"მეორე ნახევარი დიდხანს არ მყავდა, მაგრამ თავს დაჩაგრულად სულაც არ ვგრძნობდი"
ქალურ თემებზე სასაუბროდ ამჯერად, მსახიობი და ტელეწამყვანი - ლელა მებურიშვილი შევარჩიეთ, რომელიც 2 შვილის დედა გახლავთ და შვილებთან ერთად მაქსიმალურად ბევრი დროის გატარებას ცდილობს...
- საერთოდ, ოპტიმისტი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მომხდარ უარყოფით მოვლენებს რეალურად აღვიქვამ, ყველაფერზე ვღელავ, რასაც ვერ ვცვლი (მაგალითად - გლობალურ პრობლემებზე, რაც მართლა ძალიან მაწუხებს), ოპტიმიზმს არასდროს ვკარგავ. ნევროზი და დეპრესია არასოდეს მქონია. რაც უნდა ცუდი მოხდეს, ყოველთვის ვცდილობ, მასში რაღაც დადებითი ვიპოვო, გამოსავალი მოვძებნო, არასდროს მოვდუნდე, ცუდად არ ვიყო, არ ვიჯდე და ვიტირო. თავად არ შემიძლია ვთქვა - ძლიერი ქალი ვარ თუ არა, მაგრამ გარშემო მყოფები ფიქრობენ, რომ ძლიერი ვარ. მომთმენი გახლავარ. მირჩევნია, სიმშვიდე შევინარჩუნო და გარემოც მშვიდი იყოს, ვიდრე უკმაყოფილება გამოვხატო. მაქსიმალურად ვცდილობ, დადებით განწყობაზე ვიყო და ეს განწყობა სხვებსაც გადავდო.
- შენი მთავარი მამოძრავებელი ძალა რა არის, რაც სტრესულ სიტუაციებში დანებების საშუალებას არ გაძლევს?
- ახლა შეიძლება, ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემი შვილები იყოს, რადგან უფლება არ მაქვს, რომ თუნდაც წონასწორობა დავკარგო და მათ მნახონ, როგორ ვყვირი, ვჩხუბობ ან ცუდ ხასიათზე ვარ... შვილების გაჩენამდეც ასეთი ვიყავი: მოწყენილი, ცუდ ხასიათზე არასდროს ვყოფილვარ. ცხადია, ყველას გვქონია სიტუაცია, როცა თავს ბედნიერად არ გრძნობ, არ გინდა იცინო, მაგრამ როცა ჩემ გვერდით სხვა ადამიანებიც არიან, არ მსურს ცუდი განწყობა მათაც გადავდო. განა ვთამაშობ? უბრალოდ, ვცდილობ, დადებითზე ვიფიქრო და გარშემო მყოფებთან ერთად, დადებით ამბებზე ვილაპარაკო. ამიტომ მოწყენილი და ცუდ ხასიათზე მყოფი არავის ვუნახავვარ. როცა შინ მარტო ვარ, ცუდ ამბებზე ფიქრი და "დაგრუზვა" მაშინაც არ მახასიათებს, პირიქით - ვცდილობ, საკუთარი თავი "გამოვიყვანო". დილითაც რომ ვიღვიძებ, მაქსიმალურად "პლუსები" მახსენდება, მაგალითად - ის, რომ ჩემს შვილებს ვხედავ და უკვე კარგ ხასიათზე ვარ... ჩემს განწყობაზე ამინდი არ მოქმედებს: როცა წვიმს ან ცა მოღრუბლულია, არასდროს ვამბობ, - აუ, რა ცუდი ამინდია-მეთქი. ის საკითხები, რასაც ვერ შევცვლი, ცუდ ხასიათზე არ მაყენებს: წლის განმავლობაში უამრავჯერ წვიმს და ამის გამო ნახევარი წელიწადი ცუდ ხასიათზე ვერ ვიქნები, პირიქით - წვიმაშიც დადებითს, სილამაზეს და სხვანაირ გარემოს ვხედავ...
- ე.წ. ენერგოვაპირებთან თუ გქონია ურთიერთობა და როგორ უმკლავდები?
- კი, მქონია. მხოლოდ ენერგოვამპირებთან კი არა, საერთოდ, იმ ადამიანებთან ურთიერთობა ნაკლებად მაქვს, ვინც ჩემზე დადებითად არ მოქმედებს. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ პირადად ჩემზე დადებითად ვერ მოქმედებენ - მათგან კარგს და სასიამოვნოს ვერაფერს ვიღებ. ამიტომ უნებურად, ისე ხდება, რომ მათთან ხშირი ურთიერთობა აღარ მაქვს. თუმცა შესაძლოა, კონკრეტული პიროვნება ჩემზე კარგად არ მოქმედებს, მაგრამ მილიონი სხვა ადამიანისთვის დადებითი განწყობის მომტანი იყოს. ასევე შეიძლება, ვიღაცაზე მე არ ვახდენდე კარგ ზეგავლენას. ამიტომ ადამიანები იმ ენერგეტიკას ვეძებთ, რაც ჩვენთვის საჭიროა... ენერგოვამპირებთანაც ასეთი დამოკიდებულება მაქვს - ვერიდები.
- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად, რას გსაყვედურობენ?
- არ მსაყვედურობენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ შვილებს ძალიან ბევრ დროს ვუთმობ. ამაში უარყოფითი არაფერია, მაგრამ ვცდილობ, სამსახურს, საოჯახო საქმეს, ბავშვებს დრო დავუთმო, საკუთარი თავისთვის კი თითქმის ვეღარ ვიცლი, რადგან ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს. ახლა ის ეტაპია, როცა შვილებისგან მეც ბევრ რამეს ვიღებ და მათაც განსაკუთრებულად ვჭირდები. მერე, როცა ბაღში, სკოლაში ივლიან, მგონია, რომ ვინანებ - შვილებს კიდევ უფრო მეტი დრო რატომ არ დავუთმე-მეთქი.
- როგორც ტელეგადაცემებიდან ჩანს, ბავშვებს კარგად უგებ. თავიდანვე ასე იყო თუ პატარებთან კარგი ურთიერთობისთვის მუშაობა დაგჭირდა?
- კი, თავიდანვე ასე იყო: 8-9 წლისა ისეთ ოჯახში თუ მოვხვდებოდი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ, მაშინვე მასთან მივდიოდი და ვცდილობდი, დამეძინებინა, მასთან მეთამაშა... ბავშვებთან ურთიერთობისგან განსაკუთრებულ სიამოვნებას ვიღებდი. როცა წამოვიზარდე, პატარებთან ურთიერთობა მერეც მიყვარდა - ამას ბავშვებიც გრძნობენ, მირჩევენ და სათამაშოდ მივყავარ (იცინის). შემდეგ, "ეკივოკიში" ბავშვებთან ურთიერთობა არ მიწევდა, მაგრამ უკვე იმ აზრთან ვასოცირდებოდი, რომ პატარებთან კარგად ვურთიერთობდი. ახლა კონკურსში - "რანინა" განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები გავიცანი, რაც ძალიან დიდი სიამოვნებაა. ასეთი ტიპის კონკურსების წამყვანად ადრეც მიმუშავია - ვყოფილვარ იმ ოთახში, სადაც კონკურსანტები სცენაზე გასასვლელად ემზადებიან, მაგრამ საბავშვო კონკურსის წამყვანი პირველად ვარ. ეს ბევრად უფრო რთული და სტრესული ყოფილა. რთულია, როცა ბავშვები გამარჯვებისთვის იბრძვიან. შესაძლოა, ეს მათთვის თამაშივით არის, მაგრამ ჩემთვის მღელვარე წუთებია, როდესაც ქულებს იღებენ ან სცენაზე გასვლამდე ნერვიულობენ, თუმცა ამით ისინი ცხოვრებას სწავლობენ და ვფიქრობ, მომავალში დაბრკოლებების გადალახვა არ გაუჭირდებათ.
- ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების მიუხედავად, შვილებთან ურთიერთობისას ხომ არ დაბნეულხარ? - კი, ძალიან ვიბნევი ხოლმე (იღიმის), მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფეხმძიმობის გაგების პირველი დღიდან უამრავი ლიტერატურის კითხვა დავიწყე, წიგნები ვიყიდე და ვიცი, ბავშვის დაბადების პირველი დღიდან თინეიჯერობამდე, რა დროს რა არის საჭირო, მაგრამ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ამიტომ ხშირად ისეთი რაღაც ხდება, რასაც არ ელოდები. მაგალითად, გუშინ ჩემმა 2 წლის გოგონამ საოცარი სიჯიუტე გამოავლინა. ასეთ დროს ვერც უყვირებ, რადგან ყვირილით ვერაფერს გაიგებს. უხსნი, ბევრს ელაპარაკები, მაგრამ მაინც არ ესმის - თავისას აკეთებს. ამ დროს უკვე ვერ ვხვდები, რა გავაკეთო. თან მინდა, გავაგებინო და არ "გავატარო". მიმაჩნია, რომ ძალიან მცირეწლოვან ბავშვებსაც უნდა აუხსნა, რატომ იქცევა არასწორად. "2 წლის არის და ვერ გაიგებს" - ბავშვის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ უნდა არსებობდეს... მეორე შვილი უკვე 4 წლის არის, ბევრად უფრო მეტი ესმის და მეხმარება. ძალიან დაფიქრებული და ემოციური გახლავთ. ვცდილობ, შენიშვნა სწორად მივცე, რადგან რაც ზრდასრულებს მარტივი გვგონია, შესაძლოა, ბავშვს ის მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს. შვილების აღზრდისას ძალიან ფრთხილი ვარ. მინდა, სწორად გავზარდო, რომ ნაკლები სტრესი ჰქონდეთ, სირთულეების გადალახვა იცოდნენ და ძლიერები იყვნენ.
- ბავშვების აღზრდაში ძიძა გეხმარება?
- კი, ყველა მეხმარება: ჩემი და მეუღლის მშობლებიც, ბებიაც, ძიძაც... ბავშვების აღზრდაში ყველა აქტიურად მონაწილეობს. მარტოც ვარ ხოლმე, მაგალითად - ეს დღეები ბავშვებთან მარტო ვიყავი, რაც სასიამოვნოა, თუმცა - რთულიც... მოკლედ, შვილების აღზრდაში ყველა მეხმარება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, დედის როლი განსაკუთრებულია და არ მინდა, ბავშვებს ყურადღება მოვაკლო.
- ასაკის მატება გაშინებს?
- სიმართლე გითხრა, ამას ნელ-ნელა ვუფიქრდები. როცა ვიცი, ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი ახალგაზრდობაში როგორი იყო, ახლა კი მის ფოტოს ვუყურებ, სადაც უკვე დაბერებულია აღბეჭდილი, მინდა წარმოვიდგინო - ჩემი გარეგნობაც შეიცვლება, ისეთი ფიზიკური შესაძლებლობები ვეღარ მექნება, როგორიც ახლა მაქვს, იმდენს ვერ ვიმუშავებ, როგორც ახლა ვმუშაობ. მსურს, ეს რეალობა აღვიქვა, რომ მერე გული ძალიან არ დამწყდეს. ასაკის მატება მაშინებს-მეთქი, ვერ ვიტყვი. ყოველთვის მომწონდა ის ასაკი, რომელშიც ვიყავი: თინეიჯერული, ინსტიტუტში სწავლის პერიოდი, შემდეგ პროფესიაში თავის დამკვიდრების ეტაპი... მერე, ნელ-ნელა ის ასაკი დგება, როცა შენ გვერდით განსაკუთრებული მეგობრები რჩებიან, სხვები სხვა ადგილებზე ინაცვლებენ... 35 წლის ვარ და ახლაც ძალიან საინტერესო ასაკი მაქვს.
- როგორ ფიქრობ, შესაძლებელია მეორე ნახევრის გარეშე ქალი სრულყოფილად ბედნიერი იყოს?
- მგონია, რომ ბედნიერება ადამიანზეა დამოკიდებული. ამჟამად, ჩემთვის ყველაზე დიდი საოცრება ჩემი შვილები არიან. მართლა უზარმაზარი ბედნიერებაა, როცა შვილი გყავს, მაგრამ ვფიქრობ, ის ადამიანებიც, ვისაც შვილი არ ჰყავთ, პოულობენ სხვა ბედნიერებას და სხვა საყრდენს, რომელიც აბედნიერებთ... პირადად მე, მეორე ნახევარი ძალიან დიდხანს არ მყავდა, მაგრამ თავს ცუდად ან დაჩაგრულად სულაც არ ვგრძნობდი. არ ვოცნებობდი, როდის შემხვდება ვიღაც-მეთქი... ჩემი საქმე ვიპოვე და საკუთარ პროფესიაში აქტიურად დაკავებული გახლდით, მეგობრებთან აქტიურად ვურთიერთობდი, ბევრს ვმოგზაურობდი... სულ რომ არაფერი იყოს, მგონია, რომ ადამიანს ბედნიერების პოვნა შეუძლია, როცა ამდენი წიგნის წაკითხვის საშუალება აქვს და კიდევ, მილიონი რაღაცის მოფიქრება შეიძლება (მით უმეტეს - დღეს), რომ ცუდად არ იყოს. მთავარია, შინაგანად, საკუთარ თავთან იყო ჰარმონიულ დამოკიდებულებაში. უმნიშვნელოვანესია, რომ საკუთარი თავი იპოვო, მერე კი კომფორტის პოვნას ნებისმიერ გარემოში შეძლებ...
ეთო ყორღანაშვილი