როგორია შინაგანად გოიმი ადამიანი
font-large font-small
როგორია შინაგანად გოიმი ადამიანი
ქეთი წიქვაძის გულახდილი ინტერვიუ

ქეთი წიქვაძე ცნობილი ხელოვანების ოჯახში გაიზარდა. მსახიობის პროფესიის დაუფლებაზე უფიქრია, თუმცა საბოლოოდ, განათლება მაინც სხვა მიმართულებით მიიღო. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ქეთი ჩიკას ერთ-ერთი დაქალის როლით გამოჩნდა, რომლის თავსაც ბოლო დროს საინტერესო ამბები ხდება...



- თეატრალურ უნივერსიტეტში, ტელე-კინოპროდიუსინგის ფაკულტეტზე ვსწავლობდი (მგონი, ეს ფაკულტეტი სულ რაღაც 4 წელი არსებობდა) - კოკა ყანდიაშვილის ჯგუფი იყო. წინათ სამსახიობო სფეროსთან შეხება არ მქონია. "ჩემი ცოლის დაქალებში" ლეკას როლი ჩემთვის პირველია.
- ამ სერიალში როგორ მოხვდი?
- რეჟისორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც უბრალოდ, "გამარჯობით" ვიცნობდი, კლუბში შემხვდა, პირდაპირ მოვიდა და მითხრა, - ხვალ სინჯზე მოდიო. მეორე დღეს მივედი, ოღონდ თვითონ არ დამხვედრია - კასტინგის მენეჯერი დამხვდა. როცა გამოვედი, რეჟისორმა, - ვა, მოხვედიო? წინადღეს ისე ვესაუბრე, რომ ეტყობა, ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, თუ მივიდოდი... მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ სასწრაფოდ გადაღებები უნდა დაგვეწყო.
- მანამდე სერიალს უყურებდი?
- კი, ყოველთვის ვუყურებდი.
- ისეთ ოჯახში გაიზარდე, რომ უნებურად, სამსახიობო სფეროსთან კავშირი გქონდა. მსახიობის პროფესიამ რატომ არ დაგაინტერესა?
- ბავშვობაში, გარკვეულ ეტაპზე მსახიობობა მომინდა, მაგრამ იმიტომ არა, რომ ეს ჩემი მოწოდება იყო და ამისთვის შინაგანად მზად ვიყავი. ასე მგონია, რომ ბავშვურად, მარტივად გადავწყვიტე, - მოდი, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარებ-მეთქი. შემდეგ, უცბად დედაჩემი (ნანა ლორთქიფანიძე) ძალიან შემეწინააღმდეგა - არა, ამ ქვეყანაში მსახიობობა საშინელებაა, ბევრი გულისტკენა სდევს თანო... დიდად არ შევწინააღმდეგებივარ, თუმცა ბაბუასთან მივედი და ვუთხარი, - მსახიობობა მინდა, მაგრამ ნანას არ სურს-მეთქი. მიპასუხა, - ვის რა უნდა, ყურადღებას ნუ მიაქცევ. შენ რომელი პროფესიაც გინდა, ის აირჩიეო, მაგრამ დიდად ისიც არ "გაქაჩულა" - ალბათ, ხვდებოდნენ, რომ დიდი მსახიობი არ დავდგებოდი (იცინის). მერე გავიგე, რომ "ჩემი" ფაკულტეტი ჩამოყალიბდა - სამსახიობოზე ჩაბარებას "გადავრჩი", რადგან მინდოდა, კოკა ყანდიაშვილთან მესწავლა. ამ ფაკულტეტით ძალიან მოვიხიბლე. პროდიუსერი არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი სფერო უფრო ტელევიზიაა, ვიდრე მსახიობობა. ყოველ შემთხვევაში, სწავლის პირველ ეტაპზე ტელევიზიასთან ხშირი შეხება მქონდა, რადგან კოკას მაშინ თავისი ტელეგადაცემები ჰქონდა. ფაქტობრივად, ჩავაბარეთ თუ არა, ზაფხულშივე, სანამ სწავლა დაგვეწყებოდა, მთელ ჯგუფს ტელევიზიაში მუშაობა დაგვაწყებინა - იქ ყოველდღე დავდიოდით და მოვალეობებს ვცვლიდით, ყველაფერს "მიგვდო-მოგვდო". მერე ისე მოხდა, რომ კოკას პოლიტიკური პრობლემები შეექმნა, ქვეყნიდან წასვლა მოუხდა და მესამე კურსზე "ჰაერში აღმოვჩნდით". გამიმართლა, რომ ჩემი ჯგუფი ექსპერტმა მამუკა არეშიძემ აიყვანა, რომელმაც უამრავი რამ მასწავლა, მაგრამ ეს უკვე ტელე-კინო აღარ იყო, უფრო მენეჯერული მიმართულებით გავიღრმავე ცოდნა. იმ პერიოდში, მე და ჩემმა ჯგუფელებმა საკურსო პროექტი - "ყვავილების ფესტივალი" გავაკეთეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2006 წლიდან დაინერგა. ეს ჩემი ჯგუფის მიერ წამოწყებული საქმეა, რომლითაც ვამაყობ. როცა ჩვენ ვაკეთებდით, მართლა სრულიად ქვეყნის სალაპარაკო თემა იყო. რეალურად, ჩვენი მიზანიც ეს გახლდათ - გვსურდა, მთელ ქვეყანას ამაზე ელაპარაკა, იქაურობა ძალიან ლამაზი ყოფილიყო და ასეც მოხდა... შემდეგ, 1 წლით სასწავლებლად პრაღაში გავემგზავრე. ჯგუფიც მაშინ დაიშალა. ჩვენი ფესტივალი მაშინაც დამოუკიდებლობის დღეს იმართებოდა. როცა დავიშალეთ, ეს პროექტი მერიამ თუ ვიღაც-ვიღაცებმა (დეტალები არ ვიცი) თავისთვის დაიტოვეს, მაგრამ ამაში არავის ვადანაშაულებ, რადგან არც ერთს გვიაქტიურია, რომ "ყვავილების ფესტივალი" ბოლომდე ჩვენი ყოფილიყო. ამას ახლა ძალიან ვნანობ, რადგან იდეიდან დაწყებული, ყველაფერი მესამეკურსელი ბავშვების ძალიან წარმატებული პროექტი იყო, რომელიც რატომღაც, ასე მივაგდეთ და სხვებმა გამოიყენეს.
- პროექტის დაბრუნება აღარ გიცდიათ?
- არ გვიცდია. პრაღიდან რომ დავბრუნდი, გავთხოვდი, შვილი გავაჩინე და ყვავილებისთვის საერთოდ არ მეცალა...
- "ჩემი ცოლის დაქალებში" შენს როლზე ვისაუბროთ: ლეკასთან რა საერთო და მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გაქვს?
- საერთოს ვერაფერს ვპოულობ. როლის შესრულებისას შეიძლება, ჩემი მიმიკა ან ღიმილი "გამეპაროს" (რასაც ვცდილობ, არ დამემართოს), მაგრამ აი, რადგან პროფესიონალი არ ვარ, ეტყობა, ყოველთვის არ გამომდის (იღიმის). შესაძლოა, ამას მხოლოდ მე ვამჩნევ. დანარჩენს (ხასიათი, იმიჯი, ღირებულებები...) რაც შეეხება, მგონი, ჩვენ შორის ყველაფერი აცდენილია. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ ეს გოგო ისეთი შტერია, რომ ძირითადად, დუბლების ჩაშლა და ახლის ჩაწერა გვჭირდება იმის გამო, რომ მაქსიმალურად თავის "გადებილება" მიწევს, რაზეც ხანდახან ძალიან მეცინება.
- ყოფილ პირველ ლედისთან - მაკა ჩიჩუასთან საერთო ეპიზოდებზე რას გვეტყვი?
- მასთან პირველი შეხება 2 დღის წინ მქონდა. რომ მოვიდა, რატომღაც მეგონა, რომ ამ ქალს ვიცნობდი. შეიძლება იმიტომ, რომ ოდესღაც სადმე შევხვედრივართ. როგორც ახლობელს, ისე დავუწყე ლაპარაკი. თავადაც ასე მოიქცა. ძალიან საინტერესო იყო, მომეწონა. პირველ რიგში, ჩემთვის ატმოსფერო შეიცვალა, რადგან რეალურად, სერიალში ერთსა და იმავე კაფეში ან სამზარეულოში გოგონები ვისხედით და უაზროდ ვტლიკინებდი. ახლა ისე მოხდა, რომ სხვა გოგოებთან ერთად წავედი, აზრს სხვებს ვეკითხები. სცენარში ჯერ არ ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ გოგოების "სასტავთან" ხშირად "გადავიკვეთები", რადგან არა მგონია, "ჩემი" ამდენი სისულელე ჩიკამ ბოლომდე აიტანოს (იცინის).
- შენი აზრით, როგორია გოიმი ადამიანი?
- ჩემთვის გოიმობა ტვინით უფრო განისაზღვრება, ვიდრე უბნიდან და ტანსაცმლის ბრენდიდან. განათლებას, ბევრი წიგნის წაკითხვას არ ვგულისხმობ: რაღაცნაირად, შინაგანი სიგოიმე არსებობს (ცოტათი "ბნელი" ადამიანები რომ არიან და ყოველდღიურობაში, სტერეოტიპულად აზროვნებენ).
- ლეკას მსგავსად, შენც გყავს სადაქალო, რომელსაც ხშირად ხვდები და სხვადასხვა საკითხს განიხილავთ? მათ აზრს ითვალისწინებ?
- კი, ჩემი ბავშვობის მეგობრებთან დღემდე მჭიდრო კონტაქტი მაქვს. საკითხს გააჩნია: რომ ვთხოვდებოდე, ალბათ, ვეტყოდი, მაგრამ თავად გადავწყვეტდი. გამორიცხულია, ადამიანზე სხვისმა, მით უმეტეს - მეგობრის და ოჯახის წევრის აზრმა არ იმოქმედოს, მაგრამ თუკი შინაგანად რაღაცის გაკეთება ძალიან გინდა, მაგრამ უარს იმიტომ ამბობ, რომ მეგობარს ეს გოიმობად მიაჩნია, აი, გოიმობა ზუსტად ეს არის. შენს ცხოვრებაში თავად წყვეტ, რისი გაკეთება გინდა. თუ მეგობრის აზრი გადაწონის შენს სურვილს, ე.ი. ის რაღაც შენთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა.
- როგორ მამაკაცთან ურთიერთობას არ განიხილავ?
- მგონი - უსაქმურ კაცთან. იმიტომ არა, რომ ფული არ აქვს. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია, 40 წლის კაცს როგორ შეუძლია, იჯდეს და არაფერი აკეთოს. კიდევ, ალბათ, ეჭვიან კაცთან ურთიერთობა ძალიან გამიჭირდება, რადგან მგონია, რომ კაცი, რომელსაც გვერდით შემდგარი, რეალიზებული ქალი ჰყავს და მასზე ეჭვიანობს, თვითონ ძალიან არარეალიზებული და შეუმდგარია, რის გამოც ქალის წარმატება აკომპლექსებს. ვფიქრობ, მამაკაცს, რომელიც "კაი ტიპია", გვერდით წარმატებული ქალის ყოფნა ეამაყება და მეუღლეს წინსვლაში კიდევ უფრო უწყობს ხელს...
- ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- დღემდე ვცდილობთ (ხან გამოგვდის, ხან - არა) ცივილიზებული, კარგი ურთიერთობა გვქონდეს და ის დანაკლისი, რასაც ჩვენი შვილები განიცდიან, ბავშვებს კიდევ უფრო მძიმედ არ აღვაქმევინოთ. შვილებს ვუხსნით, რომ მეგობრები ვართ და ყოველთვის ვიქნებით. უბრალოდ, ერთად არ ვცხოვრობთ.
- დედა-შვილი ერთმანეთის მონაწილეობით გადაღებულ სერიალებს თუ უყურებთ?
- კი, ყოველთვის. "იდეალური დედა", რომელშიც ნანა მონაწილეობს, ისედაც ძალიან მომწონს.
- როგორ გიფასებს სამსახიობო ოსტატობას?
- როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ძალიან იშვიათად ამბობს რამეს. ამას წინათ, გაკვრით მივანიშნე, ანუ მის გასაგონად სხვებს ვეუბნებოდი, - საერთოდ არ მეუბნება, ჩემი მონაწილეობით სერია თუ ნახა, მოეწონა თუ არა-მეთქი. მერე გამომიტყდა - ისე კრიტიკულად ვუყურებ და ისე ვნერვიულობ, როცა შენ მონაწილეობ, რომ ვერ გაფასებ, როგორც მსახიობს, სულ მღელვარების შეგრძნება მაქვსო. ყოველ შემთხვევაში, ვგრძნობ, რომ ცუდად არ მაფასებს. ალბათ, კარგ შესრულებამდე ბევრი მიკლია, რადგან მსახიობობა ჩემი პროფესია არ არის და მუშაობის პროცესში ვსწავლობ.
- შენი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა და როგორც ინტერვიუში ქალბატონ ნანას აღუნიშნავს, სირთულეებს წარმატებით გაუმკლავდა. თავად 2 შვილის დედას, ბავშვების აღზრდისას რა სირთულეები შეგქმნია?
- მგონი, სირთულეებს ყოველდღიურობაში თუ შევხვდები და ამას "სირთულეს" ვერც დავარქმევ. ბავშვები ჩვეულებრივად იზრდებიან. ამაში დედაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის - ერთად ვცხოვრობთ. ძალიან მეხმარება, უფრო სწორად - თავად ზრდის ბავშვებს (იცინის).
- ქალბატონი ნანა მანანას ("იდეალური დედა") ჰგავს?
- ჰგავს, ოღონდ - ის ძალიან უტრირებულია, რა თქმა უნდა (იცინის). ნანა როლში შეიჭრა. მანამდე ასეთი ნანა არ მყოლია, მანანას დაემსგავსა. დამღუპა ამ სერიალმა... ეტყობა, მოეწონა: ტელევიზორში სასაცილოდ რომ ჩანს და ჰგონია, ეს ყველაფერი სახლშიც კარგია. ბოლო დროს ხშირად ჯაჯღანებს, მაგრამ არა უშავს - "ვუტარებთ"...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"კარიერაში მიმართლებს, პირად ცხოვრებაში - ნაკლებად"
"ეჭვიანობა ერთ-ერთი ბოროტი გრძნობაა"
ნელი აგირბას ყველაზე დიდი სისუსტე
"ყოველთვის მაკვირვებს ჭირისუფლის დამოკიდებულება, - ვიდრე ჩავალთ, პირჯვარს გვწერენ, ღმერთმა მშვიდობით ამოგიყვანოთო..."
"უკონკურენტო კონკურსზე ჩემი ადგილი არ არის"
"ჭკვიანი ქალი სამსახურს და ოჯახს ძალიან კარგად შეუთავსებს ერთმანეთს"
"ამ გოგოს ბრძოლისუნარიანობით ყველანი გავვოცდით"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი