"ფული ისე დამიხარჯავს, სახლში ძლივს წამოვჩანჩალებულვარ" - გზაპრესი

"ფული ისე დამიხარჯავს, სახლში ძლივს წამოვჩანჩალებულვარ"

პროფესიით ჟურნალისტი თაკო კორინთელი, რომელმაც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მსახიობობაც შეითავსა, ამჟამად ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მთავარი მენეჯერის მოვალეობასაც ართმევს თავს. თაკოს გარეგნობაზე, ჩაცმის სტილსა და თავის მოვლის საშუალებებზე ვესაუბრეთ...

- ძალიან ცელქი, ახტაჯანა, მხიარული, ლაღი ბავშვი ვიყავი. მორიდებული არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა - არც თავხედი. უნივერსიტეტში სწავლის დასრულებამდე მაკიაჟს არ ვიკეთებდი. შემდეგ, სხვების შემხედვარეს, გაპრანჭვა მეც მომინდა...

მაკიაჟი - "მძიმე" მაკიაჟი არ მიყვარს - თუ რამე ღონისძიებაზე ან გადაღებაზე არ მივდივარ, არ ვიკეთებ. ძირითადად, მსუბუქ მაკიაჟს ვამჯობინებ: ტუჩსაცხს, ტუშს, ფანქარს ვისვამ. ადრე მაკიაჟის გაკეთება არ ვიცოდი და რაღაც საშინელებებს ვიკეთებდი. მაგალითად, წარბების დამოუკიდებლად გასწორებას ვცდილობდი და ვიწვრილებდი. ასაკის მატებასთან ერთად, მაკიაჟის კეთების ხელოვნება დავხვეწე. უკვე ვიცი, რა მიხდება. როცა ჩემს პირველ მაკიაჟს ვიხსენებ, ცოტათი მეცინება - საკუთარ თავზე ცდებს ვატარებდი ხოლმე. თვალყურს არ ვადევნებ, მაგალითად, თვალის როგორი ჩრდილებია ტრენდული. ვიცი, რომ მსუბუქი მაკიაჟი მიხდება და ასეთს ვიკეთებ, ზედმეტი დეტალების გარეშე. თუ სადმე მივდივარ, ჩემს ვიზაჟისტთან - ნანა რობანიშვილს ვაკითხავ, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვენდობი: სკამზე ვჯდები, თვალებს ვხუჭავ და სანამ არ მეტყვის, - მოვრჩიო, არ ვახელ. ზუსტად იცის, რა მიხდება და რა როგორ გამიკეთოს. არასოდეს მჭირდება იმის თქმა, - აუ, ეს ცოტათი შემისწორე-მეთქი. მსგავსი პრობლემა მასთან არასოდეს მქონია.

სახის კანის მოვლა - სახეზე ზედმეტი ჩარევებისთვის არ მიმიმართავს - ლიფტინგები, ოპერაციები არ გამიკეთებია. დამატენიანებელ კრემებს, სკრაბებს და მსგავს საშუალებებს რაც შეეხება, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ სახლის პირობებში დამზადებული უმჯობესია. მაგალითად, სახეს მამაპაპური მეთოდით - მჭადის ფქვილით ეფექტურად ვიწმენდ, ჩემს კანს ძალიან უხდება.

ვარცხნილობა, თმის ფერი - ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს. არასოდეს შემიღებავს. ყოველთვის ვამბობ, - სანამ ჭაღარა არ გამიჩნდება, არ შევიღებავ-მეთქი. ბოლო დროს სწორი თმა ძალიან მომწონს და ხშირად ვისწორებ, ამის გამო, ზოგი მაკრიტიკებს. ხვეული თმისთვის განკუთვნილ შამპუნს, ნიღაბს და კრემს (რომელიც დაბანის შემდეგ თმაში უნდა შეიზილო) ვიყენებ. დღევანდლისგან რადიკალურად განსხვავებული ვარცხნილობა არასოდეს მქონია, თუმცა ამის სურვილი გამჩენია. სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ მსურდა, თავი გადამეპარსა. ვიდრე არ "შემაჯანჯღარეს", არ გადავიფიქრე (იცინის). ახლა 50/50-ზე ვფიქრობ, გადავიპარსო თუ არა, მაგრამ ალბათ, ვერ გავრისკავ. თმის ფერის შეცვლის სურვილი არ გამჩენია. ერთადერთი, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ძალიან მინდოდა, შავი თმა და თვალები მქონოდა - ლინზების ყიდვა მსურდა. ახლა, ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ჩემი თმის ფერი მომწონს.

GzaPress სხეულის მოვლა - ბავშვობიდან ვცურავ. ცურვაზე 6 წლისა შემიყვანეს და ზამთარ-ზაფხულ დავდიოდი. პარალელურად, დილაობით ვვარჯიშობდი. ის ფაქტი მიწყობდა ხელს, რომ საბურთალოზე, იპოდრომთან ვცხოვრობ და დაქალთან ერთად, ყოველ დილით სავარჯიშოდ გავდიოდი. დიეტა არასოდეს დამიცავს და იმედია, არ დამჭირდება. ბოლო რამდენიმე წელია, ვარჯიშს ვერ ვახერხებ, თორემ მანამდე ყოველთვის ვცდილობდი, ჯანსაღი ცხოვრების აქტიური წესი მქონოდა: ცურვის გარდა, ტანვარჯიშზე, იოგაზე დავდიოდი... ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშის სურვილიც გამიჩნდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. თან, თითქოს ადამიანები დარბაზში სავარჯიშოდ კი არა, გასაპრანჭად, მოდურობის გამო მიდიან...

სამოსი - ყოველდღიურად თავისუფალი სტილის სამოსს ვამჯობინებ. მოდური რა არის, ყურადღებას არ ვაქცევ. მაგალითად, ახლა "ბალენსიაგას" საშინელი ფეხსაცმელების "პიკი" იყო (იცინის), მაგრამ როცა ვხედავ, ბევრს აცვია და "ძალიან თავზე გვაყრია", იმ სამოსის თუ ფეხსაცმლის ყიდვის სურვილი აღარ მიჩნდება, თუნდაც ძალიან მომწონდეს. ძირითადად, ისეთ სამოსს ვიყენებ, რაც მიხდება და მასში თავს კომფორტულად ვგრძნობ. სხვათა შორის, მამაკაცის ტანსაცმელი ძალიან მომწონს და ბევრჯერ მიყიდია. ახლახან მამაკაცის ქურთუკი შევიძინე, მაგრამ არავის სჯერა, რომ მამაკაცისაა (იცინის). წვეულებისთვის სამზადისს რაც შეეხება, მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, ქორწილში წასასვლელად სამოსი 2 თვით ადრე შემირჩევია, მაგრამ ბოლო დღეს გადამიფიქრებია - სხვა რაღაც ჩამიცვამს. წინასწარ ვგეგმავ, მაგრამ გადაწყვეტილებას ხასიათის მიხედვით ვიცვლი.

შოპინგი - არ მეგულება გოგო, რომელსაც შოპინგი სიამოვნებას არ ანიჭებს. მაღაზიებში ბოდიალი ჩემთვისაც განტვირთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, ოღონდ აუცილებლად რაღაც უნდა ვიყიდო, თორემ იქიდან თუ შენაძენის გარეშე დავბრუნდი, შეიძლება სერიოზული დეპრესია დამემართოს. ამიტომ ვცდილობ, საკუთარ თავს ასეთი ბედნიერი წუთები ხშირად ვაჩუქო. პარფიუმერიის, სუნამოების მაღაზიები ძალიან მიყვარს. ზოგჯერ ფული ბოლო თეთრამდე ისე დამიხარჯავს, რომ სახლში ძლივს წამოვჩანჩალებულვარ (იცინის). ცვალებადი ხასიათი მაქვს: შეიძლება, უბრალო, ყოველდღიური მაისური დიდხანს ვარჩიო, სარკესთან 2 საათი ვიტრიალო, ფოტოები გადავიღო, დაქალებს გავუგზავნო, გავარკვიო - მოსწონთ თუ არა და მერე ვიყიდო.

GzaPressსამკაული, აქსესუარები... - ძირითადად, ყოველდღიურად ბეჭდებს ან საყურეებს ვიყენებ. ზედმეტი რაღაცების გაკეთება მეზარება. სათვალეს იშვიათად ვიკეთებ, რადგან მისი ტარებისას მგონია, რომ წავიქცევი... ჩანთები მიყვარს და ბევრი მაქვს, მაგრამ ამოჩემება ვიცი - სანამ "წიხლქვეშ არ გავიგდებ", არ ვცვლი (იცინის). ჩემს ჩანთაში შეიძლება, ყველაფერი ნახოთ. მაგალითად, ახლა ყველაზე პატარა ჩანთა მიჭირავს, რომელშიც ნახავთ: სახის კანის გამწმენდს, ტუშს, ფანქარს, გასაშლელ სკამს, მაცივარს (იცინის)... სახის კანის გამწმენდი რად მინდა? - შეიძლება, უცებ ქუჩაში ნერვები მომეშალოს, მაკიაჟმა გამაღიზიანოს, რომელიმე მაღაზიის ვიტრინასთან დავდგე და მოვიშორო... გარდერობში ბევრი შარფი მაქვს, მაგრამ ხშირად არ ვიყენებ. უფრო მეტად ზამთრის ფუმფულა შარფები მიყვარს - გავეხვევი ხოლმე და ლოტოს კოჭივით დავდივარ (იცინის).

საცურაო კოსტიუმი - ზღვა ძალიან მიყვარს, თავხედურად ვიტყვი, რომ ცურვაში პროფესიონალი ვარ (იცინის). ყველაზე კარგად ზღვაზე ვისვენებ.

საცურაო კოსტიუმების მოდას ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია, მომწონდეს და მოვიხდინო. მნიშვნელობა არ აქვს, 2016 წლის კოლექციიდანაა თუ 2019-ის. ბიკინიც მაქვს და მთლიანი საცურაო კოსტიუმიც. ბოლო დროს მუქ ფერებს ვარჩევ, რადგან ვატყობ, ცოტათი წონაში მოვიმატე. საერთოდ, პასტელური ფერები მომწონს. განსაკუთრებულად მაინც თეთრი და ვარდისფერი მიყვარს. საერთოდ, ნამზეური ძალიან მომწონს, მაგრამ თეთრი კანი მაქვს და გარუჯვა მეზარება: ჯერ ვიწვები, საშინელ ფერს ვიღებ, რომელიც სიშავეში ან გადავა, ან - არა. სოლარიუმს არ ვსტუმრობ. რამდენჯერმე ნამყოფი ვარ, მაგრამ კლაუსტროფობია - დახურული სივრცის შიში მაქვს და დიდ სიამოვნებას ვერ ვიღებ...

ეთო ყორღანაშვილი