გაუნათლებელი ადამიანების რეკლამა და მაღალი რეიტინგი, როგორც არგუმენტი
font-large font-small
გაუნათლებელი ადამიანების რეკლამა და მაღალი რეიტინგი, როგორც არგუმენტი
"ბავშვობაში მეგონა, რომ ცუდი პროდუქცია ტელევიზიაში ვერ ხვდებოდა"

მსახიობს და მომღერალს - გიორგი სუხიტაშვილს იმ საკითხების ტოპსამეულის შედგენა ვთხოვეთ, რაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად აწუხებს და ამის საპირწონედ გვინდოდა, 3 რამ დაესახელებინა, რაც საქართველოში ყველაზე მეტად ეიმედება...

განათლების რეფორმა
- არც ერთმა მმართველობამ არასოდეს ინება, რომ თავიდან ბოლომდე სრულიად გათვლილი და გააზრებული განათლების რეფორმა გაეტარებინა. ყოველ ახალ მინისტრს რაღაც თავისი, ახალი ხედვა გააჩნია, რომელსაც წინა ხედვასთან "ბმა" არ აქვს. ამიტომ მგონია, რომ ეს საკითხი განათლების მინისტრმა კი არა, განათლების სფეროში მომუშავე სხვა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, რომელმაც მინისტრების შეცვლის შემთხვევაშიც, გეგმას არ უნდა გადაუხვიოს, ოღონდ - ეს გეგმა ისეთი სრულყოფილი უნდა იყოს, რომ მასზე "ხელის დადების" სურვილი არავის გაუჩნდეს. ყველაზე მეტად ეს საკითხი მეპრობლემება, რადგან პირადად მე, ძირეული განათლების მიღების პერიოდი, ასე ვთქვათ, გამოვტოვე - ჩემს თაობაში ეს თემა ცოტათი პრობლემურია.

გარემო
- როგორც უნდა ვიყვიროთ, რომ მაგარი ბუნება გვაქვს, ნელ-ნელა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ბუნება მაგარი ვეღარ არის, რადგან ამ ძახილმა - "რა მაგარი ბუნება გვაქვს" - ცოტათი გაგვაზარმაცა და გვგონია, რომ მაგარ ბუნებას შეუძლია, თავის თავს მიხედოს. ამ თემასთან ჩვენი დედაქალაქი პირდაპირ კავშირშია: ჩანს, თბილისს როგორ ვუფრთხილდებით. თითქმის 20 წელიწადია, დედაქალაქს ვღრღნით და აქამდე მოვედით, რომ დღეს თბილისი არის გაუვალი, უსახური, მაღალსართულიანი კორპუსებით "ამოტენილი". ძველი ქალაქი ნორმალურ სიტუაციაში აღარ არის, რადგან ყველაფერი ბეტონის უსახურმა, რუხმა შენობებმა წალეკა... ტყეებს რაც შეეხება, ვანაგვიანებთ, ჩვენი დაუდევრობით და სხვა ქვეყნის ჩარევით ვანადგურებთ ჩვენს ბუნებას... ასევე, იმ პროდუქციაზე მეტი კონტროლია აუცილებელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოაქვთ. არ ვიცით, რას მივირთმევთ, როგორი პროდუქტი შემოდის, მოსავალი რომელი დანამატებით მოგვყავს... ეკოლოგია და კვებითი საფრთხე სერიოზული პრობლემაა.

ურთიერთდამოკიდებულება
- ძალიან გავბოროტდით, შურიანები გავხდით. მგონია, რომ მეტი წინდახედულობა გვმართებს, არა მხოლოდ პირად ურთიერთობებში, არამედ - მაშინაც, როდესაც რამე, ჩვენთვის უსიამოვნო "პოსტს" ან სტატიას წავაწყდებით. ვიდრე რამე კომენტარს დავწერთ, მანამდე აუცილებლად უნდა გავიაზროთ - რამეს ხომ არ დავაზიანებთ? ერთმანეთს არ ვუფრთხილდებით... ყველაფრის ტელევიზიით გამოჩენა, იმის გამო, რომ მაღალ რეიტინგს წერს, ცუდია. ჩათვალეთ, რომ ამით ჩვენს ცხოვრებას, საზოგადოებას, მომავალ თაობას ცუდ სამსახურს ვუწევთ. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავამართლებ უგემოვნო პროდუქტის და ცუდი ტიპებისთვის ტელევიზიის მიერ ყველაზე გაყიდვადი დროის დათმობას იმ არგუმენტით, რომ რეიტინგს წერს. ცუდი ტიპები არიან: გაუნათლებლები, არამუსიკალურები, ოდიოზურები... ეს მომავალი თაობისთვის მაგალითია. ბავშვობაში მეგონა, რომ ცუდი პროდუქცია ტელევიზიაში ვერ ხვდებოდა. მოზარდებს, რომლებიც ტელევიზიით უბიოგრაფიო, გაუნათლებელ ტიპებს უგემოვნო პროდუქტით ხედავს, ვეუბნებით, - ხარისხიან მუსიკას 2000 "ნახვა" აქვს, ხოლო ვიღაცამ გუშინ რაღაც საშინელი ვიდეო რომ გადაიღო, საშინელი სიმღერა ჩაწერა ან საშინელი ლექსი წაიკითხა - მილიონი "ნახვა", ანუ იმ ტოტს თავადვე ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ. მერე, ვინც ამ უგემოვნო ტიპებს რეკლამას ვუკეთებთ, გამოვალთ და ვიტყვით, რომ ჩვენი საზოგადოება რაღაცებისთვის მოუმზადებელია. რის გამოა მოუმზადებელი? ჩვენ გამო! ამაში დამნაშავე სხვა არავინ არის, მხოლოდ - ჩვენ, ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ...

"პასუხისმგებლობას არ ვიხსნი"
- არ მინდა, ვინმეს პესიმისტი ვეგონო, მაგრამ იმ საკითხების სამეულს ვერ ჩამოგითვლით, რაც მეიმედება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მეიმედება მომავალი თაობა, რომელიც ძალიან გულანთებულია. ჩვენთან ნეგატიური ადამიანები უფრო მეტად შესამჩნევი არიან და ფეტიშდებიან. 1-2 კონკრეტულ ახალგაზრდასთან მთელ თაობას აიგივებენ. სინამდვილეში, მგონია, რომ უფრო აზრზე მოსული, განათლებაზე ორიენტირებული თაობა მოდის, თუმცა ამ შემთხვევაში, ერთ ნიუანსს აღვნიშნავ: საერთოდ, რაღაცებზე პათეტიკურად თავგადაკლული, ფანატიკურად შეყვარებული არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანებისთვის ქვეყნის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ევროპის ნებისმიერ სპორტულ ფორუმს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, როგორი ნაციონალურია, როგორ გულშემატკივრობენ თავიანთ გუნდებს. უბრალოდ, სპორტი ყველაზე ნათელი მაგალითია - უკეთ ჩანს ხოლმე ქვეყნის მიმართ ხალხის სიყვარული... ასე რომ, ევროპა და კარგი განათლება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს შენი სამშობლო არ უნდა გიყვარდეს და სადაც კარგად იქნები, შენი ქვეყანაც იქაა - ამ აზრისგან შორს ვარ. ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენი ოჯახი მხოლოდ ჩვენი სახლის კართან არ სრულდება - ჩვენი ოჯახი ჩვენი ქვეყანაა და მისი მოვლა, დაცვა უნდა შევძლოთ. ჩვენი იმედი მომავალი თაობა უნდა იყოს, თუმცა მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ჩემი თაობა ისაა, ვინც წინა თაობისკენ თითს იშვერს - მათი ბრალია ყველაფერიო და მომავალი თაობისკენაც თითს იშვერს - ყველაფერი მათ უნდა გამოასწორონო, თითქოს ჩვენ ამ სოციუმის წევრები, ამ ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ. პირიქით - ახლა ჩვენი თაობის ჯერია, სათქმელი ახლა უნდა ვთქვათ... მოკლედ, იმედი მომავალი თაობაა, მაგრამ გამოსავალი დღესვე უნდა მოიძებნოს...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვა