რაში ჩაიჭრა რომანტიკული წყვილი - გზაპრესი

რაში ჩაიჭრა რომანტიკული წყვილი

ამჯერად ახალგაზრდა წყვილი - ნიკა ჩხაიძე და თინი გალდავა "გამოვცადეთ": მსახიობ ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ - ისე, რომ ერთმანეთის პასუხები არ მოესმინათ და გავარკვიეთ, კარგად იცნობენ ერთმანეთს თუ არა...

ეთო ყორღანაშვილი

- როგორ ფიქრობთ, ერთმანეთს კარგად იცნობთ თუ კიდევ არის დეტალები, რისი აღმოჩენაც გაოცებთ? თქვენი პასუხები რამდენი პროცენტით დაემთხვევა ერთმანეთს?

ნიკა:

- რა თქმა უნდა, ყოველთვის რაღაცების აღმოჩენის პროცესში ვართ. ბოლომდე რომ გავიცნოთ ერთმანეთი, ასე ცხოვრება უინტერესო გახდება. ალბათ, მაინც არის რაღაცები, რაც ერთმანეთის შესახებ არ ვიცით. სავარაუდოდ, ჩვენი პასუხების 90% ერთნაირი იქნება.

თინი:

- ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მაგრამ ვიზრდებით და თავისთავად, ახალი აღმოჩენებიც არის. ამის თქმა რთულია, მაგრამ ალბათ, ჩვენი პასუხები 90-100%-ით დაემთხვევა ერთმანეთს.

- როდის გამოუტყდი სიყვარულში? ის როდის გამოგიტყდა?

ნიკა:

- 2012 წლის 23 ივლისს. ისიც იმ დღესვე გამომიტყდა. ჯგუფელები ვიყავით და რა თქმა უნდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ორივე ვხვდებოდით, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ 23 ივლისი იყო დღე, როცა ამ ყველაფერს ერთმანეთს მივუხვდით.

GzaPress თინი: - 23 ივლისს. ალბათ, 7-8 წლის წინ იყო, ზუსტად არ მახსოვს... ნიკა სიყვარულში რომ გამომიტყდა, მეც იმ დღესვე გამოვუტყდი.

- რა იყო პირველი საჩუქარი, რომელიც სიყვარულის ნიშნად, შეყვარებულის ამპლუაში გაჩუქა? თავად რა აჩუქე პირველად?

ნიკა:

- აუ, ნაღდად არ მახსოვს, პირველად რა ვაჩუქე. არც ის მახსოვს, მან რა მაჩუქა. მაგალითად, ახალი შეყვარებულები ვიყავით, როცა საყვირი მაჩუქა. მახსოვს, ძალიან გამიხარდა. ჯგუფელები ვიყავით და ერთმანეთს რაღაც სიურპრიზებს ვუკეთებდით. ერთხელ, დილით აუდიტორიაში შემწვარი კვერცხი მომიტანა სახლიდან (იცინის). რა თქმა უნდა, ყვავილებს ხშირად ვჩუქნიდი - მინდვრის ყვავილები ძალიან უყვარს, მაგრამ კონკრეტულად პირველ საჩუქარს ვერ ვიხსენებ. მახსოვს, შეყვარებულობის პერიოდი ახალი დაწყებული გვქონდა, როცა ბეჭედი ვაჩუქე... ალბათ, ასეთი დეტალები თინისაც არ ემახსოვრება... ეგ ის 10%-ია, რაც ვივარაუდე, რომ ჩვენი პასუხები ერთმანეთს არ დაემთხვეოდა, თუ კიდევ იქნება შეკითხვები (იცინის)?

თინი:

- სუნამო მაჩუქა, მე საყვირი ვაჩუქე.

- რისი კომპლექსი აქვს? თავად რისი კომპლექსი გაქვს?

ნიკა:

- ცხადია, როგორც ყველა ადამიანს, კომპლექსები მაქვს, მაგრამ რაღაც კონკრეტული არც მე მაქვს და არც - თინის.

თინი:

- მართლა არ ვიცი, რისი კომპლექსი აქვს. მე ხანდახან მორიდებული ვარ, მაგრამ ალბათ, ეს კომპლექსი არ არის.

- ყავა თუ ჩაი?

ნიკა:

- მე ჩაის ვანიჭებ უპირატესობას, თინი - ყავას.

თინი:

- მე - ყავა, ნიკას - ჩაი.

- თქვენი ქორწინების თარიღი.

ნიკა:

- 2017 წლის 24 იანვარი. არა, 2016 წელი იყო, ბოდიში. გადამეორება მჭირდება (იცინის).

თინი:

- 24 იანვარი. 2016 წელი იყო? 1 წამით... ქორწინებიდან მეოთხე წელი დაგვეწყო.

- რომელია შენი ზოდიაქოს ნიშანი? მისი?

- ჩემი - კირჩხიბია. თინი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თხის რქა გახლავთ.

თინი:

- ნიკასი - კირჩხიბი, ჩემი - თხის რქა.

- რა ერქვა თინის პერსონაჟს სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები"? ნიკას პერსონაჟს "დიდ შესვენებაში"?

GzaPress ნიკა: - თინის პერსონაჟს ეკაკო ერქვა, ჩემსას - ნიკო. სერიალებით ძალიან განებივრებულები არ ვართ. თეატრში უფრო მეტი როლი გვაქვს და ამ შემთხვევაში, შეიძლებოდა, უფრო დავბნეულიყავი.

თინი:

- მის პერსონაჟს ნიკო ერქვა, ჩემსას - ეკაკო.

- რომელია მისი საყვარელი მსახიობი? შენი?

ნიკა:

- ბევრია. კონკრეტულად, ალბათ, ჯულიეტა მაზინა, შონ პენი... ჯულიეტა მაზინა ორივეს მაგრად მოგვწონს. მამაკაცი მსახიობებიდან ბევრი მომწონს - ქართველიც და უცხოელიც, ძველიც და ახალიც...

თინი:

- ბევრი მომწონს. გამორჩევა ძალიან რთულია. ჯულიეტა მაზინა, მერილ სტრიპი, შონ პენი - ამ სამს დავასახელებ... არ მგონია, ნიკას კონკრეტული საყვარელი მსახიობი ჰყავდეს. ალბათ, ჩემს ჩამონათვალს ეთანხმება.

- რომანტიკული ხარ? ის?

ნიკა:

- კი, რომანტიკული ვარ. მაგალითად, ერთხელ ფიროსმანის მსგავსად, ბევრი ვარდი ვიყიდე და სადარბაზო მოვურთე. ხანდახან სადმე გავისეირნებთ და იქ ვიპოვით ხოლმე რომანტიკას. ასეთი რაღაცები უფრო მხიბლავს, ვიდრე საჩუქრები. 1-2 კვირის წინ, მინდვრის ყვავილები დავუკრიფე და მოვუტანე... ისიც რომანტიკულია და სულ ცდილობს, მაგალითად, საჭმელი განსხვავებულად მომიმზადოს. შანსი არ არის, რამე ჩვეულებრივად გააკეთოს - რაღაცას დახატავს, გააფორმებს... ვახშამი იქნება თუ სხვა რამ, სულ ცდილობს, მასში სილამაზე და რაღაც არაჩვეულებრივი დეტალი შეიტანოს.

თინი:

- კი, ხანდახან რომანტიკულია. სიურპრიზების გაკეთება უყვარს. ახლა იტყვის, - რომანტიკული არ ვარო, მაგრამ - არის. რამდენიმე დღის წინ ლამაზი თაიგული თავად გააკეთა და მომიტანა. იშვიათად, მაგრამ ასეთი რაღაცების გაკეთება უყვარს. ისე, რომანტიკულობით დიდად არც ერთი გამოვირჩევით... ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი სიურპრიზების გაკეთება მიყვარს, რაც უმნიშვნელოა, მაგრამ ადამიანს კარგ ხასიათზე დააყენებს, თუნდაც - გემრიელი საჭმლის მომზადება, რომელსაც არ ელოდება. ლამაზად გავუფორმებ ხოლმე...

- ზაფხულის არდადეგების გატარება სად უყვარს ყველაზე მეტად? თავად სად გიყვარს?

ნიკა:

- მას - ზღვაზე და ხაშურში (იცინის). მის მეგობარს, მსახიობ ქეთი გიორგაძეს ხაშურში სახლი აქვს. უმცროსი ასაკის იყვნენ, როცა დასასვენებლად იქ ერთად გაემგზავრნენ. მას შემდეგ ვხუმრობ, რომ თინის ხაშური უყვარს, ამ თემაზე სულ ვეღადავები... მე მთა უფრო მიყვარს.

თინი:

- მას მთა და გურია უყვარს, მე ზღვაზე ან ევროპაში დასვენება მომწონს.

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

- კონკრეტული მეტსახელები არ გვაქვს. სიტუაციის მიხედვით, ერთმანეთს ხან რას ვეძახით, ხან - რას. შეიძლება, "ბუშტიც" დავუძახო, "ბალიშიც" და საერთოდ, ყველაფერი, რაც იმ წუთში მომივა თავში (იღიმის). უფრო ხშირად ერთმანეთს მაინც "ძუბას" ვეძახით.

თინი:

- "ძუბა" - ერთმანეთს ამ სახელით მივმართავთ. მგონი, ერთხელ მე ვთქვი ეს სიტყვა და მერე ორივემ ავიტაცეთ.

- რომელია მის მიერ შესრულებული როლი, რომელიც ეამაყება? თავად შენი როლებიდან რომელი გეამაყება?

ნიკა:

- ოო, მგონი, არ არსებობს როლი, რომელიც მას ეამაყება. შეიძლება, კმაყოფილი იყოს, ოღონდ - გარკვეულ დონეზე. იმიტომ კი არა, რომ მსახიობი სულ კმაყოფილი არ უნდა იყოს? მართლა ასეა: არასოდეს უთქვამს, - ვაიმე, ეს როლი მეამაყებაო... მე მეამაყება ჩემი როლი, რომელიც სპექტაკლში - "მკურნალი სიყვარული" შევასრულე და გორის "კომედიის ფესტივალში", 2013 წელს ჯილდო მივიღე, როგორც "საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობმა მამაკაცმა".

თინი:

- ჩემი საამაყო როლი არ არსებობს - ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათამაშო... ნიკას რაც შეეხება, თვითონ - არა, თორემ მე მის მიერ შესრულებული ყველა როლი მეამაყება.