"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა..." - გზაპრესი

"ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა..."

"როცა თავს ვატყობ, ვინმეს ვეპრანჭები, გაპრანჭვას ეგრევე ვწყვეტ. გაპრანჭვა თამაშია, ეს თამაში არ მინდა, არ მომწონს", - ამბობს ტელეწამყვანი ნელი აგირბა. რა ტრავმა მიიღო 8 წლის ასაკში, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამას მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1986 წლის 10 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...კომპოზიტორი. დღესაც სწავლის პროცესში ვარ, ამ მიმართულებით ვმუშაობ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ გულწრფელი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ცოცხალი ვარ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ფეთქებადი ვარ, ეს თან პრობლემაც არის.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...პერიოდულად გაჩენილი უსუსურობის შეგრძნებაა. ამ დროს საკუთარ თავზე ზრუნვას ვიწყებ და ემოცია ქრება.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს იტყუება.

GzaPress

- ჩემი პირველი წარმატება... - ...იყო ის, რომ დავიბადე.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ყოველთვის? ასეთი სურვილი არ მაქვს. კონკრეტული რაღაც ყოველთვის ნამდვილად არ მსურს.

- მეშინია...

- ...არაფრის მეშინია. ფობიები არ მაქვს. ზოგჯერ შეიძლება პატარა შიში შემომეპაროს, მაგრამ მალევე გადამივლის ხოლმე.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მაქებენ. სულერთია, შექება საჯაროდ ხდება თუ პირისპირ საუბრისას.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც შეიძლება მუსიკა შექმნა.

- მეზარება...

- ...ხანდახან ყველაფერი. ამ დროს თავს ვასწავლი, არ ვიყო ზარმაცი. საბედნიეროდ, ეს თვისება ჩემს ხასიათში დომინანტი არ არის. ზოგჯერ თავს სიზარმაცის უფლებასაც ვაძლევ.

- ვნანობ...

- ...არაფერს ვნანობ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სიყვარულია. ამავდროულად, ეს სიძლიერეც არის.

- პატიება შემიძლია...

- ...ყველა შემთხვევაში.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვიღებ, როგორც გაკვეთილებს, როგორც გამოცდილებას.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ცხოვრება.

- სხვის შეცდომებზე...

- ...ბევრი ვერაფერი ვისწავლე, სხვის შეცდომებზე გაცილებით რთულად ვსწავლობ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...2 დღის წინ, თერაპიული პროცესის დროს. თიხაზე ვმუშაობდი და 8 წლის ასაკში გადატანილი ტრავმა გამახსენდა, ამეტირა. ეს ის პერიოდი იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მათ შორის რომელთან დავრჩებოდი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა. დედა რუსეთში აგრძელებდა ცხოვრებას, მამა - საქართველოში. იმ დროს მეც რუსეთში ვცხოვრობდი და საქართველოში მამასთან ერთად დავბრუნდი. მერე იყო რთული პერიოდი, დედის მონატრება, რომელსაც მისი შორს ყოფნა ამძაფრებდა. ურთულესი დღეები მქონდა. ჩემთვის სამყარო პირველად მაშინ დაინგრა. მამაც ცუდად იყო, მასთანაც ისე ვერ ვურთიერთობდი, როგორც მინდოდა. ბებიასთან ვიზრდებოდი. ოჯახი დაიშალა - მე, დედა და მამა ყველანი ცალ-ცალკე ცუდად ვიყავით. იმ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე.

მშობლებს, რომლებიც დღეს ერთად აღარ ცხოვრობენ და საერთო შვილები ჰყავთ, ვთხოვ, მათ მაქსიმალური სიყვარული მისცენ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობლებს ერთმანეთი მაინც უყვართ, უბრალოდ, ერთად არ ცხოვრობენ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ადამიანს სჭირდება ბევრი გავცე და ვხვდები, რომ ეს მე მანადგურებს. სანამ რამე ძალა მაქვს, არჩევანს ყოველთვის იმ ადამიანის სასარგებლოდ ვაკეთებ და არა - საკუთარი თავის.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...მატყუარა და უპასუხისმგებლო ადამიანებს. შემიძლია, მათ ღიად დავუპირისპირდე.

GzaPress

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო... - ...ის, ვინც ვარ და იქ, სადაც ვარ.

- სიყვარული ეს...

- ...ვართ ჩვენ. ყველა ცოცხალი ადამიანი სიყვარულია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...პირველად შემიყვარდნენ მშობლები. თქვენ თუ საპირისპირო სქესს გულისხმობთ, ჯერ მამა შემიყვარდა, მერე ნათესავი კაცები, მერე ჩემი კლასელი ბიჭი და ჯგუფელი, რომელიც მუსიკალურში ჩემთან ერთად სწავლობდა. ისინი ჩემთვის, ჩუმად მიყვარდა, ვერ გამოვხატავდი.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? ამ თემაზე არ ვლაპარაკობ.

- ვეპრანჭები...

- ...როცა თავს ვატყობ, ვინმეს ვეპრანჭები, გაპრანჭვას ეგრევე ვწყვეტ. გაპრანჭვა თამაშია, ეს თამაში არ მინდა, არ მომწონს.

- სასურველი კაცი უნდა იყოს...

- ...ფხიზელი საკუთარ განცდებთან.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სიმართლის თქმის გამო. ვერ ვხვდები, სიმართლე რატომ არ უნდა ვთქვა? მეუბნებიან, რომ ყოველთვის საჭირო არ არის, მიხსნიან, რომ ადამიანებისთვის ზოგჯერ სიმართლე მტკივნეულია.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...აუცილებლად ავაშენებდი სახლს ნაფეტვრებში, ბავშვებთან ერთად წავიდოდი პორტუგალიაში, ინდოეთში, ახალ ზელანდიაში... დავეხმარებოდი ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება ექნებოდა; ცხოველებისთვის მოვაწყობდი კარგ თავშესაფარს, ხოლო უსახლკაროებისთვის თერაპიის სახლს გავხსნიდი.

- თავისუფლება ეს...

- ...არის საკუთარი თავისა და გონების ფლობის მდგომარეობა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ასეთი რამ არასდროს ხდება.

- ბედისწერა...

- ...იმდენად არსებობს, რამდენადაც ჩვენ განვსაზღვრავთ ყველაფერს და ვქმნით სამყაროს. ჩვენი აღქმა განსაზღვრავს ჩვენს ბედისწერას.

- ინტუიცია...

- ...რწმენაზეა დამოკიდებული. როცა ჰარმონიაში ხარ სამყაროსთან, ალბათ ეს არის ინტუიცია.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს იუმორის გრძნობაა გამოსავალი. გააჩნია, რის გამო ვარ დაძაბული. ჩემთვის ხან ადამიანებთან ურთიერთობაა საჭირო, ხან - საკუთარ თავთან დარჩენა, რომ დავლაგდე და ცენტრი ვიპოვო.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კაცი. ბავშვობაში სულ მინდოდა, კაცად დავბადებულიყავი.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ.

- ...ასეთი ვინმე არ არსებობს, მაგრამ ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომელთა აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...ვიკეტები საკუთარ აღქმაში.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში დედას ვკითხე, სიცოცხლეს რა აზრი აქვს-მეთქი? მიპასუხა, სიცოცხლის აზრი თავად სიცოცხლეაო. მაშინ, რა თქმა უნდა, მის ნათქვამს ვერ მივხვდი, მაგრამ მერე და დღესაც ამაზე ხშირად ვფიქრობ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ნუ უყურებთ ტელევიზორს! ის დრო, რომელსაც ეკრანთან ატარებთ, უფრო საინტერესოდ გამოიყენეთ, საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნება, სიყვარულის გაცემა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა.

თამუნა კვინიკაძე