დანით და ჩაქუჩით მოჭრილი ფრჩხილები - გზაპრესი

დანით და ჩაქუჩით მოჭრილი ფრჩხილები

ნინი ონიანი პროექტის - "ყველაზე ძლიერი" ის მონაწილე გახლავთ, რომელსაც საწვრთნელ ბაზაზე მისვლის პირველსავე დღეს, ღამის გათენება ტყეში, კარავში ხვდა წილად. გარდა ამისა, მასტერსერჟანტმა ფრჩხილები დაფაზე, ჩაქუჩის დახმარებით, დანით დააჭრა, რაც შოკის გარდა, ნინისთვის ფიზიკურ ტკივილთანაც იყო დაკავშირებული... დრო ვიხელთეთ და თბილისში მყოფ, მუხლებ და იდაყვებგადაყვლეფილ მებრძოლ ქალთან ინტერვიუ ჩავწერეთ, ვიდრე საწვრთნელ ბაზაზე დაბრუნდებოდა...

- როდესაც პროექტიდან - "ყველაზე ძლიერი" დამირეკეს და დამიბარეს, ზუსტად არ ვიცოდი, რაზე იყო საუბარი. მივედი და როცა გავარკვიე, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ყოფნა, ექსტრემალური რაღაცების კეთება მომიწევდა, რაც რეალურად, ძალიან რთულია, თან - არასოდეს გამიკეთებია, ფაქტობრივად, დაუფიქრებლად დავთანხმდი. ერთადერთი, რატომაც დავფიქრდი და შევყოვნდი, ის გახლდათ, რომ გარკვეული პერიოდით შვილის დატოვება მომიწევდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ისე მოვაგვარე, რომ პროექტში მონაწილეობა მაინც გადავწყვიტე. ახალ გამოწვევებზე ვგიჟდები. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- სამხედრო სამსახურზე არასოდეს გიფიქრია? წინათ ეს სფერო შენთვის საინტერესო იყო?

- გულწრფელი ვიქნები და გეტყვი, რომ პროექტში მონაწილეობამდე სამხედრო სამსახურზე არ მიფიქრია, მაგრამ როცა ეს ყველაფერი გავიარე და დღემდე გავდივარ, სურვილი გამიჩნდა, რომ ახალგაზრდებმა - გოგონებმაც და ბიჭებმაც მინიმალური სამხედრო წვრთნები მაინც გაიარონ. მიმაჩნია, რომ ადამიანს ეს ფიზიკურადაც და მორალურადაც ძალიან აძლიერებს, რადგან იქ ისეთ რაღაცებს სწავლობ, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად ვერ გადააწყდები და ვერ ისწავლი. კარგი იქნება, თუ ახალგაზრდებს ქვეყანა ისეთ პირობებს შეუქმნის, რომ მათ ამ წვრთნების გავლა, ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა მოუნდეთ.

- საწვრთნელ ბაზაზე მყოფმა ფრჩხილებთან დაკავშირებული შენიშვნა მიიღე...

- შედარებით მოზრდილი ფრჩხილები მქონდა, რაც ჯარში არ შეიძლება. შემდეგ ფრჩხილები ძალიან უცნაური წესით დამაჭრეს.

GzaPress- როცა ჩაქუჩის დახმარებით, დანით ფრჩხილებს გაჭრიდნენ, ერთი წამით მაინც არ შეგპარვია ეჭვი, რომ შეიძლებოდა, რამე დაგშავებოდა?

- დრო რომ გავიდა, ამ თემაზე ვხუმრობდით, - მწვანილის დაფაზე დანით და ჩაქუჩით ფრჩხილები დამაჭრეს-მეთქი (იცინის). იცი, რა, სიმართლე გითხრა, დამიშავდა კიდეც, რადგან როცა ბატონმა მასტერსერჟანტმა - თორნიკე თვარაძემ ფრჩხილები დანით მომაჭრა, საერთოდ არ იყო სასიამოვნო. იმ წუთში ისეთი შოკი მქონდა, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. გარკვეული პერიოდის მერე, ჩემი ფრჩხილები კანიდან აიწია, სისხლი წამომივიდა. საკმაოდ მტკივნეული პროცესი იყო, ვიდრე შემიხორცდებოდა. რამდენიმე თითი განსაკუთრებით მტკიოდა.

- ახლა როგორ ხარ? საერთოდ, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- ფრჩხილების დაჭრასთან დაკავშირებულმა ტკივილმა გამიარა. ჯანმრთელობის მხრივ, კარგად ვარ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ, ჩემს სხეულზე ადგილი არ არის დარჩენილი, სადაც სილურჯეები არ მაქვს. იდაყვები და მუხლებიც გადატყავებული მაქვს. ერთ-ერთი დავალების შესრულებისას ხელები ისე დავიშავე, რომ რამდენიმე თითში მგრძნობელობა ჯერ არ დამბრუნებია.

- და პროექტში მონაწილეობას მაინც არ ნანობ?

- არც ერთი წამით, პირიქით - მიმაჩნია, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო: გარდა იმისა, რომ ძალიან მაგარ გამოცდილებას ვიღებ და ბევრი რამ ვისწავლე, ფიზიკურად და მორალურად გავძლიერდი, ბევრად უფრო "მყარი" გავხდი. ბევრი მაგარი ადამიანი გავიცანი და ისეთი კარგი მეგობრები შევიძინე, რომ ალბათ, ვერც ვერასოდეს შევიძენდი - ეს რთული სიტუაციები რომ არ ყოფილიყო, მათ ასე ვერ დავუახლოვდებოდი. პროექტში მონაწილეობა ძალიან მიხარია.

- რამდენიმე მონაწილის შემოთავაზებაზე, რომ შენს ნაცვლად ტყეში ღამე გაეთიათ, უარი თქვი. ეს სიმამაცის გამო გააკეთე, სტრატეგია შეიმუშავე თუ?..

- ისე მოხდა, რომ 19 ადგილი იყო, მაგრამ 20 ადამიანი ვიყავით. პროექტში, რომელსაც "ყველაზე ძლიერი" ჰქვია, მონაწილემ შენი გასაკეთებელი თავად უნდა გააკეთო. მიმაჩნია, რომ სწორი არ იქნებოდა, თუ ჩემი დავალების შესასრულებლად სხვას გავუშვებდი. არანაირი სტრატეგია არ ყოფილა. ჩემი დახმარების სურვილი ბიჭებმაც (9 ბიჭიდან რვამ) და გოგონებმაც რომ გამოთქვეს, ამან ძალიან გამახარა, რადგან პირველსავე დღეს მათი მხარდაჭერა ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, ერთმანეთს ვეჯიბრებით და ვამბობთ, - ერთმანეთთან ომი გვაქვსო, კარგი, ლამაზი და საყვარელი ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მიხარია.

- ანატოლი ბოისას საქციელს როგორ შეაფასებ - მას შენს ნაცვლად ტყეში ღამის გათენების სურვილი არ გამოუთქვამს...

- ცოტათი კომფორტის მოყვარული ბიჭია (იცინის). თავისი კომფორტი არ დათმო. თუმცა იმ 8 კაცმა, ვინც ასე დაუფიქრებლად თქვა, რომ ადგილს გამიცვლიდნენ, რა თქმა უნდა, ჩემში ძალიან კარგი ემოციები დატოვა.

- როგორ ფიქრობ, პროექტის დასრულების შემდეგ შენი ცხოვრება როგორ გაგრძელდება - თავს მოდუნების უფლებას მისცემ?

- პროექტი რომ დასრულდება, ძალიან მინდა, ცოტა ხანს დავისვენო, რადგან რაც უნდა იყოს, წვრთნებში მონაწილეობა საკმაოდ სტრესულია. ფიზიკურადაც ძალიან ვიღლებით. ყოველი დღე ისეთი დატვირთულია, ვერ წარმოიდგენთ. ცოტა ხნით დასვენება მსურს, მაგრამ თავს მოდუნების საშუალებას არ მივცემ, პირიქით - ცხოვრებაში იმის სტიმული მომეცა, რომ უფრო მეტი გავაკეთო, მეტს მივაღწიო...

- როგორ ფიქრობ, ერთ-ერთ მონაწილედ სწორედ შენ რატომ შეგარჩიეს?

- ალბათ მიიჩნიეს, რომ ამ შოუში ერთ-ერთი ღირსეული მონაწილე და მებრძოლი ვიქნებოდი. ასე რომ არ ყოფილიყო, არა მგონია, ვინმეს ჩემთვის ასეთი რამე შემოეთავაზებინა.

- როცა ეკრანზე მებრძოლის ამპლუაში საკუთარი თავი ნახე, როგორი რეაქცია გქონდა? წინათ ეკრანზე ძირითადად, გამოპრანჭული, მოწესრიგებული ჩნდებოდი ხოლმე...

- ბაზაზე მაკიაჟის გაკეთების, მოწესრიგების არც უფლება გვაქვს და არც - დრო. შეიძლება, ვინმემ ცუდად გამიგოს, მაგრამ როცა ეკრანზე საკუთარ თავს ვხედავ, მგონია, რომ 18 წლის გოგო ვარ (იღიმის). უმაკიაჟოდ უფრო პატარას ვგავარ, მაგრამ მთავარი ეს არ არის: როცა უკვე ვიცოდი, რომ პირველი ეპიზოდი ეთერში უნდა გასულიყო, ვფიქრობდი, - ვუყურო თუ არა-მეთქი? ჩემთვის ეს ყველაფერი ემოციურად ისეთი დატვირთულია, რომ ამის "გვერდიდან" ყურება რთულია, მაგრამ მაინც გავბედე და ვუყურე. ცოტა ვინერვიულე, ცოტა ვიცინე... შერეული ემოციები მქონდა (იღიმის). საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ნანახმა პოზიტიურად განმაწყო.

- გარშემო მყოფებისგან როგორი შეფასებები მიიღე?

- ყველა ისტერიკაშია - მირეკავენ და ჩემს ფრჩხილებთან დაკავშირებით მეკითხებიან. ტყეში ღამის გათენებასთან დაკავშირებით მეუბნებიან, - ვაიმე, როგორ არ შეგეშინდა, იქ მგელი ან ტურა არ იყოო?.. ყველაფერი იყო და აბსოლუტურად ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ რაღაცნაირად, ნერვები მოვთოკე, შიშს არ ავუტანივარ... მოკლედ, მას მერე, რაც გადაცემა ეთერში გავიდა, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა - მირეკავენ და მეკითხებიან, როგორ ვარ და ა.შ.

- მონაწილეთაგან ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის მიიჩნევ?

- იქ წარმოუდგენელი რაღაცები ხდება: დავალებების შესრულებისას ადამიანები ისე გარდაიქმნებიან, ყველაფერს ისეთი თავდადებით აკეთებენ, რომ შეიძლება, მაყურებლებს ვერასოდეს წარმოედგინა ვიღაც-ვიღაცების შესახებ რაღაც-რაღაცები... ისეთ ამბებს ნახავთ, გაოცებულები დარჩებით. ამიტომ ძლიერ კონკურენტად კონკრეტულად ერთ ადამიანს ვერ დავასახელებ, რადგან აბსოლუტურად ყველა მონაწილე ისეთი მოტივირებული და ისეთი მაგარია, რომ ვერავის გამოვყოფ.

- შენი ბიჭუნა როგორ ეგუება დედასთან განშორებას?

- ცოტათი ბუტია გახლავთ. პროექტის გარდა, რამე გადაღებაც რომ მქონდეს და დილიდან საღამომდე შინ არ ვიყო, ვერ ვნახო, მებუტება. ჰოდა, ახლა ხან მელაპარაკება, ხან - არა. მაინც დედას მონატრებულია და სანამ მცალია, რომ ვეკონტაქტო, დროს მაქსიმალურად ვიყენებ, მაგრამ ცოტათი განაწყენებულია - ამას ვგრძნობ. არა უშავს - როგორც კი პროექტი დასრულდება, დანაკლისს ავანაზღაურებთ - მთელ თავისუფალ დროს შვილს დავუთმობ.

- დაბოლოს, საწვრთნელ ბაზაზე ყოფნამ რა გასწავლა, რა "მოგცა"?

- ამას სულ ვიტყვი, რომ ექსტრემალურ სიტუაციებში ყოფნა ადამიანს აძლიერებს, თუკი ის არ აჰყვება ნერვებს, ემოციებს, ინტრიგებს და მსგავს რაღაცებს. მეც და ბევრი სხვა მონაწილეც ძალიან გავძლიერდით. ისინი ჩემ თვალწინ აბსოლუტურად სხვა ადამიანებად იქცნენ. შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ მაინც - მეომრებად (ცოტათი გადატანითი მნიშვნელობით) ჩამოვყალიბდით. პირველი სწორედ ეს არის, რაც პროექტმა "მომცა"; მეორე - ისეთი ფიზიკური დატვირთვა გვაქვს და ფაქტობრივად, ისეთი ნავარჯიშები ვარ, ვამბობ ხოლმე - ლომს შევეჭიდები-მეთქი (იცინის)... ეს პროექტი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ასეთ გამოცდილებას ვერასოდეს მივიღებდი.

ეთო ყორღანაშვილი