ვისგან ისწავლა სწორი მუსიკალური ფრაზები ნანი ბრეგვაძემ - გზაპრესი

ვისგან ისწავლა სწორი მუსიკალური ფრაზები ნანი ბრეგვაძემ

პროფესიით არც მომღერალი იყო და არც მსახიობი, თუმცა ჩიტოლია ჩხეიძის ნიჭიერებამ 50-მდე ფილმში გაიელვა და მას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისი ეპიზოდური როლები იმითაც გამოირჩევა, რომ ბევრგან მღეროდა. როგორი ადამიანი და მომღერალი იყო ეს ქალბატონი და რატომ უყვარდა მთელ თბილისს, ამას წერილიდან გაიგებთ.

"ჩიტოლია მიპატიჟებაზე უარს არავის ეუბნებოდა"

ნანი ბრეგვაძე: - ჩიტოლია დეიდას ოფიციალურად ნინო ერქვა. მეტსახელი მგონი მისმა მეუღლემ, სპარტაკ ბაღაშვილმა შეარქვა, მოფერებით ჩიტოს ეძახდა და ჩიტოლიაც ალბათ აქედან წამოვიდა. დეიდა ჩიტოლია დეიდაჩემის მული იყო, მაგრამ სანამ ისინი რძალ-მული გახდებოდნენ, მანამდე სულ ერთად იყვნენ. ისინი სიმღერამ დააკავშირა ერთმანეთს. მათთან ერთად იყვნენ დედაჩემი და ჩემი სხვა დეიდები (ექვსი და), რომლებიც გადასარევად მღეროდნენ. ჩიტოლიას მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ ისე ესმოდა სიმღერა და ისეთი სიღრმით მღეროდა, რომ დღეს მსგავსი მომღერალი არც მეგულება. აღარაფერს ვამბობ მის საოცარ ტემბრზე. ქართული და რუსული რომანსები თუკი კარგად ვიცოდი, ეს არის დეიდების (მათ შორის, ქეთო მიქელაძის) დამსახურება და ასევე ჩიტოლიასი, რომელიც მახსოვს მას მერე, რაც დავიბადე. მისი სიმღერისგან ისეთ სიამოვნებას ვიღებდი, ჭკუას ვკარგავდი.

ჩიტოლია ჩვენთან ხშირად მოდიოდა კოტე მესხის ქუჩაზე და მერეც, როცა გრიბოედოვზე გადავედით საცხოვრებლად. ხშირად იმართებოდა ქეიფები და ისმოდა არაჩვეულებრივი სიმღერები. ჩიტოლიას გარეშე არაფერი ხდებოდა. კვირაობით, დედაჩემი სადილს ამზადებდა, ჩიტოლია უნდა მოვიდესო, მერე ჩემი დეიდებიც შემოგვიერთდებოდნენ და ასეთი მუსიკით გაჟღენთილ გარემოში გავიზარდე. დედაჩემი ცდილობდა, ჩიტოლიასთან კონტაქტში ვყოფილიყავი, რათა სწორი მუსიკალური ფრაზები მესწავლა. ვერ წარმოიდგენთ, რა განსაცვიფრებელი ფრაზები ჰქონდა, კონსერვატორია დამთავრებული ვერ შეძლებდა ასე სიმღერას. ჩემზე გადაყოლილი იყო. როცა მომღერალი გავხდი, სულ მაქებდა. კიდევ იმაზე გიჟდებოდა, როცა აკომპანემენტს ვუწევდი. მეტყოდა ხოლმე: ისე კარგად მომყვები, რომ თავისუფლად ვარო. რუსულ რომანსს "სნეგუროჩკას" გადასარევად ასრულებდა, რა ფორტეს ან რა პიანოებს აკეთებდა. ეს ყველაფერი თავსა და ყურში მქონდა და როცა მე ვასრულებდი წლების შემდეგ ამ სიმღერას, რა თქმა უნდა, მის ფრაზებს ვიყენებდი, თუმცა მერე ჩემიც დავამატე.

ის იყო ღიმილიანი ქალი, რომელსაც მხოლოდ კარგი გუნება-განწყობა შემოჰქონდა ოჯახებში. თბილისი მაშინ პატარა ქალაქი იყო და ყველა ერთმანეთს იცნობდა. ჩიტოლია მიპატიჟებაზე უარს არავის ეუბნებოდა და ყველგან გულით მიდიოდა. უსაყვარლესი ადამიანი იყო და ყველასთან კარგად გახლდათ, ისიც ყველას უყვარდა. მასთან სახლში ხშირად მივდიოდით ახალგაზრდები.

ამას წინათ ჩანაწერი მომასმენინეს, ლილი გეგელია მღერის "აბა მითხარ, სად წავიდე, გაზაფხული მოდის". ლილი იწყებდა და მეორე ხმას აყოლებდა ჩიტოლია! ოჰ, რა არაჩვეულებრივი ტემბრი ჰქონდა, შეიძლება გაგიჟდე... ჩიტოლია ჩხეიძის სიმღერების ჩანაწერები რადიოფონდში არსებობს, სადაც აკომპანემენტს მედეა გონგლიაშვილი უწევს. ახალგაზრდობაში ულამაზესი ქალბატონი იყო. ბევრ ფილმში მონაწილეობდა. ახლა ერთი ეპიზოდი გამახსენდა ფილმიდან "ჭირვეული მეზობლები", სადაც პიანინოსთან დგანან დედაჩემი და დეიდაჩემი, ხოლო ჩიტოლია გიტარით ხელში, მღერიან.

GzaPress"ითვლებოდა რუსული რომანსების უბადლო შემსრულებლად"

ნინო ბიბილეიშვილი: - თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული და ნიჭიერი ადამიანი, მსახიობი და მომღერალი ჩიტოლია ჩხეიძე ნათლიაჩემი გახლდათ. ჩვენ მეზობლები ვიყავით. ის ითვლებოდა რუსული რომანსების უბადლო შემსრულებლად. ბევრ ქართულ ფილმში შეასრულა ეპიზოდური როლი და უამრავ მსახიობს იცნობდა. თბილი და მოსიყვარულე ქალბატონი ნებისმიერი ოჯახის სასურველი სტუმარი იყო. მისი სიმღერა და იუმორი ყველას ხიბლავდა, ამიტომაც მუდამ ეპატიჟებოდნენ. მასთან არასდროს მოიწყენდი. საოცარი დაკვირვების უნარი ჰქონდა, შეეძლო მეზობლებისა და ნაცნობების პაროდიის კეთება. თითქმის ყოველ საღამოს, ჩემი მშობლები და ჩიტოლია მღეროდნენ ქალაქურ სიმღერებს. მასთან ხშირად იყვნენ სტუმრად მსახიობები და მომღერლები. ყველაზე კარგად მახსოვს ლილი გეგელია და ეთერ კაკულია, მათთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. მოდიოდნენ ნანი ბრეგვაძე, ლეილა აბაშიძე... ნანის ბულბულს ეძახდა. ამბობდა, - კი არ მღერის, გალობსო. ნატო ვაჩნაძესთანაც მეგობრობდა თურმე და მის სილამაზეზე გვესაუბრებოდა. როცა ნატოს და გოჩა აბაშიძეს იხსენებდა, ყოველთვის ცრემლებით ევსებოდა თვალები. ერთხელ ლეილა აბაშიძეზე მითხრა: ცურვა, ცხენოსნობა და მანქანის მართვა ფილმებისთვის სჭირდებოდა და იმიტომ ისწავლაო. უყვარდა ანსამბლი "ორერა", გამორჩეულად ბუბა კიკაბიძე და რობერტ ბარძიმაშვილი.

ჩიტოლია ძალიან მოწესრიგებული და პუნქტუალური ქალი იყო. დილით ადრე დგებოდა, ვარჯიშობდა, მერე ისაუზმებდა და სახლს ალაგებდა. ბინაში მუდამ სისუფთავე იყო, კარადაში ძვირფასი სუნამოს სუნი მახსოვს და კიდევ - შოკოლადის სურნელი (იცინის). კარგად იცოდა რუსული და ფრანგული ენები, ხშირად ფრანგულში მამეცადინებდა. სიმღერებიც მასწავლა - "ჟუჟუნა წვიმა", "ჭრელო პეპელა" და მრავალი სხვა... ყველას გულის მესაიდუმლე იყო და არასოდეს დასცდებოდა ვინმეს საიდუმლო ამბები. ლავრენტი ბერიას იცნობდა კარგად და ამბობდა: რასაც მასზე ლაპარაკობენ, ისეთი არ არისო.

ჩიტოლიას ძმა საფრანგეთში ცხოვრობდა, რევოლუციის მერე დარჩა იქ. მხოლოდ ერთხელ, 1965 წელს ჩავიდა ძმასთან პარიზში და იქიდან აღფრთოვანებული დაბრუნდა. მისი სამი ძმისშვილიდან ორი: გაიოზი და ვახტანგი ავტოავარიაში დაიღუპნენ, დარჩა ერთი - ჯოტო. როცა ჩიტოლიას ძმა გარდაიცვალა, საფრანგეთში არ გაუშვეს. როგორც ამბობენ, ჯოტოს ჰქონდა საქართველოში დაბრუნების საშუალება, მაგრამ უთქვამს: იმ ქვეყანაში არ წავალ, სადაც დას ძმის დასატირებლად არ უშვებენო.

ჩიტოლია ჩხეიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნანული ზოტიკიშვილი