მგზავრობენ თუ არა ცნობილი ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით? - გზაპრესი

მგზავრობენ თუ არა ცნობილი ადამიანები საზოგადოებრივი ტრანსპორტით?

ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში კრიტიკას რომ ვერ უძლებს, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ როგორ აფასებენ ამ მდგომარეობას ცნობილი პიროვნებები, მგზავრობენ თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით? - ამის თაობაზე ისინი თავად გვესაუბრებიან.

"სტუდენტობაში ტროლეიბუსი ჩემთვის ნომერი პირველი ტრანსპორტი იყო"

GzaPressნიკა არაბიძე, იუმორისტი: - ამჟამად საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დავდივარ, თუმცა ჩემი სტუდენტობა 1990-იან წლებს დაემთხვა და იცით, როგორი ტროლეიბუსით მიმგზავრია? - ხალხით რომ არის სავსე, შენ კი კართან ხარ გაჭედილი და ვერ ხვდები, გარეთ ხარ თუ შიგნით. სტუდენტობაში ტროლეიბუსი ჩემთვის ნომერი პირველი ტრანსპორტი იყო. სამწუხაროდ, ამ სფეროში სიტუაცია დღესაც საკმაოდ რთულია. რა უნდა გაკეთდეს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად? - საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული და ძალიან იაფი უნდა იყოს. ევროპის ზოგიერთ ქალაქში ავტობუსით მგზავრობა მიზერული ფასი ღირს და ამის გამო ბევრი ამ ტრანსპორტით მგზავრობს. ადამიანს სურვილი უნდა გაუჩნდეს, რომ თავისი ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდეს. ჩვენზე ათჯერ უფრო დიდ და მდიდარ ქალაქებში ვერ ნახავთ ამდენ უზარმაზარ მანქანას, რომელსაც ლამის ქუჩის ნახევარი უკავია. ადამიანები მანქანებს სახლში ტოვებენ და თვითონ ველოსიპედებით, მოპედებით და ავტობუსებით დადიან.

"ფეხით ვიაროთ და პატარა საქმეზეც უზარმაზარი ჯიპით ნუ წავალთ"

GzaPressკოტე ყუბანეიშვილი, პოეტი: - მე უკვე პენსიონერი ვარ და ძირითადად ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ. ეს ახალი ავტობუსები ძალიან მომწონს და თუ მათი რიცხვი გაიზრდება, სიტუაცია გაუმჯობესდება. ახლა კი, ყველა ვხედავთ პიკის საათებში რა მდგომარეობაა: ქალაქში იმდენი მანქანა მოძრაობს, რომ გადაადგილება შეუძლებელია. მე მგონი ამ სიტუაციას კარგა ხანს არაფერი ეშველება, ამიტომ, ჩემი აზრით, ქალაქის ცენტრში მანქანით მოძრაობა უნდა აიკრძალოს. ევროპიდან ყველაფერი ცუდი რომ გადმოგვაქვს, კარგში მივბაძოთ: ფეხით ვიაროთ და უბრალო საქმეზე უზარმაზარი ჯიპით ნუ წავალთ - თუ ყველა ასე მოიქცევა, ჩვენს ქალაქში მოძრაობა რთული აღარ იქნება.

"ბევრი ჩემი მეგობარი მანქანას შინ ტოვებს და მეტროთი დადის"

GzaPressსალომე შარვაძე, მსახიობი: - ავტობუსით და მიკროავტობუსით არ ვმგზავრობ, მაგრამ ზოგჯერ მეტროთი ვსარგებლობ. დღეს მანქანის ყოლა ფუფუნებას არ ნიშნავს, ბევრი ჩემი მეგობარი მანქანას შინ ტოვებს და მეტროთი დადის, რადგან ეს თბილისში ყველაზე სწრაფი და მოხერხებული ტრანსპორტია. ჩემი აზრით, როცა გეჩქარება, მეტროთი მგზავრობა კარგი გამოსავალია. როგორ შეიძლება თბილისში მოძრაობა განიტვირთოს? - სატვირთო მანქანებს, ასევე - დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანებს პიკის საათებში მოძრაობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ამით ჩვენი ქალაქის ქუჩები ოდნავ მაინც განიტვირთება. დღეს კი, აქ რაც ხდება, ნამდვილი ქაოსია - ამ სიტუაციას სხვას ვერაფერს დავარქმევ.

"პოლ მაკარტნი დადის ლონდონში მეტროთი და ჩვენ რა გვჭირს?"

GzaPressნუგზარ ერგემლიძე, მუსიკოსი: - ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით იშვიათად ვმგზავრობ, ადრე კი, ჩემი საყვარელი ტრანსპორტი ტროლეიბუსი იყო. გული მწყდება, რომ თბილისში ტროლეიბუსი და ტრამვაი აღარ დადის. ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, რომელიც ქალაქს უხდებოდა და საკმაოდ კარგადაც მუშაობდა. ჩვენთან ასეთი კლიშე არსებობს: თუ ადამიანი ცნობილია ან რაღაც თანამდებობა აქვს, არ შეიძლება ავტობუსით, ან მეტროთი იმგზავროს, რაც დიდ შეცდომად მიმაჩნია. პირიქით, ჩვენმა ჩინოვნიკებმა ხალხის მდგომარეობა უფრო ახლოს რომ გაიცნონ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხშირად უნდა ჩასხდნენ. ბოლოს და ბოლოს, პოლ მაკარტნი დადის ლონდონში მეტროთი და ჩვენ რა გვჭირს? მასზე უფრო ცნობილი და წარმატებული ვინ არის? მაკარტნიზე ბევრი ფული, თანაც კანონიერი გზით მოპოვებული, ინგლისში მხოლოდ დედოფალს აქვს. მე მგონი, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს...

"ყვითელი "მარშრუტკების" უმრავლესობა მოუწესრიგებელი და უსუფთაოა"

GzaPressია ანთაძე, ჟურნალისტი: - საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძალიან ხშირად დავდივარ - ძირითადად, მეტროთი. ადრე უფრო რთული იყო პიკის საათებში მეტროთი გადაადგილება, ახლა კი ვაგონები დაამატეს და მეტრო ისე გადატვირთული აღარაა. სხვათა შორის, ევროპის დიდ ქალაქებში ძალიან კარგად მუშაობს ტრამვაი - ეს ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან კარგი ტრანსპორტია. მინდა, თბილისის ქუჩებშიც მოძრაობდეს - ეს სერიოზულად განტვირთავდა და მოაწესრიგებდა მოძრაობას, მაგრამ მისი აღდგენა ძალიან ძვირია და არა მგონია, ახლო მომავალში მოხერხდეს. ჩემი აზრით, ეს ყვითელი "მარშრუტკები" დროებითი მოვლენაა. მათი უმრავლესობა მოუწესრიგებელი და უსუფთაოა, ნორმალური გაგრილების სისტემაც არა აქვთ - ასეთი ტრანსპორტი თანამედროვე ქალაქისთვის შეუფერებელია.

"ჩემთვის ყველაზე კარგი და კომფორტული ტრანსპორტი ავირჩიე"

GzaPressზაალ სულაკაური, მხატვარი: - დაახლოებით 7 წელია, რაც ქალაქში სკუტერით ვმოძრაობ, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იშვიათად მიწევს. ცუდი ისაა, რომ მისი მოპარვა ადვილია და ამ 7 წელიწადში უკვე ორი სკუტერი მომპარეს. ცხადია, რომ მეპოვა, ყველა ჩავრიე, მაგრამ ვერავინ ვერაფერი იპოვა. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე კარგი და კომფორტული ტრანსპორტი ავირჩიე: სკუტერს არც პარკინგის პრობლემა აქვს, არც - საწვავის, არც საცობში გაიჭედება - მოკლედ, საუკეთესო ტრანსპორტია. სწორედ ამიტომ, ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანი სკუტერით გადაადგილდება, საქართველოში კი, საცობებში ყოფნა და საათობით ლოდინი ურჩევნიათ. ყველაზე მეტად დღევანდელ თბილისში სამარშრუტო ტაქსები და მათი გამონაბოლქვი მაწუხებს - ჩაუქროლებ სკუტერით და ლამისაა, დაიხრჩო!

"მგონი დროა, თბილისმაც ევროპის ქალაქებს მიჰბაძოს"

GzaPressლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი: - საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ახლა დავიწყე, მუდმივმა საცობებმა და პარკირების პრობლემამ იმდენად შემაწუხა, რომ ისევ ამ ტრანსპორტს დავუბრუნდი. თუმცა, აქაც არ არის ყველაფერი რიგზე. მაგალითად: ჩემთან, ნუცუბიძის პლატოზე მარტო ერთი, პატარა, ყვითელი ავტობუსი დადის, რომელიც ბოლომდე ვერც აღწევს და შუა გზაში ჩერდება, ისიც, 40 წუთში ერთხელ მოდის - როგორ ფიქრობთ, ასეთი ტრანსპორტით მგზავრობა შესაძლებელია? გამოვდივარ სამსახურიდან დაღლილი და მერე 40 წუთი ტრანსპორტს უნდა ველოდო - ეს ნორმალური მდგომარეობა არ არის. მსგავსი პრობლემები რომ არ იყოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველთვის სიამოვნებით ვიმგზავრებდი, იმაზე ფიქრი მაინც არ დამჭირდებოდა, ავტომობილი სად გავაჩერო. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ თბილისში ძალიან ცოტა ავტობუსი და ბევრი სამარშრუტო ტაქსი დადის. ჩემი ნება რომ იყოს, სატრანსპორტო პოლიტიკას მთლიანად შევცვლიდი: გავაუქმებდი სამარშრუტო ტაქსებს და მარტო ავტობუსებს დავუშვებდი. სხვა საკითხია, გადაჯდება თუ არა ხალხი ამ ავტობუსებში. ამას წინათ ფოტო ვნახე, როგორ მგზავრობს მსოფლიოს ვარსკვლავი, მილიონერი კიანუ რივზი მეტროთი. ქალაქის მერები ვიცი, რომლებიც ველოსიპედით მგზავრობენ, აქ კი დადიან გემის მსგავსი მანქანებით და არ იციან, სად გააჩერონ, მერე ეს მანქანები ტროტუარზე აჰყავთ და ასე იქმნება ქაოსი, რომელსაც ბოლო არ უჩანს! ევროპის ქალაქებში მსგავსი რამ წარმოუდგენელია. მე მაგალითად, ფანტასტიკურად ვიმგზავრე ბუდაპეშტში ტრამვაით, ბარსელონაში კი დიდი მანქანა საერთოდ არ მინახავს, ყველა ან მოპედით დადის, ან - ტროლეიბუსით. აღარაფერს ვამბობ გერმანიის ქალაქებზე, სადაც მოძრაობა საათივით აწყობილი და მოწესრიგებულია. მგონი დროა, თბილისმაც ევროპის ქალაქებს მიჰბაძოს.

ხათუნა ჩიგოგიძე