რატომ გადადის ზუგდიდში საცხოვრებლად ზურაბ ანთელავა და როგორ ისწავლა სიბრაზის მართვა - გზაპრესი

რატომ გადადის ზუგდიდში საცხოვრებლად ზურაბ ანთელავა და როგორ ისწავლა სიბრაზის მართვა

თბილისში ჩამოსული, ნათესავებზე გულაცრუებულ-გაბრაზებული კვაზი მანტკავა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გარშემო მყოფებს თავისი ოინებით თავსატეხს უჩენს, კვაზის როლის შემსრულებელი - მსახიობი ზურაბ ანთელავა კი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა. შემთხვევით ვისარგებლეთ და მსახიობს დედაქალაქიდან გამგზავრებამდე ვესაუბრეთ...

- ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა - ბადრი წერედიანმა თეატრში მიმიღო, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში კი ბატონმა მანუჩარ სამუშიამ რეჟისორ-კონსულტანტად მიმიწვია. ასე რომ, ზუგდიდში გადავბარგდი. უბრალოდ, თვე-ნახევრით ესპანეთში ვიყავი წასული. ჯანმრთელობის მხრივ, კარგად ვერ ვარ, თუმცა სერიოზული არაფერია. ახლა უკვე ზუგდიდში გამგზავრებას ვაპირებ.

- ამ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?

- არა. ჯერ ერთი, მე ხომ ზუგდიდელი ვარ და მეორეც: ზუგდიდში ანთელავამ თავისი კვალი ხომ უნდა დატოვოს? ანთელავები წარმოშობით ზუგდიდიდან ვართ. ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, როგორც ქვეყნის, ასევე ქალაქის ღირსებისთვის. მინდა, სანამ ცოცხალი ვარ, რაღაც გავაკეთო. თანაც, გუბერნატორი ძალიან მოწადინებულია, რომ კულტურის სფერომ წინ წამოიწიოს. ჩემი სურვილი და მისი ხედვა ერთმანეთს დაემთხვა. ზუგდიდის თეატრში მსახიობად მიმიწვიეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: ვიცი, თუ როგორ უნდა ავაშენო თეატრი. დღესდღეობით, საქართველოში არსებული თეატრებიდან ისე არც ერთს უჭირს, როგორც ზუგდიდის თეატრს. ცოდნა მაქვს, მეგობრები და თანამოაზრეები მყავს, რომლებიც ხელს შემიწყობენ, რომ ამ თეატრმა თავისი სათქმელი თქვას.

- ძალიან კარგი. ბატონო ზურაბ, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", ახლობლებზე გაბრაზებული თქვენი პერსონაჟი - კვაზი მანტკავა ეტლში ჩაჯდა. რეალურ ცხოვრებაში, თქვენ როგორ გამოხატავთ სიბრაზეს?

- (იცინის) სხვადასხვანაირად. გააჩნია, რის გამო ვბრაზდები. არსებობს ისეთი გაბრაზება, რომელიც უნდა "გაატარო" - შეიძლება, არც სხვამ შეამჩნიოს და თავადაც არ უნდა შეიმჩნიო. ისეთი სიბრაზეც არის, რომელიც აუცილებელია, "გამოვიდეს". მქონია შემთხვევა, როცა ყვირილი მინდოდა. წყნარად ვითმენდი, მაგრამ ეს იცი, როგორი სიწყნარეა ხოლმე? შინაგანად რომ ვდუღვარ და გარეგნულად არაფერი მეტყობა. შეიძლება, თავად მგონია, რომ არ მეტყობა, მაგრამ სხვაგვარად რომ იყოს, ვინმე ხომ მეტყოდა, - ასე რატომ ხარო?.. ასეთ დროს თავს ვიკავებ, მაგრამ მინდა, ვიღრიალო, ვიხავლო!.. გაბრაზება სიხარულის ანტიპოდია. ხანდახან ადამიანებს როგორც სიხარულის, გაბრაზების გამოხატვაც უჭირთ ხოლმე. ზოგჯერ მირჩევნია, ადამიანს გავერიდო, ხან კი მინდა - დავგლიჯო, ნაწილებად დავშალო. გააჩნია, ვისგან მოგხვდება და როგორი დარტყმაა. გაბრაზება ყოველთვის ისეთი ემოციაა, რომელსაც არ ელოდები. გჯერა, მაგრამ რწმენა და სიმართლე გიმტყუნდება.

GzaPress

- სიბრაზის მართვა ყოველთვის კარგად შეგეძლოთ? - მოზარდობის პერიოდს გავიხსენებ, როცა საცხოვრებლად დიღომში გადმოვედით: მამიდაჩემი ძალიან მკაცრი იყო. ვიდრე არ ვიმეცადინებდი, მანამდე გარეთ გასვლის შანსი არ მქონდა. ბავშვები ეზოში თამაშობდნენ და მეც მინდოდა, არადა, მეცადინეობა დასასრულებელი მქონდა. აივანზე ვიდექი. ბავშვები ეზოდან მაჯავრებდნენ, დამცინოდნენ. ვგიჟდებოდი, ვხაოდი, ბოლოს ვტიროდი. სამსახურიდან დაბრუნებული მამიდა მხედავდა, რა დღეში ვიყავი - თვალები დასივებული მქონდა. მიზეზით დაინტერესდა (ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა) და როცა ავუხსენი, მითხრა: იცი, რა, ისინი იმიტომ გაბრაზებენ, რომ იციან, პასუხს ვერ გასცემ. ამიტომ თავი შეიკავე და მათ ყურადღებას ნუ მიაქცევ. შენი გაბრაზებით სიამოვნების მიღების საშუალება არ მისცეო. სასწაული გაკვეთილი ჩამიტარა! მერე, ნელ-ნელა თავშეკავების სწავლა დავიწყე. ზოგჯერ ადამიანი ისე ბრაზდები, თავს ვერ იკავებ და გინდა, რამეს შეასკდე, თუნდაც მოკვდე. საერთოდ, ცხელ გულზე არასდროს არაფერი უნდა გააკეთო. შეიძლება, სიტყვა წამოგცდეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 32 კბილი გვაქვს, ადამიანი ენას კბილს ვერ აჭერს, მაგრამ მოქმედება უნდა გაანალიზო: ჯერ "მაღალმა ტემპერატურამ" უნდა გაიაროს და გადაწყვეტილება დადინჯებულმა მიიღო. ამიტომაა ნათქვამი, - დილა საღამოზე ყოველთვის უფრო ბრძენიაო: საღამოს აღგზნებული ხარ, დილით კი დამშვიდებული გონებით ყველაფერს გააანალიზებ და მიხვდები.

- მოდი, კვაზი მანტკავას საქციელზე ვისაუბროთ, როცა კვაზის თვალში, მისი საახლობლო წახდა და თავად ეტლში ჩაჯდა...

- აი, გარშემო მყოფმა ვითომ მოსიყვარულე ხალხმა ადამიანი სადამდე მიიყვანეს (ყველა ეფერება - ყველა ფლიდობდა), მისი და თავიანთი ღირსებაც ფეხქვეშ გათელეს. კვაზიმ ეს ვერ გადაიტანა. ამჯობინა, ისევ სავარძელში ჩამჯდარიყო - არ ესმოდეს და არ დაინახოს. მის გარშემო მყოფებმა სახე დაკარგეს. "ჩემი ცოლის დაქალებში" სწორედ ეს იდეაა, რომ ჩვენს ერს ვაჩვენოთ, სად და რა გვტკივა, რომ ვუმკურნალოთ. თითქოს გასართობი სერიალია, მაგრამ ამაში ის სიბრძნეა ნაჩვენები, რომ შეუმდგარი ადამიანების შემხედვარენი ჩვენც ასეთად არ გადავიქცეთ. მთელი ქვეყანა სავარძელში ხომ არ ჩავსხდებით, არა?

- როგორ ფიქრობთ, კვაზი მანტკავა სუსტი ადამიანია?

- სუსტი არ არის. უბრალოდ, იმდენი და ისეთი მოულოდნელი, ძლიერი დარტყმები მიიღო, რომ თავისთავად ცხადია, დაეცემოდა. როცა დარტყმა ძლიერია, დრო გჭირდება, რომ ენერგია მოიკრიბო და ააშენო, რაც დაგინგრიეს. ვფიქრობ, ეს პერსონაჟიც ასე უნდა მოიქცეს და ჩვენი საზოგადოებაც აზრზე მოვიდეს - რამდენს გვირტყამენ, ჩვენ კი ვერ ვხვდებით, რომ ნელ-ნელა მიწასთან გვასწორებენ, მაგრამ ყოველი დარტყმა უნდა გავაანალიზოთ - რატომ დაგვარტყეს? მთავარი ეს არის. ესეც მამიდამ მასწავლა, - როცა კონფლიქტი გაქვს, პირველ რიგში, საკუთარ თავს ჩაეძიე - ეს რატომ მოხდა, იმ ადამიანმა რატომ გაგიმეტაო? როცა პასუხს მიიღებ, წამალი მზად გექნება, რომ იმკურნალო... თუ ყველა ასე მოვიქცევით, ავშენდებით. უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა ჩავუღრმავდეთ, სანამ სხვას დავადანაშაულებთ. თავად ვცდილობ, ასე ვიცხოვრო და მგონი, გამომდის. როგორც იესომ თქვა, - ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვაო... ახლა ყველა ქვას ისვრის, რადგან უნდათ აჩვენონ, რომ თავად მართლები და "სუფთები" არიან. თუკი საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით და პასუხს ვიპოვით, ე.ი. წამალი გამოგონილია და მკურნალობა შეიძლება. ვინც საკუთარ თავს უღრმავდება, სწორედ მის შესახებ ამბობენ, - რა მაგარი ვიღაც არის, ნაკითხი და ბრძენიო. ხომ გაგიგონიათ, - კაცი საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს, სხვის თვალში კი ბეწვსაც ამჩნევსო?.. ზუსტად ასეა.

ეთო ყორღანაშვილი