ქართველი მოდელების წარმატება - გზაპრესი

ქართველი მოდელების წარმატება

ახლახან ქართველმა მოდელებმა საერთაშორისო კონკურსებზე საქართველო კიდევ ერთხელ ასახელეს: ბულგარეთში მარია მამუჩაშვილი Miss Tourism International 2019-ის გრან-პრის მფლობელი გახდა, მანამდე კი ნინი გრძელიშვილმა პორტუგალიაში, Best Global Model Of The Year-ზე მეორე ადგილი დაიკავა და ნომინაციაში - Best Catwalk გაიმარჯვა...

მარია მამუჩაშვილი:

- "კატრინის" გარდა, საქართველოში სხვა სააგენტო არც მეგულება, რომელიც სილამაზის მსოფლიო კონკურსებში ასე აქტიურადაა ჩართული. შესარჩევ ტურზე გავიმარჯვე და ბულგარეთში გავემგზავრე. კონკურსის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა ამ სასიამოვნო გარემოში საკმაოდ ძლიერი კონკურენცია იგრძნობოდა. უკონკურენტო კონკურსზე ჩემი ადგილი არ არის (იღიმის). შეიძლება, ამბიციურად ნათქვამი გამომდის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, კონკურსზე გასვლის მოტივს ვერ ვხედავ, კონკურენტულ გარემოში კი საკუთარ თავს რაღაცას ვუმტკიცებ... რეპეტიციები ყოველდღე, მცირე ხნით გვქონდა. ფინალზე ნაციონალური კოსტიუმით, საღამოს კაბით და საცურაო კოსტიუმით წარვდექი. 30 კონკურსანტს შორის გავიმარჯვე.

- შენთვის ეს პირველი გამარჯვება არ არის: შარშან პორტუგალიაში, Best Global Model Of The Year-ზე, 40 ქვეყნის წარმომადგენელს შორის გაიმარჯვე. მაშინ შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?

- ის ემოცია დღემდე მომყვება. ყოველთვის სასიამოვნო და საამაყო შეგრძნებაა, როცა საქართველოს გამარჯვებულად აცხადებენ. შარშანდელმა გამარჯვებამ წარმატებისკენ გზა გამიხსნა: მილანის სააგენტოსთან - Major Models 1-წლიანი ხელშეკრულება მქონდა და უამრავი შემოთავაზება მივიღე, თუმცა ჩემი სწავლისა და დატვირთული რეჟიმის გამო, ვერ შევძელი, რომ ეს შანსი მაქსიმალურად გამომეყენებინა, მაგრამ გარკვეული დოზით, თავი დავიტვირთე. ამჟამინდელ წარმატებას რაც შეეხება, ბულგარეთში, ღვინის ერთ-ერთი კომპანიის სახე გავხდი, სხვადასხვა კომპანიისგან საქმიანი შემოთავაზებები მივიღე. ვნახოთ, ჩვენი თანამშრომლობა როგორ განვითარდება... ამ კონკურსში გამარჯვებით საკუთარ თავში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თვითშეფასება ამიმაღლდა. მინდა, "კატრინის" ხელმძღვანელს - ქალბატონ ეკა მგალობლიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო: მის გარეშე, პირადად მე, ვერ შევძლებდი, რომ საერთაშორისო კონკურსზე საქართველო წარმედგინა.

- როგორ ფიქრობ, რა არის შენი მთავარი შარმი, რის გამოც კონკურსებზე იმარჯვებ?

- პირველ რიგში, თავდაჯერებულობა. არასოდეს ვფიქრობ, რომ ვინმეზე რამით ნაკლები ვარ და ღმერთს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი, რაც გამაჩნია. როგორც ჩანს, ეს შინაგანი თავდაჯერებულობა გარეგნობაზეც აისახება. კონკურსანტები, ჟიურის წევრები და კონკურსის ნაციონალური დირექტორები მეუბნებიან, რომ სცენაზე აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ, ვიდრე ცხოვრებაში. სცენა უფრო მეტ შარმს მაძლევს ან პირიქით - მე ვძენ შარმს სცენას (იცინის)...

თითქოს საოცარია, მაგრამ ნინი გრძელიშვილი, რომელმაც პესო და რეგუაში (პორტუგალია), Best Global Model Of The Year-ზე მეორე ადგილი დაიკავა, მიიჩნევს, რომ კუთვნილ მეორე ადგილსაც არ იმსახურებდა. ცხადია, მიზეზით დავინტერესდით...

GzaPress ნინი გრძელიშვილი: - პირველ რიგში, დავრწმუნდი, რომ შეიძლება, კარგი მოდელი ვიყო, მაგრამ კარგი კონკურსანტი არ ვარ. ჩემთვის ეს უკვე მე-5 საერთაშორისო კონკურსი იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი. მიმაჩნია, რომ ამ მხრივ საკუთარი თავი ამოვწურე. მირჩევნია, უკვე სხვა მიმართულებით გადავერთო... კონკურსზე სათანადოდ მონდომებული, ენთუზიაზმით სავსე აღარ ვარ. ხომ ვიცი, კონკურსანტი როგორ ფასდება? საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი თავადაც ვყოფილვარ და საქართველოში, ორგანიზების საკითხებშიც აქტიურად ვმონაწილეობ. ამიტომ კონკურსანტის ამპლუა ჩემთვის ახალი არ არის. ვფიქრობ, მეორე ადგილიც არცთუ ისე დამსახურებულად დავიკავე. სიმართლე გითხრა, იქ გამარჯვებისთვის არც ჩავსულვარ: პორტუგალია ძალიან მიყვარს, ამ ქვეყანასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. თავს ტურისტად უფრო ვგრძნობდი, ვიდრე კონკურსანტად. როგორც შემდეგ შევიტყვე, ჟიურის წევრები გამარჯვების კანდიდატებად მე და ანგოლას წარმომადგენელს განგვიხილავდნენ. შემდეგ, მილანის სააგენტოს წარმომადგენელი სცენაზე ავიდა და განაცხადა: ეს სილამაზის კონკურსი არ არის, მოდელების კონკურსია და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთო. ანგოლას წარმომადგენლის სიმაღლე 185 სმ იყო, ჩემი - 176. კონკურსზე მონაწილის შეფასება მხოლოდ მონაცემებით არ ხდება, ყველა დეტალს ყურადღება ექცევა, მე კი 3-მეტრიანი წამწამებით, 7 ფენა ტონალური კრემით და 5 კილო შინიონით სიარული არ შემიძლია. როდესაც საუზმე 9 საათზე იყო, გოგონები 7-ზე დგებოდნენ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით, გამოპრანჭულები ჩასულიყვნენ, მე კი 9-ს რომ 15 წუთი აკლდა, მაშინ ვდგებოდი, პირს ვიბანდი, "ჯინსებს" და კედს ვიცვამდი და გავვარდებოდი ხოლმე (იღიმის). კონკურსანტებმაც და ჟიურის წევრებმაც მაკიაჟით მხოლოდ ფინალზე მნახეს. ცხოვრების ის სტილი ჩემი არ არის და პრინციპში, არც არასდროს ყოფილა: უბრალოდ, წინათ ენთუზიაზმით სავსე ვიყავი და ვფიქრობდი, ეს 1 კვირა უნდა გავიჭირვო და ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინო-მეთქი. ახლა ცოტათი მოდუნებული ვიყავი, რადგან ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი იყო... ამიტომ ვფიქრობ, მეორე ადგილსაც არ ვიმსახურებდი.

ეთო ყორღანაშვილი