"მამა პერიოდულად "ლექციებს" მიკითხავს" - გზაპრესი

"მამა პერიოდულად "ლექციებს" მიკითხავს"

25 წლის თათა გიორგობიანი გადაცემაში - "ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად", Yellow ბენდის წევრი გახლავთ. ფიქრობს, რომ ბენდის წევრად მის შერჩევაზე გარეგნობამ, მუსიკალურობამ და მსახიობურმა უნარებმა ერთიანად იმოქმედა. ჰყავს თავისი ბენდიც, სიმღერებს თავადაც წერს... ბოლო დროს თათა მაყურებელთა დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის უკეთ გაგვეცნო...

- Yellow ბენდის წევრობამდე რას საქმიანობდი?

- უნივერსიტეტში ვსწავლობდი და პარალელურად, ბენდებს "ვეპარებოდი". ძირითადად, ქავერ მუსიკას "ვაკეთებდით" და ბარებსა თუ კლუბებში ვმუშაობდით, რამაც თანდათან "გამზარდა", გამოცდილება შემძინა... საბოლოო ჯამში, Yellow ბენდში მოვხვდი, საიდანაც "ღამის შოუში" აღმოვჩნდი. ბედნიერი ვარ, რომ ამ ეტაპამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი. მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს, თუმცა თავდაპირველად, როცა ფორტეპიანოს შესასწავლად დავდიოდი, მძულდა. პიანინოსთან საათობით ვიდექი და ვბღაოდი - ჩემი ცრემლების გუბეები იდგა. ვამბობდი, - არ დავუკრავ-მეთქი, მაგრამ მაიძულებდნენ, დამეკრა. ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე და დამამთავრებელ წელს, როგორც იქნა, ფორტეპიანოდან გამომიყვანეს. წლები რომ გავიდა, მუსიკის მოსმენა დავიწყე, სხვათა შორის - მძიმე როკით, შემდეგ გადავედი პანკზე, ჯაზზე... მაშინ მივხვდი, რამხელა შეცდომა დავუშვი, რომ ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა შევწყვიტე.

- უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტზე სწავლობდი, რა პროფესიას ეუფლებოდი?

- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებისა და ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლა დავასრულე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მივიღე და უფასოდ ვსწავლობდი - ერთადერთი მიზეზი ეს იყო, რის გამოც სწავლას თავი არ დავანებე (იცინის). ამ პროფესიის არჩევა არ მინდოდა - ოჯახის ზეგავლენით ვსწავლობდი: ჩემს ოჯახში ყველანი ეკონომისტები არიან და უნდოდათ, მეც ამ მიმართულებით "წავსულიყავი", თუმცა თავად ფსიქოლოგობა მინდოდა. მერე, სტუდენტობისას ბენდებში ბედის ცდა დავიწყე. მივხვდი, რომ ბიზნესი და ტურიზმი კი არა, მუსიკა იყო ჩემი საქმე.

- შოუს გარდა, Yellow ბენდი სხვაგანაც მუშაობს? კონცერტებში მონაწილეობთ?

- რა თქმა უნდა, გვიწვევენ და დიდი სიამოვნებით მივდივართ. საერთოდ, ძალიან მიყვარს, როდესაც ადამიანებს ვახალისებ, კარგ ხასიათზე ვაყენებ. მიმაჩნია, რომ პოპულარობა, მით უმეტეს - ასეთ პატარა ქვეყანაში ერთგვარი ტრიბუნაა. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს მეტი ასპარეზი გაქვს, რომ შენი სათქმელი თქვა. ამიტომ მგონია, რომ ყველა საჯარო ფიგურას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რადგან პოპულარობა ერთგვარი პასუხისმგებლობაც არის. სამყარო ნებისმიერ მოვლენას ტვინის მეშვეობით ემოციებად და შეგრძნებებად "თარგმნის" - ეს სამყაროს უნივერსალური ენაა. შეიძლება, ეს შეგრძნებები ზოგჯერ ძალიან სასიამოვნო იყოს, ზოგჯერ - მტკივნეულიც... მინდა, რომ ადამიანებმა ყველაფრის უფრო მსუბუქად მიღება ვისწავლოთ. მით უმეტეს, ჩვენს ერს ეს თვისება ცოტათი აკლია - ცოტათი რადიკალები და ექსტრემალები ვართ. მსურს, უფრო გავხალისდეთ, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენი შეგრძნებების მმართველები თავად ვართ. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, ყოველთვის პოზიტიურობა შევინარჩუნოთ. ეს ჩვენთვისაც და ირგვლივ მყოფებისთვისაც სასარგებლო პოზიციაა, რადგან ოპტიმიზმიც და უხალისობაც გადამდებია. ჩვენი თითოეული, პაწაწინა გადაწყვეტილებაც ერთმანეთზე აისახება... ბავშვობიდან მაბედნიერებდა, როცა ვინმე იცინოდა - ასეთ დროს მეც უაზროდ სიცილს ვიწყებდი. უბანში მეზობლებს შევკრებდი ხოლმე. მეგობარ ბავშვებთან ერთად, ბებიის და დედის ტანსაცმლისგან კაბებს ვკერავდი, პოდიუმს ვაწყობდი, სპექტაკლებს ვდგამდი... ადამიანების ასე გახალისება მიხაროდა (იცინის)...

GzaPress- შენს ცხოვრებაში ხშირია ემოციური ეპიზოდები?

- საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ. სხვების ემოციებს გულწრფელად ვიზიარებ. შესაბამისად, როგორ ძლიერადაც მიხარია, ტკივილსაც ასე ძლიერად განვიცდი. თანდათან ზუსტად ამ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანმა ყველაფერს მსუბუქად უნდა შეხედო - ასე ცხოვრება უფრო ადვილია, ბედნიერების ხარისხიც უფრო მაღალია. როგორ ცუდადაც უნდა ვიყოთ, მგონია, რომ დაძაბულობას, ნერვიულობასა და შიშს უფლება არ უნდა მივცეთ, იმისგან დაგვაშოროს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს და გვაბედნიერებს. გაჭირვებასა თუ სხვა პრობლემას უფლება არ უნდა მივცეთ, ჩვენსა და ჩვენს ოცნებებს შორის ჩადგეს. სჯობს, ეცადო, ვიდრე დანებდე და არაფრისთვის იცხოვრო.

- შეგიძლია, ისეთი ამბავი გაიხსენო, რამაც შენში ძლიერი ემოცია გამოიწვია?

- პატარ-პატარა რაღაცები იყო, მაგრამ ყოველთვის წინ მივდიოდი. მაქვს პერიოდები, როცა შეიძლება, უცებ ინტროვერტი გავხდე. შემოქმედების მხრივაც ყველაფერი განულდეს. როგორც ზამბარა იკუმშება, საკუთარ თავში ასე ვიკეტები, მაგრამ ამას ზამბარის გაშლა და გასროლა აუცილებლად მოჰყვება - ახალი იდეები, ახალი ენერგია, ახალი შემართება. ასეთი რამ პერიოდულად მემართება: რაღაცნაირად, თითქოს ვპატარავდები, საკუთარ თავში ეჭვი მეპარება, თითქოს ადამიანებს ვეღარ ვენდობი, მეშინია, იდეებიც აღარ მაქვს, შემოქმედების სურვილიც ნელდება, მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად, "ვხარშავ" და ახალი ძალით "ვარტყამ" (იცინის). ისეთი დეპრესია არ მქონია, რომ კრიტიკული ზღვრისთვის მიმეღწია, რადგან თავის ხელში აყვანას ყოველთვის ვახერხებ. უპირველეს ყოვლისა, ამაში მუსიკა მეხმარება. როგორ განწყობაზეც უნდა ვიყო, შესაფერისი მუსიკა გულზე წამლად მედება.

- დიდი ძალისხმევა დაგჭირდა, რომ სახელმწიფო დაფინანსება მოგეპოვებინა მაშინ, როცა ის პროფესია არ გაინტერესებდა, რის შესასწავლადაც ეროვნულ გამოცდებს აბარებდი?

- რა თქმა უნდა, აბიტურიენტობა შრომატევადია. ასევე, ბიზნესის ადმინისტრირება ძალიან საინტერესო პროფესიაა და თავისი ეშხი აქვს. უბრალოდ, მე მუსიკამ უფრო "გადამწონა" და მივხვდი, ამ საქმის მიმართ უფრო დიდი სიყვარული მქონდა. ვეცადე, ბიზნესის ადმინისტრირება მუსიკაზე მეტად შემეყვარებინა, მაგრამ არ გამომივიდა. შეიძლება, ადამიანი მცირე ასაკში მზად არ იყოს, პროფესია აირჩიოს - საბოლოოდ გადაწყვიტოს, მთელი ცხოვრება რა საქმის კეთება უნდა. ბევრი აბიტურიენტი აბარებს უნივერსიტეტში რომელიმე ფაკულტეტზე, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ სრულიად სხვა ნიჭი აქვთ ან სხვა პროფესიისადმი ინტერესი უჩნდებათ.

- ხომ არ ნანობ, რომ წლების განმავლობაში, შენი რესურსი ბიზნესის ადმინისტრირების შესწავლას მოახმარე?

- არანაირად. მიმაჩნია, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, თუმცა შეიძლებოდა, რაღაც კოლეჯიც დამემთავრებინა და იმითაც გადასარევად ვიგრძნობდი თავს, რადგან პრინციპში, თუ სფერო არ გაინტერესებს, ამ შემთხვევაში, უმაღლესი განათლება უსარგებლოც არის - შედეგს ვერ იღებ. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდე, რა გინდა.

- შენი მიზანი რა არის?

- ის, რომ მაქსიმალურად ბევრი რაღაც ვნახო, ბევრი შეგრძნება, გამოცდილება დავაგროვო. ყველაფერი უცხო მაინტერესებს... რა თქმა უნდა, ასევე მსურს, რომ ჩემი ახლობლები და საერთოდ, ჩემი ერი კარგად იყოს. მინდა ამისთვის რაიმე ღირებული გავაკეთო, თუნდაც მცირე წვლილი შევიტანო იმაში, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს.

- ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- ვაიმე, არ მკითხოთ (იცინის). რეალურ ცხოვრებაში ცოტათი პანკროკულად - დახეულ ჯინსში, კედებში გამოწყობილი დავდივარ. ეკრანულისგან აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯი მაქვს. სპორტულ სამოსში ხშირად მნახავთ, რადგან სპორტდარბაზში ვვარჯიშობ. რა თქმა უნდა, კონცერტებზე ცოტა უფრო მოწესრიგებულად მაცვია - კაბის ჩაცმა მიწევს. როცა მეგობრების გარემოცვაში ვარ, მაშინაც თავისუფლად, ცოტათი ჰიპურად მაცვია. "ელასტიკებსა" და გრძელ მაისურში გამოწყობილი ხშირად ვარ.

- ყველაზე უცნაური ქათინაური, რაც მიგიღია...

- რა ლამაზი ჭიპი გაქვსო (იცინის). მართლა ძალიან უცნაურია, მაგრამ ვუთხარი, - დიდი მადლობა-მეთქი.

- შენი ამჟამინდელი საქმიანობის მიმართ ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- დედა, ბებია და პაპა ძალიან თანამედროვედ მოაზროვნეები მყავს და მგულშემატკივრობენ. მამას ცოტათი "ქართული რაღაცები" სჭირს - ვიღაცამ "სხვა თვალით" არ შემოგხედოსო (იცინის). ქართველი მამისთვის ცოტათი რთულია, როდესაც მისი შვილი ეკრანზე ჩანს და მამაკაცების ყურადღებას უფრო მეტად იქცევს. ამასთან დაკავშირებით, სულ მმოძღვრავს: - შენი თავის ფასი უნდა იცოდე. აბა, რა ოჯახიდან ხარ, აბა, ისე და ასეო (იცინის)... ასეთი "ლექციები" პერიოდულად გვაქვს, მაგრამ თან, ეს ყველაფერი სასიამოვნოა: "მამა" ზუსტად ამას ნიშნავს, რომ შენს ზურგს უკან ძალას გრძნობდე, ვინც შენზე ზრუნავს და არ დაუშვებს, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც არასწორი მოხდეს.

- შენი თაყვანისმცემლების მიმართ აგრესიულად განწყობილი ხომ არ არის?

- არა. უფრო ჩემგან ითხოვს - მითხარი, რამე "ზედმეტი" ხომ არ არისო? სიმართლე გითხრა, ხანდახან ვუმალავ, რადგან ზოგჯერ უცხო ადამიანი შეხვედრას დაჟინებით მთხოვს. აუცილებლად ზრდილობის ფარგლებში, მაგრამ - მაინც დაჟინებით. დაფასებისთვის მადლობელი ვარ და რა თქმა უნდა, ჩემთვის თითოეული კომპლიმენტი მართლა ბევრს ნიშნავს, მაგრამ ვცდილობ ავუხსნა, რომ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. ვეუბნები - ჯერ ერთი, დაკავებული ვარ. თან, არ გიცნობთ, ასე არ ხდება-მეთქი. ჯერჯერობით, ამ ყველაფერს თავად ვაგვარებ - ასეთი ამბები მამის ყურამდე არ მიდის. შესაბამისად, აგრესიული ვერ იქნება. მოკლედ, ვყოჩაღობ. თუკი თავი ვერ გავართვი, რა თქმა უნდა, საკითხი აუცილებლად "ზედა ეშელონებში" - მამასთან გადაინაცვლებს, მერე კი არ ვიცი, როგორ დასრულდება (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი