ნუცა ბუზალაძეს ბიზნესლედობა მოსწონს - გზაპრესი

ნუცა ბუზალაძეს ბიზნესლედობა მოსწონს

22 წლის ასაკში ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში ბევრი გარდამტეხი და კარგი ეპიზოდი იყო. ახალგაზრდა მომღერალმა სწორედ ამიტომ დაარქვა პირველ მუსიკალურ ალბომს "22". ნუცა ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა საზოგადოებამ გაიცნო. გამოგვიტყდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ცხოვრებისგან ბევრი გაკვეთილი მიიღო და ბევრი რამ ისწავლა...

- დაგვისახელე შენი ხასიათის თვისება, რომლითაც ამაყობ...

- შრომისმოყვარეობა და საქმის სიყვარული. ყურების ჩამოყრა არ მიყვარს.

- ფიქრობ, ამის დამსახურებაა, რომ 22 წლის ასაკში წარმატებული და პოპულარული ხარ?

- კი, მაგრამ პოპულარობა ძალიან მარტივია. პროექტებში მონაწილეობის გამო, საზოგადოებამ ბავშვობიდან გამიცნო - პოპულარული წარმატებამ გამხადა. ყველაზე მეტად ეს მიხარია.

- შენს პირველ კლიპზე - "გელოდები" მუშაობისას შემოქმედებით ჯგუფს ენდე თუ კორექტირება შეიტანე თუნდაც, სიმღეროს ტექსტში, სამოსის შერჩევაში?..

- თვალდახუჭული არ მივნდობივარ, რადგან კორექტირება ყველაფერში შემაქვს. ყოველთვის განვიხილავთ, მე როგორ წარმომიდგენია და ამის მიხედვით ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, აზრს ყველას ვეკითხები - ვის რა შეხედულება, გეგმები ჰქონდა, ვის როგორ უნდოდა, მაგრამ მთავარი ღერძი მაინც ჩემგან მოდის ხოლმე...

- პირველი ნამუშევრით, გამოხმაურებით კმაყოფილი ხარ?

- პირველის კვალობაზე კლიპს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ჩემთვის ეს მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო... სიმღერა უკვე ჰიტი გახდა, "ნახვებიც" საკმაოდ მოემატა. მიხარია, რომ ჩემი პირველი სიმღერა ასეთი წარმატებული აღმოჩნდა. ელოდნენ, რომ მხიარული და გიჟური იქნებოდა, მაგრამ ცოტათი სევდიანია. მინდოდა, პირველი სიმღერა ქართული ყოფილიყო. ახლა უკვე უფლება მაქვს, რაც მომწონს და თავადაც ვწერ, იმ სიმღერაზე გადავიღო კლიპი.

GzaPress

- შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვისი შეფასება იყო? - დედაჩემის. ის ყოველთვის ობიექტურად მაფასებს. ჩემ მიმართ სუბიექტურად განწყობილი არასოდეს არის. ძალიან კარგად მიცნობს, ამიტომ ყველაზე უკეთ მაფასებს - შეუძლია, ნამუშევარს ყველაზე ნეგატიურადაც შეხედოს.

- მზრუნველი შვილი ხარ?

- კი, რადგან დედისერთა ვარ და ბავშვობიდან "თავში ჩადებული" მქონდა, რომ დედისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. დედისერთები გამიგებენ, რასაც ვგულისხმობ - ჩვენ მშობლებს სხვაგვარად "მიწებებულები" ვართ, სხვაგვარი მოტივაცია გვაქვს, რომ მათთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ახლა რა შესაძლებლობებიც მაქვს, ყველაფერს ვაკეთებ, რომ დედაჩემი კარგად იყოს, არაფერი მოაკლდეს. მოგზაურობა, თავის მეგობრებთან ერთად გართობა თავადაც ძალიან უყვარს. ამიტომ ყველაფერს ვუსრულებ, რაც უნდა.

- შენი პირველი კლიპი მოეწონა? რამდენიმე კომენტარში წერდნენ - ნუცასგან მეტს ველოდითო...

- დედას ძალიან მოეწონა, მაგრამ არა მხოლოდ სხვები, მეც მეტს ველოდები. სულ მინდა, ჩემი ნამუშევარი უფრო და უფრო უკეთესი იყოს, მაგრამ რაღაცნაირად, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველაფერს დრო და ენერგია სჭირდება, რომ კარგად გააკეთო. კარგია, რომ დავიწყე და გავაკეთე... ასეთ კომენტარს რომ წერენ, ეგეც ძალიან მიხარია - ე.ი. კარგი სახელი მაქვს, ხალხი ჩემგან უფრო მეტს ელოდება. უფრო მეტიც იქნება, რა თქმა უნდა - ეს ხომ პირველი და უკანასკნელი არ არის? იმედია, საქართველოში ეს ყველაფერი გამოვა, რადგან აქ ძალიან რთულია: საქართველოში მომღერლები ყოველ წელს ალბომებს არ უშვებენ, არც კლიპს იღებს ყოველი მეორე... ამიტომ ვინც ამას აკეთებს, ვფიქრობ, ხალხმა ნამდვილად უნდა დააფასოს, რადგან ეს მარტივი არ არის.

- გასაგებია, რომ პირველი კლიპი გინდოდა, ქართული ყოფილიყო, მაგრამ სევდიანი - რატომ?

- სევდიანი იმიტომ გადავწყვიტე, რომ სიმღერა პირველი სიყვარულის შესახებაა. მინდოდა, ყველას ეგრძნო, ყველას გულთან მისულიყო. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მსურდა, ბალადა, ცოტათი სევდიანი, პატარა გოგოს სიმღერა ყოფილიყო და არა - ქალის, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ჩემი ასაკის შესაფერისი სიმღერა და ტექსტი დავაწერინე და კლიპიც ასეთი გადავიღე.

- სიმღერას კონკრეტული ადრესატი ჰყავს?

- კი, რა თქმა უნდა და კლიპიც სიყვარულზეა, რადგან ეს გრძნობა ადამიანს დიდ მოტივაციას გაძლევს. საერთოდ, ყველაფრის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.

- სიყვარულმა შეგცვალა?

- მხოლოდ მე კი არა, სიყვარული ყველა ადამიანს თითქოს აფხიზლებს, გამაჯანსაღებლად მოქმედებს, სხვაგვარი ენერგიით მუხტავს. ისედაც სულ კარგ, პოზიტიურ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ შეყვარებულს თვალები სხვაგვარად გიბრწყინავს და ორმაგად მოტივირებული ხარ. ამიტომ ვფიქრობ, სიყვარული წამალივით არის - ყველას სჭირდება. მთავარია, სხვა გრძნობაში არ აგერიოს, რომელსაც რეალურად, "სიყვარული" არ ჰქვია.

- შენთვის გრძნობებში გარკვევა რთული იყო?

- ეგ რომ შემშლოდა, ახლა სხვაგვარად ვიქნებოდი. აღმოჩნდა, რომ არ შემშლია, მაგრამ ბევრისგან ვიცი - ეშლებათ ხოლმე. სიყვარული ყველას ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, კარიერაზე წინ აყენებენ, თუმცა ზოგისთვის მეორეხარისხოვანიც არის, მაგრამ იდეალური შემთხვევაა, როცა სიყვარული და კარიერა ერთმანეთთან ძალიან კარგად გაქვს შეთავსებული.

- როგორც შენს შემთხვევაშია?

- კი (იცინის).

GzaPress

- კლიპს ბევრი "ნახვა" აქვს, ალბომი ხელმისაწვდომია... საკუთარ მაგალითზე გვითხარი, საქართველოში მომღერალს საკუთარი შემოსავლით თავის რჩენა შეუძლია? - არა, არ შეუძლია. ჯერ ისე არ არის აწყობილი ყველაფერი, რომ ასე გამოვიდეს. იმედია, ეგ დროც დადგება. ამისთვის საქმეში ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს, მხოლოდ ერთი თუ მოინდომებს და გააკეთებს, ეს არაფერს შეცვლის.

- სად არ იმღერებ არასოდეს?

- არ ვიცი, არ მიფიქრია... საერთოდ, არასოდეს უნდა თქვა, არასოდესო... შესაბამისად, რომ დავასახელო და მერე იქ ვიმღერო? ამიტომ არ ვიტყვი.

- ხშირად მოგზაურობ. საზოგადოების ნაწილი ინტერესდება, თუ ვინ არის შენი თანამგზავრი.

- სამოგზაუროდ ხან დეიდაშვილთან ერთად მივდივარ, ხან - დედასთან, ხან - შეყვარებულთან.

- ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი ხარ?

- კი, ნამდვილად ასეა. 16 წლიდან ასე ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა მომიხდა, რადგან როცა უმცროსი ასაკის ხარ, ზოგიერთი შენს მოტყუებას ცდილობს. 22 წლის ვარ, მაგრამ აქამდე ცხოვრების როგორი გზაც გავიარე, ჩემთვის ყველა მხრივ ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ვარ, როგორიც მიზნად მაქვს დასახული, მაგრამ მიზანს დღითი დღე ვუახლოვდები.

- შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს. ალბათ, გამონაკლისი არც შენ ხარ...

- კი, შეცდომები დამიშვია, მაგრამ რაღაცნაირად, არ ვიმახსოვრებ. თან, შეცდომის დაშვებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ თურმე, ასე იყო საჭირო. როცა რაღაც რისკიანს აკეთებ, შეიძლება, შეცდომაც დაუშვა. ამის რომ შემეშინდეს, საერთოდ ვერ ვიცხოვრებ.

- ფართო საზოგადოების წინაშე ადრეულ ასაკში გამოჩნდი, კარგი შეფასებებიც მიიღე, რაც ნამდვილად საამაყოა, მაგრამ როგორ ფიქრობ, მცირე ასაკში წარმატებამ და პოპულარობამ შენს ცხოვრებაზე გარკვეულწილად, უარყოფითი ზეგავლენაც ხომ არ მოახდინა?

- კი, უარყოფით ზეგავლენას სულ ახდენს: ჩემი ხასიათი, ჩემი მიზანდასახულობა ზოგ ადამიანს არ მოსწონს. არ ვიცი, რატომ არ უნდა მოგწონდეს წარმატებული ადამიანი, ვინც პირველ რიგში, ბოროტი არ არის? ნეგატივს განსაკუთრებულად ჩემი თაობის წარმომადგენლებში ვიწვევ, მაგრამ ჩემ მიმართ ზოგი უფროსი ასაკის ქალიც უარყოფითადაა განწყობილი. ყველას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. ისეთ სასწაულებს არ ვაკეთებ, რომ ნეგატიური კომენტარების ტალღა წამოვიდეს, არაფრისმომცემი შოუების დადგმა არ მიყვარს. მთავარია, რომ უმრავლესობისგან ყოველთვის კარგ შეფასებას ვიღებ, სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობ. ვისგანაც არ ვგრძნობ, დიდად არც მაინტერესებს.

- ვარცხნილობას ხშირად იცვლი, სხეულის ფორმებიც დაგეხვეწა. ე.წ. იმიჯმეიკერი გყავს თუ საკუთარ გარეგნობაზე დამოუკიდებლად ზრუნავ?

- დამოუკიდებლად ვზრუნავ. ყველაფერზე თავად ვფიქრობ, შემდეგ კი ჩემს იდეებს სხვებს ვუზიარებ, მაგალითად - სტილისტს, ვიზაჟისტს... საბოლოოდ, მაინც ისე გამოვიყურები, როგორც თავად წარმომიდგენია ხოლმე. ერთი და იგივე მბეზრდება. მაგალითად, როცა ვარცხნილობას გავიკეთებ, მერე კი ვხედავ, რომ თმას სხვაც ასე იკეთებს, ტრენდული ხდება, უკვე დიდად აღარ მომწონს. სულ სიახლის ძიებაში ვარ, რომ ყოველთვის დასამახსოვრებელი და გამორჩეული ვიყო. საერთოდ, თავის მოვლასთან დაკავშირებითაც ასეთი ვარ: სულ მინდა, უკეთესი და უკეთესი ვიყო - ამის მოთხოვნილება მაქვს. ამიტომ ვარჯიში იქნება თუ სწორი კვება, ყველაფერს საჭიროებისამებრ ვაკეთებ - ყველაფერზე წამსვლელი გახლავართ, თუმცა ამავდროულად, წინააღმდეგი ვარ, როცა ადამიანს არ სჭირდება, მაგრამ პლასტიკურ ქირურგიულ ჩარევებს მაინც მიმართავს. ბუნებრიობა ჩემთვის სულ სხვაგვარი სილამაზეა! ამიტომ ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ვარჯიშით და სწორი კვებით ისეთ შედეგს მივაღწიო, ქირურგიული ჩარევა არ დამჭირდეს. მსურს, ბუნებრიობა მაქსიმალურად შევინარჩუნო... ადამიანმა ყველაფერი ნორმის ფარგლებში უნდა გააკეთო.

- ყოველთვის ასეთ ჯანსაღ აზრზე იყავი თუ პლასტიკური ქირურგიით გარეგნობაში რამის შეცვლა შენც გინდოდა, თუნდაც - გარდატეხის ასაკში?

- არა, ეს ჯანსაღი აზრი დრომ მოიტანა (იცინის). ყოველ წელს სხვადასხვანაირად ვფიქრობ, რადგან მემატება ზოგადი განათლებაც, ცხოვრებისეული გამცდილებაც... როცა 18-19 წლის ვიყავი, წონაში მომატებული გახლდით. რაღაცის შეცვლა მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი - რისი. ამოვიჩემე, - აუ, ცხვირი უნდა "გავიკეთო"-მეთქი. კიდევ კარგი, დედამ ძალიან ბევრი იმუშავა, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. ახლა მისი მადლიერი ვარ, რადგან ბუნებრივი ცხვირი გაცილებით ლამაზია, ვიდრე - "გაკეთებული". მგონი, პატარა კეხის გამო, ადამიანმა პლასტიკური ოპერაცია არ უნდა გაიკეთო. თუ საკუთარი გარეგნობა წლების განმავლობაში გაკომპლექსებს, ცხადია, პლასტიკურ ქირურგს უნდა მიმართო, მაგრამ მე ცხვირის "გაკეთების" სურვილმა ერთ წელიწადში გამიარა, როცა უკვე წონაში დავიკელი, ფორმაში ჩავდექი...

- სიმღერის გარდა, რას საქმიანობ?

- ბიზნესლედობა ძალიან მომწონს. ასევე, მინდა, სტუდია გავხსნა. საკუთარი თავი დირექტორის ამპლუაში წარმომიდგენია. მსურს მომღერლობა, მსახიობობა, მოცეკვავეობა ერთმანეთს შევუთავსო. ასევე მინდა, ისეთი ბიზნესი გავაკეთო, რაც ჩემს სფეროსთან ახლოს იქნება. საერთოდ, საქმიანი ქალები ძალიან მომწონს!.. ამჟამად ძირითადად, ვარჯიშით, ვოკალით, მოგზაურობით და სწავლით ვარ გატაცებული. ბოლო წელია, სწავლას ბევრ დროს ვუთმობ. თან, კონსერვატორიაშიც უნდა ჩავაბარო, ამიტომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. ასევე, ფრანგულ ენას ვსწავლობ, რაც ამ ქვეყნის მიმართ ინტერესმა და სიყვარულმა განაპირობა. მას მერე, რაც საფრანგეთი შემოვიარე, ფრანგულის სწავლა დავიწყე, ეს ენა ძალიან მომეწონა. საკუთარი თავი წარმოდგენილი მყავს, როგორ ვსაუბრობ გამართული ფრანგულით...

ეთო ყორღანაშვილი