ლომის ხახაში ჩავარდნილი გოგონა აუსრულებელი ოცნებით
font-large font-small
ლომის ხახაში ჩავარდნილი გოგონა აუსრულებელი ოცნებით
"ეს იყო ჩემი და სერგოს გაცნობის პირველი კადრები"

"ძალიან არტისტული პიროვნება ვარ. მიყვარს ცეკვა და სიმღერა. ვფიქრობ, ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა. რაკი ოცნება ვერ ავისრულე, ჩემს დას, ანას ვთხოვე, მისი და აწ განსვენებული საშა იოსელიანის ძალიან ნიჭიერ ქალიშვილ ნინოსთვის მაინც არ დაეწყვიტა გული და ხელი შეეწყო, მსახიობი გამხდარიყო. ასეც მოხდა. ხანდახან მგონია, თითქოს ამით მე ავისრულე ოცნება", - სევდანარევი ხმით ამბობს დღესაც ულამაზესი ქალბატონი დალი რატიანი და თავისი ცხოვრების დაუვიწყარ დღეებს იხსენებს.

GzaPress
- მაშინაც აქ, მუსკომედიის თეატრის მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობდი. მერვე კლასი დამთავრებული მქონდა, რომ ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ხილი ვიყიდე და ბორჯომის ქუჩას მივუყვებოდი. ამ დროს შემამჩნია ფილმ "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილის" რეჟისორის, გუგული მგელაძის ასისტენტმა რიმა კარსანიძემ, შემაჩერა და მითხრა: რა ლამაზი გოგო ხარ! კინოში გადაღება არ გინდაო? ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა... რამდენჯერაც კინოსტუდიასთან გავივლიდი, სულ ვოცნებობდი, ნეტავ, ვინმემ შემნიშნოს და ფილმში გადაღება შემომთავაზოს-მეთქი. ჰოდა, იმ ქალბატონს უარს როგორ ვეტყოდი?! გუგული მგელაძეს ძალიან მოვეწონე. ჩემი პარტნიორი, რეჟისორი მიშიკო კობახიძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ თავად ფილმ "ქორწილის" გადაღებას იწყებდა და ვერ იცლიდა, სამაგიეროდ, თავის ფილმში დამპატიჟა, - გუგულიმ სხვა გოგონა იპოვოსო (იცინის). მოკლედ, საცდელი კადრები გადამიღეს და არდადეგებზე რაჭაში გავემგზავრე. დეპეშა ტექსტით, - მთავარ როლზე დაგამტკიცეთო, იქ მივიღე და ლამის ჩამოვფრინდი თბილისში. გადაღება პირველ აგვისტოს იწყებოდა და უბედნიერესი ვიყავი. დათოს როლზე სერგო ორჯონიკიძე აეყვანათ. მაშინ სერგო სამედიცინო ინსტიტუტში აბარებდა და მახსოვს, ფილმის მეორე რეჟისორი - დევი აბაშიძე სულ ეხუმრებოდა, - თქვი, მამაშენმა რამდენი ფული ჩაყარა შენს მოწყობაშიო?! - რას ამბობთ, ბატონო დევი, ჩემი გვარი ჩარიცხულ სტუდენტთა შორის ოქროს ასოებით ჩაწერესო, - სხარტად პასუხობდა სერგო. გადაღება "ქარიშხალას" ველოტრეკიდან დაიწყეს. ეს იყო ჩემი და სერგოს გაცნობის პირველი კადრები. მე სულ მჩაგრავდნენ - დილის 6 საათზე უკვე საგრიმიოროში უნდა ვყოფილიყავი, სერგოს კი შვიდის ნახევარზე იბარებდნენ. ქალებს ვუთმობო, - მამშვიდებდა ხოლმე. ისე კი, მე მეტი გრიმი მჭირდებოდა. გრიმიორი გურამ ბარნაბიშვილი ისე მიეჩვია ჩემი "ჩოლკის" დაყენებას, რომ ერთხელ ტროლეიბუსში უცნობი გოგონას "ჩოლკა" არ მოსწონებია, მივარდნილა და იმისთვისაც გაუსწორებია. მერე თვითონაც შემცბარა და მოუბოდიშებია, ისე მივეჩვიე ლალის "ჩოლკის" გასწორებას, მექანიკურად სხვებსაც ვუსწორებო.
ამ ფილმის პარალელურად იღებდნენ ფილმებს "მე ვხედავ მზეს" და "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ". ამიტომ საგრიმიოროში ეროსი მანჯგალაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხვიჩიასა და მავრ პიასეცკის გარდა, ყოველდღე ვხვდებოდი მიხეილ ჭიაურელს, ვერიკო ანჯაფარიძეს, აკაკი ხორავას, სოფიკო ჭიაურელს. ერთხელ მარტინსონსაც კი შევხვდი, ჩამოსული რომ იყო. სააბაზანოში პირის დაბანას რომ ვიწყებდი, კაბას ვიხდიდი ხოლმე და ქვედაბოლოს ამარა ვრჩებოდი. ამ დროს სერგო წყალს მიკეტავდა და გასაპნულს მტოვებდა. ერთხელაც ასე გასაპნული რომ დავრჩი, ხელის ცეცებით დავდიოდი, კარზე რომ დააკაკუნეს. ვიდრე ხმას ამოვიღებდი, კარი გაიღო და შემოვიდა მარტინსონი. შევცბი და უი-მეთქი! - დავიძახე. "დეტოჩკა, ია უჟე ნე ვ ტომ ვოზრასტე, ჩტობ ტი "უი" გოვორილაო (შვილო, იმ ასაკში აღარ ვარ, ასეთ დროს "უი" რომ წამოიძახოო. - ავტ.), - მითხრა... არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ჯგუფი გვყავდა და ბევრს ვხალისობდით. მახსოვს, ერთხელ გრიმიორმა გურამ ბარნაბიშვილმა სესილიას მძივი მოიკითხა, ხომ არ დაგავიწყდაო? - მისი გმირი, კოსმეტოლოგი საშიკო კადრში სულ იმ მძივით ჩანს. - სადღაც აქ უნდა მქონდესო, - უპასუხა სესილიამ და ჩანთა ამოატრიალა. "ეტო ნე ჩანთა, ეტო ბაზარ!", - ასე ამბობდა ხოლმე თავის ჩანთაზე, რადგან იქიდან ყოველთვის იყრებოდა სიგარეტი, სანთებელა, გაწყვეტილი მძივის ნაწილები, სუნამო და კიდევ ათასი რამ. მოკლედ, ერთი სუპერმარკეტი იქნებოდა... იპოლიტე სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ფილმში აგურს რომ ურტყამენ თავში, ის აგური საგანგებოდ მზადდებოდა - დარტყმისას იოლად უნდა დაფშვნილიყო. გადაღებისას ვიღაცას ხუმრობით ერთი ნამდვილი აგურიც შეურევია და იპოლიტეს მაინცდამაინც ის ჩაარტყეს. ფილმში დარეტიანებული სწორედ მაგ აგურის დარტყმის შედეგად დადის. საავადმყოფოშიც კი იწვა 3 დღეს. - ასე რატომ მომექეცი, ჩემი სიკვდილი გინდოდაო? - საყვედურობდა გუგულის...
ეროსი კი, იცით, როგორი იყო? ყოველთვის მოწიწებით, მორიდებით მოგეპყრობოდა, ათად მოიკეცებოდა და გამარჯობას ისე გეტყოდა... ძალიან კარგი გამოვიდა ეპიზოდი ლომებისა და ვეფხვების მომთვინიერებელ ვალტერ ზაპაშნისთან, რომელიც თავისი ცხოველებით ჩამოვიდა თბილისში. სცენარის მიხედვით ცირკში ილუზიონისტთან უნდა მივსულიყავი და გამეფრთხილებინა, რომ მის მოკვლას დანით აპირებდნენ. გუგულიმ მითხრა, ხომ იცი, დიდი მსახიობები, როლი კარგად რომ შეესრულებინათ, რა მსხვერპლს იღებდნენო? - ვიცი-მეთქი, - ვუპასუხე. - ლომთან ახლოს მიხვალო? - შეპარვით მკითხა. იმწამს დავთანხმდი: არ მეშინია-მეთქი. საერთოდაც, ჰოროსკოპით ლომი ვარ და "ძმასთან" მისვლა არ გამიჭირდებოდა. "ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" გუგულის პირველი ფილმი იყო და ყველანაირ ექსპერიმენტს ატარებდა. ამიტომ სცენარით გათვალისწინებული ილუზიონისტი ლომების მომთვინიერებლით იოლად შეცვალა, თუმცა ამის შესახებ კინოსტუდიის დირექტორიც კი არ გაუფრთხილებია. მივედით ვალტერ ზაპაშნისთან, რომელმაც მითხრა, რომ ლომის მისაჩვევად რამდენიმე დღე 15-15 წუთით მის გალიასთან უნდა ვმდგარიყავი ჩემი გმირის სამოსითა და გრიმით, თან დაგვაიმედა, ყველაფერს ვიღონებ, ლომმა რომ არ დაგლიჯოსო. სამ დღეს ვიარე და გადაღებაც დავიწყეთ. გუგული გალიორკაზე დაჯდა, ოპერატორი გივი რაჭველიშვილი თავისი აპარატურით გისოსებში ჩასვეს, ვალტერის ახალგაზრდა მეუღლე ჩემი დუბლიორი უნდა ყოფილიყო და ექსტრემალურ სიტუაციაში კადრში უნდა შევეცვალე. თუკი ლომი განრისხდებოდა, მასაც და ვალტერსაც დატენილი იარაღი მზად ჰქონდათ და აუცილებლად გაისროდნენ. იქვე ორი მეხანძრეც იდგა, რათა საჭიროების შემთხვევაში ლომი წყლის ჭავლით შეეშინებინათ. მე კი... აღმოვაჩინე, რომ მრისხანე ლომი ულამაზესი და უჭკვიანესი ცხოველი ყოფილა. სამი დუბლი გადავიღეთ და თითოეულის გადაღებისას ლომი გამოდიოდა გალიიდან და მეც სულ უფრო ვუახლოვდებოდი.
GzaPress
- თქვენმა მშობლებმა იცოდნენ, კინემატოგრაფისთვის რა მსხვერპლს იღებდით?
- არა, რას ამბობთ! მოკლედ, ფილმიდან თუ გახსოვთ ეს კადრი, შეამჩნევდით, რომ ლომზე შემომჯდარ ვალტერს ვაწვდი უბის წიგნაკს, რომელშიც ჩემი აზრით, მის მკვლელობაზეა ლაპარაკი. ის კითხულობს, მერე სიცილით "აკითხებს" ლომს და ისიც "იცინის" ამ სისულელეზე. სინამდვილეში, ვალტერს უბის წიგნაკთან ერთად ხელში რაღაც სითხეში დასველებული ბამბაც უკავია, მიაქვს ლომის ნესტოებთან, უღიტინებს და ლომი უზარმაზარ ხახას აღებს. წარმოგიდგენიათ? არაფრის შემშინებია, თავი ლამის რიჩარდ ლომგული მეგონა. გადაღების შემდეგ ვალტერმა ბევრი მადლობა გადამიხადა სიმამაცისთვის, რამაც მის უსაყვარლეს ლომს სიცოცხლე შეუნარჩუნა და "ჯილდოდ" გადამღებ ჯგუფს საგანგებო შოუ წარმოგვიდგინა... მერე თბილისში ჩამოვიდა გუგულის პედაგოგი, უდიდესი რეჟისორი სერგეი გერასიმოვი, ძალიან მოვეწონე და კოორდინატებიც კი დატოვა, შემეხმიანეო. დედა მოსკოვში დისერტაციის დასაცავად იყო ჩასული და ბატონი გერასიმოვიც უნახავს. თქვენ წარმოიდგინეთ, ვახსოვდი და დიდი სურვილი გამოუთქვამს, იმ წელს საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ვგიკში), მის სახელოსნოში ჩამებარებინა. ჩემი ოცნება სწორედ იქ მოხვედრა იყო, მაგრამ თბილისში დაბრუნებულ დედას, სამწუხაროდ, არაფერი უთქვამს გერასიმოვის შემოთავაზებაზე. სასწრაფოდ გაძლიერებულად მომამზადა ინგლისურში, რათა თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში ჩამებარებინა. ეს ამბავი მოგვიანებით გამჟღავნდა და დღემდე განვიცდი, ვერ მომინელებია, დედა ასე რატომ მოიქცა. არადა, ალბათ სრულიად განსხვავებული ცხოვრება მექნებოდა... მე კი ინგლისურის შემდეგ ფრანგულიც ვისწავლე, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტიც დავამთავრე თექისა და გობელენის სპეციალობით, ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული სასაუბროც გამოვეცი, ვხატავდი კიდეც - ოთახში რომ ჰკიდია, ძირითადად, ჩემი ნამუშევრებია... მალე გავთხოვდი მუსიკოსზე, რომელიც სასწავლებლად მოსკოვში წავიდა და მეც თან წამიყვანა. ერთი გოგონა შეგვეძინა, მისგან დღეს სამი შესანიშნავი შვილიშვილი მყავს... ქართლოს ხოტივარმა მოისურვა ჩემი გადაღება მის პირველ ფილმში, დედამ კი იუარა, ახალი ნამშობიარებიაო. ქართლოსს სჯეროდა ჩემი ნიჭის და თავისი აზრი არც დედასთვის დაუმალავს, იმჟამინდელი ვარსკვლავისთვის - მარია შელისთვის შევუდარებივარ და მგონი, მხოლოდ მაშინ მიხვდა დედა, რომ შეცდა... სხვა მიწვევებიც მქონდა, მაგრამ... ერთადერთი, იკა ასათიანის მოკლემეტრაჟიან ფილმში "მშვიდობით, ინესაში" მოვხვდი, ეს იყო და ეს... რასაკვირველია, ბედნიერი ვარ, ასეთი ოჯახი რომ მყავს და იმასაც ვფიქრობ, მართალია რომ ამბობენ, ის სურვილი და ოცნებაა კარგი, რომელიც არ სრულდება, რადგან მთელი ცხოვრება სწორედ ამ ოცნებაში ცხოვრობ.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"კარიერაში მიმართლებს, პირად ცხოვრებაში - ნაკლებად"
"ეჭვიანობა ერთ-ერთი ბოროტი გრძნობაა"
ნელი აგირბას ყველაზე დიდი სისუსტე
"ყოველთვის მაკვირვებს ჭირისუფლის დამოკიდებულება, - ვიდრე ჩავალთ, პირჯვარს გვწერენ, ღმერთმა მშვიდობით ამოგიყვანოთო..."
"უკონკურენტო კონკურსზე ჩემი ადგილი არ არის"
"ჭკვიანი ქალი სამსახურს და ოჯახს ძალიან კარგად შეუთავსებს ერთმანეთს"
"ამ გოგოს ბრძოლისუნარიანობით ყველანი გავვოცდით"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი