ვისი ბავშვის აღზრდით იყო დაკავებული ნიუ-იორკში ნინო შავგულიძე? - გზაპრესი

ვისი ბავშვის აღზრდით იყო დაკავებული ნიუ-იორკში ნინო შავგულიძე?

ამერიკიდან დაბრუნებული, დასვენებული, ენერგიით სავსე და მოტივირებული ნინო შავგულიძე სერიალში - "იდეალური დედა" ტასოს როლით გამოჩნდა. გულთბილი, ცოტათი ჯაჯღანა ტასო, რომლის საქციელიც ღიმილს იწვევს, მსახიობს ძალიან შეუყვარდა. მიიჩნევს, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებსაც იუმორით თუ შევხედავთ, ყველაფერი გამოგვივა...

- გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საჯაროდ აღარ ჩანდი. სად იყავი, რას საქმიანობდი?

- მთელი არსებით ტელევიზიაში მუშაობა მინდოდა, რადგან ბედნიერად და რეალიზებულად მხოლოდ ამ საქმეში ვგრძნობ თავს. როდესაც ადამიანი საყვარელ საქმეს აკეთებ, მასში მთელ ენერგიას "დებ" და იხარჯები, ეს ძალიან კარგია... ბოლო 2 წლის განმავლობაში, ისე მოხდა, რომ ჩემს დას ბავშვის აღზრდაში ვეხმარებოდი და საზღვარგარეთ წასვლა-წამოსვლა მიწევდა. წელს საქართველოში დავბრუნდი თუ არა, ძალიან გამიმართლა, რადგან ჩამოსვლის დღიდანვე გავიგე, რომ ახალი სერიალი იწყებოდა და კასტინგებზე დამიბარეს. უკვე ისეთი მოტივირებული მივედი, რომ რატომღაც ვიცოდი, როლზე დამამტკიცებდნენ. ასევე, თეატრში რეპეტიციები დაიწყო: ბატონი გოჩა კაპანაძე კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცებას" დგამს, რომელშიც მთავარი როლი მერგო.

- შენს დას ბავშვის აღზრდაში შენი დახმარება რატომ დასჭირდა?

- 5 წელია, ჩემი და ნიუ-იორკში ცხოვრობს. 2 წლის წინ ბავშვი შეეძინა. სამსახურის გამო (სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯმენტი აქვს აღებული საკუთარ თავზე) ძალიან დაკავებულია. შვილი აღსაზრდელად ვერავის ანდო - ძიძა ვერ აიყვანა. გარკვეული პერიოდი, როცა თავისუფალი ვიყავი (არც თეატრში მქონდა სამუშაო, არც - ტელევიზიაში), გადავწყვიტე, ნიუ-იორკში გავმგზავრებულიყავი და ბავშვის აღზრდაში წვლილი მეც შემეტანა... საბოლოო ჯამში, ჩემს დასაც დავეხმარე და მეც გული ვიჯერე ბავშვის სიყვარულით.

- დისშვილის აღზრდის გარდა, ამერიკაში რით იყავი დაკავებული?

- კვირაში 5 დღე ბავშვთან ვიყავი. დასვენების იმ 2 დღეს, რაც მეკუთვნოდა, მეგობრების წრეში ვატარებდი, რადგან ნიუ-იორკში ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს. ახალი მეგობრებიც შევიძინე. სხვადასხვა აქტივობით ვიყავი დაკავებული, მაგალითად - ჩემს ცხოვრებაში პირველად, თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოვხტი. ჩემთვის ეს საოცარი გამოცდილება იყო - თითქოს ხელახლა დავიბადე... ამერიკაში როგორი დიდი ხნითაც უნდა წახვიდე, მას ვერ ამოწურავ - მაინც სულ სიახლეები გხვდება, რადგან იქ ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება. იქ ყოფნა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. რომ არა სამშობლოს მიმართ ჩემი ასეთი ნოსტალგია და სიყვარული, შეიძლება, საქართველოში არ ჩამოვსულიყავი (იღიმის)... ასეთი ცდუნების წინაშე ბევრი დგება. პატრიოტი ვარ და საქართველოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ალბათ, თუ ემიგრაციაში მიდიხარ, ადრეული ასაკიდანვე უნდა წახვიდე, რომ რაღაცებს კარგად მიეჩვიო. როცა აქ ფესვებს კარგად გაიდგამ, მით უმეტეს - როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, შემდეგ ძალიან რთულია, სხვა ქვეყანაში გაემგზავრო და ცხოვრება ნულიდან დაიწყო, თუმცა ადამიანებს ესეც გამოსდით და ყველას წარმატებას ვუსურვებ.

GzaPress

- დაოჯახებული ქალის როლი შენთვის პირველი არ არის: სერიალში - "ჩვენი ამბავი" ეჭვიანი ქალის როლს ასრულებდი, "ცოლებსა და ქმრებში" - სოციალური ქსელებით და სელფებით გატაცებული ქალისას, ახლა კი - "იდეალურ დედაში" ტასოს როლი მოირგე... ყველაზე მეტი საერთო რომელ პერსონაჟთან გაქვს? - იცი, რა, ადამიანი ძალიან იცვლები. სხვადასხვა დროს პერსონაჟს სხვადასხვაგვარად ერგები. ვერ გეტყვი, სამივე გმირი ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია-მეთქი - ჩემი პატარ-პატარა თვისებები ყველა პერსონაჟში ცოცხლდება. ეს სასიამოვნოა, როცა სცენარს წაიკითხავ და გაიფიქრებ, - აუ, ასე ხომ მეც მემართება ხოლმეო. შემდეგ უკვე სიტუაციები ძალიან ნაცნობი ხდება. სიტუაციურ კომედიებში მთავარი პერსონაჟის ხასიათის გამოკვეთა კი არა, სწორედ სიტუაციების გათავისებაა, თუმცა ჩემი თვისებები გარკვეულწილად, ყველა პერსონაჟშია "ჩართული".

- როგორი დაქალი ხარ? ტასოს სურს, ყველაფრის საქმის კურსში იყოს. დაქალის რომანტიკული ვახშმიდან "ლაივის" ჩართვაც კი უნდა...

- ასეთ რაღაცებს არ ვაკეთებ (იცინის). სხვის პირად ცხოვრებაში ნაკლებად ვერევი. თუკი ადამიანს ამაზე საუბარი თავად არ სურს, არ ვაწუხებ. ვისაც როგორ უნდა, ისე ცხოვრობს. ზედმეტ კითხვებს არასოდეს ვსვამ. სადაქალოში პირად ცხოვრებას დეტალურად იშვიათად განვიხილავთ.

- აბა, რა არის თქვენი განხილვის საგანი, როცა იკრიბებით?

- მეგობრების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ვცდილობთ, ერთმანეთს ყოველდღე შევხვდეთ. მყავს მეგობრები, რომლებსაც ყოველდღე ვეკონტაქტები - საერთო "ჩათიც" გვაქვს და ყველაფერს განვიხილავთ, რაც ხდება (ტექნოლოგიური სიახლე იქნება, ჩვენი მეგობრის ამბავი თუ ნებისმიერი სისულელე, მნიშვნელობა არ აქვს)... კიდევ, მეგობრების სხვადასხვა წრე მყავს: ზოგი სკოლიდან მოყოლებული მეგობარია, ზოგი - უნივერსიტეტიდან, ზოგი - ახალი შეძენილი, ზოგიც - ბავშვობის, უბნის... ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. ოღონდ მარტო არ ვიყო და ნებისმიერ თემაზე ვისაუბრებ. უფრო მეტად მაინც გლობალურ, სოციალურ თემებზე ვსაუბრობთ, ხანდახან - პოლიტიკაზეც... სხვისი ცხოვრებით არ ვინტერესდებით. არავინ გაგვიჭორავს; ისეთი არაფერი გვილაპარაკია, რაც ჩვენი საქმე არ ყოფილა (იცინის)... ასე მგონია, დედამიწის ზურგზე საუკეთესო მეგობრები მყავს.

- თავის მოვლასთან დაკავშირებით, ისეთივე დამოკიდებულება გაქვს, როგორიც - ტასოს?

- ოჰ, ცუდი გოგო ვარ (იცინის). უკვე დროა, თავს მოვუარო, მაგრამ ხომ გაგიგონია - გული არ ბერდებაო? ისე მოხდა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, როცა თავის მოვლა მართლა უნდა დამეწყო, ნიუ-იორკში წავედი, ჩამოვედი, წავედი, ჩამოვედი... შემდეგ შემოსავლის გარეშე ვიყავი, რადგან გადაღებები არ მქონდა. მერე ისევ წავედი - იქ 5 თვე ვიყავი. საქართველოში დაბრუნების მერე, ჩემთვის ისეთი აქტიური ცხოვრება დაიწყო, რომ ვერაფრით მოვიცალე, თუნდაც კოსმეტოლოგთან მივსულიყავი, როგორც ტასო დადის ყოველდღე ან ბიორიავიტალიზაცია გამეკეთებინა... მსგავსი პროცედურები არასოდეს გამიკეთებია. ცოტათი შეშინებული ვარ - საიდან დავიწყო, არ ვიცი ან საერთოდ, დავიწყო თუ არა... ერთადერთი, რაც ადრე არ მიყვარდა, ახლა კი უფრო შემიყვარდა, ეს არის შოპინგი. სხვათა შორის, შოპინგი ნიუ-იორკში შემიყვარდა, რადგან რაც კი წარმოგიდგენია, რომ შეიძლება გეცვას, იქ ყველაფერი ხელმისაწვდომია. ახლა უკვე საქართველოშიც ტანსაცმელს უფრო მეტი ყურადღება მივაქციე.

- რამე ისეთი გატაცება გაქვს, რასაც მეგობრის გამოც ვერ მოსწყდები?

- ერთადერთი, ფილმების ყურება ძალიან მიყვარს. ჯერ ფილმის ნახვას დავამთავრებ და მეგობართან მერე წავალ (იცინის). საჭორაოდ გასვლას ვგულისხმობ, თორემ თუკი მეგობარს რამე პრობლემა აქვს, პრობლემის ხარისხი 0,001%-იც რომ იყოს, ლეპტოპს მაშინვე ჩავკეცავ და გავვარდები. ამ შემთხვევაში, ტასოსგან განვსხვავდები. მასაჟის კეთებას ვერ მივატოვებ, კანის ფორები არ დაიხურებაო, - ამ მიზეზით მეგობართან შეხვედრაზე უარს არასოდეს ვიტყვი (იცინის).

- ისეთ ქმარს ისურვებდი, როგორიც ტასოს ჰყავს?

- ანდრია გველესიანის პერსონაჟი - გუგა მშვენიერი ბიჭია, გოგოს ხელისგულზე ატარებს, ძალიან ერთგული, მოსიყვარულე და ყურადღებიანი გახლავთ. ასეთი ქმარი, პარტნიორი თუ მეგობარი რატომ არ უნდა ისურვო? ტასოც ხელისგულზე ატარებს. ერთმანეთი უყვართ. კარგი წყვილია.

- ანდრია გველესიანი როგორი პარტნიორია?

- ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია. სხვათა შორის, სერიალის გადაღებები უკვე დაწყებული გვქონდა და ძიებაში ვიყავით - ტასოს როგორი ქმარი უნდა ჰყოლოდა. ერთ დღესაც, მთელმა გადამღებმა ჯგუფმა ერთხმად წარმოვთქვით - "ანდრია გველესიანი!" უცებ წარმოვიდგინეთ, რომ ტასოს ასეთი ქმარი უნდა ჰყოლოდა. ანდრია "ტიპაჟურად" შეირჩა - ვიცოდით, რომ "ჩემი" ქმარი იქნებოდა, ანუ ისე არ ყოფილა, რომ კასტინგზე ვიღაცები მოვიდნენ და ვინც მოეწონათ, ის შეარჩიეს. მოკლედ, ანდრია ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც გვინდოდა, რომ ყოფილიყო: ტასოს ქმარი თავის გარეგნობაზე ზრუნავს, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს...

- გარკვეული პაუზის შემდეგ, სერიალზე მუშაობაში აქტიურად, მონდომებული ჩაები. თეატრშიც ასეთივე მოტივირებული მიხვედი თუ ადაპტაცია დაგჭირდა?

- ორივე რთული სფეროა, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული. თეატრზე "გადართვა" რთულია. თან, დიდი ხანია, ასეთი სერიოზული ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში არ მითამაშია, როგორიც "მთვარის მოტაცებაა". კი, ადაპტაცია გამიჭირდა. ჩემს თავს დღემდე ვებრძვი, რომ საქმეში ისევ მთელი გულით ჩავება, მაგრამ ცოტათი მიჭირს...

- მოგვიყევი, "მთვარის მოტაცებაზე" როგორ მუშაობ?

- კონსტანტინე გამსახურდიას ურთულესი ნაწარმოებები აქვს. თან, ცენზურის ქვეშ დაწერილი ნაწარმოების, მისი პერსონაჟების მიზნების ამოცნობა ურთულესია, თუ ამაში რეჟისორიც არ დაგეხმარა და ამას ბატონი გოჩა კაპანაძე ფანტასტიკურად აკეთებს. შეიძლება, შენი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში ეს ნაწარმოები სხვადასხვაგვარად გაიგო, როგორც მაგალითად, მე დამემართა: "მთვარის მოტაცება" ბევრი წლის წინ წავიკითხე. ახლა, როცა გადაწყდა, რომ ეს ნაწარმოები უნდა დაგვედგა, კიდევ წავიკითხე, მაგრამ "არ მეყო". შემდეგ ინსცენირება წავიკითხე - "არ მეყო"... როცა მსახიობები რეპეტიციებზე ვიკრიბებით, დღემდე განვიხილავთ პერსონაჟებს, ვკამათობთ... "მთვარის მოტაცების" გმირების გარშემო ვტრიალებთ... ეს განწყობა ისეთი გადამდებია, რომ რაღაცნაირად, ადამიანს ცოტათი გამძიმებს, გულზე ლოდი გედება. თან, უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, რომ სხვა ეპოქაში, სხვა რეალობაში დაწერილი ასეთი ნაწარმოები ისე გააცოცხლო, რომ მაყურებელი დააინტერესო უკვე ბევრჯერ ნანახი და განხილული თემით. ამიტომ საქმეს სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით, თუმცა გულახდილად ვამბობ - ჯერ კიდევ დაბნეული ვარ...

ეთო ყორღანაშვილი