სიმშვიდე და ცხოვრების ისტერიკული რიტმი - გზაპრესი

სიმშვიდე და ცხოვრების ისტერიკული რიტმი

13 წელია, რაც მსახიობი, მომღერალი და მუსიკალური წამყვანი - ლაშა რამიშვილი დაოჯახებული გახლავთ. ტრადიციულად, "ცოლქმრული გამოცდისთვის" ლაშას და მის მეუღლეს - ბელა ნოზაძეს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ, რომ ერთმანეთის პასუხები არ მოესმინათ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

ლაშა:

- თეატრალური უნივერსიტეტის ბუფეტში, ხაჭაპურის საჭმელად შევედი. ბელა მეგობრებთან ერთად იჯდა. წინათ ისინი ბუფეტში არასოდეს დამინახავს. ვუთხარი, - მინდა, სპექტაკლზე დაგპატიჟოთ-მეთქი. სხვათა შორის, ბელა ერთადერთი ქალია, ვინც სპექტაკლზე დავპატიჟე და არ მოვიდა (იცინის).

ბელა:

- მახსოვს, ჩემს კურსელ გოგონებთან ერთად, თეატრალური უნივერსიტეტის ბუფეტში ვიყავი, როცა გავიცანი. შემდეგ სპექტაკლზე დაგვპატიჟა, რომელზეც არ მივედი - თავი დავიფასე. აქედან დაიწყო ყველაფერი (იღიმის).

- თქვენი პირველი პაემანი გაიხსენეთ.

ლაშა:

- პირველი პაემანი არ ყოფილა, მაგრამ მახსოვს, ცოტათი შეზარხოშებული გახლდით და რუსთაველიდან ორთაჭალაში, ბაგრატიონის ძეგლამდე ფეხით ვიარეთ. ცოტათი შეღამებული იყო და გავაცილე - ჩემები გამიბრაზდებიანო... 14 წლის წინანდელ ამბავს მეკითხებით (იცინის)!

ბელა:

- თეატრალურ უნივერსიტეტში ერთმანეთს კი ვხვდებოდით, მაგრამ როგორც შეყვარებულები - არა. რაღაც უცნაური დამოკიდებულება გვქონდა: ხანდახან ცოტათი მაღიზიანებდა. მაწვალებდა - მიმღეროდა, ლექსებს მიკითხავდა... ახლა ვხვდები, რომ ძალიან საყვარელი იყო, მაგრამ მაშინ მეც ცოტათი ვმეტიჩრობდი და ვკომპლექსდებოდი, ასე გამოდის. შემდეგ უკვე მიმღერა და მომხიბლა. ამის მერე ვაკის პარკში გავისეირნეთ, რასაც პაემნის სახე ჰქონდა. 23 დეკემბერი იყო. მანამდე, 11 დეკემბერს სიყვარული ამიხსნა. ნარიყალაზე, თვალახვეული ყველაზე მაღალ წერტილში ტაქსით ამიყვანა და სიყვარულში გამომიტყდა. ლოგიკურად, პაემანი მანამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეყვარებულების ამპლუაში პაემანი ვაკის პარკში გვქონდა.

- როგორ გგონია, რა არ მოსწონს შენს ხასიათში? თავად რა არ მოგწონს მასში?

ლაშა:

- არ მოსწონს, რომ გადაწყვეტილებას უცებ ვიღებ. მაგალითად, რომ იტყვის, - ეს რა კარგიაო, შემიძლია მივიდე და იმ წუთში ვიყიდო, თუნდაც ძალიან ძვირი ღირდეს. ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ. თუ რამე არ გამომდის, მერე ისტერიკა მემართება, ბევრს ვნერვიულობ... მას შეუძლია, ყველაფერი გააანალიზოს, აწონ-დაწონოს და ისე გადაწყვიტოს. მისი ეს თვისება არ მომწონს, მაგრამ რა თქმა უნდა, სწორია, მისი გადმოსახედიდან.

GzaPress ბელა: - ძალიან ემოციური, ფორიაქა და სულსწრაფია - ყველაფერი ახლა, ამ წუთში უნდა! მისთვის სიტყვები - "ხვალ", "მერე" - არ არსებობს. მე ყველაფრის მშვიდად კეთება, აწონ-დაწონა მიყვარს - ჩემში ზუსტად ეს არ მოსწონს. თავად სულ ჩქარობს და მეც მაჩქარებს. როცა ავტომობილს ვმართავ, მაშინაც მეძახის, - მიადგი ფეხი, სწრაფადო! რამდენჯერმე მანქანიდან ჩამომიხტა, - ნელა დადიხარო. არადა, 3 შვილი დამყავს. შესაბამისად, ვფრთხილობ.

- თქვენი ქორწინების თარიღი.

ლაშა:

- 2006 წლის 6 მაისი.

ბელა

- 2006 წლის 6 მაისი, გიორგობა, ყველაზე ლამაზი თარიღი.

- ბოლოს რის გამო იკამათეთ?

ლაშა:

- მგონი, ძაღლის გამო: ახლახან კერძო სახლი შევიძინეთ - მას მოეწონა და ბელას ერთი სიტყვა საკმარისი იყო, ბინა გამეყიდა და სახლი მეყიდა. ლეკვი - ყაზბეგური ნაგაზი შინ ნაადრევად წამოვიყვანე. არადა, ბელამ მითხრა: - ჯერ არ წამოიყვანო, უკვე გაყიდულ ბინაში ვართ და შეიძლება, ლეკვმა მოისაქმოსო. ვიფიქრე, - არა უშავს-მეთქი. წავედი, ძაღლისთვის პამპერსები ვიყიდე, ლეკვი შინ მივიყვანე და დავტოვე. მეორე დღეს, სახლში რომ დავბრუნდი, "რაღაც" სუნი იდგა. ბელამ მითხრა, - მე ჩემი გითხარი, მაგრამ შენ ლეკვი მაინც მოიყვანეო. მეორე დღესვე მოვკიდე ლეკვს ხელი და დედის სახლში "გავამწესე"... მოკლედ, ამ საკითხთან დაკავშირებით, მცირე შეკამათება გვქონდა. სერიოზული ჩხუბი არ გვაქვს ხოლმე.

ბელა:

- ახლახან კერძო სახლი ვიყიდეთ და ვარემონტებთ. საძინებელი ოთახის გადიდება მინდოდა, თავად ძალიან წინააღმდეგი იყო... ამჟამად, ასეთი დეტალები გვაქვს საკამათო და შესათანხმებელი.

- როცა რამეზე ვერ თანხმდებით, ვინ თმობს?

ლაშა:

- ძირითადად - ორივე, მაგრამ იცი, რა ხდება? როცა რაღაც ისე არ არის, როგორც საჭიროა, წივილ-კივილს ვიწყებ. ბელა 3 წუთი ჩუმად არის. 3 წუთის შემდეგ, უკვე ვეუბნები, - კარგი, ბატონო, როგორც გაგიხარდება, ისე იყოს-მეთქი.

ბელა:

- რა თქმა უნდა - მე. არა, კი არ ვთმობ, სიმშვიდეს ვინარჩუნებ. თავად აუცილებლად იტყვის, რისი თქმაც სურს, შემდეგ კი ძალიან მალე წყნარდება. ჰოდა, დაწყნარებულს მშვიდად ვუხსნი და როგორც თავად ამბობს, "კარგად შევუსრულებ" ხოლმე (იცინის). პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ორივე ვთმობთ.

- რა ჟანრის მუსიკას უსმენს? შენ რას უსმენ?

ლაშა:

- ქართული ესტრადაც უყვარს, ოღონდ - გემოვნებიანი. ძირითადად, ერთმანეთს საღამოს ვხედავთ და ასე დეტალურად არ ვიცი, რას უსმენს. გლენ ლევისის Fall Again ძალიან მოსწონს. სხვათა შორის, ეს სიმღერა მეც მიყვარს. ასევე, ჩემი ზოგიერთი სიმღერა, რომელიც მასზეა დაწერილი, ძალიან უყვარს... ისეთ რადიოში ვმუშაობ, რომ უნებურად ქართული ესტრადის მსმენელი ვარ, მაგრამ ყველანაირ ჟანრს ვუსმენ. ძალიან მიყვარს Queen (სხვათა შორის - ბელასაც), The Beatles... ქართველ შემსრულებლებს შორისაც არის ბევრი კარგი. არაფრისმთქმელ მუსიკას, ერთ ტონალობაში რომ არის რაღაც უბედურება, ვერ ვიღებ, ვერ ვიგებ... არ ვამბობ, რომ ცუდია - ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ჰყავს.

ბელა:

- კლასიკა ძალიან უყვარს. საერთოდ, სოული ორივეს მოგვწონს. შიგადაშიგ, ჯაზის სტილის მუსიკასაც ვუსმენთ, მსუბუქად... მერაია ქერის ერთი სიმღერა განსაკუთრებულად უყვარს. გაგიკვირდებათ, მაგრამ მანქანაში საერთო "ფლეილისტი" გვაქვს. ასე რომ, ჩვენი გემოვნება ემთხვევა.

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

GzaPress ლაშა: - "ბასურათი" მივმართავ. ბიძამისი "ბელა ღოღო", "მაიმუნო ღოღოს" ეძახის. ხანდახან ამ მეტსახელებით ვაბრაზებ ხოლმე (იცინის). სანათესავოში ნაბოლარაა და გემრიელი ლუკმა იყო. ოჯახში "ბუდღაბუდღა ღოღოს" ეძახიან. ეს რომ გითხარით, მომკლავს (იცინის). თუმცა, "ბუდღაბუდღა ღოღოდან" 3 შვილის დედა გახდა და ხედავთ, როგორი ლამაზი, საოცარი ქალია...

მე "ბიჭუნას", "ვალას მამას" მეძახის. ჩვენი შვილი - ლაშა გიორგი ძალიან მჭამელი ბიჭი გახლავთ. თან, მეგობრების დაპატიჟება უყვარს ხაჭაპურზე, ლობიანზე... ხანდახან არის სიტუაცია, როცა მანძილის სიშორის გამო, მისთვის ფულის მიტანას ვერ ვახერხებ. სახაჭაპურეს თანამშრომელი გაფრთხილებული მყავს: ლაშა გიორგის საკვები ვალად მიეცი და საღამოს ან მეორე დილით თანხას მოგიტანთ-მეთქი. ჩემი ბიჭი დამირეკავდა ხოლმე: - მა, შეიძლება, 2 ხაჭაპური რომ ავიღოო? - მიდი, მამა, აიღე-მეთქი, - ვპასუხობდი. ასე შეარქვეს "ვალა" (იცინის). შესაბამისად, მე "ვალას მამა" ვარ. კიდევ, ბელა "ფაშას", "ფაშოს" მეძახის. სტუდენტობისას გრძელი თმა მქონდა და ძალიან გამხდარი, მაღალი ვიყავი. "ჩორფიკას" მეძახდნენ ბელა და მისი მეგობრები.

ბელა:

- "ჩიტო" - ერთმანეთს სულ ასე მივმართავთ, "ესემესითაც" კი. ასევე, "საშინაო" მეტსახელები გვაქვს, მაგრამ ვერც ერთს ვერ ვიტყვი (იცინის). ვაიმე, თუ მან გითხრათ, ურჩევნია, შინ არ დაბრუნდეს!.. სანათესავოში, დედის და მამის მხრიდანაც, ყველაზე უმცროსი ვარ. შესაბამისად, მეტსახელების ვრცელი სია მაქვს, მათ შორის - ძალიან უხერხული სახელებიც არის. ლაშა გაცნობის დღიდან "ბელუკათი" მომმართავს. სტუდენტობისას მე და ჩემმა ჯგუფელმა მეგობრებმა "ორფეოსი" დავარქვით, რომელიც შემდეგ "ჩორფიკაში" გადავიდა. არ მოეწონება, ეს რომ გითხარით, მაგრამ არა უშავს - სიურპრიზად დახვდება (იცინის). ახლა ამ მეტსახელებით ნამდვილად აღარ მივმართავ.

- რომელია მისი საყვარელი კერძი? შენი?

ლაშა:

- ვაიმე, ჩემი საყვარელი კერძი მისი მომზადებული ჭვიშტარი და ხორცის სალათია. ისეთი გემრიელია, ცოლ-შვილს დაგატოვებინებს! ასევე, ფანტასტიკურ მაფინებს ამზადებს. შემწვარ კარტოფილს რაც შეეხება, მას კარტოფილის დაბრაწვა არ უყვარდა. რომ ვუთხარი, მე დაბრაწული მაგრად მიყვარს-მეთქი, მას მერე დამწვარ-დანახშირებულს ამზადებს (იცინის). თავად სუში ძალიან უყვარს, ასევე - შოკოლადის ფუნთუშა.

ბელა:

- ყველა ხორციანი კერძი უყვარს. საერთოდ, სუში ორივეს ძალიან გვიყვარს და თითქმის ყოველკვირა გეახლებით. არ არსებობს, რომ კვირა "ჩავაგდოთ".

- როდის აქვს დაბადების დღე? შენ როდის გაქვს?

ლაშა:

- მას - 23 აპრილს, მე - 23 ნოემბერს.

ბელა:

- მას - 23 ნოემბერს, მე - 23 აპრილს.

- პირველი მუსიკალური კონკურსი, რომელშიც ლაშამ გაიმარჯვა...

ლაშა:

- 93 თუ 94 წელს, რეგიონალურ ფესტივალში გავიმარჯვე. მაშინ ბელა არ მიცნობდა. ჩვენს ოჯახში რომ შემოვიდა, მგონი, ჩემი დიპლომები არც უნახავს.

ბელა:

- 1993-95 წლებში (ზუსტი თარიღი არ მახსოვს). ვიცი, რომ კონკურსს "ეარი" ერქვა.

- რომელ პროფესიაზე ოცნებობდა ბავშვობაში? შენ რაზე ოცნებობდი?

ლაშა:

- ბელას ფილოლოგობა უნდოდა. ტელეკინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა - მაგისტრის დიპლომი აქვს და თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის ადმინისტრაციაში მუშაობს... ჩემში თავიდანვე ეს "კოდი" იყო ჩადებული, რომ ის უნდა გავმხდარიყავი, ვინც დღეს ვარ: მსახიობი, მომღერალი, მუსიკალური წამყვანი...

ბელა:

- ჩემი აზრით, ყოველთვის მსახიობობა უნდოდა. მე ან უცხო ენების შესწავლა მსურდა, ან - ფილოლოგობა, მაგრამ ალბათ, ჩემი ბედი ეს იყო, რომ ლაშას შევხვედროდი და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე კინომცოდნეობის ფაკულტეტზე.

- ერთმანეთს კარგად იცნობთ თუ დღესაც გაოცებთ ერთმანეთი - ხასიათის თვისებების გამოვლენით, წარსულის მანამდე თქვენთვის უცნობი დეტალებით?..

ლაშა:

- ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჯობია ვთქვა, რადგან ჩემი სირცხვილია: 3-4 წელია, რაც აღმოვაჩინე, რომ მას ჩაი არ უყვარს.

ბელა:

- მგონი, ლაშას ძალიან კარგად ვიცნობ. სანამ პირს გააღებს, წინასწარ ვიცი, რა უნდა თქვას. თავადაც იცის, რა მიყვარს და რა - არა, რით გამახაროს, გამაბრაზოს...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი პასუხები ერთმანეთს რამდენი პროცენტით დაემთხვევა?

ლაშა:

- ალბათ 80%-ით.

ბელა:

- ალბათ 50%-ით. განა იმიტომ, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ? დიდი ხანია, ერთად ვართ, ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, მაგრამ "დოგმა" არ გვაქვს, რომ მაგალითად, კონკრეტულად ერთ სიმღერაზე "აფანატებდეს". ძნელია, ბევრი რამ "გაარტყა", რაც ინტერვიუს დროს, კონკრეტულად იმ წუთში იფიქრა...

ეთო ყორღანაშვილი