ბუბა მირცხულავას ჩუმი "აფეთქებები", ემოციები და ცხოვრების დევიზი - გზაპრესი

ბუბა მირცხულავას ჩუმი "აფეთქებები", ემოციები და ცხოვრების დევიზი

"მას ექსტრიმით სავსე დრამატული ცხოვრება აქვს. ემოციებს თავშეკავებულად გამოხატავს, მით უმეტეს - სახალხოდ. პირადი ცხოვრების მოწყობას მაშინ იწყებს, როცა მატერიალური კუთხით ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობს. ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს. ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვეფხვის წელში დაბადებულ თხის რქას, ეს კი მსახიობ ბუბა მირცხულავას ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით წლების წინ მეტად ვიყავი გატაცებული, დღეს - ნაკლებად. პირადი ჰოროსკოპიც მაქვს შედგენილი. ზედაპირულად ბევრი რამ ვიცი, ყველაზე კარგად კუროებს ვუგებ. სიღრმეებში ჩასვლა არც მინდა, გავგიჟდები.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ პრინციპული, გასაოცარი ამტანობით გამორჩეული და შრომისმოყვარე ხარ. მართლა ასეა?

- ვეთანხმები, პრინციპულიც ვარ, ამტანიც და 14 წლიდან ვმუშაობ. ამ ყველაფერთან ერთად, პერიოდულად სიზარმაცეც მჩვევია.

- წესრიგის სიყვარულითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევი?

- მგონი, ეს ორი თვისება ზედმეტადაც კი მაქვს განვითარებული. წვრილმანებს ვაკვირდები, რაც ზოგჯერ დისკომფორტსაც მიქმნის. სამსახურში დაგვიანება არ მჩვევია, ეს ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს და მაშინაც, ჩემი მიზეზით - არა. ვერ ვიტან, როცა მალოდინებენ. დროის ფასი ვიცი, უაზროდ ფლანგვა არ მიყვარს. ჩემი ენერგიის ზედმეტად "არაფერში" ხარჯვაც არ მომწონს.

- "ის ღრმა ბავშვობიდან ისახავს მიზანს და წინ, როგორც კლდის მწვერვალისკენ მიმავალი ვაცი, ისე მიიწევს".

- როცა მინდოდა, ვცეკვავდი, როცა თეატრით დავინტერესდი, თეატრში წავედი, მერე - სერიალში. ტიპური თხის რქა არ ვარ, ხასიათში მერწყულის გავლენა იგრძნობა. ბოლო დროს, სპონტანურად, ჩემი კარიერა კარგად აეწყო. მგონია, რომ ასეთი რამეები არ უნდა დავგეგმო. ჯერ მიმართლებს, ვნახოთ, მერე რა მოხდება, შეიძლება ბრძოლა დამჭირდეს იმისთვის, რაც დღეს მაქვს.

GzaPress

- დაბრკოლებები გაფრთხობს თუ მეტად გაძლიერებს? - ყველაფერს ხომ დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის, დაბრკოლებებსაც. ცალსახად ცუდი ან ცალსახად კარგი არაფერი არსებობს. გარემოებებს გააჩნია. შეიძლება დამაბრკოლოს, შეიძლება ისე გამაძლიეროს, რომ წინ ვერაფერი დამიდგეს.

- სიტყვაძუნწობა გჩვევია?

- ადრე პატარა პრობლემაც თუ მქონდა, ვიკეტებოდი, არასდროს ვლაპარაკობდი, ახლა პირიქით ხდება, ძალიან გახსნილი ვარ.

- რომელი მდგომარეობა ჯობია?

- ზომიერება. ამ შემთხვევაში რადიკალიზმი შეცდომაა.

- "ემოციებს თავშეკავებულად გამოხატავს, მით უმეტეს - სახალხოდ".

- ასეა. ეს არაბუნებრივი მგონია. ვერ ვიტან საჯაროდ სიყვარულის ახსნას, ხელის თხოვნას და ა.შ. ეს იმდენად ინტიმური რამ არის, მხოლოდ ორი ადამიანის კუთვნილება უნდა იყოს. მსგავს თემებზე გადაღებული ვიდეოების ნახვის დროსაც კი, დისკომფორტს ვგრძნობ. არავინ იცის, იქ მყოფთაგან ვის რა პრობლემა აქვს და ეს ყალბი ღიმილი ძალიან არაბუნებრივია.

- "მას არ უყვარს გრძნობების სიტყვებით აფიშირება. ურჩევნია, სიყვარული საქციელით გამოხატოს".

- ამ შემთხვევაში მართლა რადიკალური ვარ და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ასეა. როცა ადამიანის მიმართ დამოკიდებულება გაქვს და ეს შენს საქციელშიც იგრძნობა, სიტყვები ზედმეტია. ასეთი შემთხვევა ჩემს ყოფილ შეყვარებულთან მქონდა. მას ჩემი საქციელის სიტყვებით ფორმულირებაც უნდოდა, სჭირდებოდა. სიტყვებით ბევრი რამის თქმა შეიძლება. ქცევა და ქმედება უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

- იმ გოგოსთან ურთიერთობა დაასრულე?

- დიახ.

- დღეს შეყვარებული ხარ?

- არა. ახლა ამ საკითხს ძალიან პრაგმატულად ვუდგები. ვერ ვუგებ ადამიანებს, ურთიერთობას უეცრად სიყვარულს რომ დაარქმევენ. ბოლო ურთიერთობიდან ბევრი რამ ვისწავლე. ახლა ვფიქრობ, არ ვიცი, მომავალში რა უნდა მოხდეს, რომ ვინმეს "შეყვარებული" დავარქვა. ეს სიტყვა არ მომწონს. შეიძლება მყავდეს მეგობარი გოგო და მქონდეს ისეთივე დამოკიდებულება, რასაც ზოგიერთი სიყვარულს დაუძახებს.

- იმ ურთიერთობამ რა ემოცია დაგიტოვა: ტკივილი, იმედგაცრუება...

- რა თქმა უნდა, ტკივილიც იყო, იმედგაცრუებაც, კმაყოფილებაც. რამდენადაც - კარგი, იმდენად ცუდი იყო.

- ურთიერთობის შემდეგ მეგობრებად დარჩენაზე რას ფიქრობ?

- მისაღებია. თუმცა, მე მასთან მეგობრული ურთიერთობა არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ბევრი ვიწვალე და ვიშრომე.

- "ის პირადი ცხოვრების მოწყობას მაშინ იწყებს, როცა მატერიალური კუთხით ფეხქვეშ მყარ ნიადაგს იგრძნობს".

- ასე ვფიქრობ. ცოლს მანამდე არ მოვიყვან, სანამ მატერიალურად წელში გამართული არ ვიქნები. საერთოდ, ცოლის მოყვანის თემასაც სხვაგვარად ვუყურებ. არ მიყვარს სახელების დარქმევა: "ცოლი", "ქმარი". ხელის მოწერა, ჯვრის დაწერა ჩემს სამომავლო გეგმაში საერთოდ არ შედის.

- შენს რჩეულს ხელის მოწერისა და ჯვრისწერის სურვილი რომ ჰქონდეს, როგორ მოიქცევი?

- არ მიფიქრია, ალბათ ცოტას ის დათმობს, ცოტას - მე და მოვრიგდებით.

- "თუ ნაადრევი ქორწინების მახეში გაება, კარიერულ წინსვლაზე ფიქრს არც ამ შემთხვევაში შეწყვეტს".

- ნაადრევი ქორწინება ჩემს შემთხვევაში გამორიცხულია. უკვე 21 წლის ვარ და არავინ მყავს. დღეს კარიერაში მიმართლებს, პირად ცხოვრებაში - ნაკლებად. მერე შეიძლება პირიქით იყოს.

- "მისი მთავარი მტერი პერიოდულად დეპრესიული მდგომარეობაში ყოფნაა".

- ჩემი მთავარი მტერი საკუთარი თავია. სხვა ვერავინ დამიშავებს იმდენს, რამდენიც თავად შემიძლია დავუშავო. ვადასტურებ, ძალიან დეპრესიული ვარ, უზომოდ ბევრი ფიქრი მიყვარს. დეპრესიული შემოტევა არასდროს მეტყობა. რაღაც პერიოდი ვცხოვრობ დეპრესიასთან ერთად და მერე მდგომარეობიდან გამოვდივარ. ძალიან მშველის სეირნობა. დღეს კუს ტბის ასახვევთან მქონდა გადაღება და ამ ადგილიდან თავისუფლების მოედნამდე ფეხით ჩამოვედი.

- "ის რთულად ეგუება მარცხს, ოჯახურ კონფლიქტს. პროფესიულ წარუმატებლობას, მისი ხანგრძლივი დროით გატეხაც კი შეუძლია".

- ასეა. ერთ წარუმატებელ ნაბიჯზე შეიძლება წლების განმავლობაში ვიფიქრო. 4-5 წლის წინანდელ ამბებზე ახლაც ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვლაპარაკობ.

- "ვეფხვი ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას, რის გამოც, ხშირად კონფლიქტშია ზემდგომებთან".

- ვერ ვიტყვი, რომ ასეა. მთავარია ჩემმა ზემდგომმა პირმა ურთიერთობა იცოდეს. ჩემთვის დამამცირებელი არ იყოს, თავმოყვარეობა არ შემილახოს.

- "მას უყვარს ლიდერობა და ამას არც მალავს, ეს თვისება ბავშვობიდან სისხლში აქვს გამჯდარი".

- საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგჯერ ამაში ხელს ბედისწერა მიწყობდა. ლიდერად ყოფნას მირჩევნია, მქონდეს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებისგანაც ბევრს ვისწავლი, ასეთები უფრო საინტერესოები არიან.

- "მას ეზიზღება ჩარჩოები, შეზღუდვები, აკრძალვები".

- თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ცხოვრებაში მომენტები, როცა ან ის უნდა გააკეთო, რაც გინდა, ან - ის, რაც საჭიროა. კარგია, როცა სურვილი და საჭიროება ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, დღეს მაქვს შემთხვევა, უნდა გავაკეთო კონკრეტული რაღაც, რაც ძალიან მჭირდება და არ ვაკეთებ. ასე ალბათ იმიტომ ვიქცევი, რომ ჯერ იმ საქმეს ჩემს სურვილზე წინ არ ვაყენებ.

GzaPress

- "ხშირად სიჯიუტე და მეწვრილმანეობა უშლის ხელს იმაში, რომ მიზნის მიღწევა უკონფლიქტოდ შეძლოს". - მეწვრილმანეობა და დეტალებზე დაკვირვების ჩვევა ხელს ბევრ რამეში მიშლის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად ვმგზავრობ. მეტროში, საბურთალოს ხაზზე გადასვლისას, ყოველთვის ხალხის დიდი ტალღაა. მათ სახეებზე ხშირად ვაკვირდები. მინდა თითოეულის ემოცია, ამბავი, ფიქრები ამოვიცნო. ამ ქალაქში ხომ ადამიანები დაღვრემილი სახეებით დადიან. ეს მეტროში კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა.

- "ფულსა და დიდებას შორის არჩევანი რომ გააკეთებინოთ, დიდებას აირჩევს".

- ერთი მეორეს რატომ გამორიცხავს? ხშირად ფული ვისაც აქვს, დიდებაც მას აქვს. ორივე რომ მქონდეს, არ შეიძლება?

- გაჯიუტება რა დროს გჩვევია?

- უზომოდ ბევრ გაზიან სასმელს ვსვამ, წყალს - ნაკლებად. ვიცი, ეს ჯანმრთელობის პრობლემას შემიქმნის, მაგრამ თავს მაინც ვერ ვანებებ. ჯიუტად მივდივარ და ვყიდულობ.

- "მას ექსტრიმით სავსე დრამატული ცხოვრება აქვს".

- ნამდვილად ასეა. მგონია, რომ სამყაროში ბედნიერება არ არსებობს, არც - სრულყოფილება.

- ფეთქებადი ხასიათი გაქვს? იმპულსური ხარ?

- ჩემში "აფეთქება" იმდენად ჩუმად ხდება, ვერავინ იგებს. ამ დროს ემოციას არ გამოვხატავ. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ემოციების მართვა ვერ შევძელი. ჩემს დაქალთან გავცეცხლდი, ისეთი ხმა ამომდიოდა, საკუთარი თავი ვერ ვიცანი. მისთვის ხომ საერთოდ წარმოუდგენელი საქციელი ჩავიდინე. ასეთი არასდროს ვუნახავვარ.

- "მას ხშირად სიმართლის თქმას ფეთქებადი ხასიათის გამო ვერ უბედავენ".

- ჩემს ზურგს უკან რაღაცები ხდება ხოლმე. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს ურთიერთობაში გაურკვევლობები, კითხვის ნიშნები. თავად მივდივარ და ვარკვევ. ჩემი დევიზია: ურთიერთობებში მეტი კომუნიკაცია. მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს. განა რა უნდა იყოს ისეთი, ორმა ზრდასრულმა ადამიანმა საერთო ენის გამონახვა რომ ვერ შეძლოს.

თამუნა კვინიკაძე