"ყოველთვის ზედმეტად ემოციური, პანიკიორი ვიყავი"
font-large font-small
"ყოველთვის ზედმეტად ემოციური, პანიკიორი ვიყავი"
ნანა ლორთქიფანიძე დედისა და ბებიის ამპლუაში

აღმოჩნდა, რომ მსახიობ ნანა ლორთქიფანიძეს სერიალში - "იდეალური დედა" თავის პერსონაჟთან - მანანასთან ბევრი საერთო აქვს, თუმცა მისგან საკმაოდ მნიშვნელოვანი თვისებებითაც განსხვავდება. ამჟამად, ქალბატონ ნანას სერიალზე მუშაობა ძალიან მოსწონს, ხოლო როცა სამსახიობო სფეროში მუშაობით დაკავებული არ არის, ვერც მაშინ ნახავთ უქმად: საზრუნავს რა გამოლევსო? - გვითხრა მსახიობმა...


- თქვენი წარმოდგენით, იდეალური დედა როგორია?
- ერთი წინადადებით ამის თქმა რთულია. იდეალური დედობა იმას ნიშნავს, რომ შვილისთვის ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გააკეთო და შენი საქმეც მაქსიმალურად კარგად შეასრულო. ჩემთვის იდეალური დედაჩემია, რომელიც 3 შვილს გვზრდიდა, მეუღლეს უვლიდა, რეპეტიციებზე დადიოდა, სპექტაკლებში თამაშობდა... როცა ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებ, ყველაფერი ისეთი ხარისხის გამოდის თუ არა, როგორიც საჭიროა, ეს რთული თემაა. ყველას გვინდა, იდეალურები ვიყოთ, მაგრამ ალბათ, ზოგჯერ რაღაც სათანადოდ არ გამოგვდის.
- ბავშვობაში დედასთან ყოფნის დანაკლისი გიგრძნიათ?
- ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ - ძალიან იშვიათად, რადგან დედ-მამა ყოველთვის ახერხებდა ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ. მაგალითად, იმ პერიოდში, როცა ყველაზე სერიოზული და პროდუქტიული სამუშაოები ჰქონდათ, როგორიც რუსთავის თეატრის გახსნა იყო, მათთან ერთად, დილა-საღამოს რუსთავში, რეპეტიციებზე ჩვენც დავდიოდით; როცა "დათა თუთაშხიას" იღებდნენ, გადასაღებ მოედანზე დავყავდით, მაგრამ მერე ისე ხდებოდა, რომ ზოგჯერ სკოლაში გაკვეთილების გაცდენა გვიწევდა, თუმცა ჩვენთან ერთად ყოფნის გამო, ამ მსხვერპლზე მიდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი დამხმარეს სახით, ბებია (მამაჩემის დედა) გვყავდა, რომელიც ჩვენს გაზრდაში, აღზრდაში, განათლებაში აქტიურად მონაწილეობდა, მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ, მათ გარეშე დიდხანს არ ვყოფილიყავით.
GzaPress
- ავადმყოფობა მოგიგონებიათ, რომ სკოლაში არ წასულიყავით?
- უიმე, კი, ძალიან ხშირად!.. ერთხელ რაღაც საშინელი კრემი თვალებში ამოვისვი - თვალები ძალიან მტკივა-მეთქი. საბრალო მშობლებს ისე შეეშინდათ, იმ დღეს მგონი, 20 ექიმთან წამიყვანეს. ძალიან მრცხვენოდა, რომ ასე გავაწვალე და შევაწუხე, მაგრამ უკან ვეღარ დავიხიე (იღიმის).
- სერიალში - "იდეალური დედა" დედების პრობლემები, სიტუაციები თქვენთვის ნაცნობია?
- კი, ძალიან რეალურია. მთავარი გმირის - მაკას (რომელიც ჩემი პერსონაჟის შვილს თამაშობს) პრობლემები აბსოლუტურად გასაგები და ნაცნობია - შეიძლება, ყველას ყოფაში აღმოჩნდეს.
- რეალურ ცხოვრებაში, როგორ ფიქრობთ, თქვენი თაობის და ახლანდელ დედებს რა საერთო გაქვთ ან რით განსხვავდებით ერთმანეთისგან?
- ესეც ინდივიდუალურია. მაგალითად, ჩემი შვილი გარკვეულ პრობლემებს ბევრად უფრო მსუბუქად უყურებს, ვიდრე მე. ალბათ ეს მაინც ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. ყოველთვის ცოტათი ზედმეტად ემოციური, პანიკიორი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ - ბავშვს 37 გრადუსი სიცხე თუ ჰქონდა, ლამის "ჭკუიდან გადავდიოდი". ასეთ მოვლენებს ჩემი შვილი უფრო ნორმალურად, წყნარად, მშვიდად აღიქვამს. აქეთ მაწყნარებს, - დედა, რა დაგემართა, სიცხესთან დაკავშირებული პრობლემის გარეშე, რომელი ბავშვი გაზრდილაო? ამის გამო, ვგიჟდები! სერიალში ჩემი პერსონაჟი - მანანა ბევრი რამით ძალიან მგავს. ბევრჯერ გამეცინა კიდეც - ჩემი და ქეთის (ჩემი ქალიშვილის) ურთიერთობა გამახსენდა. ერთ-ერთ სერიაში ასეთი ტექსტი მქონდა: მაკა, როგორ შეგიძლია, ამ არეულ მაგიდასთან იჯდე და კომპიუტერში რაღაცას მისჩერებოდე-მეთქი? ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან ნაცნობია. მერე რა მოხდა? მაგიდას 15 წუთის მერე აალაგებს, მაგრამ მე იმ წუთში მინდა, რომ გავაკეთო, რაც გასაკეთებელია. ეს ხასიათია - ადამიანები ერთმანეთისგან ხასიათით განვსხვავდებით, ამას ვერსად გავექცევით, თორემ განა ახლანდელი დედები გულგრილები არიან? პირიქით, ძალიან კარგი დედები არიან. საერთოდ, ახალგაზრდების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს - კარგი თაობაა. იაკო ჭილაიას (რომელიც მაკას როლს თამაშობს) რომ ვუყურებ, პირდაპირ ვგიჟდები: ორ თეატრში მუშაობს, სპექტაკლებში მონაწილეობს, 2 შვილი, ქმარი ჰყავს, სულ სახლში რეკავს - ბავშვების ამბებს კითხულობს, ნერვიულობს, შემდეგ შვილებთან გიჟივით გარბის, მერე უკან მოდის... ამ ყველაფერს ენერგია, პასუხისმგებლობა ხომ სჭირდება?..
- როგორი ბებია ხართ?
- 2 ბიჭის - გიორგის და ილუშას ბებია ვარ. გიორგი 10 წლის არის. ის ჩემი ფავორიტია. ალბათ იმიტომ, რომ პირველი შვილიშვილია, თორემ სიყვარულით ნამდვილად არ ვასხვავებ - ორივეზე ვგიჟდები! მათზე მეტად არავინ მიყვარს, მაგრამ გიორგის მიმართ, ასე ვთქვათ, სხვა დამოკიდებულება, სხვა სიმპათიები მაქვს. ილუშა 6 წლის გახლავთ. ძალიან ნიჭიერი, სხარტი გონების მქონე საინტერესო ბავშვია... მგონი, კარგი ბებია ვარ.
- მათ აღზრდაში აქტიურად მონაწილეობთ?
- რა თქმა უნდა. ჩემთან ცხოვრობენ. ვამბობ, - ფაქტობრივად, სერიალი ჩემ შესახებ არის-მეთქი. მანანას მსგავსად, ჩემს სახლში მარტო, არხეინად ვიყავი. სამწუხაროდ, ჩემი ქალიშვილი მეუღლეს დაშორდა და ახლა ქალიშვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ. ვიდრე ერთად ცხოვრება მოგვიწევდა, მანამდეც აქტიური ბებია ვიყავი, ახლა - მით უმეტეს, როცა ჩემთან არიან: ჩემმა ბევრმა ინტერესმა იკლო. ყველაზე მეტად შვილიშვილები მაინტერესებს, ყველაზე მეტად მათთან ყოფნა მიხარია და ჩემი გონება ამ ბავშვებზე ფიქრით არის დაკავებული. ალბათ, იდეალური - ვერა, მაგრამ მგონია, ძალიან კარგი ბებია ვარ.
- ტელეეკრანზე გიყურებენ?
- მიყურებენ და ცოტათი იეჭვიანეს. - ეს ბავშვებიც ჩვენსავით გიყვარსო? - უმცროსმა მკითხა. ვუპასუხე, - ძალიან საყვარლები არიან, ნამდვილად მიყვარს, მაგრამ თქვენსავით - არა-მეთქი (იცინის). სერიალში ხშირად ვჩხუბობ, ვყვირი. შვილიშვილები აპროტესტებენ, - შენ ასეთი არ ხარ, სულ გვეფერები, გვანებივრებ, ჩვენთან დარჩენაზე უარს არასოდეს ამბობო. ცოტათი არ მოსწონთ, რომ სერიალში კაპასი ბებია "ვარ", მაგრამ სხვათა შორის, თვითონ სერიალი მოსწონთ და დიდი ინტერესით უყურებენ. არ მეგონა, რომ თუნდაც მაკას დღიურებს ასე გულისყურით მოუსმენდნენ, მაგრამ დაინტერესდნენ. მგონი, ეს ცუდი არ არის, პირიქით - უმცროს თაობას ამ ყველაფრის ყურება, მოსმენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
- როგორი მეზობლები გყავთ? თქვენს პერსონაჟს ე.წ. ჭერის მეზობელთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს...
- გეფიცებით, ხანდახან მითქვამს, - ნეტავ, ეს სცენარისტები ჩემს, ჩემი მეზობლების ცხოვრებას ხომ არ იკვლევდნენ-მეთქი (იცინის)? ისეთი სამეზობლო მყავს, რომ "მეზობლებსაც" ვერ ვეძახი, "მეგობრებს" ვუწოდებ, რადგან მათ ნაწილთან ერთად, 3 წლის ასაკიდან გავიზარდე. ჩემთვის მართლა ოჯახის წევრები, სისხლი და ხორცი არიან. ზოგი მათგანი ცოტათი მოგვიანებით შემოგვიერთდა, მაგრამ ასევე, ძალიან საყვარელი და ახლო მეგობრები გავხდით. 5 ქალი ვართ, ვინც ერთმანეთის ყოველდღიურობით ვცხოვრობთ. ხშირად მიფიქრია, - ასეთი მეზობლები რა ბედნიერებაა-მეთქი, რადგან სანამ შენი დეიდა, დედა, ახლო ნათესავი მოვა, პირველი მეზობელი მოვა შენთან... ეს მართლა ბედნიერებაა!.. მანანას და ნანას ცხოვრებაში ბევრი რამ ერთმანეთს ემთხვევა.
- სამეზობლოსთან კონფლიქტური სიტუაციები არ შეგქმნიათ? თუნდაც, წყლის ჩამოშვების გამო...
- არა, სხვათა შორის, წყლის ჩამოშვებასთან დაკავშირებით, უსიამოვნება არასოდეს გვქონია, პირიქით - ერთმანეთს ვაწყნარებდით... ხომ შეიძლება, მცირე წყენა არსებობდეს? როგორც ჩემი ოჯახის წევრისგან შეიძლება, უცებ რაღაცის გამო გული მეტკინოს, მაგრამ რა თქმა უნდა, წყენა იმ საღამოსვე დავიწყებულია, ასეთივე ურთიერთობა მაქვს მეზობელ-მეგობრებთანაც.
- როცა სიდედრის ამპლუაში იყავით, მანანას მაშინაც ჰგავდით?
- მანანას ბევრი თვისებით არც დედის და ბებიის ამპლუაში ვგავარ, რადგან ეს ქალი გაუთავებლად ჩხუბობს და ჯაჯღანებს... სხვათა შორის, ჩემი სიძე ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს - ჩემი შვილიშვილების მამაა და ბევრი რამის გამო, მას პატივს ვცემ. მერე რა, რომ ჩემმა შვილმა და მან ერთმანეთს ვერ გაუგეს? მგონი, ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. რა ვიცი, მაინც სიდედრი ვიყავი - ალბათ, გულში ჩემზე რამე "ისეთი" აქვს (იცინის)...
GzaPress
- შემოქმედებითი თვალსაზრისით, კრიზისული პერიოდი გქონიათ?
- კრიზისული პერიოდი ბევრჯერ მქონია, როგორც დღეს, ყველა თანამედროვე მსახიობს, მაგრამ მე იმ ადამიანების კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვინც ამის გამო დეპრესიაში ვარდება. კი, ყოველთვის მინდა, რომ სამუშაო მქონდეს, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, ათას სხვა საქმეს გამოვძებნი. ასეთი პერიოდები გადამილახავს, თან - ისე, რომ მერე, როცა სამუშაო გამოჩნდება, ჩემს საქმეზე "გადართვა" მიჭირს ხოლმე (იცინის).
- თქვენი სამუშაო სფეროსგან განსხვავებული რა გაგიკეთებიათ?
- უპირველეს ყოვლისა, იმ დანაკლისის "ამოღებას" ვიწყებ, რასაც მუშაობის პროცესში განვიცდი, როცა სახლში არ ვარ: ოჯახის წევრებთან ვურთიერთობ და ვცდილობ, რაღაც ახალი ვაკეთოთ... დამეთანხმებით, ოჯახური საქმიანობა იოლი არ არის - ეს ჩვეულებრივი რუტინა არ გახლავთ, ბევრ რამეს მოიცავს... გარდა ამისა, მაგალითად, 4 წლის წინ, ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, "ხელოვან ქალთა ასოციაცია" დავაარსე. ძალიან საინტერესო ღონისძიებებს ვმართავთ. ამ საქმეშიც თითქოს ჩემი შემოქმედების, არტისტიზმის თუ ენერგიის ნაწილს ვდებ. მაგალითად, შარშანდელი პროექტი იყო "მე-18 საუკუნის რთველი კახეთში". კოსტიუმირებული ღონისძიება ჩავატარეთ. თელავის მუზეუმის დიდ ეზოში იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ბაზარი მოვაწყვეთ, ჩარდახებიანი მაგიდებით... თან, თელავში ახალი მეგობრები შევიძინეთ, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობები გაჩაღდა... უქმად ვერ ვიჯდები. არ შემიძლია, წამოწოლილმა ტელევიზორს ვუყურო და არაფერი ვაკეთო. ხან პოლიტიკით ვარ დაკავებული. ხშირად ეს არ მინდა ხოლმე, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში პოლიტიკა ისე იჭრება, რომ გვინდა თუ არა, ჩვენც ვერთვებით. მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე, ყველა ადამიანმა თავისი მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადოს. საქმე, საზრუნავი არ ილევა - ეს ძალიან კარგია. გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები.
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რთულია მშობლიურ ქალაქთან, უბანთან, მეგობრებთან განშორება
"რამდენიმე თითში მგრძნობელობა ჯერ არ დამბრუნებია"
"თავიდან რომ შემეძლოს ცხოვრების დაწყება, ყველაფერს თავდაყირა დავაყენებდი"
საკუთარ თავს თვითონ ქმნი უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის პროცესში
"თითოეულ ფრაზასა და ბგერას დიდ ყურადღებას ვაქცევთ"
სენი, რომელმაც უამრავი ოჯახი შეიწირა
"ღმერთს მადლობა, რომ ასეთი დიდი ოჯახი ვართ"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი