სტიქიასთან მებრძოლი ადამიანები - გზაპრესი

სტიქიასთან მებრძოლი ადამიანები

უამრავი ამბის გახსენება შეუძლია, როდესაც ბუნებასთან, სტიქიასთან ბრძოლაში გაიმარჯვა და ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული ადამიანის ცხედარი ოჯახის წევრებს დაუბრუნა... ამბობს, რომ მაშინ ნათქვამი ცრემლიანი მადლობა, ბეწვის ხიდზე გავლისა და საერთოდ, ყველაფრის ძალას აძლევს. წლების წინ, როდესაც შესაბამისი აღჭურვილობა არ ჰქონდათ, ის და მისი კოლეგები ამ ურთულეს საქმეს ლამის შიშველი ხელებით ეჭიდებოდნენ. რამდენჯერმე სიკვდილსაც ჩახედა თვალებში, მაგრამ გადარჩა. რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩავარდნილი გოგონას ცხედრის ამოყვანის ამბავსა და სხვა სახიფათო სიტუაციებს, მათ შორის 13 ივნისის ტრაგედიას, სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი, ვარაზი წოწონავა იხსენებს:

GzaPress- თითქმის 20 წელია, რაც ამ სამსახურში ვარ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბოლო წლებში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. ის, რომ თვითმკვლელობის მცდელობა დასჯადი გახდა, ერთგვარი პრევენცია აღმოჩნდა. წინა წლებში ყველაფერი მიშვებული იყო და მეტი ტრაგიკული შემთხვევებიც ხდებოდა... ამას ისიც ემატებოდა, რომ შესაბამისი აღჭურვილობა არ გვქონდა, თუმცა, მუშაობას როგორღაც ვახერხებდით... იმ წლებში ჩვენი სამსახური საგურამოში იყო და იქიდან დავდიოდი.

- გამოძახებებზე გასასვლელად ალბათ არასაკმარისი მანქანები გქონდათ...

- დიახ, ეს კიდევ ცალკე პრობლემა იყო... მაშინ ჩემი უფროსი, ცნობილი მყვინთავი, ელგუჯა ჯამრიშვილი იყო და შეიძლება ითქვას, რომ მან გამომზარდა. თავად გუჯა წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე და ცნობილი სპალეოლოგი იყო. მდინარეში დაკარგული მოზარდის საძებრად შევიდა, რა დროსაც ტრაგიკულად დაიღუპა. მისი ცხედარი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მარტვილში, მდინარე აბაშაში სამდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს... ასე ვიმუშავეთ 2-3 წელი. შემდეგ სისტემა ნელ-ნელა დალაგდა. თუმცა, ყოველდღიურად ვიღებთ გამოცდილებას, რადგან ყველა შემთხვევა განსხვავებულია.

- ალბათ უამრავი მძიმე შემთხვევა გქონიათ.

- რამდენიმე წლის წინ, მანქანით მიმავალი სასულიერო პირი თბილისის ერთ-ერთი ხიდიდან მტკვარში გადავარდა. ადრიანი გაზაფხული იყო. იმ პერიოდში მტკვარი ადიდებულია. ტექნიკური აპარატის ანუ ექოლოტის მეშვეობით შევამოწმეთ წყლის სიღრმე. მისივე დახმარებით ვარკვევთ, დაახლოებით სად უნდა ვეძებოთ ობიექტი. თუმცა, კონკრეტულად, ადამიანია, მანქანა თუ სხვა რამე, ვერ "კითხულობს". მდინარე ადიდებული, სწრაფი და მღვრიე იყო... იმ დღეს ვერ ვიპოვეთ. მეორე დღესაც მომიხდა ჩასვლა. ხელსაწყომ სავარაუდო ადგილის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია და ვიპოვეთ კიდეც.

- სასულიერო პირი ადგილზე გარდაიცვალა?

- დიახ. სამწუხაროდ, მე იმ დროს მიწევს გამოძახებაზე წასვლა, როდესაც ადამიანი უკვე გარდაცვლილია და ცხედარს ვერ პოულობენ ან ვერ ამოჰყავთ.

- ლაგოდეხის შემთხვევაზე მოგვიყევით.

- ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება იყო. ადგილზე მისულებს, გარკვეული მანძილის გავლა ფეხით მოგვიწია. ღამის პირველი საათი იყო. ჩანჩქერამდე დაახლოებით გამთენიის 4-ის ნახევარზე მივედით. სრული ეკიპირებით ვიყავით... როდესაც იმ დღეს ვიხსენებ, არ შემიძლია, ლაგოდეხის მოსახლეობის თანადგომაზე, თავდადებასა და მონდომებაზე არ მოგიყვეთ. ამდენი წელია, ამ სამსახურში ვარ და ადამიანების ასეთი ერთობა არ მინახავს. თავიდან მეგონა, ყველანი დაკარგული ბავშვის ნათესავები იყვნენ, არადა, უბრალოდ, იქაურები ყოფილან. ასეთი ტრაგედია მოხდა, სახლში რა გაგვაჩერებდაო, ამბობდნენ... როდესაც შუქი მივანათეთ, მივხვდი, საკმაოდ მძიმე რელიეფური მდებარეობა იყო. ჯერ იმ მხრიდან მოვსინჯეთ შესვლა, სადაც ადგილობრივები მაჩვენებდნენ, ბავშვი ამ ადგილას ჩავარდაო, მაგრამ ჩანჩქერი ქვებზე ისეთი სიმძლავრითა და სისწრაფით ეცემოდა, ლამის ფეხი მომაწყვიტა... არადა, წყალი ღრმა არ იყო, 1-2 მეტრამდე იქნებოდა. უბრალოდ, ჩანჩქერის გამკლავება იყო შეუძლებელი. მოსახლეობასთან ერთად, წყლისთვის მიმართულების შეცვლა გადავწყვიტეთ, დარტყმის ძალა რომ შეგვემსუბუქებინა. ბიჭების დახმარებით, ქვებით კედელი ამოვაშენეთ. დამხმარეების რაოდენობა იზრდებოდა. ნათესავებიც მოვიდნენ... ერთი სიტყვით, ჩანჩქერს მიმართულება შევუცვალეთ და წყლის დაცემის ძალაც ცოტათი შემცირდა. რამდენიმე ჩაყვინთვის შემდეგ, ვითარება გარკვეულწილად შევისწავლე. ჩანჩქერის ქვემოთ ქვების გარშემო ხეებიც იყო ჩახერგილი, რაც სიტუაციას ართულებდა... მყვინთავებისთვის ერთი დაუწერელი კანონი არსებობს: მთავარია, სიფრთხილე და უსაფრთხოების წესების დაცვა. თუ შენი თავი არ დაიცავი, ვერც სხვას დაეხმარები.

- ქვების ქვეშაც გიწევდათ ძებნა?

- დიახ. საბოლოოდ, ჩანჩქერის დაშვების საპირისპირო მხრიდან შევედი. ძალიან ძლიერი დინება იყო და შიგნით ანუ ქვების ქვეშ ვეღარ შევდიოდი... გარშემო ტერიტორია შევამოწმე, იქნებ რამე მოსაჭიდი ვიპოვო-მეთქი... ცხედრის პოვნის შემდეგ, ამოყვანის გეგმას შევადგენდით.

ჩავყვინთე და რამდენიმეხნიანი ძებნის შემდეგ, ხელის ცეცებით ვიპოვე ცხედარი. ქვებში იყო გაჭედილი... იქაურების დახმარებით, იმ ადგილიდან ქვების გატანა დავიწყეთ. თან მეშინოდა, წყლის დინებას ცხედარი ისევ არ წაერთმია. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა მოსასმენად და შესასრულებლად - კიდევ უფრო ძნელი. გოგონას ძმაც იქვე ტრიალებდა. მის თვალებში იმხელა ტრაგედია იკითხებოდა, ყველაფრის ძალას მაძლევდა... ძლიერი დინების გამო თოკით კვანძს ვერ ვაკეთებდი. ზემოთ მყოფებმა ჩანჩქერსა და ქვას შორის დიდი მორი ჩააგდეს, რამაც წყლის შემოდინება შეამცირა... ქვების ქვეშ შევძვერი, მაგრამ მოტრიალება ვერ მოვახერხე. ბავშვის ცხედარს ხელი დავავლე და უკუსვლით წამოვედი... როგორ შეიძლება იმ დროს რამე გაგიხარდეს, მაგრამ როდესაც წყლის ზედაპირზე ამოვედი, ამოვისუნთქე, რადგან ეს შევძელით...

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- სიმართლე გითხრათ, არასდროს მიოცნებია მაშველობაზე. მორაგბე ვიყავი. მაშინ ეს სპორტი ასეთი პოპულარული არ იყო. მეგობარმა მითხრა, სამაშველო-სამსახურში დაგაწყებინებ მუშაობასო და დავთანხმდი... ფიზიკური მონაცემებიც მიწყობდა ხელს. არაერთი ხიფათის და სარისკო ვითარების მიუხედავად, დღემდე მოვედი. წყალქვეშ მუშაობა სხვა სამყარო იყო ჩემთვის. სერტიფიცირებული მყვინთავი ვარ, მაგრამ ყველანაირი წვრთნა სუფთა წყლებში, ზღვაზე და ან თუნდაც მდინარეებში გავიარე, მუშაობა კი მღვრიე, ბინძურ წყლებში მიწევს, სადაც სიბნელეა... ვცდილობ, წყლისქვეშ "ჩემი ფსიქოლოგია" შევქმნა. ჩემს თავს ვეუბნები, არაფერი დაგემართება, ჟანგბადი გაქვს, დაცული ხარ და იმუშავე, სიბნელეზე არ უნდა იფიქრო-მეთქი.

- მღვრიე წყალში მუშაობისას, ხმელეთიდან ვიღაც გაკონტროლებთ?

- დიახ, მარტო ვერ იმუშავებ, თოკით ვარ ჩაბმული მეორესთან. სამი სახის სიგნალი გვაქვს. ერთი ჩამოქაჩვა ნიშნავს, - გამაჩერე! ანუ მოძრაობის საშუალება არ მოგცენ, ორჯერ ჩამოქაჩვით მიანიშნებ, რომ ამოგიყვანონ; სამზე მეტი კი, SOS სიგნალს ნიშნავს, ანუ მყვინთავს პრობლემები აქვს და სასწრაფოდ უნდა ამოიყვანონ.

- ალბათ არაერთხელ მოგიწიათ SOS სიგნალის გამოყენებამ.

- დიახ, მაშინ ახალბედა ვიყავი. ერთი ასევე გამოცდილი მყვინთავი გვყავს, ბზეკალავა და მასთან ერთად, რუსთავისკენ, მტკვარში მომიწია მუშაობამ. ქაფიანი წყალი იყო, მღვრიე და ბინძური... ადამიანი იყო გადავარდნილი და ვერ პოულობდნენ. ჭირისუფალიც იქვე იყო... არ მეგონა, ასეთი მძიმე ვითარება თუ დაგვხვდებოდა, თუმცა, იმის თქმა, - ვერ ჩავალ, გამოუცდელი ვარ-მეთქი, მომერიდა. არადა, მყვინთავად მუშაობის სულ რაღაც ორწლიანი სტაჟი მქონდა. ბზეკალავამაც გამაფრთხილა, არ ჩახვიდეო, მაგრამ არ დავუჯერე. იხტიბარი არ გავიტეხე და დინებამ მაშინვე წყლის ქვეშ, ნანგრევებში შემითრია. თოკი ისე დაიჭიმა, როგორც უნდა დამექაჩა, სიგნალს ვერ მივცემდი. ძალიან ბევრი ვიწვალე. ხელები ნანგრევებში გამეჭედა, მაგრამ როგორღაც გავითავისუფლე და ამოვედი... შემდეგ ბზეკალავა ჩავიდა და მან ამოიყვანა ცხედარი.

GzaPress

- ამ ყველაფერს ალბათ ფსიქოლოგიური სტრესიც ახლავს. - შევეჩვიე... როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ნორმატივებს მუდმივად ვაბარებთ. იმდენნაირ ვითარებაში, ისეთ რთულ პირობებში ამომიყვანია ცხედარი, არ ვიცი, რამ უნდა გამაოცოს ცხოვრებაში. ერთადერთი, რაც ყოველთვის მაკვირვებს, ჭირისუფლის დამოკიდებულებაა, სანამ ჩავალთ, ისე განიცდიან, პირჯვარს გვწერენ ხოლმე, - ღმერთმა მშვიდობით ამოგიყვანოსო. შემდეგაც უამრავ მადლობას გვიხდიან... ძნელია, ამ ყველაფერს ემოციის გარეშე უყურო...

- 13 ივნისის ღამეს თუ მოგიწიათ მუშაობამ?

- დიახ, როგორც კი განგაში დაიწყო, უკვე გავედით ხალხის დასახმარებლად. გამთენიისას კი, მეწყერსაშიშ ზონაში გადავფრინდით ვერტმფრენით. მეწყერი იყო ჩამოწოლილი, გზაც ჩაუტანია და ხალხი უნდა გამოგვეყვანა. მათ შორის, ერთი ადამიანი, მასწავლებელი დაშავებული იყო და საკაცით უნდა წამოგვეყვანა. მთელი ღამე ვმუშაობდით, ისეთი დაქანცული ვიყავი, ერთ-ერთი მარშრუტისას გზაში ჩამეძინა. ვიღაცას ფოტო გადაუღია და ინტერნეტში გაუვრცელებია... ვინერვიულე, ვინმეს ირონიულად არ ეთქვა, - აი, როგორ მუშაობენ ჩვენი მაშველებიო, მაგრამ პირიქით, ძალიან სოლიდარულები იყვნენ.

მომდევნო დღეს სტიქიიის ზონაში დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები და დაკარგული ადამიანების პოვნა. დამხრჩვალი ცხოველებიც ვიპოვეთ... ძირითადად, ხევსა და მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვმუშაობდით... ერთი ბიჭი იყო ჩვენთან ერთად, ძმას ეძებდა. ის ბიჭი, მგონი, დღემდე ვერ იპოვეს... მზიურში ძებნისას გადავაწყდი ცხედარს. თავიდან ბიჭი მეგონა, რადგან თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი... შემდეგ გაირკვა, რომ მოძღვრის შვილი ყოფილა, ივეტა... მისი სახელი არასდროს დამავიწყდება...

- ალბათ ოჯახიც შეეგუა თქვენი პროფესიის რისკებს, ხომ?

- ოჯახში დეტალურად არასდროს ვყვები სამსახურის ამბებს. მოკლედ ვამბობ, ამოვიყვანე-მეთქი და მორჩა.

ლალი პაპასკირი