"სამშობიაროში ყველაზე სერიოზული ბავშვი იყო" - გზაპრესი

"სამშობიაროში ყველაზე სერიოზული ბავშვი იყო"

მარიამ ფარეშიშვილი მოდელის - ნინი გრძელიშვილის დედა გახლავთ. მათ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. დედა-შვილს მეგობრული ურთიერთობა აქვთ, თუმცა არის საკითხები, რაზეც ვერ თანხმდებიან...

მარიამი:

- ნინი ჩემთვის ყველაფერია - დღე მისით იწყება და სრულდება. ჩემი ზედმეტი ყურადღებით შეწუხებულია, მაგრამ არა უშავს. 19 წლის ვიყავი, როცა დაიბადა. დაბადებისთანავე კოპებშეკრული იყო, სამშობიაროში ყველაზე სერიოზული ბავშვი გახლდათ. თავიდანვე გაუცინარი გვყავდა. რაღაცნაირი, დახვეწილი ბავშვი დაიბადა - თავი განსაკუთრებულად ეჭირა. ძალიან საყვარელი იყო. მის აღზრდაში დედა მეხმარებოდა. ნინის აღზრდით ძირითადად, მაინც ბებია იყო დაკავებული. ასე რომ, "ბებიკოს გოგო" გახლავთ. მე ვსწავლობდი, შემდეგ მუშაობა დავიწყე და დილიდან დაღამებამდე შინიდან გასული ვიყავი.

- ნინი, შენი ბავშვობიდან დედასთან დაკავშირებული რომელი ეპიზოდი გახსენდება?

- გამომშვიდობების სცენა მახსოვს, როცა დედა უნივერსიტეტში მიდიოდა ხოლმე.

მარიამი:

- გამომშვიდობების კი არა, გამოტირების სცენა იყო.

ნინი:

- აივნის მოაჯირს ძლივს ვწვდებოდი, რომ გადამეხედა. ვუყურებდი, დედა როგორ მიდიოდა.

მარიამი:

- მეც მახსოვს, აივნიდან როგორი საბრალო სახით იმზირებოდა ატირებული. ასეთ სიტუაციაში, მისთვის ერთადერთი ნუგეში ის იყო, რომ საღამოს საჩუქრად აუცილებლად შოკოლადი უნდა ჰქონოდა. რატომღაც წარმოედგინა, რომ უნივერსიტეტი ის ადგილი იყო, სადაც შოკოლადს, კანფეტებს, ბანანებს არიგებდნენ. სულ უნდოდა, უნივერსიტეტში წამოსულიყო. ერთხელაც ეს ოცნება ავუხდინე და წავიყვანე. იქაურობა არ მოეწონა - ნანახით იმედგაცრუებული დარჩა. თან, ნინის სანახავად ბევრი ხალხი მოვიდა... არც ძველი მერხებით და კედლებით მოხიბლულა... მას შემდეგ უნივერსიტეტში წაყვანა აღარ მოუთხოვია - მხოლოდ საჩუქრებით კმაყოფილდებოდა.

- ნინი ხშირად აღნიშნავს, დედაჩემი ყველაზე ძლიერი ქალბატონიაო...

- ყოველ შემთხვევაში, ვეცადე, ძლიერი ვყოფილიყავი. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს ვაჯობე - იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე შეიძლებოდა, ადამიანს გაეკეთებინა და ვცდილობ, დღესაც ასე მოვიქცე, რომ ჩემი შვილის მოთხოვნებს ფეხი ავუწყო. რადგან ნინის გაზრდა მარტოს მომიხდა, ვცდილობდი, დანაკლისი ნაკლებად ეგრძნო - მატერიალური თვალსაზრისით, გული არაფერზე დასწყვეტოდა.

ნინი:

- ჩემს მეგობრებს შორისაც არიან ისეთი ადამიანები, ვისი მშობლებიც გაშორებულები არიან. მათგან თითქოს გულდაწყვეტილი საუბარი ხშირად მსმენია, მე კი დანაკლისის შეგრძნება არასოდეს მქონდა. შეიძლება იმიტომ, რომ მამასთან ერთად არ მიცხოვრია. ჩემთვის ეს ტაბუდადებული თემაც არ არის, რომ ამაზე საუბარი მიჭირდეს და მტკივნეული იყოს, ტრავმად ვერ აღვიქვამ. ეს დედის დამსახურებაა.

- დედა-შვილი რის გამო კამათობთ?

მარიამი:

- ორივე ძალიან მშვიდი ვართ. როცა სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, შეიძლება, ხმა საერთოდ არ ამოვიღოთ. ერთადერთი, როცა ნინის შია, მაშინ გამოდის და სათქმელს ხმამაღლა ამბობს (იცინის). სხვა შემთხვევაში, სრული სიმშვიდე და იდილია გვაქვს. საერთოდ, მომთხოვნი ნაკლებად ვარ...

ნინი:

- ვაიმე, ნაკლებად მომთხოვნი?! მაქსიმალისტია და უნდა, რომ მეც ასეთი ვიყო. ძლიერი ნებისყოფა აქვს. მე ასეთი არ ვარ: თუკი რაღაც ერთხელ არ გამომივა, მეორედ აღარ მივუბრუნდები. სრულყოფილების მოთხოვნილება არ მაქვს, მას კი პირიქით - მოზღვავებულად აქვს და ჩემგანაც იმავეს ითხოვს. მისგან ეს ფრაზა ყოველთვის მესმის: "მე რომ შენხელა ვიყავი" (იცინის)... თითქოს სურს, მას დავემსგავსო და რომ არ გამოსდის, ბრაზდება, მაგრამ სიბრაზეს არ გამოხატავს, მე კი ეს უფრო მეტად მაბრაზებს. ვხვდები, ნაწყენია და არ იმჩნევს.

- მარიამ, რას საქმიანობთ და ნინის პროფესიულ არჩევანს როგორ შეხვდით?

- ფრანგული ენის სპეციალისტი, თარჯიმანი სინქრონისტი ვარ. უნივერსიტეტში ფრანგული ენის პედაგოგად ვმუშაობ. ფილოლოგიის დოქტორი ვარ... მოკლედ, ბევრ რამეს ვარ "მოდებული" - ერთდროულად რამდენიმე ტიპის სამუშაოს ვასრულებ... ნინის არჩევანს რაც შეეხება, არაფერში შემიზღუდავს - მასთან ერთადერთი მოთხოვნა მქონდა, რომ უცხო ენები ესწავლა. ამისთვის ფინანსები და ენერგია არ დაგვიზოგავს და მგონი, შედეგი გვაქვს. იმ გარემოში, რომელშიც მე ვტრიალებ, უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანია.

GzaPress ნინი: - სამოდელო სფეროშიც ეს ჩემი დიდი უპირატესობაა. - მოდელობაზე არ გიფიქრიათ?

მარიამი:

- მგონი, ამის სურვილი ყველა ქალს აქვს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, ეს არ გამოვიდა: 90-იანი წლები იყო, დავოჯახდი, მერე პრობლემებმა იჩინა თავი... ხომ გესმით, მშობელს რომ აქვს რაღაცის სურვილი და მერე უნდა, შვილს აუსრულოს? ასეთი იყო ქართული ცეკვა.

ნინი:

- 5 წლიდან ცეკვაზე მატარეს, მაგრამ ჩემი ცეკვა არავის უნახავს. 5 წელი "ერისიონში" ვიარე, 2 წელი - სხვა ანსამბლში, შემდეგ - მოყვარულების ჯგუფში. განა ელასტიკური არ ვიყავი და ცეკვა არ გამომდიოდა? უბრალოდ, ხომ არის რაღაც, რაც "შენი" არაა და არ გინდა? ჰოდა, არ მინდოდა ცეკვა და ვერ გავაგებინე.

მარიამი:

- ცეკვაზე წასვლის დრო რომ დგებოდა, დაწვებოდა და თავს მოისაწყლებდა, - მუცელი მტკივაო...

ნინი:

- 10-12 წლიდან მოდელობის სურვილი მქონდა, მაგრამ დედა ყოველთვის მეუბნებოდა, - ჯერ ცოტათი გაიზარდეო. აღარ დადგა ეს ეტაპი და ბოლოს დამოუკიდებლად მოვიძიე სამოდელო სააგენტო "კატრინი", კასტინგზე მივედი და რომ ამიყვანეს, დედას მერე ვუთხარი.

მარიამი:

- ძალიან გამიხარდა, სასიამოვნო სიურპრიზი იყო... ჯერ კიდევ 3-4 წლის ასაკში, ზამთარში, როცა დენი არ იყო და გათბობა არ გვქონდა, ნინის ძალიან გრძელი, სქელი ჯემპრი ეცვა ხოლმე, დოინჯს შემოირტყამდა და თავისი ჭკუით, პოდიუმზე დადიოდა - "პოტმოდელი" უნდა გამოვიდეო (იღიმის)... ნინიმ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა კასტინგზე წავიდა, რაც მისი სკოლის დირექტორის დამსახურებაც არის.

- ნინის მესაიდუმლე ხართ?

- მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო.

ნინი:

- "მესაიდუმლეს" ვერ დავარქმევ, რადგან ასეთივე "ღია" ურთიერთობა მაქვს ბებიასთან, დეიდასთან. ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ თქმა მომერიდოს და ვინმეს ჩუმად გავანდო. თუ სადმე მივდივარ, ყოველთვის იციან - სად, ვისთან ერთად ვარ და როდის დავბრუდები.

მარიამი:

- ერთადერთი, სოლარიუმში მის სიარულს ვაპროტესტებ.

ნინი:

- ამაზე ვერასდროს შევთანხმდით: ჩემი კანის ღია ფერის გამო ვკომპლექსდები. მიმაჩნია, რომ თუკი რამე მიხდება, ყველაზე მეტად - ნამზეურია. დედაჩემს რომ ჰკითხოთ, იანვრიდან ამბობს, - რაღა დარჩა? უკვე ზაფხული მოდისო. შედეგად, ფითქინა თეთრი ვარ ხოლმე (იცინის).

მარიამი:

- რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის, იმაზე შეიძლება, გართულება მქონდეს. სხვა მხრივ, ნინის სრული თავისუფლება აქვს.

- მისი თაყვანისმცემლების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- ამ მხრივ ნინის ცოტათი ჩემი ხასიათი აქვს - "მძიმეა" და შთაბეჭდილება მრჩება, რომ თაყვანისმცემლებს აფრთხობს.

ნინი:

- ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ვაფრთხობ. ჩემი პირველი მოთხოვნაა, ადამიანი თეატრში წამომყვეს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, რაღაც გამოგვივიდეს.

მარიამი:

- სხვათა შორის, თეატრში სიარულს ბევრი მიაჩვია.

ნინი:

- კი, ყმაწვილების კულტურულ ცხოვრებაში დიდი დამსახურება მაქვს (იცინის).

- მარიამ, თქვენს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვით?

ნინი:

- ეს საკითხი ვერ ამოვხსენი: ჰგონია, რომ კარგა ხანია, "ამ ასაკიდან" გამოვიდა, ოღონდ - რატომ, არ ვიცი. თან, ეს ახლა კი არ დაწყებულა. 15 წლის როცა ვიყავი, მაშინაც ასე ფიქრობდა. არადა, ვინმემ ჩემი არსებობის შესახებ რომ არ იცოდეს და მას შეხედოს, შეიძლება თქვას, რომ გასათხოვარია. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 20 წელია.

- მარიამ, თქვენი ასეთი დამოკიდებულება იმის ბრალია, რომ ფიქრობდით, შვილს თქვენი მზრუნველობა მოაკლდებოდა?

- კი, ეს ფაქტორი გადამწყვეტი იყო. ნინის ყურადღება მაინც არ მოაკლდებოდა. თან, ცოტა არ იყოს, ქართველ კაცებზე გამწყრალი ვარ: პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ჩემი პირველი გამოცდილება წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩემ ირგვლივ ბევრ ადამიანს ასევე წარუმატებელი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, მირჩევნია, ნაკლები პრობლემა მქონდეს და მშვიდად ვიცხოვრო.

ნინი:

- ამ საკითხში ვერ ვუგებ: არა მგონია, რომ ყურადღება მომაკლდებოდა, პირიქით - თავად თუ ბედნიერი იქნებოდა, მეც კარგად ვიგრძნობდი თავს. სულ ეს არგუმენტი აქვს: ისედაც კარგად და ბედნიერად ვარო. ეს მისი არჩევანია. ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა.

მარიამი:

- როგორ არა! ნინი მცირე ასაკის რომ იყო, ვინც კი დასალაპარაკებლად მომიახლოვდებოდა, მოვიდოდა და ხელს მაგრად ჩამკიდებდა ან ცეკვისას შუაში ჩაგვიდგებოდა. ძალიან სასაცილო სცენები იყო (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი