მოგზაური წყვილის სიყვარულის ამბავი - გზაპრესი

მოგზაური წყვილის სიყვარულის ამბავი

გიორგი ჯობავას და სალი წვერავას უკვე კარგად იცნობენ სოციალური ქსელის მეშვეობით. სიყვარულის ამბავიც ისეთივე ხალასი და გამორჩეული აქვთ, როგორებიც თვითონ არიან - მხიარულები, თავგადასავლების მოყვარულები, ემოციურები და ბევრი კრეატიული იდეის განმხორციელებლები. ამბობენ, რომ პოპულარობას კარგი საქმეების გასაკეთებლად იყენებენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას გადაღებული ვიდეოებით ყველას აჩვენებენ ჩვენი ქვეყნის სილამაზეს; მიგვანიშნებენ, რომ სახლებში არ უნდა ვისხდეთ და ერთი ღამე მაინც უნდა გავათიოთ ბუნებაში.

გიორგი:

- სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, კარიერაზე ვფიქრობდი, ჩავაბარე კავკასიის უნივერსიტეტში მარკეტინგის ფაკულტეტზე. ამჟამად აკადემიური მაქვს აღებული, რადგან ეს ერთი წელი მინდა კარგად გავერკვე იმ სფეროში, რომელმაც ბოლო წლებში დამაინტერესა. 19 წლისას ჩამივარდა კამერა ხელში, რაღაცები გადავიღე და ვისიამოვნე ამ პროცესით. მერე კიდევ მეორე, მესამე ვიდეო გადავიღე, დავამონტაჟე, ფერი და მუსიკა დავადე და რაღაცნაირად კარგი საყურებელი გამოვიდა. ბათუმში ქორწილის გადაღება შემომთავაზეს, 400 ლარს გადაგიხდითო. ამ დროს კამერა უკვე მქონდა, ბაბუაჩემს ვაყიდვინე დაბადების დღეზე. ვიფიქრე, თან მსიამოვნებს ეს საქმე, თან ერთ დღეში 400 ლარს გადამიხდიან-მეთქი და დავთანხმდი. მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, თუმცა კარგი გამოვიდა ვიდეოც და კადრებიც. ინტერნეტით ვისწავლე გადაღების ტექნიკა. მოვიძიე ქორწინების სტატისტიკაც და ვიფიქრე, ჩემი მომსახურებით 3 მაინც რომ დაინტერესდეს და ორმა ამიყვანოს, უკვე მაგარია-მეთქი. გავაკეთე გვერდი და საკუთარი თავის რეკლამირება დავიწყე. ნელ-ნელა დავიხვეწე. ყოველთვის იმას ვცდილობ, რომ ქორწილის სტანდარტული ვიდეო არ გადავიღო - დაწყებული სალონის კადრებიდან, დამთავრებული სუფრით. ასე გავხდი ვიდეოგრაფი. ორგანიზატორიც მე ვარ და ისე ვგეგმავ ყველაფერს, რომ განსხვავებული ვიდეო გამოვიდეს. ახლახან წყვილს შევუთანხმდი, რომ პატარძალს შუა ტყეში, საპატრიარქოს ნაკრძალში, ტბის ნაპირზე გაეკეთებინა მაკიაჟი. მეჯვარეები ძირს დასხდნენ, სვამდნენ შამპანურს და საუბრობდნენ... მოკლედ, დილიდანვე შეიქმნა ამაღლებული განწყობა და ვიდეოც კრეატიული, საყურებლად სასიამოვნო გამოვიდა.

- რამდენად თანხმდებიან წყვილები ასეთ ექსპერიმენტებზე?

- ქართველები ტრადიციებსა და ჩარჩოებს მაინც ვერ გავურბივართ, მე ვაჩვენებ ხოლმე მათ უცხოელების ვიდეოებს, როგორ თავისუფლად და ლაღად არიან ისინი გადაღების დროს. თანაც, უცხოეთში სამდღიან ქორწილებს იხდიან - პირველ დღეს ფოტოსესიაა, მეორე დღეს - ბანკეტი, მესამე დღეს კი ჯვრისწერისა და ხელის მოწერის ცერემონიები. საქართველოში კი ყველაფერი ერთ დღეს უნდა მოასწრო.

- ყველაზე უჩვეულო ქორწილი გაიხსენე.

- ახალციხეში ოთხკაციანი ქორწილი გადავიღეთ - უცხოელები იყვნენ. ამერიკელი სიძე ძალიან გულჩვილი იყო, ემოციებისგან სულ ტიროდა. გოგო უკრაინელი იყო და სიძე-პატარძალს ერთმანეთის არ ესმოდა, რაღაცნაირად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. საქართველოში ხშირად იხდიან ქორწილებს რუსებიც, რომლებსაც არ სჭირდებათ კარნახი, ერთმანეთს ჩაეხუტეთ, გრძნობები გამოხატეთ და ა.შ. ჩვენებურებს რომ ვეუბნები, - აბა, მიდი, ერთმანეთს აკოცეთ და რამე, უი, ჯერ ასე ახლოს არ ვართ ერთმანეთთანო, ერიდებათ გრძნობების გამომჟღავნების.

GzaPress- ახლა შენ გაგვეცანი, ვინ ხარ, რას საქმიანობ?

სალი:

- 2 შვილი მყავს. ვსწავლობდი დიზაინერობას, ბავშვობაში ვხატავდი, მერე კარგა ხანს თავი მივანებე და ამ ცოტა ხნის წინ, ორსულობის დროს რატომღაც ისევ მომინდა ხატვა. ქალის პორტრეტები ჭარბობს, ზოგი გავყიდე კიდეც. ამჟამად გიორგისთან ერთად მეც ჩართული ვარ ქორწილების ორგანიზატორობაში, ხელის მოწერის ცერემონიებს ვხელმძღვანელობ და ძალიან მსიამოვნებს ეს საქმე.

- მომიყევით, როგორ შეხვდით ერთმანეთს ორივე ასეთი პოზიტიური და სიცოცხლით სავსე?

გიორგი:

- კამერის დამსახურებაა ჩვენი შეხვედრა. ვიფიქრე, ცუდი არ იქნებოდა, თუ გოგონებს გადავიღებდი ბუნებაში. სამოგზაურო კლიპის გაკეთება მინდოდა და სოციალურ ქსელში მივწერე რამდენიმე გოგოს, მათ ვიზუალის მიხედვით ვარჩევდი. ერთ-ერთი სალომე იყო. ლისის ტბაზე ავიდეთ და იქ გადავიღოთ-მეთქი ფოტოები, - შევთავაზე. 2 კვირა ვერ დავითანხმე და ბოლოს, კარგი. შეხვედრა დავთქვით, მაგრამ რაღაცნაირად გონებიდან ამომივარდა იმ დღეს და ამის გამო სალომე მაგრად მეჩხუბა. უპასუხისმგებლო ადამიანი ხართო, - მომწერა. ხვალ დილით წავიდეთ-მეთქი, შევეცადე შეცდომის გამოსწორება.

სალი:

- მე არაფერი არ ვიცოდი გიორგის შესახებ და არც მისი მოგზაურობის ვიდეო მქონდა ნანახი. მაშინ სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებელი არ ვიყავი. ერთი პერიოდი მოდელის კარიერამ გამიტაცა, ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში დავდიოდი კიდეც, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვეღარ გავაგრძელე. ხშირად მწერდნენ ფოტოგრაფები და ფოტოების გადაღებას მთხოვდნენ. იმ პერიოდში სხვა რამეზე ვიყავი გადართული, თან ვმუშაობდი, მაგრამ გიორგის რატომღაც დავთანხმდი. წინასწარ მაინც მოვიძიე ინფორმაცია მასზე. ვნერვიულობდი, დილის 5 საათზე უცხო ადამიანთან ერთად მივდიოდი და არ ვიცოდი, ვინ იყო. მისი პოსტებიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ ხალისიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომ შემხვდა, სულ სხვანაირი აღმოჩნდა და გამიკვირდა.

გიორგი:

- 10 წუთით ადრე მივედი. დავინახე მოდიოდა გოგო, ძალიან ლამაზი, გრძელი თმით, ცისფერი თვალებით... სწორედ ისეთი იყო გარეგნულად, როგორსაც წარმოვიდგენდი, - ჩემი ოცნების გოგო იყო... ცოტა არ იყოს, დავკომპლექსდი. მორიდების მომენტი გამიჩნდა. მოვიმიზეზე, ძალიან დაღლილი ვარ-მეთქი და გავისუსე. 2-3 საათი გავიდა, მე კი უფრო და უფრო მომწონდა. მანამდე არავინ მყვარებია. მომწონდა, მაგრამ სიყვარულამდე არ მიდიოდა ეს გრძნობა. მაქსიმალურად ვცდილობდი გადაღების დრო გამეწელა, სალი უფრო კარგად რომ გამეცნო და მეტი გამეგო მის შესახებ.

სალი:

- ორივე გულწრფელები ვიყავით, თავის მოსაწონებლად ერთმანეთზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ვცდილობდით. გიორგი გამორჩეული იყო სხვებისგან, ისე მიფრთხილდებოდა, ისეთი ბუნებრივი და უშუალო იყო, მალევე მოიპოვა ჩემი ნდობა და როდესაც ყაზბეგში წასვლა და გადაღება შემომთავაზა, მაშინაც დავთანხმდი. მინდოდა, საქართველოს ყველა კუთხე მენახა, ეს იყო ჩემი ოცნება, რაც სწორედ გიორგიმ ამიხდინა. ყაზბეგში მთები რომ დავინახე, გავგიჟდი ემოციებისგან.

გიორგი:

- გერგეთის დანახვაზე იმხელა დაიყვირა, შემეშინდა. ყაზბეგიდან რომ ჩამოვედით, აღარ ვიცოდი, რა მიზეზით უნდა შევხვედროდი, არადა, ნახვა კიდევ მინდოდა, მენატრებოდა. ერთ საღამოს დამირეკა, მანქანის მართვას ვსწავლობ და თუ გინდა, გამომყევიო. არ მახსოვს, როგორ ავდექი, 10 წუთში უკვე მასთან ვიყავი. ერთი კვირის მანძილზე ყოველღამე გავდიოდით სავარჯიშოდ, როცა თავისუფალ დროს ვნახავდით. ეს ის პერიოდი იყო, ჩემი ფურგონით მოგზაურობა რომ უნდა დამეწყო. გახსოვთ ალბათ, დამიფინანსეს ეს მოგზაურობა. სალის შევთავაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად თუშეთში წამომყოლოდა. ჯერ უარი მითხრა და გული დამწყდა. უცებ, რატომაც არა, წავიდეთო, - თქვა და გამახარა. მალევე დავქორწინდით. ქორწილის მერე წავედით ხევსურეთში, სვანეთში, რაჭაში - ვმოგზაურობდით და ბევრ ემოციურ კადრს ვიღებდით. საბოლოოდ ერთი ლამაზი ვიდეო აეწყობა. ამ ვიდეოებით გვინდა, ჩვენი ბედნიერება სხვებსაც გავუზიაროთ.

- ყველაზე მეტი "ნახვა" რომელ ვიდეოს ჰქონდა?

სალი:

- საბას ვიდეოს - ლოყებს ვუწვალებ და ამის გამო ლამის დედობის უფლება ჩამომართვეს - ეს რომ ნახონ სოციალურმა მუშაკებმა, რას გიზამენ; როგორ შეიძლება ბავშვს ლოყები დაუწითლოო - და რა ვიცი, რას აღარ წერდნენ. ასევე, ბევრი "ნახვა" ჰქონდა ვიდეოსაც: "რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო?" გიორგი რაღაცაზე განაწყენებული იყო და სწორედ მისთვის ჩავწერე ეს ვიდეო, რომელშიც ვეუბნებოდი, როგორ მიყვარდა. ამაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ ისეთი უარყოფითი კომენტარები წამოვიდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი. ქალი როგორ იმცირებ თავს, რომ კაცს სიყვარულს უხსნი? გვაღიზიანებო და ა.შ. ძალიან ვინერვიულე ამ ამბის გამო - არ მესმის, რატომ უნდა გაღიზიანდნენ, იყვნენ ბედნიერები, დატკბნენ რაც აქვთ იმით და ნაკლებად გააღიზიანებთ სხვისი სიყვარული და ბედნიერება.

ნინო ჯავახიშვილი