როგორ ახასიათებს ვარსკვლავებს კაპრალი თემო დადიანი - გზაპრესი

როგორ ახასიათებს ვარსკვლავებს კაპრალი თემო დადიანი

ალბათ იშვიათია ადამიანი, ვისაც თემო დადიანის სამაგალითო ცხოვრების შესახებ არ გაუგია: ავღანეთში, ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქებისას კიდურების დაკარგვის შემდეგ, თემო ფაქტობრივად, მეორედ დაიბადა - ცხოვრება შემართებით განაგრძო და სამხედრო სამსახურში ყოფნის გარდა, დღეს წარმატებული სპორტსმენი გახლავთ. ასევე, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას, მაგისტრის ხარისხის მიღებას აპირებს. უკვე ერთი თვეა, რაც კაპრალი თემო დადიანი პროექტ "ყველაზე ძლიერში" "მგლების" გუნდის მეთაურის ამპლუაშიც გამოჩნდა...

- როდესაც პროექტის - "ყველაზე ძლიერის" წარმომადგენლები შემეხმიანენ, იაპონიაში, თხილამურებით სრიალში შეჯიბრებაზე ვიყავი და არ ვიცოდი, კონკრეტულად რას მთავაზობდნენ. საქართველოში დაბრუნებული "იმედის" ტელევიზიაში მივედი, სადაც ამიხსნეს, რა პროექტი იყო, რა დავალებები მექნებოდა, ვინ მონაწილეობდნენ და ა.შ. პირველ რიგში, ის მესიამოვნა, რომ ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანაში განხორციელდებოდა, ანუ ვარსკვლავების "გასამხედროება" უნდა მომხდარიყო, რაც ჩემთვის საინტერესო და ერთგვარი გამოწვევაც გახლდათ: საქმეს თავს როგორ გავართმევდი, როგორ შევძლებდი ვარსკვლავების "გასამხედროებას" - ისინი ხომ ცხოვრების სხვაგვარ სტილს არიან მიჩვეულები? პროექტი თავიდანვე საინტერესოდ მომეჩვენა და ბევრი არც მიფიქრია - შემოთავაზებას დავთანხმდი.

- მაინცდამაინც "მგლები" რატომ ჰქვია თქვენს გუნდს?

- 4 გუნდი უნდა ყოფილიყო: "მგლები", "ქორები", "ზვიგენები" და "მუხები". საერთო შეჯამებით ისე განაწილდა, რომ "მგლების" მეთაურობა მე მომიხდა, შემდეგ უკვე ჯგუფის წევრები ავირჩიეთ.

- თქვენი გუნდის წევრებს პროექტის დაწყებამდე იცნობდით?

- მონაწილეთა შესახებ მცირე ბიოგრაფიული ინფორმაცია გვქონდა. პროექტის დაწყებამდე, ერთგვარი "დაკითხვის ოთახი" მოვაწყვეთ და ყველა დავიბარეთ. ვაკვირდებოდით, ვის როგორი ხასიათი ჰქონდა, როგორი ემოციები და ასე ვთქვათ, ვინ რისი გამკეთებელი იყო. ამის შემდეგ ვწყვეტდით, გუნდის წევრები როგორ შეგვერჩია. აქ ეს ფაქტიც გასათვალისწინებელი იყო, რომ გუნდში ყველა ფიზიკურად ძლიერი ან სუსტი ადამიანი ვერ იქნებოდა. ერთმანეთის აზრიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ გუნდები დაბალანსებული ყოფილიყო: ყველა გუნდს ფიზიკურად ძლიერი წევრიც ჰყოლოდა, სუსტიც, გამჭრიახიც... მეთაურებს ეს საკითხი ერთმანეთთან გარკვეული გვქონდა, შემდეგ კი ხალხი ისე გავანაწილეთ, რომ გუნდებს შორის ბალანსი დაცული ყოფილიყო.

- მანამდე (თუნდაც მცირე ბიოგრაფიული ინფორმაციის მიღებამდე) რა იცოდით "ყველაზე ძლიერის" მონაწილე ვარსკვლავების შესახებ?

- ვიცოდით, რომ ზოგი მსახიობი, იყო, ზოგი - მომღერალი და ა.შ. ვარსკვლავები იყვნენ და ჩვენთვისაც საინტერესო იყო, პროექტში რამდენ ხანს გაძლებდნენ. მათ შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ გვქონია, რომ ამის მიხედვით აგვერჩია - მხოლოდ ტელეეკრანიდან ვიცნობდით.

- მეტ-ნაკლებად მიმოვიხილოთ, როგორი წარმოდგენა გქონდათ თქვენი გუნდის წევრების შესაძლებლობებზე და გაამართლეს თუ არა მოლოდინი?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დულიმ (ლევან ჯიქიამ) საკუთარი თავის წარმოჩენა, თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ მოასწრო. ფიზიკურად ძლიერი ადამიანია, მაგრამ ფეხებზე ოპერაციები აქვს გაკეთებული. სწორედ ფეხების ბალანსთან დაკავშირებული დავალების შესრულებამ მოუწია. თავისთავად, ეს ვერ მოახერხა და პროექტიდან გავარდა. თუმცა, იმის გაკეთება ყველამ შეძლო, რაც ამ ადამიანებთან დაკავშირებით, თავიდანვე გათვლილი მქონდა - პროექტში მაქსიმუმი გააკეთეს. გუნდის წევრად ლევან ჯიქია ავირჩიე, როგორც ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე, ჯანო - სხარტი და ბალანსირებული დავალებების შესასრულებლად, თუმცა პირიქით მოხდა - ლევანს ბალანსთან, ჯანოს კი ფიზიკურ ძალასთან დაკავშირებული დავალების შესრულება მოუხდა... გოგონებიც ასე შევარჩიე: მოგეხსენებათ, ნინო ოძელაშვილი მრავალგზის ჩემპიონი, ფიზიკურად ძლიერი ადამიანია. თამარ მაყაშვილზე არჩევანი გამჭრიახობის თვალსაზრისით შევაჩერე, ირინა ონაშვილი კი ჯგუფში გასამხნევებლად მყავდა, რომ გუნდი გაელამაზებინა (იცინის). არადა, ირინამ ბევრჯერ იყოჩაღა. დარწმუნებით თქმა შემიძლია, რომ ჩემს გუნდში საკუთარ თავს ყველაზე მეტად, სწორედ მან აჯობა, რაღაც ბარიერებს გადააბიჯა, მით უმეტეს, რომ მას ძალიან განსხვავებული ცხოვრება აქვს: პოდიუმი, სარკის წინ ტრიალი... პროექტში ტალახში ხოხვა, ტალახიანი ხელებით ჭამა, დაუბანლობა უწევდა. ირინამ საკუთარ თავში უკვე ძალა იპოვა, რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებს.

- გადაცემის ერთ-ერთ ეპიზოდში მეთაურებმა გუნდებიც გაცვალეთ...

- დიახ, როცა "ცხვარი და 20-იანის" შეჯიბრება იყო, იმ დღეს "ზვიგენების" გუნდის მეთაურობამ მომიწია, რომელშიც იყო: სალომე ჭაჭუა, დავით კენჭიაშვილი, სოფო დონაძე და გიორგი მანჯგალაძე. ჩემთვის ესეც სასიამოვნო ფაქტი იყო - ყველა გუნდს თავისი მიდგომები, თვისებები აქვს და ყველა გამარჯვებისკენ ისწრაფვის. როცა "ზვიგენებს" ვმეთაურობდი, იმ დღეს ამ გუნდმა მოიგო და გამიხარდა. ჩემს გუნდს ჯერჯერობით, არ მოუგია, მაგრამ იმედი მაქვს, გუნდურად დაამტკიცებენ, რომ ნამდვილი მგლები არიან.

GzaPress

- მაგალითად, სალომეს ვიცნობთ, როგორც ძლიერ, თავდაუზოგავ ადამიანს, რადგან სულ ვარჯიშობს, თავის სფეროში წარმატებისკენ ილტვის. თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა? - ვერ ვიტყვი, სალომესთვის ამ პროექტში მონაწილეობა რთული იყო-მეთქი, რადგან ის რეჟიმს, ვარჯიშს, ფიზიკურ დატვირთვას მიჩვეულია. ზუსტად "ცხვარი და 20-იანის" შეჯიბრებისას, როცა კვადროციკლით უკან მივდევდი და ამასთან დაკავშირებით მეგობრები მეკითხებიან, ვპასუხობ: - სალომემ იმდენი იარა, რომ კვადროციკლში ბენზინის მარაგი ამომეწურა-მეთქი (იცინის). დაუღალავი ადამიანია. თავდაჯერებაც იმ დონეზე აქვს, რომ არ იღლება, ფსიქიკაც ძალიან ძლიერი აქვს. ყველა დავალებას თავს კარგად ართმევს.

- პირადად თქვენთვის ამ პროექტმა რა შეცვალა?

- უბრალოდ, ამ პროექტში მონაწილეობით ვცდილობთ, ხალხს ვაჩვენოთ - კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, რომ შეუძლებელი ნამდვილად არაფერია, რადგან მაგალითად, შორენა ბეგაშვილის შესახებ მინდა ვთქვა: მისი ცხოვრების სტილიც ძალიან განსხვავებულია - თავის მოვლასთანაა დაკავშირებული (მანიკიური, პედიკიური...), მაგრამ შორენას ბრძოლისუნარიანობით ყველანი გაოცებულები ვიყავით - ისეთ დავალებებს ასრულებდა, რომ გვეგონა, ჩვეულებრივი სამხედრო მოსამსახურე იყო: იარაღს იყენებდა, ტალახში დახოხავდა... პროექტში თითქმის ყველა გოგომ საკუთარი თავის სხვა მხარე დაინახა. პირადად მე, ამ პროექტმა ის მომცა, რომ ამ ადამიანების შემხედვარეს, ბრძოლისუნარიანობა ამიმაღლდა.

- როცა ნინი ონიანს ფრჩხილები დანით და ჩაქუჩით დააჭრეს, ეს რამე უნარის განვითარებას ემსახურებოდა თუ უბრალოდ, შოუსთვის იყო საჭირო?

- რაც უნდა ვთქვათ, ეს მაინც შოუა და შოუსთვის კეთდება, მაგრამ იქ დადგმული აბსოლუტურად არაფერი ყოფილა. ყველაფერი ისე ხდება, რასაც იღებენ და შემდეგ ტელეეთერში გადის. ნინისთვის ფრჩხილების დაჭრა ერთგვარი ხერხი იყო, რომ ვარსკვლავებს გაეცნობიერებინათ, სად იყვნენ - პირველივე დღიდან იმის განცდა ჰქონოდათ, რომ ეს მხოლოდ შოუ არ არის და რეალურად უნდა შეესრულებინათ, რასაც მეთაურები უბრძანებდნენ. ნინი წინადღეს გაფრთხილებული იყო, რომ თავი მოეწესრიგებინა. არ მოიწესრიგა და წამყვანი დაეხმარა, რომ მისი ფრჩხილები ისეთი გამხდარიყო, როგორიც სამხედრო მოსამსახურეს შეეფერება (იღიმის).

- სპორტის მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?

- ახლახან ევროპის ჩემპიონატში (პარამკლავჭიდში) ვმონაწილეობდი, თუმცა კარგად მომზადებული არ გახლდით - გადაღებების გამო, ვარჯიშები გამიცდა. თებერვალ-მარტში თვე-ნახევრის განმავლობაში მოვემზადე. შარშანდელი ევროპის ჩემპიონი ვარ და მინდოდა, ეს ტიტული წელსაც შემენარჩუნებინა, მაგრამ ამჯერად, 2 ვერცხლის მედალი ავიღე. ჩემი მომზადების დონეს თუ გავითვალისწინებთ, ეს მაქსიმუმი იყო, რა ჯილდოს აღებაც შემეძლო - გამიკვირდა კიდეც, რომ ფინალამდე მივედი. ოქტომბერში მსოფლიოს ჩემპიონატია. მთელი ზაფხული მომზადებას ვაპირებ. ოქტომბრის მერე თხილამურებით შეჯიბრება იწყება. 2018 წლის ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების (პიონჩანგში, სამხრეთ კორეაში) მონაწილე ვარ. წელს შეჯიბრებაზე იაპონიაში ვიყავი, სადაც საუკეთესო ათეულში მოვხვდი. თხილამურებით სრიალი სპორტის რთული სახეობაა. წარმატების მისაღწევად ბევრი წელია საჭირო. 2 წელია, რაც პარამოთხილამურე ვარ. ასევე, ვცურავ, ველომარათონზე დავდივარ...

- სამხედრო სფეროს რაც შეეხება?

- ეროვნული თავდაცვის აკადემიაში (სიმულაციური მართვის ცენტრში) ვირიცხები. ყველანაირად მიწყობენ ხელს, რომ სხვა მიმართულებითაც წარმატებას მივაღწიო. შარშან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე. წელს მაგისტრატურაზე ჩაბარება მინდოდა, მაგრამ სპორტის გამო, გადავდე.

- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?

- მშობლები - არაჩვეულებრივი ადამიანები და 1 წლით უფროსი ძმა მყავს, რომელიც დაოჯახებულია. სახლში პატარა თემო მეორე დადიანი (ძმისშვილი) მყავს (იღიმის). მამასაც და ძმასაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი აქვთ, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა აღარ გაუგრძელებიათ. ბიძაჩემი (დედის ძმა) მეზღვაურია. ოჯახიდან ძალოვან სტრუქტურაში სხვა არავინ გვყავს, თუმცა ალბათ, ეს ტრადიცია დაფუძნდება, რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც იყოს ძალოვან სტრუქტურაში (იღიმის).

- თქვენი ცხოვრების სტილი და სულის სიმტკიცე ბევრისთვის სამაგალითოა. რთულ სიტუაციაში მოტივაციას რა გაძლევდათ?

- მთავარია, რამე მოინდომო, მიზანსწრაფული იყო და დრო სწორად გაანაწილო. დილით, საწოლიდან ადგომის წუთიდან გვიან საღამომდე, არც ერთი წუთით არ ვზივარ და უაზრობებზე არ ვფიქრობ. სულ რაღაცას ვაკეთებ.

- ყოველთვის ასეთი აქტიური ცხოვრება გქონდათ?

- საკუთარ თავში ეს სულიერი სიმტკიცე ასე ვთქვათ, ჩემი მეორედ დაბადების შემდეგ უფრო აღმოვაჩინე. ასეთი რამ რომ არ შემმთხვეოდა და სხვა, ჩემსავით დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე მენახა, ვიტყოდი, - ეს რომ მე დამმართოდა, ოთახში ჩავიკეტებოდი-მეთქი, მაგრამ ფაქტია, საკუთარ თავში ის ძალა აღმოვაჩინე, რაც ამ ბარიერის გადალახვაში დამეხმარა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ გახლავთ: დამეხმარნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, სამხედრო მოსამსახურეები, ვის გვერდითაც ავღანეთში ვიბრძოდი. მათთან ერთად ის ძალა ვიპოვე, რომ გამეცნობიერებინა - ცხოვრება ნამდვილად არ სრულდება. ერთხელ რომ წაიქცევი, იმ ადგილზე არ უნდა იწვე; უნდა ადგე და ცხოვრება განაგრძო. იმ შემთხვევის შემდეგ, სწორედ ეს ვიგრძენი, რომ ადგომა ნამდვილად შეიძლება. მთავარია, ამისთვის საკუთარ თავში ძალა იპოვო... შემთხვევით ვისარგებლებ და შშმ პირებს მივმართავ: ოთახებში ნუ ჩავიკეტებით და ისეთ რეალობას ნუ მივეცემით, რაც ჩვენი რეალობა ნამდვილად არ არის. შშმ პირები ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან. ჩვენი გასაკეთებელი თავად თუ არ გავაკეთეთ, დღეს თუ არ ვთქვით სათქმელი, მომავალ თაობას ცხოვრება და საზოგადოებაში რეალიზება უფრო გაუჭირდება, თუმცა ეს თემები დღეს ძალიან წინ წამოწეულია. ბევრი წარმატებული სპორტსმენი გვყავს. ყველას კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ! ჯობია, ყველანი რამე საქმიანობაში ჩავერთოთ და საკუთარი თავი ვიპოვოთ...

ეთო ყორღანაშვილი