ვახო ჩაჩანიძე - "საუკეთესო მამაკაცი მსახიობი"
ახლახან კანადაში ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (ღედლინე Iნტერნატიონალ ფილმ Fესტივალ) გიორგი თავართქილაძის ფილმის - "ცუდი ხალხი" მთავარი როლის შემსრულებელმა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა, ვახო ჩაჩანიძემ "საუკეთესო მამაკაცი მსახიობის" ჯილდო დაიმსახურა, "მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად" კი ჯანო იზორია დაასახელეს. ამ წარმატების, საკუთარი პროფესიის, შვილებისა და გეგმების შესახებ ვახო ჩაჩანიძეს ვესაუბრეთ.
- "ცუდი ხალხი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ის 1990-92 წლებში განვითარებულ მოვლენებს, ქალაქის ცენტრში გამართულ სამოქალაქო ომს ეხება. მოგეხსენებათ, ურთიერთდაპირისპირებას სამეგობროების, ოჯახების გახლეჩა მოჰყვა. ფილმს საკმაოდ დიდი წარმატება უკვე ხვდა წილად. გაგზავნილია რამდენიმე ფესტივალზე და იმედი გვაქვს, წინ კიდევ არაერთი წარმატება ელის. კანადის ფილმების ფესტივალზე ოთხ ნომინაციაზე ვიყავით წარდგენილი: საუკეთესო მთავარი როლისა და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი, საუკეთესო სცენარისტი და რეჟისორი. პირველ ორ ნომინაციაში მე და ჯანო იზორიამ გავიმარჯვეთ. სავარაუდოდ, ამ გამარჯვების გამო ვეღარ მოგვცეს საუკეთესო რეჟისორისა და სცენარისტის პრიზები. თუმცა, არსებობს ალბათობა, რომ ჟიური ჩვენს ნამუშევარს საუკეთესო ფილმის პრიზს მიანიჭებს.
- ახალ პროექტებზე მუშაობას ახლაც აგრძელებთ?
- თეატრში ამჟამად ორ სპექტაკლში ვარ დაკავებული, ველოდებით რეპეტიციების დაწყებას ახალი სპექტაკლისთვის. შემოთავაზება მაქვს ქართულ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე, უკრაინის, მოსკოვისა და ისრაელის წარმომადგენლებთან.
- გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მსახიობი ხართ, იღბლიანიც უნდა იყოთ - საკმაოდ ბევრ ქართულ ფილმში მთავარ როლს ასრულებთ. ამბობენ, რომ არსებობენ იღბლიანი და უიღბლო სპორტსმენები. იგივე შეიძლება ითქვას მსახიობებზეც?
- დიახ, ასეა. ბევრი ნიჭიერი მსახიობი არ ჩანს, დაუფასებელია. საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა ხშირად გადამწყვეტია და ეს აბსოლუტურად იღბალზეა დამოკიდებული.
- 10 წელი გერმანიაში ცხოვრობდით, სადაც არაერთი ისეთი ფიზიკური სამუშაოს შესრულება გიხდებოდათ, რომელიც თქვენს პროფესიას არ უკავშირდება. ქართველი მსახიობები ხშირად აღნიშნავენ, რომ არ შეუძლიათ სხვა სფეროში დასაქმდნენ, რადგან მათი უნარ-ჩვევები მხოლოდ სცენას ან გადასაღებ მოედანს უკავშირდება...
- გერმანიაში ყოფნის პირველი 5 წელი ლაშა ონიანის ხელმძღვანელობით დაარსებულ მიმოდრამის თეატრში ვიყავი დაკავებული. პლასტიკა ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის. თავი მიმად არ მიმაჩნია, მაგრამ ამ გამოცდილებამ, როგორც მსახიობს, უამრავი პროფესიული თვისება შემძინა. მეტად საინტერესო სამსახიობო სფეროა და ვფიქრობ, ამასთან გარკვეული შეხება ყველა მსახიობს უნდა ჰქონდეს. მეგობრები ხშირად აღნიშნავენ, რომ პანტომიმის კვალი მეტყობა. რამდენიმე წლის შემდეგ დასი დაიშალა და მომდევნო ხუთი წელი პროფესიული წყვეტა მქონდა.
- აქ ჩამოსულს პრაქტიკული საქმიანობა პანტომიმის მიმართულებით აღარ გიცდიათ?
- რთულია ამის გაკეთება 40 წლის ასაკში. შეიძლება გამოვიდეს კიდეც, მაგრამ იმდენი დრო და ენერგია უნდა დავუთმო, რომ მირჩევნია, ძალები კინოსა და თეატრის მიმართულებით დავხარჯო. რაც შეეხება სხვა საქმიანობას, ვერ დაგეთანხმებით. ბევრი მსახიობი ცდილობს ფინანსური დანაკლისი სხვა სფეროში პარალელური მუშაობით აინაზღაუროს. მე მართლაც, ყველა საქმეში ვერთვებოდი, რაც შემეძლო და რისი გაკეთების შანსიც მომეცემოდა. მცირე ბიზნესი ახლაც მაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვების სპორტული შეჯიბრებისას "ჰოთდოგებსაც" ვყიდი ხოლმე. როცა ახლახან გარდაცვლილი ნოდარ მგალობლიშვილი არ იყო სათანადოდ დაფასებული და იმავეს განიცდიან ჩვენი ცოცხალი ლეგენდები, ჩემი ასაკის მსახიობებს რა გვეთქმის?! მართალია, ექიმის, პოლიციელის სამსახურებრივი დატვირთვა ალბათ, უფრო მძიმეა, მაგრამ არც მსახიობის პროფესია გახლავთ მხოლოდ სცენაზე "ტინგიცი", როგორც ამას ხშირად აღნიშნავენ.
- არც პასუხისმგებლობა გაკისრიათ ექიმსა და პოლიციელზე ნაკლები, მით უმეტეს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებს...
- დიახ, ზუსტად ამაშია საქმე. ხარისხის შენარჩუნება მარტივი არაა. ზოგიერთი მსახიობი დღეში სამ-ოთხ სპექტაკლს თამაშობს და თან იმაზე ფიქრობს, სპექტაკლის შემდეგ სახლში როგორ წავიდეს... რთულია ამ დროს "ნაღდად" დაიხარჯო. არადა, გემოვნება სწორედ ამ თეატრში უყალიბდებათ ბავშვებს და ხარისხის სიმდაბლეზე გაფიქრებაც არ შეიძლება. დიდი ხანია, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი პირობების გასაუმჯობესებლად იბრძვის, თუმცა ჯერჯერობით, არაფერი გამოდის... როცა მსახიობი დაკავებულია თეატრში, სერიალსა და ფილმებში და საათიც კი არ რჩება, რომ თუნდაც, შვილები ნახოს - რატომღა უნდა სჭირდებოდეს დამატებითი საქმიანობა?! ამის მაგალითი გახლავთ ძალიან ნიჭიერი მსახიობი გია გოგიშვილი. 45 წლის ასაკში ყველაფერი მიატოვა და ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ისრაელში ფიზიკურად მუშაობდა. მას ხშირად იღებდნენ როგორც ქართულ, ისე საზღვარგარეთულ ფილმებში, დაკავებული იყო თეატრშიც და სერიალშიც... აი, ბოლო დროს სამ მოკლემეტრაჟიან ფილმში მივიღე მონაწილეობა და სამივეში ერთად 1.100 ლარი მერგო. გადასაღებ მოედანზე ცხენის ანაზღაურება ბევრად მეტია, ვიდრე მსახიობის. კანადაში ოთხი ნომინანტი და ორი გამარჯვებული გამოაცხადეს და ერთი კაციც არ იყო დარბაზში, რომ პრიზი ჩაებარებინა. მეგობრები, ახლობლები გვყავს, ვინც გვაფასებენ და ჩვენ ამ გზებს ყოველთვის თვითონ "ვჭრით", მაგრამ ხომ შეიძლება ეს სტრუქტურულად იყოს მოწესრიგებული?! მაგალითად, გამოიყოს თანხა, რომლის საშუალებითაც ფესტივალებზე ფილმის თუნდაც ერთი წარმომადგენელი გაემგზავრება. ერთადერთი ორგანიზებული სფერო საქართველოში დაკრძალვაა - ერთ საათში უკვე ყველაფერი მოგვარებულია...
- ამ მძიმე ფონზე გერმანიაში დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?
- დავმდგარვარ არჩევანის წინაშე, მაგრამ მე მინდა ჩემს სახლში ვიცხოვრო და მგონი, ამის უფლება მაქვს... მინდა საზღვრებს გარეთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარსადგენად გავიდე. ვფიქრობ, კინო დღეს ყველაზე დიდი ბერკეტი, ყველაზე დიდი საინფორმაციო წყარო და საინფორმაციო ომში გამარჯვების ერთ-ერთი საუკეთესო, მნიშვნელოვანი საშუალებაა. რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში გერმანიაში ვცხოვრობდი. ინფორმაციის 98%-ის მიხედვით, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა, აგრესორები ჩვენ ვიყავით. საქართველოდან შემოსული 2% კი, ბუნებრივია, საზოგადოებამდე ვერც აღწევდა... ქართველებს სათითაოდ, პირად საუბრებში გვიხდებოდა მტკიცება, რომ აგრესორები არ ვიყავით. ვფიქრობ, ამ ომში გამარჯვებისთვის საუკეთესო იარაღი სწორედ კინოა. ღირებული ისტორიული მასალა კი უამრავი გვაქვს. არ ვიცი, რატომ არ ექცევა ამას ყურადღება - მიზანმიმართულად ხდება თუ დაუფიქრებლობის შედეგია.
- ჩამოსულს პროფესიულ წრეებში ინტეგრაციის პრობლემა არ გქონდათ?
- თბილისში ბოლო ოთხი წელი არ ვყოფილვარ, ისე კი ყოველ წელს ვახერხებდი ჩამოსვლას. აქ დიდი სამეგობრო წრე დავტოვე, რომელიც კიდევ უფრო წარმატებული დამხვდა. ასე რომ, პრობლემა არ ყოფილა, პირიქით, მეც შემართებით ვიყავი და მათაც არაჩვეულებრივად მიმიღეს.
- პროფესიული არჩევანი არასოდეს გინანიათ?
- არასოდეს. ეს პროფესია სრულიად შეგნებულად ავირჩიე. ბავშვობიდან ვთამაშობდი საბავშვო თეატრში. როცა არჩევანის დრო დადგა, მიზეზთა გამო ეკონომიკურზე ჩავაბარე. ერთ წელში მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე, საბუთები გამოვიტანე და გამოცდები თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. გერმანიაში ყოფნისას გამუდმებით ვიმეორებდი, რომ საქართველოში დავბრუნდებოდი და ჩემს პროფესიასაც დავიბრუნებდი. გარშემო მყოფები ამ ნათქვამს ახირებად მიიჩნევდნენ და ეგონათ, რომ მხოლოდ თავს ვიტყუებდი. მიზეზიც არსებობდა - მხოლოდ რამდენიმე ქართველი ოჯახი ვიცი, ვინც სამშობლოს დაუბრუნდა. ძალიან მიხარია, რომ ორივე ჩემს "ახირებას" ხორცი შევასხი - სახლსაც დავუბრუნდი და პროფესიასაც...
- არასტერეოტიპული მამა ხართ. აქტიურად მონაწილეობთ შვილების გაზრდის პროცესში...
- მეორე შვილი, ნიკოლოზი ოთხი თვე მყავდა მარტოს. გერმანიაში ვცხოვრობდით, ქეთი ფეხმძიმედ იყო, მე კი სერიალ "კლინიკის" გადაღებებზე მომიხდა საქართველოში გამომგზავრება. მარტო მხოლოდ მაშინ ვიყავით, არავისთან რჩებოდა და ყველგან თან დამყავდა, მათ შორის, გადასაღებ მოედანზეც. ასეთი ბევრი მამა ვიცი, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ არასტერეოტიპული მამა ვარ. გერმანიაში ყოფნის დროს მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობდით: ის დღისით, მე - ღამით და ერთმანეთს ვენაცვლებოდით. სხვა არჩევანი ფიზიკურად არ გვქონდა. თავდაპირველად მეც მიჭირდა საფენების გამოცვლა, მაგრამ ბოლოს ისე "დავამუღამე", ცალი ხელითაც ვახერხებდი (იცინის). ვფიქრობ, ხაზგასასმელი არცაა, როცა საკუთარი შვილის გაზრდის პროცესში მონაწილეობ. ამ დროს მშობელსა და შვილს შორის გაცილებით მჭიდრო კავშირი მყარდება. ახლა ნატალია 14-ის, ნიკოლოზი 11-ის, ილია კი 9 წლისაა.
შორენა ლაბაძე