"როგორ იმარჯვებს ჩვენში ღმერთი, სიკეთე" - გზაპრესი

"როგორ იმარჯვებს ჩვენში ღმერთი, სიკეთე"

"თუ გულმხურვალედ ილოცებ, ღმერთი ყველაფერს შეგისრულებს, მოგიტევებს, ყველაფერს მოგისმენს და წყალობასაც გაიღებს", - ამ სიტყვებით ასრულებს მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ვლადიმერ სავიცკი ბელორუსული ხალხური ზღაპრების მოტივებზე დადგმულ სპექტაკლს "თეთრი კაჭკაჭი", რომელსაც ახლახან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უმასპინძლა. სპექტაკლი თბილისისა და მინსკის თეატრების ერთობლივ პროდუქციას წარმოადგენს. რეჟისორმა სპექტაკლი ორ ენაზე დადგა. რუსული ვერსიის ინსცენირების ავტორი თავად გახლავთ, ქართული თარგმანი კი დოდო ხურცილავას ეკუთვნის. ინსცენირების ავტორმა ერთ სიუჟეტურ ქარგას რამდენიმე ისტორია დაუქვემდებარა. ამბებს სიკეთის, ბოროტების, სიხარბის, უფლის წყალობისა და მიტევების ცნებები აერთიანებს. პროექტის ფარგლებში მინსკში რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლი "მე ვხედავ მზეს" ბელორუსი მსახიობების მონაწილეობით დაიდგმება.

დოდო ხურცილავა, მთარგმნელი:

- ბელორუსის საყმაწვილო თეატრის რეჟისორი ჩვენი თეატრით, ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესდა და შედეგად, გაცვლითი პროგრამა შედგა. ტექსტზე მუშაობა მეტად საინტერესო იყო, რადგან ცენტრალური ევროპის ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი სლავებისთვის, მისტიკური საწყისის თემა ჩვეულია. ეს კარგად ჩანს ამ ზღაპრების კრებულშიც, რომელიც რეჟისორმა თავად გაასცენურა. შესაძლებელია, ეს თემა ქართველი მაყურებლისთვის მოულოდნელი იყოს, მაგრამ იქაურ ბავშვებს მსგავს ზღაპრებს უხსოვარი დროიდან მოუთხრობენ. სამივე ზღაპრის მთავარი იდეა ერთია - როგორც უნდა მოინდომოს ბნელმა ძალამ სიკეთის დათრგუნვა, ის ყოველთვის დამარცხდება. ბავშვებისთვის ჭკუის დამრიგებლური, დიდაქტიკური მნიშვნელობის ნაწარმოებია. გარდა ამისა, სპექტაკლს შემეცნებითი ფუნქციაც აკისრია. ლამაზადაა დადგმული ბელორუსული ცეკვები, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი ქართველებისთვის. შესრულებულია მეტად საინტერესო საეკლესიო ხორალები. მიხარია, რომ მინსკში "მე ვხედავ მზეს" დაიდგმება. ვნახე აფიშები, რომლებიც უკვე გაკრულია და "მე ვხედავ მზეს" ჯერ ქართულად, შემდეგ კი ბელორუსულად აწერია.

ნინო ჩიტაიშვილი, მხატვარი:

- ბელორუსული ზღაპრების მიხედვით წარმოდგენილ ამ ფანტასმაგორიულ დადგმაზე მუშაობა ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, ახალი და საინტერესო იყო. ბელორუსულ ფოლკლორთან მანამდე შეხება არ მქონია... რეჟისორმა ორი რამ მთხოვა - სპექტაკლში ხორბალი და სანთლები ჩამერთო. სცენაზე დაყრილი ხორბალი წარმოდგენილია, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი. მოგეხსენებათ, სპექტაკლში ის ხან თავად ხორბალს, ხან ოქროს, ხანაც სიმდიდრეს განასახიერებს. ბელორუსული ნაციონალური კოსტიუმი იმდენად ჭრელი, ნაქარგებით დატვირთული და ფერადოვანია, ამ სიჭრელეზე უარის თქმა მოგვიხდა, ფერები "ჩავაქრეთ", რადგან საერთო მოცემულობას შეუშლიდა ხელს. მხოლოდ ფინალურ სცენაში, ქორწილისას შემოვიტანეთ ერთი ფერადი კოსტიუმი.

GzaPress

თაკო ცქვიტინიძე, მსახიობი: - პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თეატრს ამ გაცვლითი პროგრამის შემოთავაზებისთვის. მსახიობისთვის ყოველ ახალ რეჟისორთან მუშაობა საინტერესო, მნიშვნელოვანი გამოცდილება და კიდევ ერთი წინ გადადგმული პროფესიული ნაბიჯია. უცხო და საინტერესო იყო როგორც თავად მასალა, ასევე, რეჟისორი. თეთრი კაჭკაჭი, რომელიც მე განვასახიერე, მისტიკური პერსონაჟია. ის გახლავთ სიკეთისა და ბოროტების ჭიდილის სიმბოლო. ადამიანებს საშუალებას აძლევს დაფიქრდნენ საკუთარ საქციელზე, გააანალიზონ ნამოქმედარი. სპექტაკლი სამი ნოველისგან შედგება და სამივეს თავისი მორალი აქვს. ხშირად არის ნახსენები უფალი და ხაზგასმულია მოსაზრება, რომ თუ წრფელი გულით ილოცებ, ყველაფერი შესაძლებელი გახდება. სპექტაკლის ნახვის შემდეგ ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს ნანახიდან დასკვნა გამოიტანოს.

- რატომ უნდა გააკეთოს მშობელმა არჩევანი სწორედ ამ სპექტაკლზე?

- ნოველებში ნაჩვენებია როგორ იმარჯვებს ჩვენში ღმერთი, სიკეთე. ჩადენილი კარგი საქმე ფასდება და ოდესღაც აუცილებლად კეთილად დაგიბრუნდება - სპექტაკლის მთავარი მორალი ეს გახლავთ. გარდა ამისა, მაყურებელს საშუალება ექნება ბელორუსულ ზღაპრებს, მათ ფოლკლორს გაეცნოს, დაინტერესდეს და შემდეგ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვოს მის შესახებ.

- მინსკში წასვლა იგეგმება?

- თავდაპირველად, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბელორუსში დიმიტრი ხვთისიაშვილის "მე ვხედავ მზე" დაიდგმება, რომელშიც მონაწილეობას ბელორუსი მსახიობები მიიღებენ.

მერაბ შარიქაძე, მსახიობი:

- მე ბატონი ზავალნის როლს ვასახიერებ, რომელიც ისტორიებს თავადაც მოგვითხრობს და იმავეს თავის სტუმრებსაც სთხოვს. მუშაობის პროცესი უჩვეულო და საინტერესო იყო თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ რეჟისორს სიტყვაც არ ესმოდა ქართული. ბევრი რამ ჩვენ "მოგვანდო". ჩვენც ზუსტად ვიცავდით და მივყვებოდით რუსული სპექტაკლის მთავარ ხაზს.

- "თუ გულმხურვალედ ილოცებ, ღმერთი ყველაფერს შეგისრულებს, მოგიტევებს, ყველაფერს მოგისმენს და მოწყალებასაც გაიღებს", - ამ სიტყვებით ასრულებს სპექტაკლს თქვენი პერსონაჟი...

- დიახ, სპექტაკლის დედააზრი სწორედ ეს გახლავთ. არ უნდა იყო ხარბი და შურიანი, უნდა იშრომო და ილოცო არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ გარშემო მყოფთათვის, ხოლო როცა ცალკეული ადამიანები თავს ბედნიერად იგრძნობენ, ეს ქვეყნის განვითარებაზეც აისახება.

შორენა ლაბაძე