ნანა შონიას ბედნიერება, ოცნება და "ბრილიანტები" - გზაპრესი

ნანა შონიას ბედნიერება, ოცნება და "ბრილიანტები"

"ბედისწერა ალბათ არსებობს. ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს. ცხოვრებაში მქონია მომენტები, როცა მითქვამს: აი, ბედი რა არის", - ამბობს მსახიობი ნანა შონია. რაზე ოცნებობს, რა დროს უჩუყდება გული, რას არ გააკეთებს არანაირი თანხის სანაცვლოდ და რის გამო საყვედურობენ მეგობრები? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...აუცილებელია ვთქვა?

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა, მაგრამ მსუქანი ბავშვი ვიყავი და ბალეტზე ამის გამო ვერ დავდიოდი. ეს სურვილი ჩემში იმდენად მძაფრი იყო, სახლში ვცეკვავდი. თვალს ვადევნებდი გამოსვლებს, ვათვალიერებდი წიგნებს... ახლობლის ოჯახში ერთი წიგნი გადაფურცვლით იმდენად გავცვითე, ბოლოს მაჩუქეს. უკვე ნახევრად დაშლილი ფურცლები ავკინძე, სათუთად ვინახავდი. ღამე, როცა ყველას ეგონა, მეძინა, ჩუმად ვათვალიერებდი. სამწუხაროდ, სახლი რომ დამეწვა, ეს წიგნიც მაშინ განადგურდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დებთან და ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ჩვენ სიხარულს თუ გასაჭირს, ერთად ვიზიარებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

- კოლეგები ჩემზე ამბობენ...

- ...რომ კეთილგანწყობილი ადამიანი ვარ.

- ოჯახის წევრები ამბობენ...

- ...იმავეს, მაგრამ ამატებენ, რომ ძალიან დარდიანი და "მსხვრევადი" ბუნების პატრონი ვარ. მგრძნობიარე გახლავართ, ყველაფერს მძაფრად განვიცდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ყველაფრის პატიება შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...პრობლემებს ვამძაფრებ.

- ვრისკავ...

- ...ხშირად, რადგან ჩემი პროფესია ამას მოითხოვს. ყველა როლის თამაში რისკია.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო თეატრალურში ჩაბარება. ძალიან მაღალი ქულები მივიღე და ამით დავამტკიცე, რომ ამ საქმის კეთება შემიძლია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...მეტყველების პედაგოგ ბაბულია ნიკოლაიშვილს. მან გამიჩინა საკუთარი თავის რწმენა, პროფესიაში თავდაჯერებულობა. ჩემს წარმატებაში ასეთივე დიდი წვლილი მიუძღვის გიზო ჟორდანიას.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ადამიანებთან ურთიერთობის.

- მეშინია...

- ...ბევრი რამის, განსაკუთრებით ომის მეშინია.

- ბოლოს ვიტირე...

- ...რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში წელში მოხრილი მოხუცი მიდიოდა, ვუყურებდი და ცრემლები მომდიოდა, თან მრცხვენოდა, არ მინდოდა ვინმეს სხვაგვარად ეფიქრა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ბედნიერი. მინდა ვიყო ზღვაზე, სიცხეს ვერ ვუძლებ. მთაში დასვენებას ყოველთვის ზღვის სანაპიროზე ყოფნა მირჩევნია.

- ვნანობ...

- ...მიმნდობი ადამიანი ვარ, ამის გამო გული არაერთხელ მტკენია. რა ვქნა, ადამიანებისგან სივერაგეს ვერ ვუშვებ. ვნანობ, როცა კონკრეტულ სიტუაციებში მეუბნებოდნენ: ძალიან ნუ ენდობიო და კეთილის მსურველებს არ დავუჯერე. თურმე, მეტად დაკვირვებული უნდა ვყოფილიყავი. ადამიანების შეცნობა არ მიჭირს, მაგრამ მათი მხრიდან ბოროტებას ვერ ვუშვებ, ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. მიკვირს, ამ გზას რატომ ირჩევენ? სიბოროტე სისულელეც არის. ისე არავის აზარალებს, როგორც თავად ბოროტების ჩამდენს. არ მესმის, რატომ უნდა აირჩიო ეს გზა, როცა შეგიძლია იყო კეთილი, ადამიანები გაახარო, გააბედნიერო. ბერი პაისი წერს: ადამიანის გულში გაჩენილი ერთი კარგი ზრახვა საათობით ლოცვის ტოლფასიაო.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ბალერინა.

- წონასწორობას ვკარგავ...

- ...როცა ვაწყდები თავხედობას, უსამართლობას. ამ დროს შემიძლია ვიჩხუბო კიდეც.

- სიყვარული ეს...

- ...არის ღმერთი, ამაზე დიდი ხომ არაფერი არსებობს. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, ბევრი სიყვარული გავცეთ, მივიღოთ, გავანაწილოთ, ასე ცხოვრება ადვილია, სასიამოვნოა.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ემოციას ვერ გამოვხატავდი. ველოდებოდი, ის როდის იტყოდა, პირველ ნაბიჯს როდის გადმოდგამდა, მაგრამ ისიც ჩუმად იყო. ამ ამბიდან 10 წლის გასვლის შემდეგ გამომიტყდა. ვუთხარი, ყოჩაღ! შენი საქმე კარგად ყოფილა-მეთქი. ამ დროს დაოჯახებული არ ვიყავი, მაგრამ სხვა ვინმე მაინტერესებდა, ის ბავშვობის ემოცია გადავლილი იყო.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის...

- ...რამე რიტუალს თუ ვასრულებ? მხოლოდ პირჯვარს გადავიწერ ხოლმე.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები, რომ ზოგჯერ მათთან ერთად ვერ დავდივარ. სახლში ყოფნა მიყვარს. მირჩევნია, ჩემთან მოვიდნენ, ვიდრე მე წავიდე. თუ სპექტაკლი ან გადაღება არ მაქვს, სახლში ყოფნას ვამჯობინებ და მეჩხუბებიან, გარეთ გამოდიო.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...სახლიდან დროზე გასვლა, სულ მაგვიანდება. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, პერიოდულად არაპუნქტუალური მაინც ვარ ხოლმე. დროის სწორად განაწილება ვერ ვისწავლე.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ასეთი პერიოდები ხშირად არის და საკუთარ თავს ადამიანებთან ურთიერთობით ვშველი. ჩემს პროფესიაში სულ დაძაბულობაა. ძალიან ხშირად დავდივარ ფეხით და ვცურავ.

- დაკლებული კილოგრამები...

- ...ეს დიდხნიანი კონტროლის შედეგია. არის პერიოდები, როცა უნებურად იმატებ. მაგალითად, ფეხმძიმობის დროს. სახლი რომ დამეწვა, ერთ თვეში 17 კილო მოვიმატე. სტრესი ყველა ორგანიზმზე თავისებურად აისახება. მთელი ცხოვრება საკუთარ წონას ვაკონტროლებ. დროებითი დიეტა არ არის შედეგის მომტანი. მაგრამ დიეტაზე ყოფნისკენ ვერავის მოვუწოდებ, რადგან ვიცი, რამდენად რთულია.

- თავისუფლება...

- ...დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ადამიანი იშვიათად არის თავისუფალი.

- ბედისწერა...

- ...ალბათ არსებობს. ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როცა მითქვამს: "აი, ბედი რა არის".

- ინტუიცია...

- ...კარგად მაქვს განვითარებული. ესეც პროფესიის გავლენაა. ზოგჯერ მსახიობი ვერც კი ხვდები, ინტუიცია თავისით როგორ წაგიყვანს. ერთხელ რეპეტიციაზე რობერტ სტურუამ მითხრა, - ახლა რაც გააკეთე, ის ინტუიციით ითამაშე. აბა, მიდი, გაიმეორეო და ვერ გავიმეორე. ხელმეორედაც უშედეგოდ ვცადე, მესამედაც და... შემდეგ მითხრა, თავი გაანებე, როცა საჭირო იქნება, მაშინ გამოგივაო და ეს მართლაც ასე მოხდა. მაშინ მივხვდი, რაზე მეუბნებოდა. გამაჩერა და კიდევ ერთხელ გამიმეორა.

GzaPress

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს... - ...ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებდი. ერთი ოცნება მაქვს, მდიდარი რომ ვიყო, მოხუცებულთა სახლს გავხსნიდი. მათ უზრუნველი სიბერე ექნებოდათ. ბევრ დღესასწაულს მოვუწყობდი. სიბერეს თავისებური სევდა აქვს. მეორე მხრიდან რომ შეხედო, კარგია, ე.ი. გაგიმართლა, ყველა ხომ ვერ ბერდება. ამ ადამიანებს სიყვარულს, სითბოს, ბედნიერებას ვაჩუქებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- არ ვითამაშებ როლს, რომელიც არ მომეწონება. ვერასდროს ვითამაშებ ეროტიკას.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია, თან მიხარია, მაგრამ ვაცნობიერებ, შექება რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა ქებას მალე მორჩნენ. თან ვფიქრობ, ახლა მე რომ მაქებენ, სხვას არ ეწყინოს.

- რეჟისორები, რომელთანაც დიდი ინტერესით ვითამაშებდი...

- ...არიან რობერტ სტურუა, გოგი მარგველაშვილი, ლევან კოღუაშვილი, რუსუდან ჭყონია და უცხოელებიდან - კუსტურიცა.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ...არის ჩემი მეუღლე. მას ყოველთვის ყურს ვუგდებ და შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებ, თუმცა არის დეტალები, რაზეც ვერ ვთანხმდებით.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ გიზო ჟორდანიამ ასეთი ფრაზა მითხრა: ნანა, იცოდე, წარმატება ყოველთვის კარგი არ არის, მას ბევრი ცუდიც მოსდევს. აი ეს "ცუდი" რა იყო, მაშინ ვერ მივხვდი, მაგრამ მოგვიანებით გავაანალიზე. როცა ხარ წარმატებული, ეს ბევრ ადამიანს არ უხარია, რაც ზოგჯერ მძაფრადაც იგრძნობა. ისეთი რამეები მინახავს, მსხვერპლიც კი გავმხდარვარ.

- ასეთ დროს...

- ...ძალიან განვიცდი, მაგრამ სამაგიეროს გადახდაზე არც ვფიქრობ. ველოდები, ეს ყველაფერი როდის დამთავრდება. ამ დროს იმაზე უკეთესი, რა უნდა გააკეთო, რომ შეძლო და აპატიო. ყველა ადამიანს თავისი ჯვარი აქვს. ჩვენ განსაცდელს უნდა გავუძლოთ, არ უნდა დავეცეთ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...მნიშვნელოვან ცვლილებებს არ შევიტანდი. ყველაზე ხშირად იმის გამო მტკენია, რომ მიმნდობი ვარ. უფრო დაკვირვებული ვიქნებოდი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. ადამიანების რწმენა მაინც არ დამიკარგავს, ჩვენში ბევრი სიკეთეც არის. შენ თუ მიხვდი, რომ შეცდი და ცდილობ სხვაგვარად იცხოვრო, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შეცდომამ შენში კარგი განვითარება პოვა. უშეცდომოდ ხომ ვერ ვიცხოვრებთ, მთავარია მიხვდე, რომ შეცდომა დაუშვი. თუმცა, ზოგი ვერ ხვდება ან არ ხვდება - ესეც ერთგვარი ნიჭია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...რომ ძალიან მიყვარხართ. თქვენი თითოეული სიტყვა ჩემთვის არის ბედნიერება, რომელსაც გულში ბრილიანტებივით ვიყრი, ვიყრი, ვიყრი და ასე გავსებული ქისით დავდივარ.

თამუნა კვინიკაძე