დიზაინერი, რომლის სახელი დიორისა და შანელის გვერდით მოიხსენიება - გზაპრესი

დიზაინერი, რომლის სახელი დიორისა და შანელის გვერდით მოიხსენიება

მოდის კალენდარში ფატუნა ბუშიჰედის სახელი დიორისა და შანელის გვერდით მოიხსენიება... იგი აღიარეს მსოფლიო მაღალი მოდის ოტკუტურის (მაღალი მოდა, სადაც ყველაფერი ხელით იქმნება) წარმომადგენლად... მისი სამოსი არ იქმნება მხოლოდ იმიტომ, რომ გასხვისდეს, არამედ შემოქმედებაა, რომელიც სურს სულ მასთან დარჩეს. ინსპირაციისთვის ისმენს საუკეთესო მუსიკას, ყველაფერს თემატურად არჩევს. ადრე ჰქონდა ლუვრზე, ვერსალზე გაკეთებული კოლექცია და ლუი მეთოთხმეტის საძინებლის, მარია ანტუანეტას ბიბლიოთეკის ფრაგმენტები გადმოიტანა კაბებში...

პარიზში მყოფი ქართველი დიზაინერი ფატუნა გიორგაძე-ბუშიჰედი გულახდილად გვესაუბრა...

GzaPress- მაღალი მოდა შესაძლოა ადამიანს საერთოდ არ აინტერესებდეს და გემოვნებიანი იყოს... წიგნების კითხვა მთავარია გემოვნების ჩამოყალიბებისთვის, საკუთარი თავის განვითარებისთვის.

- ბავშვობიდან მოყოლებული, რომელი ნაწარმოებები, წიგნებია თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი?

- ბავშვობიდან ფრენკ ბაუმის "ოზის ჯადოქარი", ანტუან დე სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი", შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი", პამელა ტრავერსის "მერი პოპინსი", რადიარდ კიპლინგის "ნამგეი დულა" მომწონდა. მაინტერესებდა და მაინტერესებს როგორც პროზა, ასევე პოეზია, თეატრალური პიესები, ზღაპრები და კლასიკური ლიტერატურა. როცა წამოვიზარდე, დამაინტერესა იაპონურმა ლიტერატურამ. რა თქმა უნდა, ქართველი კლასიკოსები ყოველთვის უპირველესია... სულ მაქვს განცდა, რომ "ზღვაში წვეთი" მაქვს წაკითხული. თუმცა ყოველდღე ვკითხულობ და მეტ ფანტაზიას ვმატებ ჩემს გონებას. მაინტერესებს ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მხატვრობა, თუმცა "ჩემი წიგნი" მაინც ენციკლოპედიაა...

- თანამედროვე მეგაპოლისები უფრო გიზიდავთ თუ ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნები?

- სამყარო იმდენად საინტერესოა და საოცარი მისი ყველა ბუნებრივი ქმნილებით, რომ სუნთქვის შეკვრამდე გაოცებს! ისტორიული, ძველი ქალაქები უამრავ ინფორმაციას გმატებს, თანამედროვე ქვეყნები კი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და მისი თვალიერება - ეს სულ სხვა განცდაა...

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

- ყველა ქვეყანა საინტერესო და შთამბეჭდავია თავისი მოსახლეობითა და მათი ინდივიდუალური სტილით. თუმცა ყველაზე საუკეთესო მაინც ჩვენი ქვეყანაა! პირველად საბჭოთა ქვეყნების შემდეგ ბრიტანეთში, ლონდონში აღმოვჩნდი... რა თქმა უნდა, ძალიან შთამბეჭდავი იყო თავის წვიმიანი, რომანტიკული ამინდით. ზოგისთვის მოსაწყენია, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველანაირი ამინდი კარგია და ღმერთის საჩუქარი. ბრიტანეთი - ეს სასახლეების ქვეყანა ულამაზესია, მაგრამ იქ ვერ ვიცხოვრებდი... მონაკო ძალიან შთამბეჭდავი იყო. იქ მხოლოდ მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ და ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა. ჩვეულებრივი, სამარშრუტო ტაქსებიც კი ძალიან მდიდრულია და გაქვს განცდა, რომ ზღაპრულ სამყაროში მოხვდი. იქ მოდების ჩვენებაზე დამპატიჟეს, რომელიც იახტაზე მოეწყო. სხვათა შორის, ჩემი კოლექციის ჩვენებას ორჯერ ესწრებოდა მაიკლ ჯექსონის მამა, ასევე სკულპტორი ლორენცო ქუინი, რომელიც საოცრებებს ქმნის და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია მის მიერ შექმნილი მონუმენტები...

როგორც დიზაინერს, პირველი კარი ამერიკამ გამიღო. ეს იყო მაიამიში, სადაც ჩემი კოლექციის პირველი ჩვენება ჩატარდა. შემდეგ დამპატიჟა ნიუ-იორკის მოდის ფედერაციამ. ლოს-ანჯელესში და რამდენიმე ქალაქში მქონდა ჩვენება... შემდეგ იყო იტალია - ქვეყანა, რომელზეც ვგიჟდები! ამ ქვეყნის ქალაქების უმეტესობა ნამდვილი მუზეუმია! ძალიან მიყვარს ესპანეთი, საოცრად მხიბლავს ბარსელონა, ანტონიო გაუდის არქიტექტურა, რომელმაც იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ რამდენიმე ნამუშევარი მივუძღვენი პარიზის მოდის კვირეულზე... რაც შეეხება საფრანგეთს, ეს ქვეყანა გამორჩეულად მიყვარს! სასახლეებში მქონდა გადაღებები და წარსულში დავბრუნდი, საოცრებები ხდებოდა, ისეთ ემოციებში ვიყავი. ბოლო დროს საფრანგეთში ხშირად ვარ, სულ პარიზში მიწევს ჩემი კოლექციების ჩვენება...

ძალიან არ მინდა პოლიტიკას შევეხო, მაგრამ ევროპის ქვეყნებში იგრძნობა პოლიტიკური დაძაბულობა, რაც გულსატკენია...

GzaPress რაც შეეხება ზემოთ დასმულ კითხვას, მეგაპოლისებია უფრო ძვირფასი თუ ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნები - მეგაპოლისები ეს არის რობოტიზმი, ადამიანის თანამედროვე აზროვნების ზეწერტილი, პიკი... უყურებ და ხვდები, რომ ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია. თუმცა ძველ პერიოდს რომ დავუბრუნდეთ, საოცარი ქალაქები, არქიტექტურული ძეგლები შენდებოდა ხშირად ტალახისგან და თან არანაირი ტექნიკა არ არსებობდა. იქმნებოდა პირამიდები თუ მსოფლიოს სხვა საოცრებები. ამიტომაც ძველსაც და ახალსაც ერთნაირად პატივს ვცემ. ყველაფერი ადამიანის შექმნილია! როგორ შეიძლება მეგაპოლისები და 50-ე სართულიდან გადმოხედვა არ მხიბლავდეს, მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის შიში მაქვს. როგორ შეიძლება არ დავაფასო თუნდაც ის ფაქტი, რომ როდესაც შენ თვითმფრინავით მგზავრობ, კილომეტრებით დაბლა ვიღაც ზის, ყავას სვამს და თან ამ ფრენას აკონტროლებს... - თქვენ გიცხოვრიათ უმდიდრეს ქალაქებში... სიმდიდრეს აქვს გავლენა მოსახლეობის ჩაცმულობასა და გემოვნებაზე?

- რადგან შევთანხმდით, რომ გემოვნება ინდივიდუალურია და ყველა ადამიანის შინაგან სამყაროს გამოხატავს, თითოეული პიროვნება თავისებურად საინტერესო მეჩვენება. მთავარია, ადამიანი არ იყოს უხეში ბუნების... მდიდრულ ქალაქებში დიდ ყურადღებას აქცევენ ბრენდებს. მონაკოში მაგალითად, სულ სახელობითი ბრენდებით იმოსებიან და ფიქრობენ, რომ ასე უკეთესია, არადა, ხშირად, იქ გემოვნება არც იგრძნობა... ძალიან შეინიშნება ფეხის აყოლა. მე კი ვფიქრობ, ინდივიდუალურობაზე უკეთესი არაფერია! გემოვნება ყველაზე დახვეწილი მაინც პარიზში აქვთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ იქ ძალიან ბევრი პარიზელია შემორჩენილი. ჩემი ბრენდის პროდიუსერები ნამდვილი ფრანგები არიან და მათგან ბევრი რამ ვისწავლე. თანამედროვე ფრანგული მოდა უმეტესად, ზარმაცი ვიზუალით გამოირჩევა. თმაც კი დაუვარცხნელის ეფექტს ახდენს. დიდი ზომის შარვლები და ასეთივე ზედები, რაღაცნაირი მიქსია გავრცელებული... ნიუ-იორკში უამრავი ქვეყნის კულტურა, მოდა ერთმანეთშია არეული და რთულია კლასიკა გამოარჩიო... პირადად მე გამოვარჩევდი ქართულ სტილს, შესანიშნავია!

GzaPress- რომელ ქართველ ქალბატონს გამოარჩევდით, როგორც განსაკუთრებულად გემოვნებიანს?

- ყველა ქართველი ქალბატონი მხიბლავს, ყველა თავისებურად გემოვნებიანი მგონია. ზოგადად, მიყვარს ქალბატონის არსებობა სამყაროში და მიჭირს გამორჩევა, თუ ვინ არის მისაბაძად გემოვნებიანი. ალბათ ყველა გოგოსთვის დედაა მისაბაძი. მე ვიტყოდი, რომ თავის დროზე დედა იყო ჩემთვის ყველაფრის დასაწყისი და ეპიცენტრი.

- როგორი სამოსი გიყვართ თავად - გამოსასვლელი და ყოველდღიური?

- ძირითადად, ტანზე მომდგარი შარვლითა და მაისურით ვიმოსები. განუყრელია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელმაც ორი წლის ასაკში შემაყვარა თავი და დღემდე მომწონს. ასევე უყვარს ქუსლები ჩემს მესამე შვილს, რომელმაც დედიკოს ტრადიცია არ დაარღვია - ისიც 2 წლიდან, მაღალ ქუსლებზე შემდგარი და მატყუარით პირში დარბოდა სახლში (იცინის)...

- როგორ ახერხებთ სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას?

- შეიძლება ვიღაცისთვის ეს მიუღებელი იყოს, მაგრამ მე ძალიან მხიბლავს! იმდენად შეჩვეული ვარ, სახლის ჩუსტებიც არ მაქვს. დაბლებზე რომ დავდგე, ალბათ ეს უფრო დისკომფორტი იქნება ჩემთვის... როდესაც მესამე ბავშვს ვაჩენდი, სამშობიაროში დაგეგმილი საკეისრო კვეთისთვის მივედი, მანქანა დავაყენე და მაღალი ქუსლებით რომ გადმოვედი, გაოცებულები მიყურებდნენ.

- როგორი ფერები, აქსესუარები მოგწონთ?

- ჩემი კოლექცია ყოველთვის მრავალტონალურია, თუმცა პირად გარდერობში შავი ჭარბობს... აქსესუარი სამოსის "წერტილია". საკუთარი თავის შეყვარება და ჰარმონია ქმნის შინაგან სამყაროს, შემდეგ შენივე სამყარო გქმნის უფრო ელეგანტურს, ვიდრე სამოსი... როდესაც ადამიანს შინაგანი სამყარო მოწესრიგებული აქვს, განვითარებულია და საკუთარ თავზე მუშაობს, ეს გარეგნობაზე აუცილებლად დადებითად აისახება! მესმის, რომ ირგვლივ უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორია, მაგრამ ადამიანებმა უნდა მოვახერხოთ უარყოფითის დაბლოკვა ისე, რომ არ შეგვაწუხოს და "ჩვენივე ცხოვრება ჩვენ გვეკუთვნის" პრინციპით ვიაროთ... შინაგანად თუ დაწყნარებული ხარ, რაც უნდა ჩაიცვა, ლამაზად იქნები! თუ არადა, ძალიან ბევრი მინახავს უძვირფასესი სამოსითა და ჩამქრალი თვალებით... ჩვენ თვითონ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი და სხვისგან კომპლიმენტებს არასოდეს დაველოდოთ.

მანანა გაბრიჭიძე