"კარგია, რომ მოდელობა აღარ აკომპლექსებთ..." - გზაპრესი

"კარგია, რომ მოდელობა აღარ აკომპლექსებთ..."

"ადამიანი რომ ბედნიერია და კარგი განწყობაზე აქვს, რაც უნდა ეცვას, მაინც კარგად გამოიყურება. ძალიან ხშირად მინახავს "შანელისა" და "დიორის" ბრენდული სამოსით შემოსილი ადამიანები, რომლებიც სულაც არ იყვნენ ლამაზად. ამიტომ ჯობია სულიერ სიმდიდრეზე, განწყობაზე ვიზრუნოთ!" - თამუნა ინგოროყვამ მნიშვნელოვანი რჩევები გაგვიზიარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანი მუდამ გემოვნებიანად...

- თქვენი დაკვირვებით, რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ადამიანის გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

- ვფიქრობ, ადამიანი გემოვნებით ან იბადები, ან არა... გარემოს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გემოვნება ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან, მაგრამ შემდეგ გარემოებამაც უნდა შეუწყოს ხელი, თვითგანვითარებაზეც უნდა იზრუნოს! ყველა ადამიანში არის რაღაც ინდივიდუალური. გემოვნებაც ინდივიდუალური სტილი და ხედვაა... ძალიან საინტერესოა, როდესაც ადამიანს ეს თვისება გამოხატული აქვს და სტერეოტიპებით არ ცხოვრობს. გამორიცხულია, რომ კარგი გემოვნება დიდ ფინანსებს უკავშირდებოდეს! თუ დავაკვირდებით, ადამიანებს, რომლებსაც მატერიალურად სათანადო შესაძლებლობა აქვთ, ხშირად გემოვნება არ აქვთ - ეს მთელ მსოფლიოში ასეა და ძალიან ცნობილ ადამიანებს გემოვნებიანი სტილისტები, მრჩეველები ჰყავთ აყვანილი.

- ძალიან ცოტა ადამიანს აქვს შესაძლებლობა სტილისტი და მრჩეველი აიყვანოს... როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა, რომ გემოვნებიანად გამოიყურებოდეს?

- მთავარია, ადამიანი კომფორტულად გრძნობდეს თავს და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ინდივიდუალური სტილით გამოირჩეოდეს... დღევანდელი მოდა კომფორტთან და ინდივიდუალიზმთან შერწყმაშია. ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ მოდაშია ის, რაც გიხდება! ხანდახან ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჟურნალებში ნანახ მოდელებს სხვანაირი სხეული აქვთ და მათი გაუცნობიერებელი მიბაძვით შესაძლოა, სასაცილო გავხდეთ... ჯობია სარკეში კარგად შევისწავლოთ ჩვენი გარეგნობა და ისე მოვირგოთ სამოსიც, მაკიაჟიც და სხვა დანარჩენიც...

- თუმცა, არსებობს რაღაც ტენდენციები, რომლის გათვალისწინებაც გამოგვადგება...

- მე პირადად, ასე ტენდენციებს არასოდეს ვითვალისწინებ! თუმცა, რეალურად, ამ ტენდენციებზე ძალიან დიდი მანქანები ისე მუშაობენ, რომ გინდა თუ არა, მაინც ითვალისწინებ, გავლენის ქვეშ ექცევი!

- ზაფხულია და რომელ ფერებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?

- მე მაგალითად, ძალიან არ მიხდება ყვითელი და რაც უნდა მოდაში იყოს, ამ ფერის სამოსს ვერასოდეს ჩავიცვამ... ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანმა თავი მოდის მსხვერპლად არ უნდა გაიხადოს! როგორც მოგახსენეთ, იმხელა მანქანა მუშაობს, მათ შორის ფსიქოლოგები და ძალიან გამოცდილი ადამიანები, რომ ზოგჯერ უნებურად ვხდებით მსხვერპლი... ვიცვამთ იმ ფერებს, რომელიც მოდაშია და ზოგჯერ ეს სულაც არ არის ჩვენთვის შესაფერისი!

- რომელი ქართველი ცნობილი ქალბატონია თქვენთვის სამაგალითოდ გემოვნებიანი?

- ყველა ასაკისთვის სამაგალითოდ გემოვნებიანი არის - ნანი ბრეგვაძე! ყველაფრით გამორჩეულია: ქცევის, თავის დაჭერის მანერით, პიროვნული გამოხატულებებით... უდახვეწილესი მანერები აქვს, გამორჩეულად ლამაზად აცვია და არასოდეს, არსად არის მოუწესრიგებელი! აქსესუარიდან დაწყებული, ყველა ნიუანსით დამთავრებული, უზადოა! არასოდეს მინახავს ნანი ბრეგვაძე უბრალოდ ჩაცმული, ყოველთვის ნაფიქრი და გააზრებული აქვს. ზუსტად იცის, რა უხდება და ოდნავადაც არ გადააჭარბებს! ძალიან ლამაზად შედის ასაკში... ურთულესია დღევანდელ დღეს ასე მომხიბვლელად გამოიყურებოდე ამ ასაკში. თვალს თუ გადავავლებთ, მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავები ესთეტიკური ქირურგიის მსხვერპლი გახდნენ და მათი დანახვა მტკივნეულია... ქალბატონ ნანის რომ შეხედავ, გიხარია და ნატრობ, ასეთივე იყო ასაკში! ის ყოველთვის განსაკუთრებული იყო...

- საქართველოში პირველი ქალი პრეზიდენტი გვყავს... რას იტყვით სალომე ზურაბიშვილზე?

- მასთან ხშირი შეხება არ მაქვს, მაგრამ ძალიან დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი. ლამაზი ქალბატონია, ძალიან დახვეწილი... მომწონს და გული მწყდება, რომ საზოგადოების მხრიდან არ არის ასე აღქმული. ვფიქრობ, მას ჩვენგან მხარში დგომა სჭირდება.

- ზოგჯერ უწუნებენ სამოსში ბევრ ფერს, დიდ სამკაულებს...

- რა მოხდა მერე?! ყველა ერთნაირად ვერ შეიმოსება! იშვიათად ვუყურებ ტელევიზორს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის ბევრი ფერი და დიდი სამკაულები თვალში ცუდად არასდროს მომხვედრია... იგი საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო, მაშინაც გამორჩეული გახლდათ. იმდენად ლამაზი გარეგნობა აქვს, ბუნებრივადაც განსაკუთრებული იქნება...

- რას იტყვით ახალგაზრდა თაობაზე?

- განსაკუთრებულად კარგი თაობა მოდის და მგონია, რომ საოცრად კარგი გოგონები გვყავს... მარიამ ურუშაძე, თაკო ნაცვლიშვილი, ნატა ბერაძე, ნინი ნებიერიძე, თეკლა ჩიჯავაძე და კიდევ ძალიან ბევრი ერთმანეთზე უკეთესი მოდელები გვყავს... გარდა სილამაზისა, ძალიან თავდაჯერებულები და ძლიერი ინდივიდები არიან... ჰოლივუდში რომ იყვნენ, დღეს უკვე საუკეთესო მსახიობები იქნებოდნენ!

- თბილისში გამართულმა მოდის კვირეულებმა მთლიან მოსახლეობაზე დადებითი გავლენა მოახდინა?

- არ ვიცი, რადგან ეს ალბათ უფრო მოსახლეობას უნდა ვკითხოთ... მოდის კვირეულებში ვმონაწილეობ, მაგრამ ხშირი დამსწრე არ ვარ! რა თქმა უნდა, სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევდა, რადგან ორგანიზატორები უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ, ეს სფერო რომ ყოველმხრივ განვითარდეს!.. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გოგონებთან ერთად, ულამაზესი ბიჭებიც გვყავს. კარგია, რომ მოდელობა აღარ აკომპლექსებთ და თამამ ბიჭებს სამეგობრო აღარ დასცინის! ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, სადაც თავს კარგად გრძნობს და უხარია...

- ამბობენ, რომ გემოვნებიანი ადამიანი "მეორადებშიც" სათანადოდ შეიმოსება...

- ვაიმე, რა პრობლემაა? თბილისის "მეორადებში" ჯერ არ ვყოფილვარ, მაგრამ პარიზში მეორადი სამოსის ბაზარში დავდივარ და იქ ულამაზესი კოსტიუმებია, ბევრი ინსპირაცია მოდის იქიდან! ასევე, მყავს ძალიან გემოვნებიანი დამხმარე ქალბატონი, რომელიც სულ "მეორადებში" იმოსება და ყოველთვის ულამაზესად აცვია... რამდენჯერმე ხუმრობით ვთხოვე, მეც მიყიდე ასეთები-მეთქი. სულაც არ არის იქ შეძენა სამარცხვინო რამ!.. ადამიანი რომ ბედნიერია და კარგი განწყობა აქვს, რაც უნდა ეცვას, მაინც კარგად გამოიყურება. ხშირად მინახავს "შანელისა" და "დიორის" ბრენდში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც სულაც არ იყვნენ ლამაზად. ამიტომ ჯობია, სულიერ სიმდიდრეზე, განწყობაზე ვიზრუნოთ!

მანანა გაბრიჭიძე