თაზო გახარიას პირადი ცხოვრების დეტალები - გზაპრესი

თაზო გახარიას პირადი ცხოვრების დეტალები

მსახიობი თაზო გახარია ქართველ ტელემაყურებელს არაერთი სერიალიდან ახსოვს. ახლახან სერიალის - "იდეალური დედა" სეზონი დასრულდა, რომელშიც თაზო კაკის როლს ასრულებდა. მისი პერსონაჟის პირადი ცხოვრება არცთუ ისე სახარბიელოდ ვითარდებოდა და შესაძლოა, ისეთი ნაბიჯიც გადადგას, რაც თავად არ სურს... სამაგიეროდ, თაზოს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, რის შესახებაც ექსკლუზიურად ჟურნალ "გზას" ესაუბრა...

- თაზო, სერიალ "იდეალური დედის" სეზონი დასრულდა. ამჟამად რას საქმიანობ?

- საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი პროფესიით მაქსიმალურად დაკავებული ვიყო, ნაკლები თავისუფალი დრო მქონდეს, რადგან ასე მირჩევნია: რაღაცას რომ ვაკეთებ, საქმეზე ვარ გადართული და სისულელეებზე ფიქრისთვის ნალები დრო მრჩება... 3-4 თვეა, სახლის რემონტის ამბებში ვარ ჩართული, ასეთ საქმეს პირადად მე პირველად ვაკონტროლებ. თურმე, ეს ყურადღების გადასართავი ამბავი ყოფილა. ახლა კი სიმართლე გითხრა, არაფერს ვაკეთებ - თავისუფალი არამზადა ვარ (იცინის).

- ცოლის მოყვანას ხომ არ აპირებ?

- ვაპირებ, კი, თან - ისე, რომ მგონია, უკვე დავოჯახდი.

- გაგვიმხელ, ვინ არის შენი რჩეული?

- ჩემი რჩეული, ჩემი სიყვარულის ქალღმერთი არის სალომე.

- ცოტა რამ გვიამბე თქვენი სიყვარულის შესახებ: როდის, როგორ დაიწყეთ ურთიერთობა?

- ეს ამბავი დაახლოებით 4 წლის წინ დაიწყო. მაშინ "მაესტროზე" სერიალი - "ჩვენ გვერდით" გადიოდა, ზუკას როლს ვთამაშობდი. სადაც ჩვენი ოფისი, პავილიონი იყო, თურმე, სალომემ იქ პირველად თავად დამინახა, რადგან საპროდიუსერო ჯგუფში მუშაობდა. მაშინ ლილიკოზე ორსულად იყო. მეორე სართულიდან იყურებოდა, ჩვენ კი ქვემოთ ეპიზოდებს ვიღებდით. მერე თავად სალომემ მითხრა: მეღადავებოდნენ - იქნებ მუცელი მაინც შეისუნთქო და ისე მოგეწონოსო (იცინის). სალომე მეც იმ პერიოდში დავინახე - ორსულმა გოგომ გაიარა. საერთოდ, ეგ "წიკი" მაქვს, რომ ლამაზი ორსული ქალი ჩემთვის უმშვენიერესია! მოკლედ, ჩემი ყურადღება მიიქცია - ვა, რა ლამაზი ორსულია, არც გასუქებულია, მხოლოდ მუცელი ეტყობა, ძალიან მელამაზება-მეთქი... ეს იყო ჩემი პირველი აღფრთოვანება. თურმე, წინ რა გველოდა (იღიმის)... შემდეგ იყო კიდევ ერთი შეხვედრა, მერე - მეორე, ბანკეტი, სერიალის Aფტერ პარტყ, კორპორაციული წვეულება, რაღაც-რაღაცები... უფრო დავახლოვდით, დღეს კი აი, ერთად ვართ, თან - ისე ერთად, რომ ერთმანეთით ვსუნთქავთ.

- სალომეს შვილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ლილიკო რომ დაიბადა, მაშინ გავიცანი. ფაქტობრივად, ჩვენს ხელშია გაზრდილი, ჩემი სუნთქვა და გულისცემაა.

GzaPress

- მგონი, სალომესთან თანამშრომლობამ "იდეალურ დედაშიც" მოგიწია... - კი. სალომეს იმდენი საქმე აქვს, მის თანამდებობას ერთ სახელს ვერ დაარქმევ. უკვე ბევრჯერ ვითანამშრომლეთ.

- სერიალში როგორ მოხვდი, კაკის როლისთვის როგორ შეგარჩიეს?

- ჩვენს სცენებს "სერიალში სერიალს" ვეძახდით. როდესაც "იდეალურ დედაში" მსახიობები დაამტკიცეს, მერე გაჩნდა იდეა, რომ ამ სტილის ეპიზოდები გადაეღოთ - მოგეხსენებათ, სერიას 2-წუთიანი სცენა უძღვის: ოფისში 4 კონკრეტული თანამშრომელი შესვენებაზე გამოდის, საკვების ჩამოსაყრელად აპარატთან დგება და საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბრობს. თან, სერიალ "იდეალურ დედაზეც" ლაპარაკობენ: ნახე, რა მოხდა? ვაიმე, ის როგორ მოიქცა? აბა, როგორი სერია იყოო? სერიალის განხილვის გარდა, ჩვენი პერსონაჟების ცხოვრებაც ვითარდებოდა. სეზონი დამაინტრიგებლად დასრულდა...

- დიახ, შენს პერსონაჟს შეყვარებულთან ურთიერთობა აღარ სურდა, მაგრამ იძულებული გახდა, ქორწინება "შეეთავაზებინა"...

- ჰო, რაღაც ასეთი მოხდა. კაცმა არ იცის, სცენარისტები სიუჟეტს როგორ განაგრძობენ. ერთი შემიძლია ვთქვა: ამ ჯგუფთან - "ზიპოტელა ფროდაქშენი" - პირველად არ მიმუშავია: ყველაზე მეტი წინსვლა და პროფესიული ზრდა სწორედ მათთან თანამშრომლობისას განვიცადე. მათთან მუშაობა უკომფორტულესია, რაც მსახიობისთვის მნიშვნელოვანია.

- კაკის რამით ჰგავხარ?

- კაკის და თაზოს ერთმანეთს ვერაფრით ვამსგავსებ, რადგან ის მართლა ბოთე, დაბდურა, იოლად სამართავი ბიჭია, რომელიც საბოლოო ჯამში, ძალიან ერთგული, მეგობრული და რაღაცნაირად შტერია.

- ეჭვიანობა ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც კაკის შეყვარებულთან ურთიერთობა გაუფუჭდა...

- კი, გოგო ეჭვიანობდა, კაკის კი მხოლოდ ბოთური გაკვირვებები ახასიათებდა. ბოლოს ჩემს პერსონაჟს თითქოს შეყვარებულის უაზრო ქცევები ყელში ამოუვიდა... საერთოდ, ყველა უაზრო ეჭვიანობისას ასე ხდება: რაც უფრო მეტად იეჭვიანებ, რაც უფრო გაზრდი შენს ეჭვს, შესაძლოა, ყველანაირ სიმართლეს გადააჭარბოს და შენი ეჭვი ყველაზე მართალი გეგონოს. ცხოვრებაში ასეა და ალბათ, სერიალშიც ესაა ასახული.

- თავად ეჭვიანი ხარ?

- არა. მგონი, ეჭვიანობა ერთ-ერთი ბოროტი გრძნობაა, რომელსაც ცხოვრებაში კარგი არაფერი მოუტანია. ყოველთვის ვცდილობ, ეჭვიანი არ ვიყო, ეჭვს არ "გავყვე", მით უმეტეს - ისეთს, რომელიც ჩემი მოგონილია. ყოველთვის ამ აზრს ვიზიარებ, რომ არ ვიეჭვიანოთ. ეჭვიანი ხალხი არ მიყვარს, რა...

- შენი რჩეულისგან ეჭვიანობა გიგრძნია?

- ასეთი გრძნობა ადამიანს ყოველთვის გაგიჩნდება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, სერიოზული არაფერი ყოფილა, მხოლოდ უმნიშვნელო.

- ჰარმონიული ოჯახი როგორ წარმოგიდგენია?

- წყვილები ტკბობას რომ არიან მიცემული და გარშემო ყველაფერი იდეალურად აქვთ დალაგებული? არ ვიცი, ასეთი სიტუაციები არ მიყვარს. ურთიერთობაშიც კი რაღაც პრობლემა უნდა იყოს. როდესაც ადამიანები არასდროს კამათობენ და არ ჩხუბობებ, ასეთი იდეალურობის არ მწამს... მე და სალომე ხანდახან ისე ვჩხუბობთ, ლამის ვხოცავთ ერთმანეთს, მაგრამ მგონია, რომ ყოველი ჩხუბის შემდეგ უფრო მეტად მიყვარდება...

ეთო ყორღანაშვილი