როგორ ცხოვრობს დათუნიკა სხირტლაძის ოჯახი - გზაპრესი

როგორ ცხოვრობს დათუნიკა სხირტლაძის ოჯახი

ის "ტაში ბიჭო გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" შექმნელი, ჯგუფ "შინის" და "ეგარის" წევრი გახლდათ.

ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ შვილი არ ჰყოლია. ნანატრი ვაჟი იმ დღეს დაიბადა, როდესაც დათუნიკა სხირტლაძე დაკრძალეს.

ხელოვანის ცოლ-შვილს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. ჩვენ დათუნიკა სხირტლაძის ქვრივს, მზია ჯინჭარაძეს ვესაუბრეთ.

- დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ, ძალიან გამიჭირდა ცხოვრება, თუმცა ვახერხებ, ჩემს პატარა დათუნიკას, რომლის დაბადებასაც მამამისი ვერ მოესწრო, ღირსეული დედობა გავუწიო. როგორ უნდა ვიცხოვრო, როცა არც სამსახური მაქვს და არც სხვა შემოსავალი, მაგრამ ღმერთი მიმართავს ხელს.

- სამსახური მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაკარგეთ?

- არა, მე ამბროლაურის საავადმყოფოში ვმუშაობდი. როცა დათუნიკა ანსამბლ "რუსთავში" გადავიდა, მეც გამოვყევი თბილისში, რადგან მას აქ ვჭირდებოდი და შესაბამისად, სამსახური დავკარგე. დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ კი, როცა არანაირი შემოსავალი აღარ მქონდა, ვცადე სამსახურის დაწყება, მინდოდა ამბროლაურის კულტურის ცენტრში მის ადგილას მე ვყოფილიყავი, თავიდან თითქოს დამეხმარა გუბერნატორი, დეპუტატი გოჩა ენუქიძეც, რომელიც ჩვენი პატარა დათუნიკას ნათლიაა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოვიდა. დათუნიკას გარდაცვალების შემდეგ მიუღებელი აღმოვჩნდი ბევრისთვის, მაგრამ არ ვაპირებ დანებებას. მის მიწა-წყალზე გავზრდი პატარა დათუნიკა-თევდორეს და რამე გამოჩნდება. დათუნიკას ძეგლი დავდგი რაჭაში, ჩვენი სოფლის შესასვლელში, ხალხის შემოწირულობებით გავაკეთე ეს კარგი საქმე, მაგრამ აქაც პრობლემები შემექმნა, ელექტრონული აუქციონით გაიყიდა მიწის ის ნაწილი, სადაც ძეგლი იდგა, გამიმართლა და უცხოელის ნაცვლად ქართველმა იყიდა მიწა, მყიდველი იუმორისტი ვასო ფხაკაძე აღმოჩნდა. დავურეკე გიორგი უშიკიშვილს, ვუთხარი ეს ამბავი. როგორც კი გაიგო ვასომ, უკან დამიბრუნდა ის ადგილი. ნამდვილი ქართველი მამულიშვილი აღმოჩნდა.

GzaPress

- როგორი ბიჭია პატარა დათუნიკა? - დათუნიკას დაპატარავებული ასლია. ისე ცეკვავს, როგორც მამამისი, მღერის, წმინდა გიორგის ტროპარი იცის ზეპირად. ამბობს, მე პატარა დათუნიკა სხირტლაძე ვარო. მასაც ისე უყვარს რაჭა, როგორც დათუნიკას უყვარდა. მეც არ მოვწყვეტ მამაპაპისეულ კერას, თუმცა ზამთარში აქ თავის გატანა რთულია და თბილისში მყავდა. ავად იყო და ცოტა ხანი საავადმყოფოში იწვა, იქ ლოცულობდა, წმინდა პანტელეიმონო გადამარჩინეო. ექიმებმა, როცა გაიგეს, ვისი შვილი იყო, ფული არ გადაგვახდევინეს, ხალხი მოდიოდა და სურათებს იღებდა მასთან. უმძიმესი წლები გამოვიარე დათუნიკას სიკვდილის შემდეგ...

თამარ ბოჭორიშვილი