რისთვის დაჯილდოვდა თეკლა ჯავახაძე - გზაპრესი

რისთვის დაჯილდოვდა თეკლა ჯავახაძე

რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიურ ღონისძიებაზე, "2019 წლის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლისათვის" მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი თეკლა ჯავახაძე დაჯილდოვდა. პრემია მას ირაკლი კავსაძის სპექტაკლში "ანტუანი და პატარა უფლისწული" მელიის როლის შესრულებისათვის გადაეცა.

- თეკლა, შენი სამსახიობო ცხოვრების განმავლობაში, რამდენიმე პრემია უკვე გაქვს...

- პირველი პრემია თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრში ეტიუდების ფესტივალზე მივიღე. მაშინ "წლის საუკეთესო ქალი მსახიობისა" და "საუკეთესო პარტნიორის" ჯილდო ერთად გადმომეცა, ხოლო შემდეგი იყო 2012 წელს ინგლისში სტუდენტურ ფესტივალზე, სადაც მსოფლიოს 10 სპექტაკლი შეარჩიეს და მათ შორის მოხვდა ჩვენი სადიპლომო ნამუშევარი, გიორგი შალუტაშვილის "ჩვენი პატარა ქალაქი". ინგლისშიც "საუკეთესო ქალი მსახიობის" ჯილდო მივიღე. შემდეგ ლაშა ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევებში, რომელსაც თანამედროვე თეატრის ცენტრი ახორციელებს, ჯულიეტას როლით, წლის საუკეთესო ხუთ ქალ მსახიობს შორის ვიყავი დასახელებული და თავისთავად, ესეც სასიამოვნო ფაქტია. ასე რომ, ახლა "ანტუანსა და უფლისწულში" შესრულებული მელიის როლისათვის გადმოცემული ჯილდო, რიგით მეოთხე გამოდის.

- სამომავლოდაც არაერთ წარმატებას გისურვებ! მოდი, ახლა შენს შთაბეჭდილებებზე ვისაუბროთ. რა არის შენი ყველაზე ნათელი მოგონება ბავშვობიდან?

- ბავშვობიდან ბევრი ნათელი მოგონება მაქვს, რომელიც უმთავრესად თეატრს უკავშირდება. 8 წლის ვიყავი, სპექტაკლში რომ ვითამაშე და "პაკლონზე" გამოსულს მაშინდელი აპლოდისმენტები არ დამავიწყდება. მახსოვს, 28 ივნისი იყო. ეს თარიღი და სცენასთან დაკავშირებული ყველა წვრილმანი დღიურში მქონდა ჩაწერილი. ეს იყო ქუთაისში. ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დადგმულ სპექტაკლში, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვს ვთამაშობდი. ტაშით მოვიწამლე (იღიმის). სხვათა შორის, პირველად 5 წლის ვიყავი, სპექტაკლში რომ ვითამაშე, თუმცა, ის ისე მძაფრად არ დამამახსოვრდა, როგორც 8 წლის ასაკში განსახიერებული როლი.

თეკლას მშობლები, მარიკა სამანიშვილი და თენგო ჯავახაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები არიან. 10 წლის წინ, ანუ მას შემდეგ, რაც თეკლა მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი გახდა, ის თბილისში გადმოსახლდა და დროის უქონლობის გამო, ქუთაისში ჩასვლას მხოლოდ დღესასწაულებზე ან გასტროლის დროს ახერხებს. აქტიური მსახიობია და პარალელურად კასტინგ მენეჯერ ეკა მჟავანაძის თანაშემწე გახლავთ.

- თქვი, 8 წლისას დღიურში მქონდა ყველა ემოცია ჩაწერილიო. დღიურებს რამდენი წელი წერდი?

- ადრეულ ასაკში დღიურს სულ ვაწარმოებდი. ფაქტობრივად, სტუდენტობამდე სულ ვწერდი. სტუდენტობისას უკვე დიდი შუალედები გაჩნდა და მერე წერას თავი დავანებე. მსახიობისა და კასტინგ მენეჯერის - ეკა მჟავანაძის ასისტენტი ვარ. ახლა ბლოკნოტს მხოლოდ როლის გადასაწერად ვიყენებ და მაშინ, როცა რაღაც პროექტი გვაქვს გასაკეთებელი.

GzaPress

- "ჩემი ცოლის დაქალებზე" მუშაობ? - "ჩემი ცოლის დაქალებზე" არ ვმუშაობ, იქ ეკას სხვა ასისტენტები მუშაობენ - თათო და ნოშრე. თუ ჩემი დახმარება სჭირდებათ, რა თქმა უნდა, მათ გვერდით ვარ. ძირითადად, უცხოენოვან პროექტებზე ვმუშაობ.

- შთაბეჭდილებების გაზიარების თვალსაზრისით, დღიური რომელიმე ადამიანმა ხომ არ ჩაანაცვლა? და თუ ასეა, ვინ არის ის?

- ასე ვერ ვიტყვი. დღის განმავლობაში დრო საერთოდ არ მრჩება სალაპარაკოდ. თუ ტელეფონით ვესაუბრები ვინმეს, ისიც საქმეზე. თუმცა, როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ჩემს ცხოვრებაში, ემოციებს ძირითადად დედას, მამას და ქალბატონ ეკას ვუზიარებ. დღის ბოლოს ტელეფონით ძირითადად ამ სამ ადამიანს ვესაუბრები.

- შენი ცხოვრების ყველაზე მძიმე მოგონება რა არის?

- ერთი თვისება მაქვს, ვცდილობ, ცუდზე არ ვიფიქრო. ემოციური ვარ და ყველა მძიმე მოგონება ჩემზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში შევიმუშავე ეს სტრატეგია და მეტ-ნაკლებად გამომდის.

- კითხვით, მუსიკით, საქმით - როგორ ახერხებ ცხოვრების მძიმე შთაბეჭდილებების დავიწყებას?

- საამისოდ ბევრი ხერხი მაქვს: ყველაზე კარგად ამაში ჩემი პროფესია მეხმარება. როცა სცენაზე გავდივარ, ყველაფერი მავიწყდება. კითხვა, მუსიკა, მეგობრებთან ურთიერთობა - ეს ყველაფერი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ცუდზე აღარ იფიქრო. წყენასაც ძალიან მალე ვივიწყებ და ეს მეგობრებს სულ უკვირთ, თუმცა, ვფიქრობ, ესეც დადებითი თვისებაა.

- ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა წლებში არაერთი ადამიანი ახდენს ჩვენზე მძაფრ შთაბეჭდილებას. შეგიძლია 3 მაინც დამისახელო?

- სამი ადამიანის გამორჩევა გამიჭირდება, რადგან ბოლო წლებში ბევრი ადამიანი გავიცანი, რომლებთან ურთიერთობაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ძვირფასი იყო და არის დღესაც. მათ შორისაა ეკა მჟავანაძე. მასთან ურთიერთობამ, გამოცდილებამ სულ სხვაგვარად დამანახვა ჩემი საქმე და პროფესია. ბედნიერი ვარ, რომ მისი ასისტენტი ვარ და ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობა გვაქვს.

- შენთვის ყველაზე შთამბეჭდავი წიგნები როგორია?..

- ბავშვობაში მეზარებოდა კითხვა და ფაქტობრივად, ძალით მაკითხებდნენ, მაგრამ პირველი წიგნი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და არც ეზოში გასვლა მომნდომებია, ეს "პატარა უფლისწული" იყო. პატარა ვიყავი და ვერ ვხვდები, რა გავიგე მაშინ. ეს წიგნი ყოველ ჯერზე მიბრუნებისას იწვევს ახალ-ახალ ემოციებს და მით უფრო ახლა, როცა ამ ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი თავად ვითამაშე. კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ძალიან მიყვარს და სულ თან დავატარებ, რეზო გაბრიაძის მოთხრობების კრებულია. ეს წიგნი ბავშვობაში მაბრუნებს. სადაც მივდივარ, თან დამაქვს და დაკარგვის შიშით, არასდროს ვათხოვებ ვინმეს (იღიმის). ლიმიტირებული გამოცემა იყო, სულ 100 ცალი დაიბეჭდა. შოვნა გამიჭირდა. როგორ ჩავიგდე ხელში, ძალიან დიდი ისტორიაა და ახლა ვერ მოვყვები.

- ფილმები?..

- ქართული ფილმებიდან: "შერეკილები" და "არაჩვეულებრივი გამოფენა", ხოლო უცხოენოვანი - "ცხოვრება მშვენიერია". რობერტო ბენინის ამ ფილმის ყურება ყოველ ჯერზე სიამოვნებას მანიჭებს.

- ბოლო პერიოდში სერიალების ბუმია, უყურებ რომელიმეს?

- სერიალებს ვახმოვანებდი და იმ პერიოდში ბუნებრივია, მათი ნახვაც მიწევდა. ახლა უმთავრესად ფილმებს ვახმოვანებ და დავიწყე სერიალების ყურება. მომწონს სერიალები: "ახალგაზრდა პაპი", "მოახლის დღიური" და "შესანიშნავი მისის მეიზელი".

- შთამბეჭდავი ქალაქები...

- ქუთაისის გარდა (იცინის)?

- ქუთაისი შენი მშობლიური ქალაქია და ბუნებრივია, პირველი ისაა. თუმცა, მე ვგულისხმობ ქალაქებს საზღვარგარეთ...

- ლონდონი. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანასა და ქალაქში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ არჩევანის საშუალება რომ იყოს, ხშირად ჩავიდოდი ლონდონში, ისევე, როგორც კემბრიჯში.

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი, რაც მიგიღია...

- ყველაზე შთამბეჭდავი საჩუქარი იყო ძველებურ, კოპლებიან ჩაიდანში ჩარგული ცოცხალი ყვავილები, რომელიც ჩემმა შეყვარებულმა "რომეო და ჯულიეტას" წარმოდგენის შემდეგ მომართვა. სამწუხაროდ, ყვავილები გახმა. აღმოჩნდა, რომ დროის უქონლობის გამო არასწორად ვუვლიდი, მაგრამ ჩაიდანს დღემდე ვინახავ, ძალიან მიყვარს. ახლა იმ ქოთანში სხვა ყვავილია ჩარგული და ქუთაისში მაქვს.

ბოლო წლებიდან ეს საჩუქარი ჩემი ყველაზე მძაფრი მოგონებაა. საერთოდ, საჩუქრებს ხშირად ვიღებ და ძირითადად, ეს არის ბლოკნოტები, ჭიქები, საოჯახო აქსესუარები, რაც ძალიან მიყვარს და ასევე, პარფიუმერია. ხშირად მჩუქნიან მინიატიურულ ველოსიპედებს. წლებია "ნამდვილი" ველოსიპედის ყიდვაზე ვოცნებობ და თავი ვერ მოვაბი - ეს ყველამ იცის და სუვენირებს მჩუქნიან. დიდი იმედი მაქვს, ზაფხულამდე კალათიანი ველოსიპედით ვივლი ქალაქში (იღიმის).

- მინიატიურული ველოსიპედების გარდა, კიდევ რამე კოლექცია ხომ არ გაქვს?

- ერთი პერიოდი კოვზებს მჩუქნიდნენ, მეც ყველგან ვაგროვებდი, რადგან მინდოდა კოვზების კედელი გამეკეთებინა. არ გამომივიდა, მაგრამ კოლექცია დამრჩა. ახლა ყველაზე აქტუალური მაინც ბლოკნოტებია, რადგან ბევრი სამუშაო მაქვს და ყველაფერს ბლოკნოტში ვიწერ.

- დაბოლოს, დაასახელე სამი ადამიანი ნებისმიერი ეპოქიდან, ვის ყოველდღიურ შთაბეჭდილებსაც დიდი ინტერესით გაეცნობოდი...

- პირველი ეს არის ჩარლი ჩაპლინი. მისი "ჩემი ავტობიოგრაფია" ძალიან მიყვარს. ზოგადად, მსგავსი ჟანრის ლიტერატურა საინტერესოა. ჩარლი ჩაპლინი ცოცხალი რომ იყოს და დღესაც წერდეს, მის ნაწერებს ახლაც დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი. წავიკითხავდი მერილ სტრიპის ჩანაწერებს. ეს მსახიობი ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, ის ქალღმერთია ჩვენს სფეროში, ხოლო მესამე - ეს არის სოფიკო ჭიაურელი.

ანა კალანდაძე