როგორი დედაა თამთა შედანია - გზაპრესი

როგორი დედაა თამთა შედანია

თამთა შედანიას ულამაზესი გოგონა - მია უკვე რამდენიმე ბრენდის სახე გახლავთ. მოსწონს გადაღებები, ცეკვა, ხატვა... მიუხედავად ამისა, ექიმობა და პოლიციელობა აქვს გადაწყვეტილი. ექიმობა იმიტომ სურს, რომ თოჯინებს მოუაროს. მიამ ისიც გვითხრა, რომ როცა გაიზრდება და თოჯინებით აღარ გაერთობა, ექიმობას მაინც არ გადაიფიქრებს. ის თავის თოჯინებს რუსულად ესაუბრება, თან ისე, რომ ბებოს უკვირს - ხომ არ მომესმაო? ამიტომ მიას ფრაზების ქართულ ენაზე გადათარგმნას სთხოვს, გოგონაც გამართული ქართულით თარგმნის. მიამ გაგვიმხილა, რომ რუსული საბავშვო ბაღში, მეგობრებისგან - ნასტიასა და ლიოვასგან ისწავლა...

თამთა:

- მიასთან ერთად "ახალი თამთა" დაიბადა - ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო: როდესაც დედა ხდები, ცხოვრებას უკვე სხვა ფასეულობებით აგრძელებ. მიას გაჩენის შემდეგ, სწორედ ეს ფასეულობები შევიგრძენი. ალბათ, შვილი ღმერთისგან ბოძებული ყველაზე მაგარი საჩუქარია, რაც შეიძლება, ქალს ერგოს. შვილის გაჩენის შემდეგ, ჩემი ცხოვრება სრულად შეიცვალა - მიას რეჟიმზე "გადაეწყო". დროის უმეტეს ნაწილს მის განვითარებას ვუთმობ. დედაჩემს ჩემი დღიურები შენახული აქვს, რომელსაც ბავშვობაში ვწერდი. ერთ დღეს ასეთი რამ დამიწერია: "მინდა, პირველი შვილი გოგონა მყავდეს და მას მია დავარქვა". ორსულობისას, როცა ბავშვის სქესი გავიგე, მაშინვე გადავწყვიტე, მისთვის მია დამერქმია, რადგან ეს სახელი ძალიან მომწონდა და ვფიქრობ, მიასაც ძალიან უხდება, ლამაზია...

- შენ და მიას რა საერთო თვისებები გაქვთ, უკვე იკვეთება?

- ჯიუტი ვარ. მიაც ასეთია. ვგულისხმობ იმას, რომ პირველობის მოყვარულია (სადაც თამაშობს, იქ პირველი უნდა იყოს და ყველა მას უჯერებდეს); სურს, თავისი გაიტანოს, სხვებისგან ყოველთვის გამოირჩეოდეს და მისი აზრი საზოგადოებაში გათვალიწინებული იყოს.

- შენი საქმიანობა მის ინტერესებზე გავლენას ახდენს?

- კი. თავად არც მიცდია, რადგან ცნობილი ვარ, ამ მხრივ, ჩემი შვილი გვერდით დამეყენებინა. უბრალოდ, ასე მოხდა: რადგან მია ასეთი ლამაზი გაჩნდა და ფერიას ჰგავს, სურვილი ჰქონდათ, ჩვენთვის გადაღება ერთად მოეწყოთ. მია რამდენიმე ბრენდის სახეა. ეს ამპლუა ძალიან მოსწონს. ძირითად დროს შვილთან ვატარებ, ამიტომ ის ხშირად დასწრებია ჩემს გადაღებებს, პროექტებში მონაწილეობის დროსაც ჩემ გვერდით იყო. რასაც ხედავს, იქიდან მაგალითს იღებს: პოზირებს, ცეკვავს... როდესაც ტელეწამყვანი ვიყავი, ჩემთან ერთად იჯდა. ყოფილა შემთხვევა, ეთერი ღამის პირველ-ორ საათზე დასრულებულა. მია ყველაფერს "აკოპირებს" - იმეორებს, იზეპირებს (იღიმის)... როცა ბრენდების სახე გახდა, იქაც ისეთი პოზირება დაიწყო, შოკში ვიყავი - ეს ჩემმა შვილმა სად ნახა-მეთქი (იცინის)?!. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის პროფესიასთან დაკავშირებით რამე მიზანი მაქვს ან ახლა რამე გადაწყვეტილებას მივიღებ. თავად რაც მოუნდება, იმ პროფესიას დაეუფლება.

GzaPress

- თავად ირჩევს, რა ჩაიცვას? - თავად ვაცმევ - სამოსს ერთმანეთს ვუხამებ, რომ ლამაზად და პრინცესულად ეცვას. მომწონს, როცა უნისექსი აცვია. სხვადასხვანაირი სტილის სამოსს ვურჩევ, მაგრამ ახლა უკვე ჩამოყალიბებული ინდივიდი გახლავთ, საკუთარი გემოვნება გააჩნია. როცა სახლში კონცერტებს გვიწყობს, თავად არჩევს, როგორი კაბა, კოლჰოტი ჩაიცვას, რომელი ფეხსაცმელი მოირგოს... საკუთარი გემოვნებით იპრანჭება და ძალიან ლამაზია.

მია:

- ძალიან მიყვარს კაბები, ბრჭყვიალა ფეხსაცმელები, ჩანთები.

- დედიკო ჩაცმულობასთან დაკავშირებულ რჩევებს გეკითხება?

- კი.

თამთა:

- რჩევა დღესაც ვკითხე. მეუბნება ხოლმე, ერთმანეთს რა უხდება და რა - არა. იცი, ყველაზე მეტად რა მოსწონს? თავად როგორი სტილის სამოსიც აცვია, მეც იმავე სტილისას ვიცვამ, რომ დედა-შვილი ერთნაირად ჩაცმულები ვიყოთ. დღესაც მისი გადაწყვეტილებით შევიმოსე. მიას გემოვნებას ვითვალისწინებ. 4 წლისაა, მაგრამ ვხვდები, კარგი გემოვნება აქვს. შეუძლია ტანსაცმელი ერთმანეთს შეუხამოს. რჩევებს ამიტომ ვეკითხები - ძალიან მაინტერესებს, მიას თვალით დანახული დედიკო როგორია.

- მია, კიდევ რისი კეთება მოგწონს?

- ხატვა მომწონს.

- რითი ხატავ?

- ფლომასტერებით, ფანქრით და საღებავებით.

თამთა:

- გუაშის საღებავებით ხატვა უყვარს. ლამაზად ხატავს ფიგურებს, ფორმებს, ფერებს ერთმანეთს ძალიან მაგრად უხამებს. მია, ბაღში რომ მოვდივარ, ყოველდღე რას მახვედრებ?

მია:

- საჩუქრებს.

თამთა:

- ახალდახატულ ნახატებს მახვედრებს. კიდევ, ქაღალდისგან სხვადასხვა, ძალიან ლამაზ ფიგურას ჭრის.

მია:

- და მერე შენ არ გჩუქნი?

თამთა:

- ჰო, დე (იღიმის)... საჩუქარი ქალთა დღესაც მომიმზადა: გულის ფორმა გამოჭრა. თან, როცა გახსნი, ყვავილიც იშლება. ძალიან ლამაზია.

- მია, დედიკო რას გჩუქნის?

- კაბებს, სათამაშოებს, ფანქრებს, წიგნებს, გასაფერადებლებს...

- თამთა, მიას გახარება იოლია?

- კი. ზუსტად ვიცი, რა გაუხარდება. არის რაღაცები, რაც ძალიან უნდა, რომ ჰქონდეს. მაგალითად - ტყლარწი, მაგრამ შევთანხმდით, რომ ის სასარგებლო არ არის. მაინც უნდა, მაგრამ დედა არ ყიდულობს (იცინის). სხვა რაღაცებს რაც შეეხება, ზუსტად ვიცი, რა გაუხარდება. მაგალითად, ის ფანქრები ვუყიდე, რომელიც უნდოდა და ლამაზი კაბებითაც გავახარე. ყოველთვის ვცდილობ, ვასიამოვნო... კიდევ, გიჟდება, ისე უყვარს მაკიაჟი. წითელ პომადას ჩუმად წაისვამს, ბრჭყვიალა კაბას ჩაიცვამს და კონცერტებს მართავს (იცინის).

- მია, შენს კონცერტზე რას აკეთებ ხოლმე?

- ვცეკვავ.

- ცეკვა სად ისწავლე? დედიკოს "ცეკვავენ ვარსკვლავების" რეპეტიციებზეც დადიოდი?

თამთა:

- კი, რეპეტიციებზეც დადიოდა და საგულშემატკივროდაც. იქ მოსვლა მოსწონდა - დარბაზში დარბოდა (იცინის)...

- თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- ზოგჯერ დედა ენის ბაღში ვსეირნობთ, ზოგჯერ - გასართობ ცენტრში მივდივართ, ვხატავთ...

- საბავშვო ბაღში მისვლის პირველ დღეს მიამ ხომ არ იტირა?

- პირველ დღეს, დილით ბაღში რომ დავტოვე, სხვა ბავშვების შესახებ თქვა, - ამათ რა ატირებთო (იცინის)? ბაღში შევიდა, ითამაშა... მის წამოსაყვანად რომ მივედი, სხვა ბავშვები ისევ ტიროდნენ. მიას ბაღში ყოფნა მოსწონს.

- ბაღში რას აკეთებ ხოლმე?

მია:

- ბაღში რომ მივდივარ, ხელებს ვიბან, მერე ვჭამთ, მერე ვთამაშობთ. ნასტიასა და ბაბისთან ვთამაშობ ხან "დედაშვილობანას", ხან - სხვა რამეს.

- ბაღში შეძენილ მეგობრებთან ბაღის გარეთაც ურთიერთობ?

- კი. ჩემი მეგობრის - ბაბის დედამ ჰელოუინის "ფართიზე" დაგვპატიჟა სახლში და "ვამპირებისნაირი" რკინები დამაკრეს, სახე მომიხატეს.

თამთა:

- ძალიან მაგრად გაერთნენ. ახლა მიას დაბადების დღე მოდის და ყველას ეპატიჟება. მეგობრები ძალიან უნდა გაერთონ.

- მია, დაბადების დღის როგორ წვეულებას მართავ, მომიყევი.

- ზღაპრის გმირები იქნებიან. ბავშვებმა უნდა ითამაშონ. სასრიალოები და საქანელები იქნება. "პეჩენიები" უნდა გამოვაცხოთ.

თამთა:

- ცხობაზე გიჟდება, ისე უყვარს! როცა დედაჩემი ცომს ამზადებს, მიაც ამზადებს. ამიტომ დაბადების დღის წვეულების პროგრამაში ესეც ჩავამატეთ, რომ სტუმრებმა სათითაოდ, თავიანთი ნამცხვარი გამოაცხონ (იღიმის).

- თამთა, მიას შენს მეგობრებთან როგორი ურთიერთობა აქვს?

- ჩემს მეგობრებზე გიჟდება! "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მია შეყვარებული იყო. ვინ გიყვარდა, თქვი...

მია:

- გიორგი.

თამთა:

- გიორგი გილიგაშვილზე გიჟდებოდა. კარი ჯერ ბოლომდე გახსნილი არ იყო, როცა მია შევარდებოდა და გიორგის ეხუტებოდა ხოლმე. მის მიერ შესრულებული ცეკვები მოსწონდა, ტაშს უკრავდა... აქტიურად, განსხვავებულად გულშემატკივრობდა და ეფერებოდა. გიორგიც გიჟდებოდა მასზე. მიას მიმართ ჩემს ყველა მეგობარს ასეთი დამოკიდებულება აქვს - პატარა პრინცესასავით ჰყავთ. გონებრივი თვალსაზრისით, მია უფროსი ადამიანივით არის. 27 წლის ვარ და მასთან საუბრისას ზოგჯერ, ისეთი განცდა მაქვს, რომ 27 წლის გოგოს ვესაუბრები. საერთოდ, სულ ვცდილობ, ისე ვესაუბრო, როგორც უფროსი ასაკის ადამიანს. ჩემი მეგობრებიც ასე ექცევიან, რაც ძალიან მსიამოვნებს.

- შენი დაოჯახება მიამ ბუნებრივად მიიღო?

- ჩემს მეუღლეზე გიჟდება. მასთან კარგი ურთიერთობა აქვს. მანაც შვილივით მიიღო. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს საკუთრისგან არ ასხვავებს - ეს ქალისთვის დიდი ბედნიერებაა. როდესაც შვილი გყავს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შვილით უნდა "გაზომო". ისეთ ადამიანს არ მივიღებდი, ვინც მიას ვერ მიიღებდა.

- დედა-შვილს უთანხმოება რის გამო მოგდით?

- მაგალითად, თავის ნივთებს არ ალაგებდა, მაგრამ ეს საკითხი უკვე გამოვასწორეთ. მიამ იცის, რომ დიდი გოგოა. ბოლო პერიოდია, აღარ მაბრაზებს: დაჭკვიანებული და გაზრდილია. ვგრძნობ, რომ 5 წლის ხდება. ახლა ყალიბდება და ვცდილობ, მაქსიმალურად ავუხსნა, რა არის სწორი და არასწორი, სწორი მაგალითი ვუჩვენო. ახსნა-განმარტებით, მოთმინებით და მონდომებით მინდა, სასურველ შედეგს მივაღწიო და სამაგალითო, მისაბაძი გოგო გაიზარდოს.

ეთო ყორღანაშვილი