არის თუ არა ბაქარის პროტოტიპი ბიძინა ივანიშვილი? - გზაპრესი

არის თუ არა ბაქარის პროტოტიპი ბიძინა ივანიშვილი?

სოფელში, ღარიბ ოჯახში დაბადებული ბაქარ ორჯონიკიძე, რომელიც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გამდიდრდა და ახლა პოლიტიკაში ჩაბმას ცდილობს, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებელთა ინტერესის ეპიცენტრშია. მაყურებელთა ნაწილი ბაქარს ბიძინა ივანიშვილის პროტოტიპად მიიჩნევს, მით უმეტეს - ახლა, როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვრცელ ინტერვიუში მდარე სერიალები ახსენა... ჩვენ ბაქარის როლის შემსრულებელს - მსახიობ ბუბა მირცხულავას ვესაუბრეთ...

- ბუბა, შენი პერსონაჟის "ხაზის" განვითარების ასეთ მრავალფეროვნებას ელოდი?

- რადგან სერიალი სიუჟეტური და პერსონაჟების მრავალფეროვნებით, მოულოდნელობებით გამორჩეულია, არაფერს გამოვრიცხავდი - ქართული რეალობა მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა, რაც მერე "ჩემი ცოლის დაქალებშია" ასახული. შესაბამისად, სიუჟეტის ასე განვითარება არ გამკვირვებია. სერიალის მრავალფეროვნება თავად შეაფასეთ: თუნდაც, ჩემი პერსონაჟი ავიღოთ - ვინ იყო, ვინ გახდა და კიდევ ვინ გახდება, კაცმა არ იცის. ჩემთვის, როგორც ამ როლის შემქმნელისთვის, საინტერესოა და ალბათ, მაყურებლებისთვისაც ასეა.

- ბაქარისგან მკვეთრად შენი რომელი თვისება განგასხვავებს?

- ალბათ ის, რომ ბაქარი უფრო რაციონალურია. ჭკუა-გონებას უფრო "მიჰყვება" და გულთან კომუნიკაცია შეამცირა. ჟარგონულად რომ ვთქვათ, გრძნობები და ემოციები "დაიკიდა" და იმას აკეთებს, რაც თავისი კონკრეტული, მატერიალური მიზნებისა და გავლენისთვის სჭირდება. მე ასე არ ვარ, ყოველ შემთხვევაში - ამ ეტაპზე და სიმართლე გითხრა, არც მინდა, რომ ვიყო, რადგან ძალიან ემოციური ვარ. შესაბამისად, გონებასა და გულთან სულ ჭიდილი მაქვს. ვცდილობ, არც ერთმა არ მძლიოს და ეს ჭიდილი დავაბალანსო, ხან ვახერხებ, ხან - ვერა...

- ემოციებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების გამო სერიოზული პრობლემა შეგქმნია?

- კი. რაღაც არასასიამოვნო თუ მოხდება, ამაზე ბევრი ფიქრი მჩვევია. შესაბამისად, ხანდახან ეს მაზარალებს. ალბათ, ასეთი ეპიზოდები ცხოვრებაში ყველა ადამიანს ჰქონია, როცა რაღაც დაგაფიქრებს, გონებას ნაკლებად უჯერებ, უფრო მეტად გულიდან წამოსული ფიქრებია...

- პოლიტიზებული ადამიანი ხარ?

- რომ ვთქვა, ვჯდები და ვუყურებ, პოლიტიკაში რა ხდება-მეთქი, ასე არ არის. ჩემს საქმეს ვაკეთებ. დატვირთული რეჟიმი - ფაქტობრივად, "გადარბენები" მაქვს. არ მინდა, სხვა რამის გამო მოვცდე და ყურადღება გამეფანტოს, რადგან გონებრივად, მორალურად, ფიზიკურად, სულიერად მინდა, იმ საქმეში ვიყო ჩართული, რასაც ახლა ვაკეთებ - მოწოდების სიმაღლეზე ვიყო. არ მინდა, რამემ ხელი შემიშალოს. მით უმეტეს, პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ გინდა თუ არა, მაინც გიწევს მასთან შეხება - ყველაფერი პოლიტიკაა: ადამიანებთან ურთიერთობაც, ცხოვრებაც... შესაბამისად, ყველა ადამიანი პოლიტიზებულია, გამონაკლისი ვერ ვიქნები.

- შენი პერსონაჟის რეალური პროტოტიპი ვინ არის?

- ერთი კონკრეტული ადამიანი არ ამიღია. უბრალოდ, ვიღაცისგან რაღაც დეტალი "ავიღე", რაღაცებზე ვიფიქრე და ა.შ. კონკრეტულად ვინმესთვის არ მიმიბაძავს. ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, საზოგადოების ასოციაცია ლოგიკურია, რადგან ბაქარი იმერელი ბიჭია, ღარიბი ოჯახიდან. თბილისში ჩამოვიდა, იშოვა ძალიან ბევრი ფული და პოლიტიკაში მიდის... ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ასეთი ადამიანი გვყავს, რომელსაც თავდაპირველად, ფული არ ჰქონდა - ღარიბ ოჯახში დაიბადა. მერე დიდი ფული მიიღო და პოლიტიკაში მოვიდა. ლოგიკურად, ბაქარს ყველა მასთან დააკავშირებს და იფიქრებს, - ის ხომ არ არისო? არ ვამბობ, რომ ის არის ან არ არის. პირადად მე, კონკრეტულად იმაზე არ მიმუშავია, რომ ზუსტად ის ადამიანი "ვყოფილიყავი". უბრალოდ, ასე დაემთხვა.

GzaPress

- ბიძინა ივანიშვილის ბოლო, ვრცელი ინტერვიუ თუ მოისმინე? - არა. უბრალოდ, მეგობრებისგან გავიგე, უთქვამს, - ქართული სერიალები არ მომწონს. ახალი, ისტორიული სერიალების გადაღება მინდა და უნდა დავაფინანსოო. მხოლოდ ეს ინფორმაცია ვიცი. ინტერვიუ არ მინახავს და არც მინდა, ვნახო, წეღან ნახსენები მიზეზის გამო: არ მსურს, სხვა რამეზე გადავერთო - ახლა ყურადღების გაფანტვა არ მაწყობს.

- პოლიტიკურ ფიგურებზე დაკვირვება არ გჭირდება, რომ შენი როლი ასე დამაჯერებლად შეასრულო?

- როგორ არა! ტოქშოუები სპეციალურადაც მინახავს, რომ რაღაცები "დამეჭირა" და შემდეგ ეს ყველაფერი როლზე მუშაობისას გამომეყენებინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გადაცემას ვუყურებ, ყველაფერს ვუზივარ და ვათვალიერებ, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხდება. რაც მესმის, ისეთი რაღაცები ხდება, რომ არ მინდა, დავინტერესდე - ჩემს დაინტერესებას აზრი არ აქვს. ამ ყველაფერს ცოტა სხვაგვარად ვუყურებ, სხვაგვარად მესმის...

- როგორ ფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ბაქარის სახით საკუთარ თავს ხედავს?

- ეს მას ჰკითხეთ, მე არ ვიცი (იცინის). წარმოდგენა არ მაქვს, რა გიპასუხო. ქართველ საზოგადოებაში ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც "ჩემი ცოლის დაქალებში" საკუთარი თავი დაუნახავს - კარგ თუ უარყოფით პერსონაჟში. სერიალში საკუთარი თავი იმ ადამიანმაც თუ დაინახა, ლოგიკური იქნება. გარკვეულ ეპიზოდებში, საკუთარი თავი სერიალში მეც დამინახავს. ცხოვრებისეული სერიალია. ამიტომაც ვუყურებთ და მოგვწონს. შესაბამისად, ჩემი მსგავსი პერსონაჟიც შეგვხვდება, შენი მსგავსიც და ა.შ.

- როგორ აფასებ გოგოს გულის მოგების იმ მეთოდებს, რასაც ბაქარი ლეკასთან ურთიერთობის გასაბმელად იყენებს?

- მანდ ცოტა რთულად არის საქმე იმ გაგებით, რომ ბაქარი სოფლელი ბიჭია. იმ საზოგადოებაში, რომელში მოხვედრაც მას სურს, მიუღებელი პერსონაა - სულ რომ მამაღმერთი და სულიწმინდა იყოს, მაინც მიუღებელი იქნება, რადგან სოფლელია და არა - ვაკელი. შესაბამისად, ბაქარი საკუთარ რესურსებს მთლიანად პირადი მიზნების მისაღწევად იყენებს. ალბათ, შექმნილ სიტუაციაში ყველა ასე მოიქცეოდა, რადგან ბაქარს უსამართლობის შეგრძნებას უჩენს, როცა საზოგადოებაში იმის გამო არ იღებენ, რომ სხვაგან დაიბადა. ეს მას ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს დაამტკიცოს, რომ ღირსეული ადამიანია და ყველას აჩვენოს, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ სად დაიბადა.

- პირადად თუ შეგქმნია ისეთი სიტუაცია, როცა საზოგადოების გარკვეულმა წრემ არ მიგიღო?

- ჩვენთვის მიუღებელი ხარ და წადი აქედანო, ასეთი რამ არავის არასოდეს უთქვამს, რადგან ძალიან კომუნიკაბელური ვარ. შესაბამისად, ასე თუ ისე, საერთო ენის გამონახვას ყველასთან ვახერხებ.

- არის ბაქარი ის პერსონაჟი, რომლის როლითაც საზოგადოებისთვის თავის დამახსოვრებას ისურვებდი?

- ჩემი აზრით, როლს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, შენი საქმე კარგად გააკეთო. თუკი როლის შესრულებას დათანხმდი, ისე უნდა ითამაშო, როგორც საჭიროა, რადგან მსახიობის პროფესია გეუბნება - ყველაფერი უნდა "დაიკიდო" და შენს საქმეს მიხედო.

- თავად როგორ ხიბლავ გოგონებს?

- კონკრეტული, შემუშავებულ-დასახული სქემები და გეგმები არ მაქვს. უბრალოდ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. რა გეგმებიც უნდა დავსახო, ყველას ინდივიდუალური მიდგომა და საუბარი სჭირდება.

- სიურპრიზების მოწყობა გჩვევია?

- კი, ოღონდ - როცა ურთიერთობაში ვარ, ამის სურვილი მაშინ უფრო მაქვს. მე რომ მიწყობენ სიურპრიზს, ეგ არ მიყვარს, რადგან თან - "მასპოილერებენ" ხოლმე: შეიძლება ვიღაცას წამოსცდეს და დავდივარ გიჟივით - ნეტავ, რა არის, რა არის-მეთქი?. მაგალითად, დაბადების დღეზე სჩვევიათ ასე. მეუბნებიან, - აუ, იცი, შენთვის რა მაგარი საჩუქარი მაქვსო? ვპასუხობ: ან მითხარით, ან - თავი დამანებეთ, ამასაც ნუ მეუბნებით-მეთქი (იცინის)...

- გოგონასთვის ისეთი სიურპრიზი თუ მოგიწყვია, რაც დღეს ცოტა არ იყოს, სულელურად გეჩვენება და ფიქრობ, რომ არ უნდა გაგეკეთებინა?

- არა. საერთოდ, ჩემი წარსულიდან არაფერს ვნანობ, რადგან ის წინ ან უკან გადადგმული ნაბიჯი რომ არ ყოფილიყო, დღეს ის არ ვიქნებოდი, ვინც ვარ. წარსული ჩვენს აწმყოს განაპირობებს, აწმყო კი - მომავალს. თუკი ჩემს წარსულს ისეთად არ მივიღებ, როგორიც არის, ვერ მივიღებ აწმყოს და მომავალიც არ მექნება.

- შენი და შოთა ნოზაძის პერსონაჟის სახით, სერიალში საინტერესო, სახალისო ტანდემი არსებობდა. სერიალში თქვენი დაშორება რეალურ ცხოვრებაში თქვენს ურთიერთობაზე როგორ აისახა? ალბათ, ხუმრობამ იმატა...

- ხუმრობამ და ყველაფერმა დადებითმა, პოზიტიურმა იმატა, რა თქმა უნდა. რაკი ერთმანეთს ხშირად ვერ ვხედავთ, სიყვარული და ძმაკაცობა გაძლიერდა. ყველაფერს დადებითი და უარყოფითი მხარე ხომ აქვს? იმ უარყოფითმა ფაქტმა, რომ გადაღებაზე ერთმანეთს ხშირად ვეღარ ვხვდებით, დადებითი გამოიწვია - ერთმანეთი უფრო მეტად "გვევასება", რა (იცინის). თან, ახლა მულტფილმზე ერთად ვმუშაობთ - თახვების პერსონაჟებს ვახმოვანებთ. ჩვენთან ერთად ნანუკა გულუა, ბახვა ბრეგვაძე და გიორგი ბახუტაშვილიც იქნებიან... საკმაოდ საინტერესო და სახალისოა. სხვათა შორის, შოთასთან ერთად, მულტფილმზე წინათაც მიმუშავია - მაშინ მგლებს ვახმოვანებდით...

- მაყურებელთა გარკვეული კატეგორია "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟებს მსახიობებთან აიგივებს ხოლმე. ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ უამრავი ფული გაქვს ან სამსახურის სათხოვნელად ხომ არ მოსულა?

- სერიოზულად - არა, გარშემო მყოფები მეხუმრებიან ხოლმე. ალბათ, ვიღაცებს მართლა სჯერათ... შესაძლოა, ესეც უბრალო დამთხვევაა, მაგრამ "ტაქსისტებთან" რამდენჯერმე ასეთი შემთხვევა მქონდა: მგზავრობის საფასური იმაზე გაცილებით მეტი მოუთხოვიათ, ვიდრე რეალურად, მგზავრის ერთი პუნქტიდან მეორემდე გადაყვანა ჯდებოდა. თავდაპირველად, ვერ მივხვდი. რამდენიმე ასეთი შემთხვევის მერე ვიფიქრე, - მიზეზი ბაქარი ხომ არ არის-მეთქი? გარშემო მყოფებიდან ჩემთან სერიოზულად არავინ მოდის და არ მთხოვს, - სამსახური დამაწყებინეო (იცინის). რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ ეს სერიალია.

ეთო ყორღანაშვილი