საარსებო მინიმუმი - გზაპრესი

საარსებო მინიმუმი

ცნობილ გამონათქვამს თუ მოვიშველიებთ, "არსებობს სამი სახის ტყუილი: ტყუილი, მწარე ტყუილი და სტატისტიკა". ეს გამონათქვამი ზუსტად მიესადაგება "საქსტატის" მონაცემებს, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქართველოში 185 ლარია, ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი თვეში 262.2 ლარია, სამსულიანი ოჯახისა - 295, ხოლო ოთხსულიანი ოჯახისა - 327.8 ლარი. რაც შეეხება ხუთსულიან ოჯახს, მისი საარსებო მინიმუმი "საქსტატმა" 368.8 ლარით განსაზღვრა... ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს ციფრები მწარე ტყუილს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ მონაცემებს. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ცნობილი ადამიანები ამ ციფრებს და რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ:

GzaPress

ლევან ბერძენიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი:

- ვფიქრობ, საარსებოდ იმაზე 5-ჯერ მეტი თანხაა საჭირო, რასაც ოფიციალური სტატისტიკა ასახელებს. წარმოუდგენელია, რომ 185 ლარი ადამიანს რაიმეზე ეყოს. ჩვენ ისედაც მოკრძალებულად ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენი საარსებო მინიმუმი ის რომ იყოს, რასაც სახელმწიფო გვიწესებს, შიმშილით სული ამოგვხდებოდა. რა გითხრათ? - არ ვიცი, საიდან და როგორ ადგენენ ამ ციფრებს, ან კალორიებს როგორ ანგარიშობენ. მე საბჭოთა ციხეში ვარ ნამყოფი - გულაგში, მსოფლიოს ერთ-ერთ უმკაცრეს და უსაზიზღრეს ადგილას, რომელიც მოლდავეთის საბჭოთა რესპუბლიკაში იყო და იქაური კვების ხარჯები რომ ვიანგარიშე, ისიც კი აღემატება საარსებო მინიმუმს, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოში აქვეყნებენ. ვინც ამას ადგენს, ერთი თვეც რომ იცხოვროს მის მიერ შედგენილი მინიმუმის მიხედვით, აუცილებლად მიხვდება, რომ რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. ჩემი აზრით, ქართველი სტატისტიკოსების მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმი - ეს არის ფოკუსი, რომელიც ახლოს არ არის რეალობასთან. ეს ჩვენმა ჩინოვნიკებმაც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მათი საქციელი ძალიან ჰგავს ნანული შევარდნაძის საქციელს, რომელმაც ერთ დროს გვირჩია - თვეში 12 ლარად უნდა იცხოვროთო. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღე რესტორანში ტოვებენ ათჯერ უფრო მეტ თანხას, ვიდრე ჩვენი საარსებო მინიმუმია.

კახა გოგიძე, მსახიობი: - ამ ყველაფერს მარტო უგუნური ადამიანი თუ დაიჯერებს. თვეში 185 ლარი მარტო ჩემი ძაღლისა და კატისთვის არ მყოფნის და მთლიანად როგორ მეყოფა? ჩვენი ჩინოვნიკები უნდა აცხოვრო 185 ლარზე და ნახავენ, როგორია! ან, სამსულიან ოჯახს 295 ლარი როგორ ეყოფა? - ნორმალური არსებობისთვის შეიძლება ათჯერ მეტიც არ ეყოს. ეს დაცინვაა და სხვა არაფერი, მაგრამ ყველაზე მეტად ის მწყინს, ჩვენი ხალხი ამდენ სიყალბეს რომ იტანს. თავმოყვარე ადამიანმა ასეთი რამ არ უნდა აიტანოს, მაგრამ ჩვენ ჩუმად ვართ - ესე იგი, ყველაფერს ვიტანთ. ქართველი კაცი მათხოვარი არასოდეს ყოფილა, სამუშაო ადგილები იყოს და თავის ოჯახს თვითონ მიხედავს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს და სხვა გზას რომ ვერ პოულობს, უცხოეთში გარბის. როდესაც არანაირი პერსპექტივა არ ჩანს, გაიქცევი, აბა, რა იქნება?! ამას წინათ სოციალურ ქსელში ამოვიკითხე: საქართველოდან წასვლა ემიგრაცია კი არა, ევაკუაციააო, რაც სრული სიმართლეა. როდესაც შენივე არჩეული და დანიშნული მთავრობა არსებობისთვის არანაირ გასაქანს არ გაძლევს, უცხო ქვეყანას შეეფარები, აბა, სხვას რას იზამ? სამწუხაროდ, ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, ეს უფრო ტრაგედია! ტრაგედიაა, როცა მთელი ქვეყანა იმაზეა გადასული, რომ მტერი ტურისტად მიიღოს და ფეხქვეშ გაეფინოს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენს რესტორნებსა და კაფეებში ქართულ სიმღერას ვერ გაიგონებ - ეს სირცხვილი არ არის? 30 წელია არაფერი გამოსწორდა, პარლამენტშიც კი, პატრიოტიზმი სადღეგრძელოს დონეზეა დასული, საქმიან და გონივრულ მსჯელობას ვერ გაიგონებ, თანაც, თვალში ნაცარს გვაყრიან, რომ თურმე კარგად ვცხოვრობთ, - ეს კიდევ ცალკე ტრაგედიაა. საქართველოში სოციალური აფეთქება არასოდეს ყოფილა, ქართველი კაცი "მშია"-ს არ იტყვის და ამის გამო ქუჩაში არ გამოვა, მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ყველაფერი აქეთკენ მიექანება.

GzaPress ლალი მოროშკინა, პიარ-ტექნოლოგი: - 185-ლარიანი საარსებო მინიმუმი - სხვა არაფერია, თუ არა სარკაზმი და დაცინვა. ეს არის თანხა, რომელიც შრომისუნარიან ადამიანს არაშრომისუნარიანად აქცევს, მით უმეტეს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სხვადასხვა კატეგორიის ოჯახი ცხოვრობს: ბევრი ქირას იხდის - ზოგს საკუთარი საცხოვრებელი არა აქვს, ზოგმა ბინა დაკარგა და ახლა იძულებულია ქირით იცხოვროს. ასევე ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც სამედიცინო დახმარება სჭირდება. წამლები კი იმდენად ძვირია, რომ ადამიანი რომ გაცივდეს, 100-200 ლარი თავისუფლად ეხარჯება. აღარაფერს ვამბობ პატარა ბავშვზე, რომელსაც უამრავი რამ სჭირდება. ძალიან ძვირია საკვებიც. აქედან გამომდინარე, მინიმუმი, რომლითაც შეიძლება ადამიანმა თვიდან თვემდე იარსებოს, სულ ცოტა, 1.500 ლარია. ეს ფული იმისთვისაა საჭირო, რომ ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები დაფაროს და პირველადი მოხმარების საგნები შეიძინოს. ჩემი ოჯახის მაგალითზე გეტყვით: ვერ წარმომიდგენია, როგორ იმკურნალებდა, რას ჭამდა, ან როგორ იარსებებდა დედაჩემი, ჩვენ რომ არ ვყავდეთ. ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება იმუშავა, არ შეუძლია ღირსეულად იცხოვროს და ეს ძალზე საწყენია. ადამიანი 65 წელს რომ გადასცდება, შვილებს უნდა შეაჩერდეს ხელში, კარგია, თუ შვილებს საშუალება აქვთ, მაგრამ როცა არა აქვთ? - ეს ძალიან დიდი ადამიანური ტრაგედიაა.

ნატო გელაშვილი, კომპოზიტორი: - ვინც ამ სიცრუეს ავრცელებს, იმ ხალხს უნდა დაუნიშნო 185 ლარი საარსებო მინიმუმად და სამიოდე თვის შემდეგ იქნებ ყველამ აზრი შეიცვალოს. ჩემი წინადადებაა, 200-300 ლარი მისცენ პარლამენტარებს, რომლებსაც ეს თანხა საარსებოდ საკმარისი ჰგონიათ და მერე პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გვითხრან, ოჯახებს როგორ არჩენენ. მარტო პური რომ იყიდო ყოველდღე, ჩვენი საარსებო მინიმუმი ამისთვისაც არ გეყოფა. მარტოც რომ იყოს ადამიანი, ამ თანხით როგორ უნდა იცხოვროს? ჩივიან - ქართველი ერი არ მრავლდებაო, ამ სიტუაციაში როგორ უნდა გავმრავლდეთ? კიდევ ძლიერი ერი ვყოფილვართ, აქამდე რომ არ გადავშენდით და გადავრჩით. დღეს თუ ვინმე შვილს აჩენს, უფლის იმედად, მეზობლის ან მეგობრის მიწოდებული ლუკმის იმედად აჩენს. კიდევ ჩვენი ჰუმანიზმი და ქართული წეს-ჩვეულებები გვშველის, თორემ როგორ ვიარსებებდით, არ ვიცი!

GzaPress სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი, პროფესორი: - სხვათა შორის, ამ დღეებში ტელევიზიით ვნახე, რომ ჭიათურაში მაღაროელების კვებისთვის დღეში მხოლოდ 1, 80 ლარია გამოყოფილი. მსგავსი რამ რომ მესმის, რა ვიფიქრო, აღარ ვიცი. პატარა ბავშვი ვიყავი, როცა მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და მთელი ქვეყანა შიმშილობდა, მახსოვს, 1990-იანი წლები, მაგრამ ასეთი არაადეკვატური ფასები მე არ მახსოვს. ამ დღეებში ჩემი ოჯახის წევრმა ერთ-ერთ მარკეტში შემწვარი კარტოფილი შეიძინა, რომელიც 25 ლარი ღირდა... ხალხს თავისი შემოსავალი საკვებზეც არ ჰყოფნის და მთელი ქვეყანა მათხოვრად არის ქცეული. მე მთელი სიცოცხლე მეცნიერებს შორის მაქვს გატარებული, ჩემი კოლეგები უკვე ხანდაზმული და პატივცემული ადამიანები არიან და პრაქტიკულად, ყველა შიმშილობს - მნიშვნელობა არა აქვს, სამსახური აქვს თუ არა. ამავე დროს, თბილისში სულ უფრო მეტი ძვირფასი მანქანა ჩნდება, რომელიც ქართველ ჩინოვნიკებს ეკუთვნით. ვის ხარჯზე ყიდულობენ ამ ჯიპებს, ან ვის ხარჯზე იშენებენ ძვირფას სახლებს და აგარაკებს? - რა თქმა უნდა, ჩვენს ხარჯზე? თანაც, გამოდიან ეს ჩვენი მინისტრები და გვარწმუნებენ, რომ თურმე ყველაფერი კარგად არის, რომ ძალიან კარგად ვცხოვრობთ და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ერდოღანის ბრალი ყოფილა, ამისათვის თურმე თურქეთის მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ჩვენც კარგად ვიცით, რომ სტატისტიკა ტყუილის უმაღლესი დონეა - ამიტომ, ეს ცრუ სტატისტიკა თავისთვის შეინახონ და ფასებს მიხედონ. ირგვლივ სრული ქაოსი რომ არის, ამას მიხედონ. არჩევნებზე რასაც ხარჯავენ, იმ თანხით მთელი საქართველოს მშიერ მოსახლეობას გამოკვებავდნენ და ამ ხალხს მიხედონ - ასეთია ჩემი შეფასება საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო. მე მგონი, ამ შეფასებას მკითხველიც დაეთანხმება.

ხათუნა ჩიგოგიძე