"იდეალურმა დედამ" სამსახიობო სფეროში ისევ დამაბრუნა" - გზაპრესი

"იდეალურმა დედამ" სამსახიობო სფეროში ისევ დამაბრუნა"

ანანო სირბილაძე სერიალში - "იდეალური დედა" მოწესრიგებული ქალის და მკაცრი დედის - ელენეს როლს ასრულებს. ანანოსთვის ეს როლი პირველი არ არის, თუმცა სამსახიობო სფეროში გარკვეული პაუზა ჰქონდა აღებული. შესაბამისად, სერიალში როლის მორგებას განსაკუთრებული მღელვარებით შეუდგა...

- საუბარს იმით დავიწყებ, რომ სერიალში ჩემს პერსონაჟს - ელენეს გარეგნობით ძალიან ვგავარ (იცინის). ჩემგან განსხვავებით, ელენე ზედმეტად მოწესრიგებულია, ყველაფერი "წამი წამში" აქვს გათვლილი. მეც ძალიან მინდა, ასეთი ვიყო. მკაცრი დედა გახლავთ - ერთმანეთს ამით ვგავართ, რადგან უწესრიგობა მეც არ მიყვარს და ჩემს შვილს ცოტათი მკაცრად ვეპყრობი.

- სერიალში როგორ მოხვდით?

- სტუდია "TV 11"-თან ურთიერთობა ადრეც მქონდა. ჩვენი თანამშრომლობა სერიალიდან - "შუა ქალაქში" დაიწყო... შემდეგ კასტინგის მენეჯერმა დამირეკა, მივედი და ბოლოს ასე გადაწყდა, რომ ელენეს როლი უნდა შემესრულებინა.

- ელენეს როლი თქვენთვის საინტერესოა?

- ვცდილობ, ჩემი და ელენეს თვისებები შევაერთო და საკუთარი თავი იმ სიტუაციაში ვითამაშო, როგორშიც ელენეა. ხანდახან, როცა ჩემს შვილს ვურეკავ და მკაცრად მივმართავ, მეუბნება, - აუ, დედა, ახლა ელენესავით ნუ მელაპარაკებიო (იცინის).

- თქვენი შვილი გაგვაცანით...

- ქეთი გელოვანი 10 წლის არის. ძალიან ჭკვიანია. სულ ვეუბნები, - ძალიან პუტკუნა ხარ-მეთქი, მაგრამ ასე არ არის - საყვარელია (იცინის). რომ გითხრათ, მასაც მსახიობობა უნდა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ სამაგიეროდ, ჰიპ-ჰოპს ცეკვავს, თან - საკმაოდ კარგად გამოსდის. ძალიან მონდომებულია. წინათ სტუდია "თელაში" მეც ვცეკვავდი. თავდაპირველად, ქეთი იქ მივიყვანე, მაგრამ რომ მიხვდა, ჰიპ-ჰოპი ჯობიაო, ტყუპი ძმის - თორნიკე და გიორგის სტუდიაში გადავიყვანე.

GzaPress

- თავად პროფესიით მსახიობი ხართ? - დიახ. თეატრალურ უნივერსიტეტში გიზო ჟორდანიას ჯგუფში ვსწავლობდი. შემდეგ სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობდი, მაგრამ მერე დიდი პაუზა მქონდა - საქმიანობის სულ სხვა სფეროში გადავედი. ამ სერიალმა - "იდეალური დედა" სამსახიობო სფეროში ისევ დამაბრუნა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი გრძნობ, ზუსტად იქ ხარ, სადაც შენი ადგილია.

- სამსახიობო სფეროში პაუზის დროს რას საქმიანობდით?

- პიარის სფეროში ვმუშაობდი. მიხარია, რომ როდესაც თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატი "თბილისი 2015" ჩატარდა და ოლიმპიური ცეცხლი საქართველოში პირველად ჩამოიტანეს, ამ ისტორიის მონაწილე გავხდი. ამ ამბით მთელი ჩვენი სტაფი აღფრთოვანებული იყო!.. ადრე, ერთ-ერთ ტელევიზიაში ჟურნალისტადაც ვმუშაობდი - შუადღის გადაცემის თანაწამყვანი გახლდით.

- გარკვეული პერიოდით, სამსახიობო სფეროსგან ჩამოშორება რამ გადაგაწყვეტინათ?

- ხან რომელ პროექტში ვიყავი დაკავებული, ხან - რომელში. სტაბილურობის შეგრძნება არ მქონდა. გადავწყვიტე, ისეთ სფეროში მემუშავა, რომელშიც სამსახური მექნებოდა. კი, ჩემი პროფესია მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ სტაბილური არ არის. ისე, კამერისგან შორს ჟურნალისტიკაც არ არის, თან - კულტურის სფეროს მიმართულებით ვმუშაობდი...

- ახლა, როცა 10 წლის წინ, სერიალის - "შუა ქალაქში" თქვენი მონაწილეობით გადაღებულ ეპიზოდებს უყურებთ, როგორი განცდა გეუფლებათ?

- ამ თემასთან დაკავშირებით ვხუმრობ ხოლმე: ფეისბუკში წამოწყებულ კამპანიას - 10 Years Challenge არ შევერთებივარ, მაგრამ ასეთი "ჩელენჯი" ტელევიზიებმა მომიწყვეს-მეთქი: "იმედზე" "შუა ქალაქში" გადის, "პირველ არხზე" კი - "იდეალური დედა", რომელზეც ახლა ვმუშაობთ (იცინის). "შუა ქალაქის" ყურებისას ვხვდები, რომ ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, მაგრამ როცა 10 წლის წინანდელ საკუთარ თავს შეხედავ ადამიანი, მაინც გიხარია.

- მსახიობობა რატომ გადაწყვიტეთ?

- თავდაპირველად, ტელე-რადიოჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება მინდოდა (თეატრალურ უნივერსიტეტშივე). მერე, როცა გავიგე, გიზო ჟორდანიას ჯგუფი აჰყავდა, იქ სწავლა მომინდა და დედაჩემს ვუთხარი, - მსახიობობა მინდა, მომამზადე-მეთქი. მოსამზადებლად ძალიან მცირე პერიოდი მქონდა. მართლა გამიმართლა, რომ გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოვხვდი. გარდა იმისა, რაც გვასწავლა, როგორც რეჟისორმა, პერიოდულად მის მიერ ნათქვამი უამრავი ცხოვრებისეული ფრაზა მახსენდება. მართლა გაგვზარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ის გვასწავლა, კარგი მსახიობი როგორ უნდა იყო, არამედ - კარგ ადამიანებადაც აღგვზარდა და ბევრი ისეთი რამ შთაგვაგონა, რაც ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება...

- რა მნიშვნელოვანი, ღირებული რჩევა მიგიღია ბატონი გიზოსგან, რაც ცხოვრების რთულ ეტაპზე გამოგდგომია?

- არ გეგონოთ, არ მახსენდება, უბრალოდ, მისი რჩევები ისეთ რთულ პერიოდებში გამომადგა, რომ ამაზე საჯაროდ საუბარი არ მინდა... თუნდაც, იმ ფაქტს აღვნიშნავ, რომ ძალიან ადრე გავთხოვდი - 17 წლის ვიყავი. რთულია, როცა გინდა, მსახიობი იყო და უცებ, ცოლად ისეთ ადამიანს მიჰყვები, რომელიც მსახიობი არ არის. ამ ყველაფრის დაბალანსება ძნელია. გიზო თუნდაც ამაში მეხმარებოდა: ისეთ რამეს მეუბნებოდა, ვხვდებოდი, სიტუაცია როგორ დამებალანსებინა, როგორ მქონოდა კარგი კარიერაც და ოჯახიც. იყო პერიოდები, როდესაც "მაწვეთებდა" - რა გამეკეთებინა, როგორ მოვქცეულიყავი... ქეთის მამა და მე დიდი ხანია, ერთად აღარ ვართ, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვზრდით უსაყვარლეს ქეთის, რომელიც არაფრით მგავს. სულ მეგონა, რომ მასაც ხვეული თმა ექნებოდა, მაგრამ ლაპლაპა, სწორი თმა აქვს (იცინის)...

- თქვენი შვილის მამასთან განშორება პროფესიის ბრალია?

- არა, სულ სხვა მიზეზია. უბრალოდ, მართლა ძალიან ადრე გავთხოვდი. ასეთ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ორივე ადამიანი ხვდება, - უი, ოჯახის შექმნა ჩემთვის ადრე ყოფილაო. ამჟამად, ისიც კარგად გრძნობს თავს. გვყავს საყვარელი არსება - ქეთი, რომელსაც ვზრდით.

- ეს საყვარელი არსება სერიალში თქვენს როლს როგორ აფასებს?

- მოსწონს, რომ სერიალში ვმონაწილეობ. უხარია, როცა ეკრანზე მხედავს. ყველა შვილს უხარია, როცა მისი მშობელი მეტ-ნაკლებად ან ძალიან წარმატებულია. ქეთისაც დედიკოს წარმატება ცოტათი უხარია.

- 10 წლის წინანდელი ანანო თუ მოსწონს, როცა ეკრანზე ხედავს?

- არ ვიცი. საკუთარი თავის მიმართ ისეთი კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს, რომ არ მინდა, ჩემმა შვილმა ნახოს. ის გამოცდილება, რაც დავაგროვე, ამჟამინდელ ნამუშევარში - "იდეალურ დედაში" უფრო ჩანს, ვიდრე ადრინდელში, რადგან მაშინ დაახლოებით 19 წლის ვიყავი.

- რას გრძნობდით, როცა პროფესიულ საქმიანობაში პაუზის შემდეგ, კამერასთან პირველად დადექით?

- ძალიან ვღელავდი. კამერასთან მუშაობა მიყვარს, რადგან მთელი ცხოვრება რაც მიკეთებია, თითქმის ყველაფერი კამერასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ პაუზის შემდეგ, ცოტათი მართლა დისკომფორტის განცდა მქონდა. მაშინ ირაკლი კაკაბაძემ მითხრა: - ძალიან კარგი ხარ, ნუ ნერვიულობ, დამშვიდდი და მიდიო. მეც გავაცნობიერე, რომ დავბრუნდი და ჩემი საქმე უნდა გამეკეთებინა.

- მოგეწონათ თქვენი ნამუშევარი, როცა ეკრანზე ნახეთ?

- საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ. როდესაც ჩემს თავს ეკრანზე ვუყურებ, ყოველთვის ვამჩნევ - ნეტავ, ეს ასე კი არა, ისე გამეკეთებინა-მეთქი. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებსაც ძალიან ვენდობი და მათი აზრი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ზოგადად, კრიტიკულები არიან, მაგრამ როცა სერიალში ეკრანზე პირველად მნახეს, ისეთი კარგი რეაქცია ჰქონდათ, დავმშვიდდი - ალბათ, მართლა კარგია-მეთქი. თავად რასაც ვხედავ, რომ გამოსასწორებელია, ვცდილობ, გამოვასწორო, მაგრამ ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე, - აუ, დედა, ცოტათი მოეშვიო (იღიმის). რომ გითხრათ, ჩემ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხალხის მასა მომაწყდა-მეთქი, მოგატყუებთ.

- ისეთივე მრავალფეროვანი სადაქალო გყავთ, როგორიც ელენეს?

- იაკო ჭილაია ჩემი ჯგუფელია. ერთმანეთს 16 წლიდან ვიცნობთ. გადაღებისას მასთან თავს ისე შინაურულად ვგრძნობ, რომ თითქოს ისევ 17 წლის ვართ, როცა ერთად ვისხედით და ვჭორაობდით. ნინო შავგულიძეს და მარიამ არღუთაშვილს რაც შეეხებათ, ძალიან ნიჭიერები არიან, მათთან ყოფნა დიდი კომფორტია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მართლა ჩემს დაქალებთან ერთად ვზივარ და ვჭორაობთ (იცინის). საერთოდ, ბევრი დაქალი არ მყავს - დრო რომ გავიდა, ცოტანი დარჩნენ, მაგრამ - ზუსტად ისინი, ვინც ჩემთვის მართლა ახლობლები არიან. ელენეს მსგავსად, ბავშვობის მეგობრებიც მყავს. თან, ჩემი სამეგობრო ძალიან მრავალფეროვანია: ერთი - დიპლომატია, მეორე - ტექნიკური ინჟინერი... სამეგობროში ერთ-ერთი ჩემსავით მსახიობიც არის. სხვათა შორის, ჩემი ერთი მეგობარი მარი არღუთაშვილის პერსონაჟს ჰგავს - მართლა თავის შვილზე გადაყოლილია.

- შვილის აღზრდას რამდენ დროს უთმობთ?

- ძალიან ბევრს. ხასიათით იდეალურად ვერ ვეწყობით, რადგან ჰოროსკოპის მიხედვით, ის ტყუპის ნიშნის ქვეშაა დაბადებული, მე - ქალწულის. ამიტომ ვცდილობ, მასთან ბევრი დრო გავატარო, რადგან შემდეგ, მისი გარდატეხის ასაკი რთულად არ გავიაროთ. ბავშვის სადმე მიყვანა-წამოყვანაში ქეთის ბებოები ძალიან მეხმარებიან, მაგრამ აღზრდა და ტვინში იმ მესიჯების "ჩადება", რაც ცხოვრებაში გამოადგება, მგონია, რომ საკუთარ თავზე მაქვს აღებული და ალბათ - მამამისსაც.

- სამეგობროში თქვენი პირადი ცხოვრება განხილვის საგანი გამხდარა?

- საერთოდ, პირადი ცხოვრების დეტალურად გარჩევა არ მიყვარს. შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ხანია, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად არის. არ მინდა, ამ თემაზე კიდევ ვინმემ რამე თქვას და იჭორაოს... სამეგობროში განხილვას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ურთიერთობის დასაწყისში სადაქალო ამ თემას განვიხილავდით (იცინის). ამ მხრივ, ელენეს სიტუაციისგან განსხვავებულად მოხდა ყველაფერი: ჩემი რჩეულის მიმართ მეგობრები თავიდანვე ძალიან დადებითად განწყობილები იყვნენ (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი