გიორგი ჩიჩუას აღიარება და ანი ტყებუჩავას "სამედიცინო გამოცდილება" - გზაპრესი

გიორგი ჩიჩუას აღიარება და ანი ტყებუჩავას "სამედიცინო გამოცდილება"

რამდენიმე თვეა, რაც სატელევიზიო ეთერში ახალი, წარმატებული ტანდემი არსებობს გიორგი ჩიჩუას და ანი ტყებუჩავას სახით. "მთავარი ექიმის" წამყვანებს გადაცემის ჩაწერამდე ვესაუბრეთ...

- ვიდრე გადაცემის წამყვანებად შეგარჩევდნენ, ერთმანეთის შესახებ რა იცოდით?

ანი:

- ვიცოდი, რომ არსებობდა ქირურგი-ოფთალმოლოგი, პროფესორი - გიორგი ჩიჩუა, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია, თუმცა მას პირადად არ ვიცნობდი.

გიორგი:

- მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია.

GzaPressანი:

- სამწუხაროდ, ჩემს ბებიას თვალზე ოპერაცია გაუკეთდა მანამ, ვიდრე გიორგის პირადად გავიცნობდით. ძალიან მწყდება გული, რომ ადრე ნაცნობობა არ გვაკავშირებდა.

- თქვენი ბებია ხომ კარგად არის?

- დიახ, ახლა ჩემი ბებია შესანიშნავად ხედავს.

- გიორგი, თქვენ რა იცოდით ანის შესახებ?

- ანის შესახებ ჩემი ინფორმაცია მწირი იყო. მე ვიცოდი, რომ ის პოპულარული ქართული სერიალის მთავარი გმირის როლის შემსრულებელია და ითვლება ერთ-ერთ თანამედროვე, ნიჭიერ მსახიობად.

- ოდესმე ტელეწამყვანობაზე გიფიქრიათ?

- არასდროს...

- ვიდრე ექიმობას გადაწყვეტდით, კიდევ რომელი პროფესიის დაუფლებაზე გიფიქრიათ?

- ბავშვობაში მსურდა, მეხანძრე ვყოფილიყავი. საბავშვო ატრაქციონებზე ყოველთვის სახანძრო მანქანაზე დაჯდომას ვითხოვდი, უფრო მეტიც, ხანდახან "სახანძროში" ვრეკავდი - ხანძარია-მეთქი და როცა ჩემს საცხოვრებელ სახლთან სახანძრო ეკიპაჟი მოდიოდა, მე ვტკბებოდი მეხანძრე-მაშველებით, მათი აღჭურვილობით და ჩაფხუტებით... მეხანძრეები კორპუსში ხანძრის კერას ამაოდ ეძებდნენ და თან გაიძახოდნენ, - "სად არის, სად არისო?" მე კი ბედნიერი ვიდექი და ვუყურებდი.

- ცრუ განგაშის ატეხის გამო არავის გამოუჭერიხართ?

- არა... საერთოდ, მეხანძრე-მაშველების პროფესია ძალიან მომწონს, რადგან ისინი ადამიანებს ეხმარებიან. ბუნებრივია, მედიცინაც ხალხის დახმარებას გულისხმობს, ოღონდ - სხვა მიმართულებით.

- ანი, ექიმობაზე გიფიქრიათ?

- ბებიაჩემს სულ წნევა აწუხებდა. დიაბეტით დაავადებული იყო. ჩემი "აფთიაქი" მქონდა და ბევრი წამალი დამქონდა თან - ვეხმარებოდი ხოლმე. სამწუხაროდ, ეს გამოცდილება მაქვს, თორემ ექიმის პროფესიის დაუფლებაზე არ მიფიქრია. ჰუმანიტარული საგნების შესწავლა მომწონდა. ცეკვასა და მსახიობობაზე უფრო ვფიქრობდი... წამყვანობას რაც შეეხება, რადიოგადაცემის წამყვანი გახლდით და ძალიან ვისიამოვნე - კარგი გამოცდილება მივიღე... საერთოდ, რაც ჩემი პროფესია არ არის, იმ საქმესთან დაკავშირებული გამოწვევების, ბუნებრივია, ძალიან მეშინია. რაღაცნაირად გამიმართლა, რომ გადაცემაზე - "მთავარი ექიმი" გიორგისთან ერთად ვმუშაობ. იმდენს "ვმაიმუნობთ", ზოგჯერ გვავიწყდება, რომ კამერებით გვიღებენ. გადაცემის ბოლოს ერთმანეთს ბოდიშს ვუხდით, - ზედმეტი ხომ არ მოგვივიდაო (იცინის)?

- გადაცემაზე მუშაობა როგორი განწყობით დაიწყეთ?

გიორგი:

- თავდაპირველად, რა თქმა უნდა, დაძაბული ვიყავი, მაგრამ ანის სახით, ისეთი მეწყვილე მყავს, რომ ადაპტაციის პერიოდი (პირველი 2-3 თვე) ძალიან გამიმარტივა და შემიმსუბუქა.

ანი:

- მესამე-მეოთხე გადაცემის ჩაწერაზე მოსვლა უკვე გვიხაროდა, ისეთ კარგ ხალხთან ვმუშაობთ. ყველაზე მნიშვნელოვანი პროდიუსერების გამოცდილება გახლავთ. სითამამე ამან შეგვძინა - მაქსიმალურად ბოლომდე მოგვცეს საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი თავისუფლება გვქონოდა.

გიორგი:

- პროფესიით ოფთალმოლოგი ვარ, თუმცა ამ გადაცემაში მრავალ სხვა თემაზე მიწევს საუბარი. ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია, მედიცინის სხვადასხვა დარგშიც მქონდეს შესაბამისი ცოდნა. ოფთალმოლოგიის გარდა, სხვა მიმართულებების ცოდნაც აუცილებელია, ამას დრო სჭირდება, დრო კი მოგეხსენებათ, დღეს სერიოზული დეფიციტია და სიმართლე გითხრათ, ჩემი ძილის ხანგრძლივობა საგრძნობლად შემცირდა.

- პაციენტებთან თქვენს ურთიერთობაზე პოპულარობა როგორ აისახება?

- ძალიან ხშირად, როცა პაციენტი შემოდის, საუბარს ასე იწყებს: გიყურეთ და იმიტომ მოვედიო... ასევე, ქუჩაში ბავშვები მშობლებთან ერთად რომ მოდიან და დამინახავენ, ამბობენ, - აი, ექიმი მოდისო!..

ანი:

- ბაში-აჩუკი, ბაში-აჩუკიო?..

GzaPressგიორგი:

- ცხადია, ეს ყველაფერი სასიამოვნოა.

- გიორგი, ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებაც გვითხარით...

- მყავს მეუღლე, ისიც ექიმია - ენდოკრინოლოგი. 3 შვილი გვყავს, რომლებმაც სამომავლოდ სამედიცინო სფეროში მუშაობა აირჩიეს.

- თქვენი ახალი საქმიანობის მიმართ ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ?

- შვილებს მოსწონთ. სიდედრსაც მოსწონს. მითხრა: შენი პიროვნების ახალი მხარეები აღმოვაჩინე, რასაც 20 წლის განმავლობაში ვერც კი წარმოვიდგენდიო...

ანი:

- ჯერ სად ხარ-თქო (იცინიან).

- ანი, თქვენი ოჯახის წევრები თქვენს ახალ ამპლუაზე რას ფიქრობენ?

- ჩემი შვილები "მთავარ ექიმს" დიდი სიამოვნებით უყურებენ. უფროსი გოგონა - ნენე სამედიცინო განათლებას იღებს. გიორგი ჩიჩუაზე გიჟდება, ისე მოსწონს! ერთი სული აქვს, ისე როდის გაიცნობს, რომ მერე მოვიდეს და ხელი ჩამოართვას. პირველ გადაცემას უყურა თუ არა, არ ვიცი, საიდან მოიგონა (ცოტათი მატრაკვეცაა), განაცხადა: - ძალიან კარგია ეს გიორგი ჩიჩუა, რას ერჩითო? მისი პირველი კომენტარი ეს იყო (იცინის). - ვინ ერჩის, დედა? ძალიან კარგი ბიჭია-მეთქი, - ვუთხარი. სულ მეკითხება, - "ექიმებში" როდის წამიყვანო?.. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლეც გვგულშემატკივრობს, გიორგისაც იცნობს... მოკლედ, ოჯახის წევრებს გადაცემა ძალიან მოსწონთ.

- აქვე გვითხარით, თავის დროზე, თმას როგორ შეელიეთ? თქვენი ამჟამინდელი ვარცხნილობა მოგწონთ?

- ჩვენმა გრიმიორმა - ქეთიმ ძალიან საყვარელ და კარგ გოგოს - მარის (ვინც თმა შემჭრა) გაუწია რეკომენდაცია. ძალიან მომწონს ასეთი სიახლეები: მკვეთრი ცვლილებები ადამიანს ყოველთვის კარგ განწყობაზე გაყენებს. ასე რომ, მაშინ თმას მშვენივრად შეველიე და ძალიან მიხარია, რომ ვარცხნილობა შევიცვალე.

- გარშემო მყოფების რეაქცია როგორი იყო?

- დადებითი. არც მეგონა, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა...

- გადაცემამ - "მთავარი ექიმი" თქვენი მოლოდინი გაამართლა?

- კი, რა თქმა უნდა, რადგან გადაცემაზე ისეთი ხალხი მუშაობს, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის. ჩვენ აბსოლუტურად მათ იმედზე ვართ. მოლოდინი გაამართლა თუ არა, ამაზე მსჯელობა იმ მაღალი რეიტინგითაც შეგვიძლია, რომელიც გადაცემას ეთერში გასვლის პირველივე კვირიდან ჰქონდა.

გიორგი:

- ამ გადაცემაში მონაწილეობა ჩემთვის სერიოზული გამოწვევა იყო. საზოგადოების თითოეული წევრისთვის მედიცინა ძალიან მნიშვნელოვანია! ამიტომ ჯანმრთელობაზე ფიქრი, ზრუნვა, გარკვეული რეკომენდაციების მიცემა, ალბათ, ყველა ადამიანს მოსწონს და ჩვენი გადაცემაც სწორედ ამიტომ არის მაყურებლისთვის საინტერესო. რა თქმა უნდა, ყოველივე ამაში უდიდეს როლს თამაშობს მთელი შემოქმედებითი ჯგუფი. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ გადაცემა რეიტინგული ყოფილიყო და ბევრი მაყურებელი ჰყოლოდა.

ეთო ყორღანაშვილი