გიორგი გაბუნიას ბედისწერა, სინანული და სიყვარული
font-large font-small
გიორგი გაბუნიას ბედისწერა, სინანული და სიყვარული
"ვნანობ, რომ სიკვდილის წინ ვერ ვნახე, რაღაცების თქმა მინდოდა და ვერ მოვასწარი"

"როცა ოცნება რეალობად იქცა და 8 კამერის პირისპირ აღმოვჩნდი, ავნერვიულდი, სუნთქვა შემეკრა, ფეხები სულ მიცახცახებდა", - ასე იხსენებს გიორგი გაბუნია პირველ ეთერს. რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, ვინ არის მისი რჩეული, ვის ელაპარაკება მაშინ, როცა რთული პერიოდი აქვს, რისი ეშინია და რას ნანობს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.


- დაბადების თარიღი...
- ...1993 წლის 12 თებერვალი.
- ბავშვობაში მინდოდა...
- ..."ტელევიზორში ვყოფილიყავი". მსახიობობაზე ვოცნებობდი, თუმცა ენერგეტიკის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. თეატრალურში გამოცდების წინა ორ ტურში გავედი, მესამეში - ვეღარ და წელი რომ არ დამეკარგა, მშობლების რჩევით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. კიდევ კარგი, ასე მოვიქეცი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს სადაც ვარ, ალბათ ვერ მოვხვდებოდი. პროფესიით 3 წელი ვიმუშავე. ენერგოკომპანიაში ინკასატორი ვიყავი. რთული პერიოდი იყო, რუსთავის მიმდებარე სოფლებში სიარული მწარედ მახსენდება.
- ჩემზე ამბობენ...
- ...ოჯახში ამბობენ, რა უკარება ხარ, ხმა ამოიღეო. მეგობრები მეუბნებიან, ყველას "მამა" ნუ ხარ, შენს თავს მიხედეო. სამსახურში ხშირად მესმის წინადადებები: "გაბუნია, ცოტათი მოფხიზლდი, შენს შოუზე ვმუშაობთ", "დადე გიტარა". უცხო ადამიანები მეუბნებიან, პოზიტიური ხარ, გვიყვარხარო.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ოჯახი, კარგი მეგობრები და საყვარელ საქმეს ვაკეთებ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ერთგულება და მიზანდასახულობაა.
GzaPress
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ჩქარი და ზედმეტად ყურადღებიანი ვარ, რის გამოც, ხშირად გული მტკივა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო ბავშვობაში, როცა ჩემი ლექსი ქუთაისის ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა. წარმატება იყო, როცა ანსამბლმა, რომელშიც მე ვცეკვავდი, რეგიონალური მასშტაბის კონკურსი მოიგო.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...ზვიად ბლიაძეს და შალვა რამიშვილს.
- არ მჩვევია...
- ...ადამიანების გაქილიკება, მათ ზურგს უკან ლაპარაკი. ყველაზე მეტად სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევას ვერ ვიტან. ამ საკითხში კატეგორიული ვარ. ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არავის მივცემ.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ბოლომდე ვიყო ისეთი, როგორიც დღეს ვარ და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ქარიმ ბენზემა გავიცნო. მას ჩემნაირი გულშემატკივარი არ ეყოლება; შეიძლება მშობლებმა მაჯობონ, მაგრამ მათ შემდეგ პირველობაზე პრეტენზიას მე ვაცხადებ.
- მეშინია...
- ...სიმაღლის და საყვარელი ადამიანების გარდაცვალების. ზოგადად, სიკვდილის ძალიან მეშინია. ბავშვობაში ვტიროდი ხოლმე, ახლაც ვნერვიულობ. მინდა, ადამიანები არ კვდებოდნენ.
- მეზარება...
- ...სახლში ამბების მოყოლა და ლოდინი.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...კარგი ყავის მომზადება.
- ყოველთვის მრცხვენია, როცა...
- ...საჯაროდ მაქებენ. სხვასთან ერთად საკუთარ თავს ეკრანზე ვერაფრით ვუყურებ, ამ დროს ოთახიდან გავდივარ. ჩემს გადაცემას მხოლოდ მაშინ ვუყურებ, როცა მარტო ვრჩები და დეტალებს ვაანალიზებ.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ..."თუ"-ს გარეშე შემიძლია. საერთოდ ვერ ვბრაზდები. თუ გავბრაზდი, მაქსიმუმ 20 წუთში მავიწყდება. მერე იმ ადამიანის საქციელს, რომელმაც გული მატკინა, თავად ვამართლებ.
- ვნანობ, რომ...
- ...სტუდენტობის წლებში სულ გართობაზე, მეგობრებთან ერთად ყოფნაზე ვფიქრობდი და ნაკლებად - განვითარებაზე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქნებ ვინმესთვის მაგალითიც კი იყოს. იმ პერიოდში ბევრი სისულელე მაქვს ჩადენილი. მერე მივხვდი, საკუთარ თავს ვკარგავდი და ჩემში გარდატეხა თავისთავად მოხდა... (პაუზის შემდეგ) 5 წლის წინ, მამა გარდამეცვალა. ვნანობ, რომ სიკვდილის წინ ვერ ვნახე, რაღაცების თქმა მინდოდა და ვერ მოვასწარი. ეს ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვება.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ზედმეტი გახსნილობა, უშუალობა, თანგადაყოლა არ ვარგა. ვისწავლე, რომ გადაწყვეტილებები ჩქარა არ უნდა მივიღო. სახლში იმერულად მეუბნებიან, "ფურცუხა" ხარო. ადრე ფულის ყადრი არ ვიცოდი, ახლა ვცდილობ, დოზირებულად ხარჯვა ვისწავლო.
- ბოლოს ვიტირე...
- ...ცოტა ხნის წინ, ფილმის - "საბრალონი" ნახვისას.
- როცა წონასწორობას ვკარგავ...
- ...არ ვყვირი, არაფერს ვამსხვრევ, გარეგნულად არ მეტყობა, თუმცა შიგნით ცეცხლი მიკიდია.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...სუპერგმირი, სუპერძალას ვფლობდე. ფრენა თუ შემძლებოდა, მსოფლიოს შემოვივლიდი, ყველაფერს ვნახავდი.
GzaPress
- სიყვარული...
- ...ყველაზე დიდი ნიჭია, სასწაულია. შეიძლება თან ახლდეს გაბრაზებები, ნერვიულობა, მაგრამ სამყარო უფრო ფერადია. სიყვარული აღმაფრთოვანებს, სულ სხვანაირი ვხდები. სხვანაირია სიყვარული დედის, მეგობრის და - იმ ერთადერთის. სულ სხვა გემოები აქვს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ბავშვი ვიყავი და ვცდილობდი, სხვა კლასელი ბიჭები დამეჩაგრა.
- ახლა შეყვარებული...
- ...ვარ. ამ თემაზე საჯაროდ პირველად ვლაპარაკობ, ექსკლუზივი გაქვს. ჩემი და ნინის (ფუტკარაძე) სიყვარულის ამბავი 7 თვის წინ დაიწყო. მას შორიდან ადრეც ვიცნობდი, ქუთაისელია, მაგრამ ურთიერთობა არ გვქონდა. 7 თვის წინ, ერთმანეთს საერთო მეგობართან შევხვდით. სხვაგვარად შევხედე, მომეწონა და მერე როგორც ხდება ხოლმე, აქტიურობა დავიწყე. გოგო შეიძლება გარეგნულად მომეწონოს, მაგრამ ვერ გავუგო. ასეთ დროს, როგორი ლამაზიც უნდა იყოს, ჩემთვის ურთიერთობა წარმოუდგენელია. ნინის შემთხვევაში ძალიან გამიმართლა. ლამაზია და რაც მთავარია, ერთმანეთის კარგად გვესმის. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, მეორე კურსზეა.
- უცნაურობები, რომელიც საყვარელი ადამიანისთვის ჩამიდენია...
- ...წლების წინაც შეყვარებული ვიყავი და ქუთაისში ის ქუჩა გადავკეტე, სადაც ჩემი შეყვარებულის სახლი იყო. მქონდა შანდლები, მაგიდა, ღვინო... რომანტიკული საღამო გამომივიდა. ერთხელ სოფელში ვიყავი და ცეცხლი რომ დავანთე, შეყვარებულის მეზობლის სახლს ლამის მოედო, ყანა კი დავუწვი.
არაორდინარული ვარ, ბანალური საქმეების კეთება დიდად არ მიყვარს. სერენადები მეგობრების რჩეულებისთვის არაერთხელ მიმღერია. ცოტა ხნის წინ, ნინი სამსახურის კორპორაციულზე წავიყვანე. არავის იცნობდა. შენობაში რომ შევედით, ყველა ამბობდა წინადადებას: "ვა! რძალი მოვიდა". იქ ვიმღერე, გელა გნოლიძის ბენდი უკრავდა და ნინის სიყვარული ავუხსენი... მასთან ურთიერთობის დაწყებამ მაშინ მომიწია, როცა ცოტათი დაღვინებული ვარ, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს, მის გაოცებას ბევრჯერ შევძლებ.
- დაოჯახების თემა...
- ...განიხილება თუ არა? ჯერ ცოტა დრო მჭირდება, რაღაც საკითხები მაქვს მოსაგვარებელი. დარწმუნებული ვარ, ნინი ის ადამიანია, ვისთან ერთადაც მინდა დარჩენილი ცხოვრება გავატარო. თავადაც ასე ფიქრობს.
- ვრისკავ...
- ...ძალიან ხშირად. უმეტეს შემთხვევაში მიმართლებს. აზარტული ვარ. რისკის გარეშე ცხოვრება უინტერესოც არის.
- მსაყვედურობენ...
- ...უყურადღებობის გამო, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. ბოლო დროს საყვედურებს ნაკლებად ვიღებ, სამაგიეროდ, წარსულში ბევრი საყვედური მაქვს მოსმენილი.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ზოგიერთ მეგობარს და ჩემს სანათესავოს ჩამოვურიგებდი. ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი "კაიფი" ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი სახეების დანახვაა. ბევრი ფული რომ მქონდეს, სადმე ტყეში ხის სახლს ჩავდგამდი და ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...სამი ადამიანი მყავს, ვისაც ჩემს პრობლემაზე ვესაუბრები, მათ საკრალურ ამბებსაც ვუყვები და ეს ძალიან მშველის. ეს ადამიანები არიან: დედა, ნინი და ზვიო ბლიაძე.
- თავისუფლებაა...
- ...როცა ისე მოქმედებ, როგორც გულით გინდა და ამ დროს საკუთარ თავთან დისკომფორტი არ გაქვს. თავისუფლება საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებაა.
- ბედისწერის...
- ...მჯერა. ბავშვობიდან "ტელევიზორში ყოფნაზე" ვოცნებობდი და ცხოვრების ყველა ეტაპზე ამაში ხელი მეშლებოდა. მსახიობობაზე ვფიქრობდი და მქონდა წინააღმდეგობა ოჯახიდან, მეგობრებიდან... დღევანდელი მდგომარეობა ბედისწერაა, ბავშვობაში რაც ჩამიხშვეს, მაინც ავიხდინე. დღეს ერთ-ერთ რეიტინგულ გადაცემას "გიორგი გაბუნიას შოუ" ჰქვია.
- ეს არის განცდა...
- ...რომლის სიტყვებით გადმოცემაც მიჭირს. პირველი გადაცემის ჩაწერისას ძალიან ვნერვიულობდი. სტუმარი კახა კალაძე იყო. არადა, წლების წინ, როცა მსგავს შოუებს ვუყურებდი და წამყვანის ადგილზე საკუთარ თავს წამოვიდგენდი, ვფიქრობდი, როგორი მუსიკალური გაფორმება ექნებოდა ჩემს გადაცემას, როგორ შევიდოდი სტუდიაში. წარმოდგენაში ეს სცენები დადგმული მქონდა, მაგრამ როცა ოცნება რეალობად იქცა და 8 კამერის პირისპირ აღმოვჩნდი, ავნერვიულდი, სუნთქვა შემეკრა, ფეხები მიცახცახებდა. მუსიკის ხმა როგორც კი გავიგონე, აზრზე მოვედი. კახა კალაძე იუმორში კარგად წამომყვა და ამით დამეხმარა, მუშაობა გამიადვილა. ასეთივე არაჩვეულებრივი სტუმარი იყო ჩვენი ჯაჯო (გია ჯაჯანიძე).
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანს გვიდგება რთული პერიოდი, ასეთ დროს არ უნდა მოვეშვათ, არ უნდა დავნებდეთ, არ ვიფიქროთ, რომ გამოსავალი არ არის. გამოსავლის პოვნა ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება. ხელის შემშლელი ფაქტორების გამო, მიზნიდან უკან არ უნდა დავიხიოთ. ვიყოთ მეტად თბილები, ჰუმანურები, გავცეთ სიყვარული და სხვის შეცდომებზე თუ ვერა, საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ნუგზარ ჯუღელის სიკვდილის შემდეგ გამხელილი საიდუმლოებები
"მიწის სახლი სუნთქავს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით"
საკუთარ თავზე გაგონილმა რა ჭორმა გააოცა ბექა ბროლაძე
"პოლიტიკაში რომ მოვიდე, ვიღაცის მარიონეტი უნდა გავხდე"
ბედნიერების "რეცეპტი" მომხიბვლელი მაგდა ვასაძისგან
"ზოგიერთი ადამიანი მთელი ცხოვრება პატარა ბავშვად რჩება"
რა ასწავლა საკუთარმა გამოცდილებამ ირინა ონაშვილს
რატომ მიიჩნევს თავს ნარცისად და ეგოისტად კაკია
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
6 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
537 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი