"უჩინმაჩინის ქუდი რომ მქონდეს... ხალხს დავეხმარებოდი, ბეტმენივით ვიქნებოდი" - გზაპრესი

"უჩინმაჩინის ქუდი რომ მქონდეს... ხალხს დავეხმარებოდი, ბეტმენივით ვიქნებოდი"

ბავშვობის მოგონებები, პირველი კომპიუტერი, წინაპართა სახლი ქუთაისში, ზღვა - საუკეთესო ადგილი სიმშვიდის მოსაპოვებლად, სერიალი, რომელიც საკუთარ თავს დაგანახვებს, თეატრი, ბედნიერება და სხვა, - მსახიობი ზურა ნიჟარაძე სიტყვებზე თავის ასოციაციას გვიზიარებს.

აღდგომა...

- ჩემთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია და გარდა იმისა, რომ რელიგიურია, თვითონ სიტყვაც გვეუბნება, რამდენად მნიშვნელოვანია - აღდგომა, სიცოცხლის გაგრძელება.

იერუსალიმში ნამყოფი ვარ და იქაური სიწმინდეები მომივლია. აღდგომას ზოგადად, ქუთაისში ვხვდები ხოლმე, რაც მამა გარდაიცვალა და მიცვალებულთა ხსენების დღეს მის სასაფლაოზე გავდივართ. კვირასსაღამოს მეგობრები ვიკრიბებით სადმე და აღვნიშნავთ.

ქუთაისი... - ქუთაისელი ვარ და ეს ქალაქი ჩემი ბავშვობაა, ყველაფერია. მართალია, თბილისში უფრო დიდი ხანია ვცხოვრობ, ვიდრე ქუთაისში ვცხოვრობდი, მაგრამ ძალიან მიყვარს და ვაფასებ. გული მტკივა, რომ ახლა იქ ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს და როგორც ადრე იყო. კულტურული კუთხით, თითქმის არაფერი ხდება.

გამორჩეული ადგილი ქუთაისში... - თეთრი ხიდი, თეთრი ქვები.

GzaPress სოფელი... - სოფელი სამწუხაროდ, არ მაქვს და მისი გემო არ ვიცი. ზაფხულობით, სხვადასხვა კურორტზე დავდიოდით. ზოგადად კი, სოფელი ჩემთვის ასოცირდება ბებია-ბაბუასთან, მთიან ადგილას, სახლის უკან პატარა ღელე რომ ჩამოდის, ეზოში ბევრი შინაური ცხოველია, მშრომელი ხალხი, ნათელი გონებითა და დიდი შინაგანი ინტელექტით.

ზღვა... - ზღვა ჩემთვის უსასრულობაა, სიმშვიდესთან ასოცირდება. მზის ამოსვლის ყურება მიყვარს, ზიხარ ნაპირზე და უყურებ ამხელა სივრცეს, რომელსაც თავისი უდიდესი სამყარო აქვს და მასში სულიერი არსებები დაცურავენ. ზღვა საოცარი რამაა, თავისი სიმშვიდით გეალერსება.

მზე და ზღვა - ორი უზარმაზარი და ამოუცნობი რამ გახლავთ. მზე ჩადის, ზღვა იძინებს და მეორე დღისთვის ემზადება. თუ ამ ყველაფერს ცოტა შავი ღვინო და ლამაზი გოგონაც ახლავს, შესანიშნავია. მაშინ ეს ორი გიგანტი თითქოს კარგავს თავის სიდიადეს. თუმცა, ზღვასა და მზესთან ურთიერთობა მარტოს მირჩევნია.

ძველებური ნივთი... - წინაპრების დანატოვარი, რაიმე განსაკუთრებული არაფერი მაქვს. რაღაც გვექნება ალბათ ბებია-ბაბუის ნაქონი. რაც შეეხება სახლს, ახლა ძირითადად, დაკეტილია, რადგან აქეთ წამოვედით. მასთან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს, თუმცა ტკივილიც, რადგან ჩემთვის საყვარელი ის ადამიანები, ვინც იქ ცხოვრობდნენ, ახლა ცოცხლები აღარ არიან. მე კი ის სახლი მათით, ჩემიანებით მიყვარდა. რამდენადაც მიყვარს, იმდენად - არ მიყვარს. რთულია, გული მწყდება... როცა ვუყურებ, სულ მგონია, რომ ახლა ბებია გამოვა, ბაბუა, მერე მამა მოვა... ისინი კი აღარ არიან...

საოჯახო ალბომი... - მახსოვს, მშობლებს და ბებია-ბაბუას ჰქონდათ, მე - უფრო ბავშვობისას. ახლა სხვა ეპოქის ხალხი ვართ და ფოტოები კომპიუტერში, ტელეფონში მაქვს. გადაღების მოყვარულიც დიდად არ ვარ.

ბავშვობის ტკბილი მოგონება... - ბევრია... მაგალითად, მამამ რომ სათამაშო კომპიუტერი მომიტანა, 1986 წელს. ჩემთვის ეს ბედნიერება იყო, აღვფრთოვანდი. სხვა მხრივ, მეც ის მიხაროდა, რაც ბავშვებს ზოგადად უხარიათ - ველოსიპედი, სათამაშო, გართობა და მსგავსი რაღაცები.

"ჩცდ" - ამ სერიალზე შეიძლება ბევრი ისაუბროს ადამიანმა. როგორც მაყურებლისთვის, ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტია, ხალხს საკუთარ სახეს ანახვებს, კარგი სარკეა. როგორც მსახიობს კი ბევრი რამ მომცა, ბევრი მეგობარი, მაყურებელი შემძინა, ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. ჩემთვის საინტერესოა. ვამაყობ და მიხარია, რომ ამ პროექტში პირველი სეზონიდან ვარ. მაგარი გუნდია.

GzaPressთეატრი... - სამყაროა, ზღაპრული სამყარო. მაღალი იერარქიაა, ინტელექტუალი ხალხისთვის. თუმცა, არსებობის დღიდან, საუკუნეების განმავლობაში, სულ მეცენატების, ქველმოქმედების, დამხმარე ადამიანების კისერზე იყო ჩამოკიდებული, ძალიან დაბალი ხელფასებია... მეკითხებიან, რატომ არ ხარ თეატრშიო? სწორედ ამის გამო აღარ ვარ, ოთხივე თეატრიდან წამოვედი. ვინც ახლა თეატრში თამაშობს, ყველა ძალიან დასაფასებელი ადამიანია... თუმცა, თეატრი ძალიან მიყვარს, ვაფასებ და მენატრება კიდეც.

საუკეთესო კინოკადრი... - "ნატვრის ხე", სესილიას ხელები, როდესაც მარიტას ზურგით მიაცილებენ... ასევე, ყაყაჩოებში თეთრი ცხენი რომ დაქრის. კიდევ, დონ-კიხოტი და ჰამლეტი ერთმანეთს რომ ხვდებიან - კახი კავსაძე და ზურა ყიფშიძე, უკან სავსე მთვარეა, საინტერესო კადრია.

საუკეთესო რეჟისორი ან მსახიობი, ვისთანაც ვითამაშებდი...

- ვითამაშებდი ალ პაჩინოსთან, ლეონარდო დი კაპრიოსთან, ჯეკ ნიკოლსონთან, ქალებიდან - მერილ სტრიპთან, რეჟისორებიდან - სტივენ სპილბერგთან. რაც შეეხება ქართველებს, შესანიშნავი არტისტები და რეჟისორები გვყავს და ყველა ძალიან მიყვარს.

უჩინმაჩინის ქუდი რომ მქონდეს... - თავზე დავიხურავდი (იცინის). საინტერესო რაღაცებს გავაკეთებდი, ქვეყნისთვის გამოსადეგ საქმეებს, ხალხს დავეხმარებოდი, ბეტმენივით ვიქნებოდი (იცინის).

სიკეთე და სილამაზე... - სიკეთე სილამაზეცაა, ბედნიერებაც და სიყვარულიც. სიკეთე ჩემთვის ყველაფერია. კეთილი ადამიანი იგივე ღმერთია.

ბედნიერება... - ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა რამაა და სხვადასხვა რაღაცაში პოვებს მას, ჩემთვის კი ბედნიერებაა, როცა ადამიანი სიხარულისგან, კმაყოფილებისგან ტუჩებს თავს ვერ უყრი, გაგირბის, გეღიმება. მაგრამ ეს თუ რამდენიმე დღეს გრძელდება და სულ ასე გაღიმებული დადიხარ, გაგიჟებულხარ (იცინის).

ბედნიერებაა, როცა სიყვარულით, სითბოთი ხარ სავსე, დადიხარ და ყველა გიყვარს. კეთილი, მოსიყვარულე ხარ, დადებითი ემოციით ივსები და ამას სხვებსაც გადასცემ!

თამთა დადეშელი