გია ჯაჯანიძის "იღბლიანი უიღბლო" შემთხვევა - გზაპრესი

გია ჯაჯანიძის "იღბლიანი უიღბლო" შემთხვევა

ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს საზაფხულო არდადეგების შესახებ ვესაუბრეთ. სწორედ პირველი არდადეგების დაწყებისას მომხდარმა, ერთი შეხედვით იღბლიანმა შემთხვევამ განაპირობა ის ფაქტი, რომ მომდევნო 3 წელი ტრავმირებულმა გაატარა...

- 100%-იანი თერმორეგულაცია მაქვს: ზამთარში არ მცივა, ზაფხულში არ მცხელა. ამიტომ ჩემთვის წელიწადის ყველა დრო კომფორტულია... საერთოდ, 20 წელია, ჩემი განრიგი მაქვს: მთელი ზაფხული თბილისში ვარ და ვისვენებ, რადგან ყველა დასასვენებლადაა წასული - დედაქალაქში მარტო და ბედნიერი ვარ. როგორც კი ყველანი ჩამოვლენ, მე მერე, სექტემბერში მივდივარ დასასვენებლად. იქაც ნაცნობი სახეები არ მხვდებიან და ბედნიერი ვარ.

- თბილისში ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებთ?

- საკუთარი სახლი მაქვს. ეზოში გამოვდივარ, ნამზეურს ვიღებ, ეზოს მეორე მხარეს კარგი ჩრდილია... ასე ბედნიერად ვცხოვრობ.

- გარუჯვა გიყვართ?

- მეტ-ნაკლებად. ცოტათი "ჯანმრთელი" ფერი ეკრანს უხდება...

- საცურაო კოსტიუმების მოდას ყურადღებას აქცევთ?

- არა, 59 წლის ვარ. უკვე სიბერეში შევდივარ. თან, ისეთი ტანი არ მაქვს, რომ მოდური საცურაო კოსტიუმები მოვირგო.

- ჩაცმის ორიგინალური სტილით გამოირჩევით. საცურაო კოსტიუმსაც რამე უჩვეულო დეტალებით ხომ არ აფორმებთ?

- არა, ჩვეულებრივ ტრუსებს ვიყენებ, როგორც ყველა, არაფრით გამოვირჩევი.

- საქართველოში თქვენი საყვარელი დასასვენებელი ადგილი სად არის? თუნდაც, სექტემბერში დასასვენებლად გამგზავრებას სად ამჯობინებთ ხოლმე?

- 10 დღე აუცილებლად ზღვაზე ვისვენებ, 10 დღე - მთაში. მთა ძალიან მიყვარს, ოღონდ - ჯერ ზღვაზე უნდა წავიდე. ზღვაზე დასვენება მაინც ცოტათი ხმაურიანია, ვერ განმარტოვდები... მერე უკვე მთაში მივდივარ და ბოლომდე ვისვენებ. მომწონს სიჩუმე, სიწყნარე, ტყეში მარტო ბოდიალი და ა.შ.

- მშობლების მეთვალყურეობის გარეშე, დამოუკიდებლად პირველად როდის დაისვენეთ?

- 6 წლის ვიყავი, როცა საბავშვო ბაღის ბანაკში გამიშვეს. უცნაური და საინტერესო იყო: მახსოვს, ჭიათურაში, ავტოსადგურზე მამას ნაყინის ფული ვთხოვე. 20 კაპიკი ღირდა. მამამ ორი 15-კაპიკიანი მომცა. მაღაზიაში შევედი, მაგრამ ნაყინი არ იყო. აქეთ-იქით ყურება დავიწყე. ბედნიერი ვიყავი, რადგან ხელში ფული მეჭირა, რომლის განმკარგავიც თავად გახლდით. გამყიდველთან მივედი და ვუთხარი: - დეიდა, ლატარიის ისეთი ბილეთი მომეცით, რომ პიანინო მოვიგო-მეთქი. ქალმა კარგად გადაიკისკისა. ეს კისკისი დღესაც ჩამესმის. დამცინა, რომ ასე საყვარლად ვუთხარი, - მეგონა, ისეთ ბილეთს მომცემდა, როგორიც მინდოდა. მიპასუხა: - ეჰ, შვილო, ასეთი ბილეთი რომელია, რომ ვიცოდე, შენ კი არ მოგცემდი, მე ვიყიდდიო. მოკლედ, 30 კაპიკით ლატარიის ბილეთი ვიყიდე, მამასთან დავბრუნდი და ბილეთი გავუწოდე. მისგან პირველი შენიშვნა მაშინ მივიღე, - მე შენ ნაყინის ფული მოგეცი. ნაყინი თუ არ იყო, ეს ბილეთი არ უნდა გეყიდაო. შევწუხდი და შემრცხვა... მამამ ბანაკში წამიყვანა და დამტოვა. 2 კვირის შემდეგ, როცა ბანაკიდან წამომიყვანეს, მამამ მითხრა: - შენმა ბილეთმა პიანინო მოიგოო. ჭიათურაში ის პიანინო - "საქართველო" დღესაც დგას, რომელიც ლატარიის ბილეთით მოვიგე.

- რა იღბლიანი ყოფილხართ...

- ძალიან იღბლიანი ვარ, მაგრამ ყველაფერს თავისი დადებითი და უარყოფითი მოვლენები ახლავს: იმ პიანინოს გამო, მუსიკალურ სკოლაში შემიყვანეს და ჩემთვის ჯოჯოხეთი დაიწყო. 3 წელი მუსიკის მასწავლებელი ხელებზე ისე მირტყამდა, რომ მას შემდეგ, მგონი, სმენაც დავკარგე და სიმღერის სიყვარულიც (ცხადია, როცა სხვა მღერის, ძალიან მომწონს).

GzaPress

- რა გასწავლათ ამ შემთხვევამ? - იცით, რა, მერე კი ამაყი ვიყავი, რომ ჩემმა ნაყიდმა ბილეთმა პიანინო მოიგო, მაგრამ ის ბილეთი არ უნდა მეყიდა. და-ძმებიდან მუსიკოსი არც ერთი არ გამოვსულვართ, მე კი 3 წელი ტრავმირებული ვიყავი... ამ შემთხვევამ ის მასწავლა, რომ როცა რაღაცას გეტყვიან, განსაკუთრებით - მშობლები, უნდა დაუჯერო (იღიმის).

- თქვენთვის დაუვიწყარი არდადეგების შესახებ გვიამბეთ...

- 21 წლის ვიყავი, როდესაც ზღვა პირველად ვნახე. იმ შვებულებიდან სხვა არაფერი მახსოვს, მხოლოდ - ის, რომ უკიდეგანო ზღვასთან, ნაპირზე ვიდექი და პირველად შევიგრძენი სამყარო, მისი ძალა. გავაცნობიერე, ადამიანი რა უსუსურია და მან საკუთარ თავში ძალა უნდა იპოვოს, დამოუკიდებელი, ფრთხილი გახდეს... ასე რომ, ზღვის ნახვამ უამრავი ემოცია აღმიძრა.

- 21 წლის ასაკამდე ზღვის ნახვის სურვილი არ გაგჩენიათ თუ სხვა მიზეზი იყო, რატომაც ზღვა არ გინახავთ?

- არც საშუალება გვქონდა, როგორ წავსულიყავი? ძალიან ხელმოკლედ ვცხოვრობდი და ამიტომ არ მქონდა ნანახი. ამის სურვილიც არ გამჩენია, რა ვიცი... 21 წლისა წავედი, ვნახე და მოვიხიბლე.

- ბოლო დროს საქართველოში დასვენებას ამჯობინებთ თუ უცხოეთში?

- ბოლო დროს - უცხოეთში, რადგან აქ ზღვის სანაპიროზე ვერ გავდივარ. სანამ სახლიდან (ბათუმში ბინა მაქვს) ზღვამდე მივალ, ლამის უკვე მზე ჩავიდეს ხოლმე, რადგან ხალხი მცნობს, ფოტოების გადაღებას მთხოვს... ამიტომ დასვენება უცხოეთში მირჩევნია - არავინ მიცნობს.

- საზაფხულო გარდერობის განახლება გჩვევიათ?

- არა, რადგან სპონსტანურად ვიცვამ. მაგალითად, მაღაზიაში შევალ, თუ რამე მომეწონება, ვიყიდი. სამოსი ბაზრობაზეც შემიძენია, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაშიც... შოპოჰოლიკი ვარ.

- ზაფხულში წასაკითხ ლიტერატურას თუ არჩევთ?

- არა. ზაფხული ერთადერთი პერიოდია, როცა არაფერს ვკითხულობ - ზაფხულობით ბოლომდე ვისვენებ. საერთოდ, წიგნს იმის გამო არ ვკითხულობ, რომ ნაკითხი ვიყო. შეიძლება, წიგნი იმის გამო წავიკითხო, რომ განათლება მივიღო. ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც უამრავი წიგნი წაუკითხავს, მაგრამ მხოლოდ "მწიგნობარია" და სხვა არაფერი. თუ კითხულობ, უნდა ისწავლო. თუ ისწავლი, წინდახედული, გონიერი ხარ, ნაკლებ შეცდომას უშვებ... ჩემთვის კითხვა სწავლაა და არა - კითხვა კითხვისთვის, როცა მოდურ მწერლებს ასახელებენ ხოლმე... ასე რომ, ზაფხულში საერთოდ არ ვკითხულობ, სხვათა შორის - არც პრესას.

- ჩვენს ინტერვიუს თვალს არ გადაავლებთ?

- (იცინის) ჩემს ყველა ინტერვიუს აუცილებლად ვკითხულობ, თუნდაც იმიტომ, რომ გავიგო, რა როგორ ვისაუბრე, რა შეცდომა დავუშვი... ჟურნალისტი არასოდეს დამიდანაშაულებია. ხომ არსებობენ რესპონდენტები, რომლებიც ამბობენ, - კონტექსტიდან ამოგდებული სათაური "გამომიტანესო"? ჟურნალისტს ისეთი გონიერი ინტერვიუ უნდა მისცე, რომ ფრაზები კონტექსტიდანაც ვერ ამოგიგდოს. ხშირად იმასაც ამბობენ, - ეს არ მითქვამს, მაგრამ ჟურნალისტმა დამიწერაო. უნდოდა და დაწერა (იცინის)!..

ეთო ყორღანაშვილი