავკამათდებით ხოლმე. მერე, როგორც გოგო, უნდა გავიბუტო, ოღონდ ეს გაბუტვა 2 წუთს გრძელდება, შემდეგ ჩვეულებრივად - თბილად და ტკბილად ვაგრძელებთ ურთიერთობას.

ჯანო:

- ორივეს გვეუბნებიან - სასიამოვნო ღიმილი გაქვთო. ჩემს გვანცას მართლა ფანტასტიკური ღიმილი აქვს - როცა იცინის, მგონია, დედამიწა იცინის. ღიმილს მეც არ ვუჩივი. რაზე ვკამათობთ? ხანდახან ადამიანი ხომ მოიღუშება? ერთმანეთს ვეკითხებით ხოლმე: - მოღუშული რატომ ხარო? პასუხად ვიღებთ: - არ შეიძლება, რომ მოღუშული ვიყო? აი, ეს არის ჩვენი კამათის საგანი და სხვა რამე არც ყოფილიყოს... არ ვიცი, ეს კარგი თვისებაა თუ ცუდი, მაგრამ კამათის შემდეგ, რამდენიმე წუთში ისევ შემიძლია, ადამიანს მოვეფერო.

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

გვანცა:

- ახლა გასწორებული თმა კი მაქვს, მაგრამ ბუნებრივად ხვეულია. ერთმანეთი რომ გავიცანით, გაშლილი, ჩალისფერი თმა მქონდა და "მზეხვეულა" დამარქვა - მზისფერი ხარო... "მზეხვეულას" მეძახის. მე სხვადასხვა ცხოველის სახელს ვეძახი - "ბაჭიათიც" მიმიმართავს, "მაჩვითაც" (იცინის)... ასეთ სახელებს ხალხის თანდასწრებით ნაკლებად ვეძახი, ის კი მეტსახელით ჩვეულებრივად, ხალხშიც მომმართავს.

ჯანო:

- "ხრუნჭუჭას" ვეძახი. კიდევ, "მზეხვეულა" დავარქვი. ვაკვირდებოდი და თმაში ჩახვეულ, აბურდულ მზეს შევადარე. თავად "მაჩვიკას" მეძახის (იცინის). სხვათა შორის, სოფელში პატარა მაჩვი მყავდა - მე და ჩემი ძმა ვზრდიდით. სტუდენტობისას მამაჩემმა მაჩვი თბილისშიც ჩამომიყვანა, მაგრამ მერე ისევ უკან გავატანე, რადგან აქაურობას ვერ გაუძლო - მაჩვი იყო, რა (იცინის). იცი, რა ლამაზია? ფანტასტიკური სილამაზის მქონე ცხოველია, თან ჭკვიანია. მის შესახებ რომ წაიკითხოთ, გაარკვევთ, რომ მაჩვს თავის სახლში საპირფარეშო ცალკე აქვს მოწყობილი, საჭმლის მარაგის "ოთახი" - ცალკე, შვილებისთვის - კიდევ ცალკე "ოთახი"... ძალიან სუფთა ცხოველია. ჰოდა, ასეთი "მაჩვიკა" ვარ (იცინის). თან, ჩემი "მაჩვიკობის" ამბავი ის არის, რომ საღამოს სუსნაობა მიყვარს. შემიძლია მთელი ღამე ვჭამო, თუ რამე (ვაშლი ან სხვა ხილი, კანფეტი, შოკოლადი...) მეგულება. მაგალითად, გუშინ ღამით დრო ვიხელთე და ტორტი შევჭამე. გვანცამ არ იცის - ახლა გაიგებს (იცინის).

- მისი საყვარელი კერძი რომელია? შენი?

გვანცა:

- გურმანები ვართ. კერძების მომზადება ორივეს გვიყვარს და ერთად ვამზადებთ ხოლმე. ფაქტობრივად, ყველაფერი მიყვარს. ისე, არც ჯანოა პრეტენზიული. უთქვამს, - ახლა ლობიოს შევჭამდიო.

ჯანო:

- გურმანი ვარ. მის მიერ მომზადებული ყველაფერი მიყვარს და ვჭამ. გულწრფელად ვამბობ, ფანტასტიკურად გემრიელი საჭმლის მომზადება შეუძლია. ბევრი რამის გაკეთება იცის. რაც მთავარია, მოწადინებულია. ისე არ არის, როგორც ეს საკითხი ვიღაცებმა სხვაგვარად "მოშხამეს" - "ქალი კუხნაშიო". ან იკითხოს, ვინც დამოუკიდებლად კვერცხსაც ვერ წვავს - თვითონ მოკვდება მშიერი... წარმოიდგინე, გვანცა სალათის ფოთოლსაც ისე დაჭრის, ლიმონს და ქონდარს დაამატებს, რომ ესეც კი გემრიელია! მიხარია, რადგან ისეთი პროფესია მაქვს, რომ ზოგჯერ დიეტა აუცილებლად დამჭირდება. ამასაც ხელშეწყობა სჭირდება. მჭადებს აცხობს, ლობიო ძალიან გემრიელად მოამზადა. სხვათა შორის, ლობიოს კერძი პირველად გააკეთა, თან - საკუთარი ინტერპრეტაციით. ისეთი გემრიელი გამოვიდა, რომ მგონი, მცხეთის სალობიეს ვაჯობეთ (იცინის)... გვანცას საყვარელი კერძი? კახელი გახლავთ. თავისი კუთხიდან გამომდინარე, ხორციანი კერძები, მწვადი ძალიან უყვარს. სხვათა შორის, ზღვის პროდუქტებიც მოსწონს. ხილზე "გიჟდება": მინდა, რომ ხილი ჭამოს, მაგრამ არ უყვარს. პრინციპში, რატომ ეყვარება? ამხელა ხილი აქ ვარ (იცინის)...

- შენი საყვარელი ფერი რომელია? მისი?

გვანცა:

- პასტელური ფერები მიყვარს. ბოლო დროს წითელი განსაკუთრებულად მხიბლავს. ჯანოს მხიარული ფერები მოსწონს, წითელი - ყველაზე მეტად.

ჯანო:

- წითელზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! მწვანეც ძალიან მომწონს!. დაფნა და ევკალიპტი მიყვარს - ამ მცენარეებს საოცარი ენერგეტიკა აქვთ. ალბათ, ჩემი ასეთი დამოკიდებულება იმანაც განაპირობა, რომ "ტროპიკული მოდგმა" მაქვს - აფხაზეთი, კოლხეთი, ფოთი... გვანცას წითელი ფერი მოსწონს. მინდვრის ყვავილები უყვარს. ის ფერები მოსწონს, რაც მინდვრის ყვავილებს აქვს. ასეთი ყვავილები მეც ძალიან მიყვარს. ჯავახეთში, ფოკის მონასტერში ყოფნისას ვაგროვებდი და კომპოზიციებს ვქმნიდი - იქ ალპური ზონაა და მინდვრის ფანტასტიკური, უამრავი სახეობის ყვავილია...

- ბოლოს რა გაჩუქა? მას რა აჩუქე?

გვანცა:

- ბოლოს ეს ბეჭედი მაჩუქა, რომელიც ახლა მიკეთია. მიცნობს და იცის, რა მიყვარს. ეს ბეჭედი უზომოდ მომწონდა... ფაქტობრივად, დაბადების დღეზე 2 საჩუქარი მომართვა: იცის, რომ ძაღლები მიყვარს და ლევან ბუჯიაშვილის არაჩვეულებრივი ნამუშევარი მაჩუქა - ძაღლის პორტრეტივით არის, ფანტასტიკურია!.. ასევე, დაბადების დღეზე კულონი მაჩუქა ჩვენი ინიციალებით (ინიციალების გრავირება ქორწინების ბეჭედზეც გვაქვს გაკეთებული). ძალიან მომეწონა!.. ბოლოს მე რა ვაჩუქე? თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად მახსოვს, მაგრამ მგონი, ქართული ბრენდის წინდები პეტრე ოცხელის ნახატით - "მფრინავი მღებავი".

ჯანო:

- ბევრი რამე მაჩუქა და არ ამერიოს... მე ბეჭედი ვაჩუქე. ჩემთვის ყველაფერი ძვირფასია, რაც მაჩუქა. მისი ნაჩუქარი საათი მიკეთია, სამაჯურიც ძალიან მომწონს...

- დაბოლოს, თქვენი ქორწინების თარიღი დამისახელეთ...

გვანცა:

- გამოდის, რომ ქორწინების 2 თარიღი გვექნება: 20 დეკემბერს ხელი მოვაწერეთ. ჯვრისწერასაც ვგეგმავთ...

ჯანო:

- ვაიმე, დედა! თარიღებში რა ცუდად მაქვს საქმე... დეკემბერი იყო... მოიცა, მეხსიერება აღვიდგინო... 21 რიცხვი იყო? ახალი წელი დგებოდა, მე ტუნისში ვიყავი, ჩამოვედი... 20 დეკემბერი იყო!.. რა ცუდ დღეში ჩამაგდეთ (იცინის)?!.

ეთო ყორღანაშვილი