"ოდისეა" - ფიზიკური და ემოციური ბარიერები შინისკენ სავალ გზაზე - გზაპრესი

"ოდისეა" - ფიზიკური და ემოციური ბარიერები შინისკენ სავალ გზაზე

თანამედროვე სამყაროში ყოველდღიური აქტივობისას ხშირად, ყველაზე პრიორიტეტული ყურადღების მიღმა გვრჩება... ვცდილობთ მეტად დავიხარჯოთ პროფესიულ ასპარეზზე, სადაც მატერიალურ შედეგს ხანგრძლივი დაყოვნების გარეშე - დღის, კვირის ან თვის ბოლოს მივიღებთ. მიზნის მისაღწევად არ ვზოგავთ არც ჩვენს და არც ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილ დროს, დაუნანებლად გავცემთ მათთვის გასაზიარებელ სითბოსა და სიყვარულს... თანდათან სითბო სიცივედ, გულისხმიერი ურთიერთობები მექანიკურ კონტაქტებად, გულისხმიერება ვალდებულებად, გულწრფელი ღიმილი ნიღბად, მოსმენა მთქნარებად გადაიქცევა და ხშირ შემთხვევაში გვიან ვხვდებით, რომ "ვადები" არა მხოლოდ სამსახურში, ოჯახშიც გაწერილია, უბრალოდ, კონკრეტული თარიღით, დღის ან თვის ბოლოს არაა დადგენილი და მის დარღვევას გაუცხოებისა და სიცივის სახით ბევრად უფრო სავალალო, გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს...

რეჟისორმა ავთო დიასამიძემ ახლახან მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე მაყურებელს ოჯახური და პროფესიული ურთიერთობები სასწორის ორ პინაზე დაახვედრა და პრიორიტეტების განსაზღვრა მასვე მიანდო. "ოდისეას" ორი მთავარი გმირი ჰყავს - მულტიპლიკაციური ოდისევსი და ოჯახის მამა, ბიზნესმკვლევარი - ნიკა. სპექტაკლში, სადაც ანიმაცია და დრამატული თეატრის ელემენტებია გაერთიანებული, ორი გმირი ოჯახში დაბრუნებას ცდილობს - ოდისევსი ფიზიკურად, ნიკა კი ემოციურად. წარმოდგენის ლიტერატურული საფუძველი მითოლოგია, ყმაწვილთათვის ადაპტირებული "ოდისეაა". პატარა მაყურებელი ცნობილ მითოლოგიურ გმირებს - ზევსს, ჰერას, ჰერმესს, პოსეიდონს, იანუსს, აფროდიტეს, პენელოპეს, ტელემაქეს ეცნობა... მოზრდილს კი საშუალება აქვს, დრო საკუთარი და შვილის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ დასკვნების გამოტანას დაუთმოს...

"ოდისეა", რომელიც თბილისის მერიის კულტურის სამსახურისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების შოუ-ქეისში 10 საუკეთესო წარმოდგენას შორის დასახელდა. წარმოდგენა 24 ოქტომბერს, საერთაშორისო ანიმაციური კინოფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით ბათუმშია მიწვეული.

ავთო დიასამიძე, პროექტის ავტორი, რეჟისორი:

- ამ სპექტაკლის საშუალებით გვინდოდა ბავშვები მითოლოგიით დაგვეინტერესებინა. პირადად მე, ძალიან მიყვარს მითოლოგია და განვიცდი, რომ პატარებს მასთან შეხება ფაქტობრივად, არ აქვთ, არც სკოლაში სწავლობენ. ბუნებრივია, ისინი მითოლოგიის შესახებ ერთი სპექტაკლიდან ყველაფერს ვერ შეიტყობენ, მაგრამ ინტერესი გაუჩნდებათ, დასვამენ კითხვებს, შეეცდებიან შეიტყონ მეტი, მოიძიებენ ინფორმაციას...

- პიესის ავტორიც თავად ხართ. რატომ კონკრეტულად "ოდისეა", სახლში დაბრუნების თემა დღევანდელ საჭირბოროტო პრობლემას დაუკავშირეთ?

- დიახ, სპექტაკლში ორი პარალელური სივრცე იშლება - მითოლოგიური და რეალური, ანუ "ოდისეა" და 21-ე საუკუნის თბილისური ოჯახი. სპექტაკლის რეალური პერსონაჟი, ნიკა, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახშია, ოჯახის წევრებთან გაუცხოებულია, მათთან კონტაქტს ფაქტობრივად, ვერ ამყარებს. ანიმაციური პერსონაჟი, ოდისევსი კი ოჯახიდან ფიზიკურადაა შორს და იქ დაბრუნებას ცდილობს. ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი ერთმანეთს ერთი და იმავე მიზნის მიღწევაში ეხმარებიან და საბოლოოდ, შედეგს ორივე იღებს.

- გარდა საგანმანათლებლო დანიშნულებისა, სპექტაკლი გარკვეულწილად, დიდაქტიკური მიზნითაც გამოირჩევა - მშობლებს სურვილს უღვიძებს, გონების თვალი გადაავლონ შვილთან დამოკიდებულებას, დაფიქრდნენ საკუთარ შეცდომებზე...

- ყველა მშობელმა უნდა გაიაზროს რა არის მთავარი და მეორეხარისხოვანი. რაც შეიძლება მალე უნდა გავაცნობიეროთ, რომ მთავარი არ არის სამსახური, თანამდებობრივი სარგო, პროფესიული წარმატება თუ კარგი დამოკიდებულება თანამშრომლებთან. მთავარია, რამდენად ახერხებ დრო დაუთმო ოჯახს, შვილს, შეგიძლია თუ არა მოიქცე ბავშვივით, შეაღო კარი მის სამყაროში, გახდე მისი წევრი და გაიზიარო ამ სამყაროს ფერები. ეს ფერები კი მით უფრო მკვეთრი იქნება, რაც უფრო მეტ დროს დავუთმობთ საკუთარ შვილებს...

GzaPress

- მულტიმედიურ სპექტაკლზე მუშაობის გამოცდილება გქონდათ? - დღემდე ჩემ მიერ დადგმული ექვსი სპექტაკლის უმრავლესობაში კონკრეტული დოზით არის მულტიმედია, თუმცა, ასეთი დიდი რაოდენობით - პირველია. "ოდისეაში" 45-წუთიანი ანიმაციაა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი მონაკვეთია. საინტერესო და გამორჩეული იყო რეპეტიციებიც. ჩვეული რეპეტიციებისგან განსხვავებით, კონკრეტული პერსონაჟების გაცოცხლების პროცესზე მსახიობები ანიმატორებთან ერთად მუშაობდნენ. მე კი მათ შორის გარკვეული ხიდის ფუნქცია მეკისრებოდა.

ნიკა ფაიქრიძე, მსახიობი:

- ჩემი და რეჟისორის მუშაობის პროცესის პირველი ეტაპი მხოლოდ გახმოვანებით შემოიფარგლებოდა. გახმოვანების შემდეგ მოულოდნელად გადაწყდა, რომ მთავარი როლიც უნდა მეთამაშა. შემოთავაზებაზე თანხმობას მოჰყვა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ამტანობის გამოცდა. გაჩნდა უამრავი ახალი დეტალი და აღმოჩნდა, რომ ანიმაციურ გმირთან ერთად სცენაზე თამაში, მართლაც, ურთულესია. დრამის მსახიობისთვის რთულია ტემპორიტმის შენარჩუნება. ამის გარეშე კი ან ჩამორჩები, ან გაცდები ქრონომეტრაჟს.

- მითოლოგია გაინტერესებთ?

- ამ თვალსაზრისით, ზუსტად იმ ინფორმაციას ვფლობდი, რასაც ჩემი გმირი თავდაპირველად... ბუნებრივია, მუშაობის პროცესში ჩავეძიე და ცოდნა მითოლოგიის შესახებ ახალი დეტალებით გავიმდიდრე. როცა მსახიობი ამბობს ფრაზას და მის მიღმა გაცილებით მეტი აქვს წაკითხული, მოძიებული - ბევრად უფრო მშვიდი, გულწრფელი, დამაჯერებელია...

- თავადაც მამა ხართ, თანაც, საკმაოდ დაკავებული და ალბათ, სპექტაკლში დასმული პრობლემა მეტ-ნაკლებად, თქვენთვისაც ნაცნობია...

- ვერ უარვყოფ. ამ საუკუნეში ადამიანები იმდენად გადართული ვართ კარიერულ წინსვლასა და მატერიალურ უზრუნველყოფაზე, ზოგჯერ გვავიწყდება, რომ თუნდაც შვილისთვის არასერიოზული განწყობით წაკითხული ერთი ზღაპარი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გამოწერილი პრემია... პრობლემა მაშინვე გულით შევიგრძენი, რა წამსაც პიესა პირველად წავიკითხე... მახსოვს, იმ დღეს ბავშვი ბაღიდან გამოვიყვანე და მთელი დღე მასთან ერთად, მისსავე სამყაროში გავატარე, დრო სრულად მისი სურვილების შესრულებას დავუთმე...

- სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, სპექტაკლის ნახვა თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ბავშვების, ისე მშობლებისთვის...

- დიახ, იქნებ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, გვაქვს თუ არა ბავშვებთან ურთიერთობაში შეცდომა დაშვებული, დავიწყოთ მათი ენით საუბარი, გავიმეოროთ მათი ქცევები, გავუფერადოთ ბავშვობა. სულ ვნატრობთ ბავშვობაში დაბრუნებას. ჰოდა, სანანებლად რომ არ დაგვრჩეს, მეტი დრო დავუთმოთ მათ მანამ, ვიდრე ბავშვები არიან და ვიყოთ მეტად ყურადღებით... სპექტაკლის დასრულების შემდეგ ვნახე რამდენიმე ჩემი მეგობრის, აცრემლებული კაცის ემოციით სავსე თვალები. მივხვდი, ნამუშევარში სათქმელი სწორად გამოიხატა...

GzaPress

- სცენა ფაქტობრივად, არ დაგიტოვებიათ... ალბათ, ამ სპექტაკლში თამაშისთვის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალური მობილიზება გახდა საჭირო... - ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებით გამიჭირდა, რადგან ამას უკვე მიჩვეული ვარ. ვთამაშობ სპექტაკლებში, სადაც უფრო მეტად ვარ ფიზიკურად დატვირთული. საერთოდ, პროცესში იმდენად ღრმად ვარ ჩაფლული, სცენაზე დაღლას ნაკლებად ვგრძნობ. დღემდე მართლაც, უამრავი დრო და ენერგია მაქვს დახარჯული სცენაზე, მაგრამ ამას გაცილებით მეტი სიამოვნება მოაქვს, ვიდრე დისკომფორტი. მაგალითად, აგვისტოს თვე ჩემთვის მძიმე, მოსაწყენი და უღიმღამოა. მართალია, ვკითხულობ წიგნებს, ვნახულობ ფილმებს, მაგრამ სცენაზე დგომის მონატრებას ვერაფერი მინაცვლებს...

- სპექტაკლის მიხედვით, არ არსებობს ადამიანი, ვინც ოჯახისთვის არ არის შექმნილი. ასე ფიქრობთ?

- ჩემს პერსონაჟზე მეც დიდხანს ვფიქრობდი, არის კი ოჯახისთვის შექმნილი?! უნდა დასრულებულიყო სპექტაკლი ისე, როგორც სრულდება?! საბოლოოდ მივხვდი, რომ დიახ, არის! ყოველი მისი მცდელობა, თუნდაც სწრაფვა კარიერული წინსვლისკენ, საბოლოოდ, ოჯახისთვისაა განკუთვნილი... საქმე ისაა, რომ უნდა მოვახერხოთ და როგორღაც ზღვრის დაცვა შევძლოთ - საყვარელ საქმეს ისე ვემსახუროთ, რომ ირგვლივ მყოფებს დისკომფორტი არ შევუქმნათ... ეს კი, ნამდვილად არაა შეუძლებელი.

შორენა ლაბაძე