მომღერალი, რომელმაც წარმატებული კარატისტის კარიერა ოპერაზე გაცვალა - გზაპრესი

მომღერალი, რომელმაც წარმატებული კარატისტის კარიერა ოპერაზე გაცვალა

გიორგი მჭედლიშვილის სახელი უკვე ჩაეწერა იმ ქართველ შემსრულებლებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ წარმატებით მოღვაწეობენ. რა გზა გამოიარა მან დღემდე და როგორია მისი უახლოესი პროფესიული გეგმები? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე მომღერალი ბერლინიდან გვპასუხობს.

- გიორგი, დიდი ხანია გიცნობ. პირველად თქვენს ოჯახში ინტერვიუზე ბებიაშენთან, მზია დავითაშვილთან ვიყავი. მახსოვს, მაშინ იმღერე. ბებიას არ სურდა, მომღერალი გამოსულიყავი იმ მძიმე შრომის გამო, რაც თქვენს პროფესიას თან ახლავს. როგორ მოახერხე შენი გაგეტანა?

- დიახ, ასე იყო. გამიმართლა, რომ ისეთი გამოცდილი მომღერლის ოჯახში დავიბადე, როგორიც მზია დავითაშვილია. მას კარგად ესმოდა ამ საქმის ყველა სირთულე, რის გამოც თავიდან არ იყო მომხრე მომღერალი გავმხდარიყავი და ეს გასაგებია. იურიდიულზე ჩავაბარე და გარკვეული პერიოდი იქ ვსწავლობდი, თუმცა, ბოლოს ჩემი გზა მაინც კონსერვატორიისკენ წავიდა. ჩავაბარე და სწავლის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ბებია დარწმუნდა, რომ "ამ საქმიდან" რაღაც გამოვიდოდა. გარდა იმისა, რომ მან მომღერლის ცხოვრების გზის სირთულე კარგად იცის, მისთვის ისეთი დეტალებიც არაა უცხო, რომელიც გზის გაკვალვაში ეხმარება მომღერალს. ასე რომ, მისი დახმარებით და მუხლჩაუხრელი შრომით ფაქტობრივად, მივაღწიე მიზანს, მომღერალი გავხდი. ახლა კი წინ უამრავი მიზანია, რომელიც რა თქმა უნდა, თავიდანვე დავისახე. თუმცა, ალბათ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ ეტაპებზე ძალიან გამიმართლა. ჩვენს საქმეში გამართლებას, იღბალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- როგორ ფიქრობ, რომ არა ოჯახი და ის გარემოცვა, რომელშიც გაიზარდე, მუსიკა მაინც იქნებოდა შენს ცხოვრებაში?

- ვერ წარმომიდგენია, სხვა რა პროფესიისათვის შეიძლება თავი მიმეძღვნა. ბავშვობიდან კარატეთი ვიყავი გატაცებული, პროფესიულ დონეზე (შავი ქამრის მფლობელი და კავკასიის ჩემპიონიც გახლავართ). როგორც გითხარით, უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზეც დავიწყე სწავლა, თუმცა ვერაფერმა შეძლო ჩემი მოხიბვლა ისე, როგორც ეს სიმღერამ მოახერხა.

- მუსიკალური ათწლედი, კონსერვატორია - ამ ეტაპების გავლის შემდეგ გერმანიაში მღერი...

- დიახ, ასეა. როგორც აღვნიშნე, ოპერა ჩემთვის ბავშვობიდან ძალიან ახლობელი იყო. გარდა იმისა, რასაც ოპერის თეატრში ვუსმენდი, სახლშიც მზიასთან უამრავი სტუდენტის გაკვეთილს ნებით თუ უნებურად ვესწრებოდი. წლების განმავლობაში ბებიასთან ყველა ასაკის ადამიანი დადიოდა და ახლაც დადიან გაკვეთილებზე. რა თქმა უნდა, ათწლედიდან დაიწყო დიდი მოგზაურობა ვოკალურ სამყაროში. მახსოვს, მზიას ერთ-ერთი მოსწავლე რუდოლფის არიას მღეროდა ვინჩენცო ბელინის ოპერიდან "სომნამბულა" და ასე, მოსმენით ნასწავლი არია, 17 წლისამ შევასრულე მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან. მან დაადასტურა, რომ საოპერო მონაცემი ნამდვილად მქონდა და სწავლა დავიწყე.

- რამდენი ხანია, რაც გერმანიაში ხარ?

- თბილისის კონსერვატორიაში მაგისტრატურის დასრულებიდან სულ ცოტა ხანში, ბერლინის შტაატსოპერის შესანიშნავ თეატრში მოვხვდი, სადაც ვიმყოფები ახლაც, აქტიურად ვარ ჩართული მიმდინარე და მომდევნო სეზონების არაერთ სპექტაკლში. საკმაოდ დატვირთული გრაფიკია, თუმცა, ბევრი შრომა ყოველთვის სასიამოვნო შედეგით მთავრდება.

GzaPress

- როგორც ვიცი, თბილისშიც გიწევს სიმღერა. რომელ სპექტაკლებში მიიღე მონაწილეობა? - გასულ სეზონზე ვმონაწილეობდი რამდენიმე სპექტაკლში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჯუზეპე ვერდის "სიმონ ბოკანეგრა", რომელში სიმღერითაც დიდი გამოცდილება მივიღე და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა ჩემთვის. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, რა თქმა უნდა, იყო შემოთავაზებები თეატრის ხელმძღვანელობისგან, მაგალითად, ბოლოს "კარმენში" ესკამილიოს პარტიაზე მიმიწვიეს, თუმცა, სამწუხაროდ, თბილისური კარმენი ბერლინში ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის გასტროლს ოპერით "რიგოლეტო" დაემთხვა, სადაც ყველა პერფორმანსში ვმონაწილეობ, ამიტომ თბილისში ჩამოსვლა შეუძლებელი იყო.

- დამოუკიდებლად ცხოვრებას მარტივად შეეგუე? რა გაგიჭირდა ყველაზე მეტად და რა გენატრება?

- დიახ, ძალიან რთულია მშობლიურ ქალაქთან, უბანთან, მეგობრებთან განშორება, ანუ ყველაფრისაგან შორს ყოფნა, რაც გიყვარს. მაგრამ ჩვენი პროფესია დიდ მსხვერპლს ითხოვს: თუ გინდა, ეს საქმე აკეთო, სხვა ყველაფერი უკანა პლანზე ინაცვლებს. განსაკუთრებული რეჟიმია საჭირო, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ალკოჰოლისა და სიგარეტისგან შორს "ყოფნა", სახმო აპარატის სიჯანსაღისთვის - ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ძილიც. ყველაფერი ეს ცოტა უცხო და გასაკვირია იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეული არ არის ჩვენს საქმეში, მაგრამ ასეა.

- დაგვისახელე შენთვის საყვარელი კომპოზიტორები, ოპერები. აქვე გკითხავ, რომელიმე შენს საოცნებო ოპერაში თუ შეგისრულებია პარტია?

- საოპერო ხელოვნების ყველა ნაწარმოებს განსხვავებული, ინდივიდუალური ხიბლი აქვს. ამიტომ განსაკუთრებულად გამოყოფა რთულია. როცა კონკრეტულ პარტიაზე ვმუშაობ, მაშინ ის მიყვარს. თუმცა, მაინც შემიძლია გამოვყო რიგოლეტოს პარტია და ბარონი სკარპია ოპერიდან "ტოსკა". შესანიშნავად მახსოვს, ბავშვობაში, ჩვენს თეატრში დიდი ინტერესით ვუსმენდი ამ ოპერებს და დიდ აღტაცებას იწვევდა ჩემში ამ პარტიების უბადლო შემსრულებელი ბატონი რევაზ ლაგვილავა. განსაკუთრებული დრო იყო, როცა საოცრად დაძაბული, წარმოუდგენლად რთული პირობების მიუხედავად, ჩვენი უნიჭიერესი მომღერლები ფაქტობრივად სანთლის შუქზე აგრძელებდნენ ამ დიდი საქმის კეთებას. ეს გმირობის ტოლფასია! მე ბედნიერი ვარ, რომ მოვისმინე ისეთი დიდი არტისტების შემოქმედება, როგორებიც არიან: მზია დავითაშვილი, მაია თომაძე, თემურ გუგუშვილი, ელდარ გეწაძე, მარიცა მაღლაფერიძე, მანანა ეგაძე, ჯემალ მდივანი, ალეკო ხომერიკი და სხვა მრავალი შესანიშნავი მომღერალი.

- შენი აზრით, რა განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ამდენი წარმატებული მომღერალი გვყავს საზღვარგარეთ? ისინი თანაბრად მოსწონთ როგორც მსმენელს, ისე დამქირავებლებს...

- ნამდვილად განსაკუთრებულია ქართველი მომღერლების ადგილი მსოფლიო საოპერო სცენებზე. ვფიქრობ, გამორჩეული ხმები, შესანიშნავი ვოკალური ტექნიკა, კავკასიური ტემპერამენტი, რომელიც ძალიან საინტერესოდ ვლინდება ევროპულ (და არა მხოლოდ) რეპერტუარში, განუმეორებელ სინთეზს გვაძლევს, რაც ნამდვილად მიმზიდველია ყველა თეატრისათვის. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ დიდ სცენაზე შეგიძლიათ იხილოთ ქართველი მომღერალი, ამერიკიდან ავსტრალიამდე და, რა თქმა უნდა, ევროპაში.

- დაბოლოს, როგორია შენი უახლოესი 2 წლის გეგმები...

- როგორც უკვე გითხარით, აქტიურად ვემზადები ბერლინის შტაატსოპერის მომდევნო სეზონებისათვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა თეატრებთანაც. ალბათ იქნება რამდენიმე კონკურსიც და როცა თავისუფალ დროს გამოვნახავ, აუცილებლად ჩამოვალ თბილისში, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი პუბლიკისათვის სამღერად!

ანა კალანდაძე