დავით დვალიშვილის ერთადერთი უსიამოვნო როლი - გზაპრესი

დავით დვალიშვილის ერთადერთი უსიამოვნო როლი

მსახიობი დავით დვალიშვილი ამჟამად სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ბადრი კოლიას როლს ასრულებს და მისი ხასიათის თვისებებიდან რაღაცები მოსწონს კიდეც. 49 წელია, რაც მსახიობი დაოჯახებული გახლავთ. 2 შვილი და 22 წლის შვილიშვილი ჰყავს. მისი ქალიშვილი გერმანიაში ცხოვრობს. ბატონ დავითს ქართველი ემიგრანტების გამო გული სტკივა და სამშობლოში მათ დაბრუნებას ერის გამარჯვებად მიიჩნევს... დავით დვალიშვილს მარჯანიშვილის თეატრში შევხვდით და ვესაუბრეთ საინტერესო ცხოვრების გზის შესახებ...

გოგოს გამო არჩეული პროფესია

- ტყიბულში დავიბადე, სამტრედიაში გავიზარდე. როგორც ჩემი ასაკის ყველა ადამიანს, სასიამოვნო და ია-ვარდით მოფენილი ბავშვობა არ მქონია: ქვეყანაში გაჭირვება იყო. შავი პური იყიდებოდა - რას გვაჭმევდნენ, კაცმა არ იცოდა. ახლა გვეუბნებიან, - თქვენი თაობა ომს არ მოსწრებიაო. როგორ არ მოვესწარით?! ბიძაჩემი ომში რომ დაიკარგა, მამიდაჩემმა შავი სამოსი ჩაიცვა. მისი შავი ტანსაცმელი რომ გაცვდა, იქიდან ქვედა საცვალი შემიკერეს და მე არ მოვსწრებივარ ომს?! ყველაფერს მოვესწარით, რაც კი შეიძლებოდა, ადამიანს ცუდი გადახდენოდა თავს: შიმშილობას, ხრუშჩოვის პერიოდს, პური რომ არ იშოვებოდა და დილის 5 საათიდან რიგებში ვიდექით... მერე 60-იანი წლები იყო, სამამულო ომები გადავიტანეთ და ახლაც რა დღეში ვართ, ხომ ხედავთ? არ ვიცი, რატომ დავისაჯე, რომ ასეთ პერიოდში მეცხოვრა...

- სირთულეების მიუხედავად, ყმაწვილობის პერიოდი ადამიანებს მაინც სასიამოვნოდ ახსენდებათ. ალბათ, თქვენც გქონდათ ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდები...

- სასიამოვნო როგორ არ მახსენდება, კაცო? ყოველთვის მიყვარდა და დღემდე სიყვარულით მოვედი. თეატრში მსახიობად იმიტომ წავედი, რომ გოგო, რომელიც მომწონდა, დაქალს ეუბნებოდა, - ცოლად მსახიობს გავყვებიო. მსახიობი ამის გამო გავხდი... ჩემი ცხოვრება სიყვარულით სავსე იყო.

- იმ გოგოსთან ურთიერთობა განაგრძეთ?

- არა, მაშინ დაახლოებით მე-7 კლასის მოსწავლე ვიყავი. შემდეგ სხვა შევირთე ცოლად, მაგრამ ჩემს პროფესიულ არჩევანზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა. ეს ამბავი გონებაში ჩამრჩა - რადგან ვთქვი და შევფიცე, შევასრულე კიდეც. სხვათა შორის, ჩემთვის ოჯახშიც არ გაუწევიათ წინააღმდეგობა, პირიქით - მამა დამეთანხმა და მითხრა: კი ბატონო, როგორც გინდა, ისე მოიქეციო. ამისთვის მადლობელი ვარ.

GzaPress

"თუ ვინმე რამეს გასწავლის, მისი მადლიერი უნდა იყო" - ჩემი სტუდენტობისას თეატრალურ ინსტიტუტში სულ 30 მსახიობი ვსწავლობდით: 3 ჯგუფი იყო და თითოში - 10-10 ვიყავით. ახლა უზარმაზარი უნივერსიტეტია.

- თუმცა სწავლის დონეს აკრიტიკებენ...

- უნდა აკრიტიკონ, რა თქმა უნდა. ადამიანს უნივერსიტეტში ფულის გამო რომ მიიღებ, შედეგი არ იქნება. მერე ეს ხალხი ბოროტდება: როლი არ აქვთ, თეატრში არ არიან, უკვე ცუდ ხასიათს ამჟღავნებენ... ასე რომ, ჯობია, ცოტანი იყვნენ. ხელოვნების ინსტიტუტებში (თეატრალური, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია...) სწავლა უფასო უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, უკეთეს შედეგს მივიღებთ.

- თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების ჩაბარება არ გაგიჭირდათ?

- როცა სასცენო მეტყველებას, ხელოვნებას წარმატებულად აბარებდი, შემდეგ რაღაცებზე თვალს ხუჭავდნენ, მაგრამ თუ საჭირო იყო, "ჩაგჭრიდნენ". თუკი შენში ნიჭს დაინახავდნენ, პირიქით - ხელს გიწყობდნენ. გამოცდაზე პრორექტორმა გადასაწერი მასალა მომიტანა - გადაიწერეო (იცინის)... ჩვენი პედაგოგები იყვნენ: აკაკი ხორავა, გურამ საღარაძე, სერგო ზაქარიაძე, კუკური პატარიძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო? მაშინ "კედელზე გაკრულები" ვიყავით, როცა ხორავა თუ ვასაძე ჩაივლიდა ხოლმე. ეგ კი არა, მარჯანიშვილის ფოიეში ვერიკო, სესილია, გოძიაშვილი რომ ისხდნენ, იქ ახალგაზრდა მსახიობები ვერ შედიოდნენ - ერიდებოდათ, რცხვენოდათ, თავს უფლებას არ აძლევდნენ, მისულიყვნენ... ახლა რომ გაივლი, ახალგაზრდებს მაგიდაზე ფეხები აქვთ შემოწყობილი. დღეს თავხედობას "უკომპლექსობას" უწოდებენ. ასეთი დამოკიდებულება, რასაკვირველია, აღზრდამ "მოიტანა". ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მერე იტყვიან, - ამდენი უბედურება რატომ ხდებაო? აი, ამიტომ, გაუზრდელობით ხდება... ბედნიერი ვარ, რომ სტუდენტობისას საოცარ პედაგოგებთან ურთიერთობამ მომიწია. თუ ვინმე რამეს გასწავლის, მისი მადლიერი უნდა იყო და კარგად მოუსმინო...

- თქვენი სტუდენტური ცხოვრება როგორი იყო?

- ძალიან დატვირთულები ვიყავით. თითქმის მთელ დღეს ინსტიტუტში ვატარებდით: გვქონდა ლექციები, შემდეგ - ინდივიდუალური მეცადინეობა, მერე - სპექტაკლებზე მუშაობა... ვშრომობდით, ყველაფერს ვსწავლობდით. მაგალითად, კოწო ბადრიძე სიმაღლიდან "გადმოვარდნას" გვასწავლიდა. მერე ახმეტელის თეატრში მივედი და იქ მოსულმა გოგონებმა, ვისაც ინსტიტუტში სწავლა ახალი დასრულებული ჰქონდათ, ხელში მარაოს დაჭერა არ იცოდნენ. ჩვენ, ბიჭებმა ვიცოდით, მარაო როგორ უნდა გაგეხსნა და თვალების რა სასიყვარულო ჟუჟუნი "მიდიოდა"... ამჟამად, თეატრალურ უნივერსიტეტთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, რომ მის შიდასამზარეულოს კარგად ვიცნობდე, მაგრამ ვფიქრობ, ისეთი დონის სწავლება აღარ არის.

GzaPress

"ცხოვრებაში როლზე უარი 1-2-ჯერ მაქვს ნათქვამი" - მხოლოდ თეატრში 130-მდე როლი ვითამაშე. მათ შორის რომელიმეს გამოყოფა ძნელია. 26 წლის ვიყავი, როცა ილარიონის როლი შევასრულე. ბებიის როლს 24 წლის ევა ხუტუნაშვილი ასრულებდა. ზურიკელას როლის შემსრულებელი - მერაბ ჩიქოვანი ჩემზე უფროსი გახლდათ. მას თეატრალური ინსტიტუტი არ ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ საოცარი ნიჭის, მართალი სიტყვის პატრონი იყო!.. ილარიონის როლი იმიტომ გამახსენდა, რომ მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი... ერთადერთი როლი, რომელიც არ მიყვარდა და მისი გახსენებისას დღესაც ტანში მაჟრიალებს, კიტა ბუაჩიძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში - "პლატონი" პლატონის შვილის როლში ვიყავი. ეს რომ მახსენდება, ახლაც ვწითლდები. ამ როლს ვერაფერი მოვუხერხე. ისე მახსოვს, როგორც ჩემს თავს დამტყდარი უბედურება. ეტყობა, მე და ის პერსონაჟი ხასიათით ცა და დედამიწასავით განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. ახლა გამოცდილება მაქვს, მაგრამ ახალგაზრდობაში მსახიობი ინტუიციით მუშაობს. მაშინ ინტუიციამ მიღალატა (იღიმის).

- შემოთავაზებულ როლზე უარი გითქვამთ?

- ცხოვრებაში როლზე უარი 1-2-ჯერ მაქვს ნათქვამი. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში, ამის უფლება არც გვქონდა. ახლა თეატრში მქონდა შემთხვევა, როცა რეჟისორს შევხედე და მივხვდი - მასთან დროის დაკარგვა არ მინდოდა. წარმოიდგინეთ, 6-7 თვე უნდა იმუშაო. არადა, უკვე ვიცი, რომ სპექტაკლი განწირულია. მე უკვე "მივდივარ" და უფლება არ მაქვს, 6 თვე რაღაც სიშტერეს შევწირო.

- უარის მიზეზად რას ასახელებთ - დელიკატური ხართ თუ სათქმელს პირდაპირ ამბობთ?

- შევხედავ, დავაკვირდები, მერე კი რაღაცას მოვიგონებ: ან გადაღებაზე ვარ, ან - არ შემიძლია, ხომ ხედავ, დავბერდი-მეთქი, - ვეტყვი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, დელიკატურობა აუცილებელია, თუმცა ხანდახან პირდაპირიც უნდა იყო.

"ბადრი კოლიას შეუვალობა და პრინციპულობა მომწონს" - არასოდეს მითამაშია ისეთი საშიში და მკვლელი ადამიანის როლი, როგორიც ბადრი კოლიაა სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები". ჩანს, რომ ჩემი პერსონაჟი ასეთია, თორემ ისე ადამიანს რას შეატყობ? ადამიანი გარემომ უნდა "ითამაშოს", როგორც მეფე - ანტურაჟმა. მოკლედ, ასეთი ხასიათის პერსონაჟის თამაში ძალიან საინტერესოა. დღეს ღამის პირველ საათზე კიდევ გადაღება მაქვს - სერიოზულ ეპიზოდში უნდა ვითამაშო.

- როცა ამ როლს გაეცანით, ბევრი იფიქრეთ, ვიდრე მის შესრულებას დათანხმდებოდით?

- ჩემმა მეგობარმა, ვინც სერიალისთვის მსახიობებს არჩევს, შემომთავაზა - ასეთი როლია და თუ სურვილი გაქვს, შეასრულო, იქნებ მოხვიდეო. ვუთხარი, - არ მინდა, ერთ სერიაში გამოვჩნდე და მერე დავიკარგო-მეთქი. - არა, ამ სეზონში იქნებიო, - მიპასუხა. - კარგი, მაშინ მოვალ-მეთქი, - დავთანხმდი. შემდეგ სცენარი გამომიგზავნეს. თან, წინასწარ არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება - სცენარს თანდათან წერენ. სხვათა შორის, ეს უფრო საინტერესოა, ცხოვრებას ძალიან ჰგავს - ხვალ რა მოხდება, არ ვიცით...

- თქვენი პერსონაჟის საქციელი გაოცებთ?

- უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ არაფერი მაოცებს - ყველაფერი ნანახი, გაგონილი მაქვს, ხასიათის ეგ თვისებები ვიცი... ალბათ, ბევრი თვისება ჩემშიც არის, რომელსაც მოძიება უნდა...

- საინტერესოა, ბადრი კოლია რითი გგავთ?

- რომ იძახიან, მკვლელი და უბედურებააო, გარდა ამისა, შეუვალი და პრინციპული გახლავთ. ასეთი რატომ არ უნდა იყო? ამ კაცის პრინციპულობა ძალიან მომწონს.

- სოფო გორელაშვილი - "თქვენი" შვილის როლის შემსრულებელი როგორი პარტნიორი აღმოჩნდა?

- მშვენიერი გოგოა. წინათ მასთან შეხება არ მქონია. პირველად შევხვდი. ერთმანეთი გავიცანით, ვაგინეთ ერთმანეთს და დავიშალეთ (იცინის). გარდა იმისა, რომ მშვენიერი გოგოა, ეტყობა, რომ ნიჭიერია - ნებიერა შვილის ხასიათი კარგად "გააკეთა".

- რეალურ ცხოვრებაში, შვილებთან ურთიერთობისას წონასწორობა დაგიკარგავთ?

- მამათა და შვილთა ბრძოლა ყოველთვის არის, იყო და იქნება კიდეც.

"ღვინოს სისუფთავე, წესრიგი, სითბო და სიყვარული უყვარს" - ეზოში ვარდები მაქვს და ვუვლი - ყვავილები ძალიან მიყვარს. თბილისში პატარა ეზო მაქვს, მაგრამ ტალავერი გავაკეთე - ვაზი "მომყავს". 150-200 ლიტრ წითელ ღვინოს ვწურავ თბილისში. ასურეთში 500-600 ძირი თეთრი ვაზი, რქაწითელი მაქვს - სერიოზული სამუშაოა! მუშაობა უკვე დავიწყე, პირველად უკვე შევწამლე. იქ ღვინო სისტემატურად გვაქვს. თუკი ადრე სახლში ღვინის დამლევი მე ვიყავი, ახლა უკვე სამნი ვართ - მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი. ჩემს მარანში სიგარეტს ვერავინ მოსწევს, ხმამაღლა ვერ ილაპარაკებს, ბილწისტყვაობა დაუშვებელია. ღვინოს სისუფთავე, წესრიგი, სითბო და სიყვარული უყვარს.

- მევენახეობა, მეღვინეობა დამოუკიდებლად ისწავლეთ?

- რა თქმა უნდა. თავდაპირველად, ვაზის მოვლის შესახებ არაფერი ვიცოდი. ცხონებული მამიდაჩემი იმერეთში კი მასწავლიდა - ასე გააკეთე, ისე გააკეთეო, მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი. მერე ეს საქმე თავად დავიწყე. სოფლის სამეგობრო მეხმარებოდა - მირჩევდა, რა როგორ გამეკეთებინა. ყველაფერს თავად ვაკეთებ და ძალიან მსიამოვნებს: შეწამვლა, გაკვირტვა, გასხვლა... როცა გაზაფხულზე ვაზს ვნახავ, როგორი მხრებჩამოყრილი, ჩათოვლილი, ჩანაწვიმები, ნახირის მიერ მიმტვრეულ-მომტვრეულია, შემდეგ გავსხლავ, მავთულზე გავაკრავ და როგორ გაიმართება, დამშვენდება, აი, ეს სილამაზე მაგიჟებს ხოლმე! ვაზს თუ აჩეხავ, მის ადგილზე 5-9 ამოდის. ძირი ისე ღრმად აქვს მიწაში გადგმული, რომ ვერ იწვება და იჩეხება... ასე რომ, ჩვენი ვაზი არ გადაშენდება.

ეთო ყორღანაშვილი