"ჩემმა მზემ" და "ქართველი მგელი" - გზაპრესი

"ჩემმა მზემ" და "ქართველი მგელი"

დიდი ხანი არაა, რაც ორი ადამიანი - გიორგი გილიგაშვილი და MMA-ს მებრძოლი, მსოფლიო ჩემპიონი - ლიკა (ლიანა) ჯოჯუა განსაკუთრებულად დამეგობრდნენ. ლიკას საზოგადოება "ქართველი მგლის" სახელით იცნობს, მისი შეუპოვარი და წარმატებული ბრძოლების გამო... ლიკა და გიორგი ძირითად დროს ქალაქგარეთ, საწვრთნელ ბაზაზე ატარებენ, მაგრამ რედაქციაში ჩვენთან სტუმრობა მოახერხეს და საკუთარი მეგობრობის შესახებ გვიამბეს...

- თქვენს მეგობრობას სად, როგორ ჩაეყარა საფუძველი?

გიორგი:

- ამისთვის მადლობა ახალ პროექტს - "ყველაზე ძლიერი".

ლიკა:

- პროექტის მონაწილეთა გვარები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, - ეს ხალხი ვინ არის-მეთქი (იცინის)? 20 წელი რუსეთში, მოსკოვში ვცხოვრობდი. ქართულ ტელეარხებს არ ვუყურებდი. მხოლოდ დავით კენჭიაშვილს ვიცნობდი, რადგან რუსეთში მის სიმღერებს ბევრი უსმენს. შემდეგ დედაჩემმა მითხრა, ვინ იყვნენ და დაახლოებით გავერკვიე...

გიორგი:

- მაგარი ის იყო, რომ პროექტის ფარგლებში 2 კვირა ერთად ვცხოვრობდით, განსაკუთრებულად დავმეგობრდით, გვქონდა თავგადასავლები, საუბრები, განხილვები, უკვე ერთმანეთის ოჯახის წევრებს შორიდან ვიცნობდით, ერთ-ერთ დავალებაზე ყოფნისას კი, როცა ქართულ ჯავშანტრანსპორტიორ "დიდგორში" ვისხედით, 9 მთისა და 9 ზღვის გადასალახად მივდიოდით, უცებ ლიკამ ასეთი შეკითხვა დამისვა: ეს გილიგაშვილი ვინ არის, ხომ არ იციო?..

ლიკა:

- არ მახსოვდა და ალალად ვკითხე (იცინიან).

გიორგი:

- აი, წვერიანი, ცოტათი რომ ვერ არის, ისაა-მეთქი (იცინის)... ლიკას სახით საოცრად კარგი მეგობარი შევიძინე. მართლა საოცარი გოგონაა. როცა პროექტი ეთერში გავა, ამაში უფრო მეტად დარწმუნდებით.

- ლიკა, გიორგის საუბრის სპეციფიკურ მანერას თუ ამჩნევ?

- ო, როგორ არა (იცინის)!.. გიორგის რომ ვუყურებ, სულ მამაჩემი მახსენდება: ისიც ზუსტად ასეთია - ეკლესიური და უცნაური. "ჩემმა მზემ", "მშვენიერო" და მსგავს რაღაცებს მამაჩემი არ ამბობს, მაგრამ ერთმანეთს ბევრი რამით ჰგვანან. მამა ძალიან მენატრება. ბოლო 5 წელია, მასთან ერთად არ ვცხოვრობ.

GzaPressგიორგი:

- ლიკას მამას ვიდეოზარით ვესაუბრე, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით. ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა - წვერმოსილი და დარბაისელი კაცი. თავად ლიკა უსაზღვრო სიყვარულის დამტევი გახლავთ. მისი თითოეული სიტყვა საქმითაა განმტკიცებული. მისგან მაგალითის აღება ბევრ ადამიანს შეუძლია. საოცარი გოგონაა, თავისი სარწმუნოებრივი სიმტკიცით, მშვენიერებით და სულმშვენიერებით. ასე რომ, უფალს ვემადლიერები, ლიკა რომ გავიცანი... ბავშვობაში ძალისმიერი სპორტით გატაცებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ ჩემში ეს "მოვკალი", ჩემი ძალა და ენერგია სულ სხვა მხარეს მივმართე... ლიკას გვარ-სახელი და საქმიანობა ვიცოდი, მაგრამ თავდაპირველად, როცა დავინახე, სიმართლე გითხრათ, "იმედის" ახალი თანამშრომელი მეგონა (იცინის). ცხადია, შემდეგ ერთმანეთი გავიცანით. ჩემი უმცროსი ძმა ლიკას დიდი გულშემატკივარი გახლავთ. მითხრა: იცი, ეგ ვინ არის, როგორი ჩხუბები აქვს? აუ, გეხვეწები, გამაცანი, ყველაზე მაგარი გოგოაო! მისგან ასეთი თხოვნა არასოდეს მახსოვს. 20 წლის გახლავთ და თავისებური ღირსებები აქვს.

ლიკა:

- შენი ძმის გაცნობა უკვე მეც მინდა.

გიორგი:

- აუცილებლად გაგაცნობ.

- ლიკა, საზოგადოება გიცნობს, როგორც "ქართველ მგელს". მამაკაცებს შენი ასეთი სტატუსი ხომ არ აშინებთ რომანტიკული ურთიერთობის წამოწყებისას?

- ამ თემაზე ბევრი ხუმრობს. მახსოვს, ერთხელ ტაქსით მგზავრობისას მძღოლთან ვსაუბრობდი. როცა ვუთხარი, რომ მებრძოლი ვარ, ლიანა ჯოჯუა გაახსენდა და მიცნო. დიდხანს იცინოდა. უკვე ნერვები მეშლებოდა, - რა სჭირს-მეთქი? მითხრა: ქმარი რომ გეყოლება, უნდა გკითხოს, ბიჭებთან წავიდე და დავლიოო? სიცილისგან იხრჩობოდა... ამ საკითხზე ბევრი ღადაობს, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა: არასოდეს მიგრძნია, რომ რადგან მოჩხუბარი ვარ, ჩემი ეშინიათ, პირიქით - სპორტის ამ სახეობამ ბევრი კარი გამიღო...

- რინგზე დაუნდობელი გოგო ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორი ბუნების ადამიანი ხარ?

- ცხოვრებაშიც ასეთი ხასიათის - ცოტათი აგრესიული ვარ. სპორტი ენერგიის დახარჯვაში მეხმარება, ამიტომ ცხოვრებაში შედარებით ვწყნარდები და უფრო ნორმალური ვხდები (იღიმის).

გიორგი:

- არა, ასე არ არის. რაღაცნაირად, ახლა მაინც მოჩხუბარის იმიჯი "დაიჭირა". სინამდვილეში ისეთი ნაზი, გულთბილი, სათუთი და საყვარელი გოგოა, რომ მისი ჩხუბების ჩანაწერის ნახვისას ვკითხე: - ეს მართლა შენ ხარ, თუ შენი ტყუპისცალი-მეთქი?! თუ ვინმე ვაჟს თავისი სიყვარულით ლიანას გვერდით დამკვიდრება სურს, წარმოიდგინეთ, ამ ვაჟს რაოდენი სიმაგრე მოეთხოვება, რომ ლიანამ მის გვერდით თავი ქალად იგრძნოს. ეს პატარა გამოწვევა არ არის. გარდა ამისა, ლიანას რჩეულს რამდენიმე ძმასთანაც ექნება საქმე, მათ შორის ერთ-ერთი მე ვიქნები, რადგან ეს გოგო ჩემს გულში მართლა სხვა სიყვარულით შემოიჭრა. ყველა ნახავთ, რაც მან გააკეთა. მსგავსი შესაძლებლობები მხოლოდ ღვთისგან ბოძებული ნიჭის და სიყვარულის მქონე ადამიანებს გააჩნიათ.

- საერთოდ, ძლიერი ქალები მოგწონს?

- რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს პოეზიაა. როცა ძლიერი ქალის გვერდით ხარ და კაცის სახეს ინარჩუნებ, ეს ფაქტი შენს კაცობაზე ორმაგად მეტყველებს. ასე რომ, ძალმოსილ ქალებს მაქსიმალურად ვეტრფი.

- როცა 2 ქალი დაუნდობლად ურტყამს ერთმანეთს, როგორი განცდა გეუფლებათ?

- სიმართლე გითხრათ, ფიზიკური ძალის დაპირისპირება უკვე აღარ მიზიდავს, მაგრამ ქალს სული რომ არ ჰქონდეს ძლიერი, იმ რვაკუთხედში ჩხუბს ვერ გაბედავდა. ლიანას ჩხუბს პირადად არასოდეს დავსწრებივარ, მაგრამ ის ძალა მის თითოეულ სიტყვაში, ნაბიჯში, ჩვენს მეგობრობაში იგრძნობა...

- 1 ფუთი მარილი უკვე ჭამეთ? თქვენმა მეგობრობამ გამოცდა ჩააბარა?

ლიანა:

- ერთი ფუთი მარილიც ვჭამეთ და ორიც (იცინის). ყველაფერს ვერ მოვყვებით, მაგრამ "ყველაზე ძლიერში", საწვრთნელ ბაზაზე ყოფნის 2 კვირა ჩემთვის 2 წელი იყო. ბევრი გამოცდა შეგვხვდა...

გიორგი:

- ეს გამოცდები ერთად გადავლახეთ დღესა და ღამეში, წვიმაში, ქარში, მზეში... ადამიანის შესაყვარებლად "ერთი ფუთი მარილის ჭამა" არ მჭირდება, რადგან ერთმა ბერიკაცმა მითხრა: შვილო, თუ 16 ფუთ მარილს შეჭამ, მარილად გადაიქცევი და ვიღაც შენც ზედ მიგაყოლებს - მარილიანი ჩხირივით შეგჭამსო (იღიმის)... ეს 2 კვირა მართლა 2 წელივით იყო. ჩვენში სიყვარული უცბად დაგროვდა. მადლობა უფალს, რომ ლიკა და ის მეგობრები შევიძინე, ვინც პროექტში გავიცანი.

- როგორც ვიცი, სააღდგომო დღესასწაულების გამო, პროექტიდან რამდენიმედღიანი არდადეგები გაქვთ...

- დიახ და მინდა, იმ ამბავს ხაზი გავუსვა, რომ კურთხევით იმ საკვებს გეახლებით, რისი მიღებაც მარხვის პერიოდში დაშვებული არ არის, ლიკა კი მარხვას არ არღვევს - ბოლომდე ისე მარხულობს, როგორც წესია, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია, კურთხევა აიღოს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რა ძლიერი გოგონაა. ბევრ შემთხვევაში მაგალითს ლიკასგან ვიღებ. მინდა, მისი მსგავსი გოგონები ბევრნი იყვნენ: როგორც მშვენიერები და ძლიერები, ასევე - მტკიცენი თავიანთ სარწმუნოებაში, სადაც უნდა იყვნენ, რომ არ კარგავენ თავიანთ საფიქრალს ღმერთზე, სიყვარულზე, დედაზე, მამაზე, მეგობრებზე და ყოველთვის საკუთარი სიტყვის ერთგულნი რჩებიან.

- ლიკა, ეკლესიური ცხოვრება როგორ დაიწყე?

- ბავშვობიდან ასე ვცხოვრობდი. თავდაპირველად მამა მაძალებდა, - იმარხულე, ილოცეო. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა. ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ რასაც მაძალებენ, ის შევიყვარო. როცა მამა ჩემთან უკვე აღარ ცხოვრობდა და არავინ მაძალებდა, ამ ყველაფერს სხვაგვარად შევხედე: ეკლესიაში თავად დავდიოდი, მარხვას საკუთარი ნებით ვიცავდი...

- აღდგომის დღესასწაულს როგორ ატარებთ?

- ამ დღეს ეკლესიაში უნდა ვეზიაროთ. თუ ეს არ შეგვიძლია, ოჯახში აღვნიშნოთ...

გიორგი:

- ლიტანიობის ჟამს, თუკი ადამიანი ტაძარში ღამისთევას ვერ ახერხებ, სახლში ხარ, სანთელს ანთებ და იმ დიდ სულიერ ერთიანობას უერთდები, რაც მართლმადიდებლურ სამყაროში სუფევს. აღდგომა საოცარი დღესასწაულია. მადლი განფენილია, თითქოს ხელშესახები და თვალსაჩინოა... ძალიან მიხარია, რომ ლიკა ასე ფიქრობს და აზროვნებს. მეამაყება, რომ ასეთი აგრესიული ბრძოლის სახეობას მისდევს და საკუთარ თავში ასეთ გულთბილ, საოცარ, სათუთ სულს ინახავს.

- აღდგომის დღესასწაულზე თქვენს ოჯახებში რა ხდება?

GzaPressლიკა:

- მე და დედა ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საჭიროა. კვერცხის მოხარშვასა და შეღებვაში რთული არაფერია. თან, კვერცხს ხან სტიკერებს ვაკრავთ, ხან - რამეს ვახატავთ... ძალიან საინტერესოა.

გიორგი:

- ჩემი საოცარი და ლეგენდარული დედიკო ყველაფრის თავიდათავია - დაქრის სახლში, ჩემი დები კი ეხმარებიან. საქმე განაწილებული აქვთ, ვინ პასქას უნდა მიხედოს, ვინ - კვერცხს, ენდროს... თან, ენდრო ისეთი უნდა იყოს, რომ კვერცხები მუქად შეიღებოს. ბოლო დროს, კვერცხს ჯვრებს, ყვავილებს ვახატავთ, გარშემო სპეციალურად ძაფებს ვუჭერთ... პატარა ბავშვებივით ვართ (იღიმის). თითქოს დრო ჩერდება. ბავშვობა მახსენდება ხოლმე, როცა ხის კვერცხით ყველას ვუტეხდი შეღებილ კვერცხებს... დიდება უფალს, რამდენიმე წელია, აღდგომას ჩვენს ტაძარში საგალობელს - "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით" - მე ვიწყებ ხოლმე. როცა საშუალება მაქვს, მოძღვარი ჩვენს ტაძარში გალობის უფლებას და კურთხევას მაძლევს. ეს კიდევ სხვა საოცარი, სათუთი განცდაა, როცა შენს ეკლესიაში შედიხარ, შენი სამშობლოს ფესვებს ეხები, ფიქრობ და ზრუნავ შენს მომავალზე და ის გაიმედებს, რომ ყველაფერი მარადიულია... მინდა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ლიანას მივულოცო და გამარჯვებები, ქართული დროშის სხვა დროშებზე ზემოთ ბევრჯერ ფრიალი ვუსურვო! ჩემი ლამაზი დედასამშობლოს, დედამიწის ყველა მკვიდრს კი ვეტყვი: გიყვარდეთ ერთმანეთი უმიზეზოდ. ადამიანი რადგან დაიბადე, ღვთის წინაშე ვალდებული ხარ, რომ გიყვარდეს...

ლიკა:

- ყველას მივულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ცხადია, გიორგის სიტყვებს ვეთანხმები: თუ სიყვარული მიზეზით არის განპირობებული, ადრე თუ გვიან, აღარ გეყვარება - თუ მიზეზი გაქრება, სიყვარული ჩამოიშლება...

ეთო ყორღანაშვილი