"ჩემთვის პატიოსანი შრომა არასოდეს ყოფილა სათაკილო" - გზაპრესი

"ჩემთვის პატიოსანი შრომა არასოდეს ყოფილა სათაკილო"

მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავა, ასევე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა, ილიაუნის თეატრისა და ინტეგრირებულ თეატრ "აზდაკის ბაღის" დასების წევრია. ჰყავს მეუღლე (რეჟისორი გოგა ქაჩიბაია), ოთხი ვაჟი, ამზადებს ხელნაკეთ ნივთებს და დროს ისე ანაწილებს, რომ მეგობრებთან განტვირთვაც მოახერხოს... მსახიობობა მისთვის სულიერი საზრდოს წყაროა, დამატებითი შემოსავლისთვის კი სხვა საქმიანობაზე უარს არასოდეს ამბობს. უმუშავია მომსახურების სფეროშიც. ყოველდღიური პრობლემების დაძლევაში მცირედისთვისაც კი განცდილი მადლიერების გრძნობა და თვითირონია ეხმარება.

- მსახიობების წრეში გაიზარდეთ. ზოგჯერ ასეთი ოჯახების შვილები აღნიშნავენ, რომ ეს თემა იმდენად ჰქონდათ მობეზრებული, მსახიობობაზე არც უფიქრიათ...

- მაქვს შეგრძნება, რომ მსახიობობა უკვე მაშინ მინდოდა, როცა დედის მუცელში ჩავისახე. პირველად 5 წლის ასაკში რუსთავის თეატრის სცენაზე ვითამაშე. ფილმში კი ერეკლე ბადურაშვილმა 18 წლის ასაკში დამაკავა. "თბილისი ჩემი სახლია" - ამ ფილმში "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" "ოქროს არწივი" მერგო წილად.

- დედა ფილოლოგი იყო. კითხვა გიყვართ?

- მე და დედა არაჩვეულებრივი მეგობრები ვიყავით. ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ მთელი ცხოვრება ცეკვავდა. ძალიან უყვარდა კროსვორდების შევსება, კარგი ზოგადი განათლება ჰქონდა. კითხვას მსახიობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის გარეშე ინტელექტს, ფანტაზიას ვერ განივითარებს. მამამ, მსახიობმა გია ლეჟავამ უამრავი წიგნი და ხატი დამიტოვა, რასაც ჩემთვის განძის ფასი აქვს. ოჯახში უზარმაზარი ბიბლიოთეკა გვქონდა.

- მსახიობის პროფესიის გარდა არაერთი სამუშაო, მათ შორის, მიმტანობაც შეგითავსებიათ...

- ჩემი პირველი შვილი ორი წლის იყო, როცა ჩემი პირველი ოჯახი დაინგრა. მაშინ ყოფილ მეტეხის თეატრში ვმუშაობდი, პარალელურად კი უნივერსიტეტის პირდაპირ მდებარე პატარა კაფე-ბარში ბარმენი და მიმტანი ვიყავი. სხვათა შორის, ეს პერიოდი ყოველთვის თბილად მახსენდება. ჩემი ეს ნაბიჯი ბევრი ახალგაზრდისთვის მაგალითის, სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა. ჩემთვის პატიოსანი შრომა არასოდეს ყოფილა სათაკილო. ჩემი პროფესია სულის საზრდოა, პარალელურად ყოველთვის რაიმე სხვა საქმეს ვაკეთებ. სხვადასხვა პერიოდში ვმღეროდი, ვცეკვავდი რესტორანში, ხელნაკეთი ნივთების გაკეთებით კი ახლაც დაკავებული ვარ. ძირითადად, ვქსოვ და სამკაულებს ვამზადებ. ახლახან ნაქსოვი ჩანთები დავამზადე. სამომავლოდ გამოფენის ორგანიზებასაც ვგეგმავ. 13 წლიდან საკუთარი შემოსავალი მაქვს. მილიონერი ქმარი რომ მყავდეს, მაინც ვიმუშავებდი, თუნდაც, მინიმალურ ხელფასზე. მერწმუნეთ, საბოლოო ჯამში არც შვილს სურს მუდმივად თავწაკრული დედა და არც ქმარს - ქალი, რომელიც მხოლოდ მოსამსახურეა. მერწმუნეთ, ეს დასკვნა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. ქალი მამაკაცზე ბევრად ძლიერია ფსიქიკურად, ინტელექტუალურად. უბრალოდ, ჩვენ გვერევიან... ზედმეტად თავი ძაღლსაც თუ დაუხარე, გაგიჯიუტდება და შენს დაჩაგვრას მოინდომებს... ძალიან რთული პერიოდები გამივლია, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არასოდეს მიწუწუნია. ამაში განწყობა მეხმარება - ბედნიერი და მადლობელი ვარ მაშინაც, როცა სუფრაზე მხოლოდ ერთი ნაჭერი პური დევს და მაშინაც, თუკი სადილად უგემრიელესი კერძი გვაქვს. პრობლემების დაძლევაში ჩემი ხასიათიც მეხმარება - ვხუმრობ და იქით "ვაღადავებ" ცხოვრებას... სხვანაირად - აუცილებლად მოგვერევა, რადგან ქვეყანაშიც და საერთოდ, მსოფლიოში დღეს მეტისმეტად მძიმე ფონია... გული მწყდება, რომ უვიცი არაფერს აკეთებს და აქვს ყველაფერი, მცოდნე კი ყველაფერს აკეთებს და აქვს - არაფერი...

GzaPress- როცა უფროსი ვაჟი მომავალ პროფესიად მსახიობობას ირჩევდა, მის არჩევანში არ ჩარეულხართ?

- რჩევის სახით ვაფრთხილებდი, რომ ეს რთული პროფესიაა, რომ საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია ამ პროფესიით ოჯახი უზრუნველყო. თუმცა, რა თქმა უნდა, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ამჟამად "აზდაკის ბაღის" ინტეგრირებული თეატრის დასშია. ვურჩევ კარგად ისწავლოს და საზღვარგარეთ ჩააბაროს. თუ დარჩენას სხვა ქვეყანაში მოინდომებს, არც ამის წინააღმდეგი ვიქნები. პირადად მე, ზედმეტად ნოსტალგიური ვარ და ჩემი ქვეყნის გარეთ ცხოვრება ვერ შევძელი.

- ოთხი ვაჟი გყავთ. ალბათ რთულია, თითოეულს საკუთარი ასაკობრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე ესაუბრო, ურჩიო, დაუყვავო, დაიცვა სიმკაცრის ზღვარი...

- დიახ, ფაქტობრივად, ყველა ასაკის ბავშვის ფსიქოლოგი ვარ (იცინის), საუბარი "მათ ენაზე" მიხდება. არის ხოლმე, როცა ხმის აწევა მიწევს, ხელით კი არასოდეს ვეხები. ვართ დედა-შვილიც და მეგობრებიც. სხვა შემთხვევაში, იწყება საიდუმლო და ჩაკეტილობა, რასაც საბოლოოდ, ტყუილთან მივყავართ. ვცდილობ, ამ მხრივ მაგალითი თავად ვიყო. თუ დავპირდი, აუცილებლად შევუსრულებ და იმავეს მოვითხოვ მათგან. ყველაზე მეტი პრობლემა, საბოლოო ჯამში, მაინც სკოლის ირგვლივ გროვდება. ვერ გეტყვით, ეს სასკოლო პროგრამის არასრულყოფილების ბრალია თუ მასწავლებლების არასწორი დამოკიდებულების, მაგრამ სკოლაში სიარული არ უხარიათ.

- რას ურჩევთ დედებს, ვინც ოჯახისა და შვილების გამო უარი თქვეს პროფესიულ განვითარებაზე და დროს სრულად შვილების მოვლასა და აღზრდა-განათლებას უთმობენ?

- ყველა ქალმა თავიდანვე უნდა აგრძნობინოს ოჯახის წევრებს, რომ ის არ არის მონა. როცა ქალი ოჯახს ქმნის, ის უკვე, გარკვეულწილად, არის მონაც, "პოვარიც", უღლის გამწევიც და საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. განა ეს საკმარისი არ უნდა იყოს?! მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე, სადაც მხოლოდ საკუთარი თავის გამო დაიხარჯება. ჩემს შვილებს ვეუბნები ხოლმე, - ცოლი რომ დაჩაგროთ, თქვენ გაგაგდებთ და რძალს დავიტოვებ-მეთქი. მნიშვნელოვანია, შვილებზე ზრუნვისას გულსა და დღის რეჟიმში მეუღლის ადგილიც დარჩეს, თორემ ეს აუცილებლად ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის გაციებით დასრულდება.

- ალბათ, ამდენი საქმისთვის თავის გართმევაში სისწრაფე და ენერგიულობაც გეხმარებათ...

- მართლაც, ძალიან სწრაფი ვარ. თუმცა, ეს დამღლელია, რადგან რობოტივით მოქმედებ. დილით შვიდზე ვდგები, ვზრუნავ სისუფთავეზე, წესრიგსა და სადილზე. ოთხ ვაჟს კატა და ძაღლი ემატება, რომელთა მოვლა-პატრონობა ხშირად მე მეკისრება.

- ასეთ გადატვირთულ რეჟიმში განტვირთვისთვის თუ გრჩებათ დრო და რას მოიცავს ის?

- ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა მეგობრებთან ერთად ყოფნაა. ამ მხრივ ბევრ მილიონერზე მდიდარი ვარ, რადგან ჩვენი ურთიერთობები უანგაროა. გარდა ამისა, გაგიკვირდებათ და, ძალიან მიყვარს ჩემს საგრიმიოროში ყოფნა. თუ დრო მაქვს, აქ საქმის გარეშეც მოვდივარ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ქალის პროფესიული წინსვლისთვის მეუღლის გვერდით დგომა?

- გადამწყვეტია. მიმაჩნია, რომ დედამ და მამამ შვილების აღზრდაში მონაწილეობა ერთნაირი დატვირთვით უნდა მიიღონ. შენ თუ არ გძინავს, არც მან უნდა დაიძინოს. ჩემს მეორე შვილს მთელი ღამე არ ეძინა ხოლმე. მე და ჩემი მეუღლე თანაბრად "ვმორიგეობდით". ბევრმა მამაკაცმა იცის თქმა, რომ პატარას დაჭერა "არ შეუძლია". სწორედ ამ დროს უნდა "მიაჩეჩო" ბავშვი (იცინის)... და შიშს თავისთავად გადალახავს...

- ვის გამოარჩევთ თქვენს იდეალად, როგორც პიროვნებას?

- ორ ადამიანს გამოვარჩევ, ორივე ჩემი პედაგოგი იყო - ლილი იოსელიანი და მისივე ნამოწაფარი, გულსუნდა სიხარულიძე. ქალბატონი ლილის ნებისმიერი პროფესიული რჩევა ცხოვრებისეულ რჩევასთან იყო გათანაბრებული. არაჩვეულებრივი პედაგოგის გარდა, ჩვენთვის ფსიქოლოგიც იყო და ფილოსოფოსიც... ის სანთლის შუქზე დიდი რუდუნებით წერდა ავტობიოგრაფიულ მოგონებებს. თითქმის დასრულებული ჰქონდა, როცა ნაწერზე სანთელი დაუვარდა და მთლიანად დაეწვა... მახსოვს, ტირილით ამბობდა, - ისეთი განცდით ვწერდი, თითოეული ფურცელი ცრემლით იყო სველი, ამ ემოციას ხელმეორედ ვეღარ გავუძლებო და თავიდან დაწერა აღარ უცდია. მართალია, იმ მნიშვნელობის დოკუმენტი ვეღარ გვექნება, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, მისი ნამოწაფრებისგან მოძიებული ინფორმაციის სახით ლილი იოსელიანის შესახებ წიგნი გამოვცეთ.

- ამბობთ, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის როლებია, რომლის საშუალებითაც ადამიანებს რაიმე კარგი შემატეთ... ამ დანიშნულებით რომელ როლს გამოარჩევდით?

- პირველ რიგში, დავასახელებ ფილმს - "თბილისი ჩემი სახლია". მითხრეს, რომ იყო ერთი გოგონა, რომელმაც შვილი უკანონოდ გააჩინა და თავის სოფელში მხოლოდ ბავშვის სანახავად ჩადიოდა ხოლმე. სწორედ ბავშვის სანახავად იყო ჩასული, როდესაც ამ ფილმის სატელევიზიო პრემიერა შედგა. მეორე დღეს გოგონა სოფელში შვილთან ერთად დარჩა, მოგვიანებით იქვე ჯიხური ჩადგა და მას შემდეგ შვილს აღარ მოშორებია. რა უნდა იყოს ამაზე დიდი ჯილდო?!

- ცნობილია, რომ რამდენიმე ცნობილი ქართული სიმღერის ლექსის ავტორიც ხართ...

- დიახ, მათ შორის, ერთ-ერთი (თამთა ჭელიძის მიერ შესრულებული რუსა მორჩილაძის სიმღერა "უცნობი ქალი") "წლის საუკეთესო ტექსტი" გახდა. არა მხოლოდ ტექსტებს, სიმღერებსაც ვწერ, მაგრამ მატერიალური პრობლემის გამო არანჟირებას ვერ ვაკეთებ. ტექსტს და მუსიკას პარალელურად ვწერ: ტექსტი ფურცელზე, მუსიკა კი გონებაში მაქვს შენახული...

შორენა ლაბაძე