რატომ მოუნდა იმიჯის შეცვლა ქეთი ხუციშვილს?
"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობმა - ქეთი ხუციშვილმა რინოპლასტიკა გაიკეთა. რატომ გადაწყვიტა ცხვირის ფორმის შეცვლა და ხომ არ უკავშირდება სერიალის სიუჟეტს ეს ამბავი, ამის შესახებ ქეთის ვესაუბრეთ...
- რინოპლასტიკა რამე კონკრეტული მიზეზის გამო არ გადამიწყვეტია. ოპერაცია, სისხლი, ასეთი რაღაცები ძალიან მაშინებდა. ამიტომ ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთების სურვილი წინათ არასოდეს გამჩენია. ერთ დღესაც, 41 წლის ასაკში, ძალიან მომინდა იმიჯი შემეცვალა. პირველ რიგში, ცხვირს "მივადექი": კლინიკაში წავედი, ოპერაციის დღე დავნიშნეთ და რინოპლასტიკა გავიკეთე. უკმაყოფილო კი არა, ქალი ისტერიკაში ვარ, ისე მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გავიკეთე და ცხვირი ჯერ კიდევ შესივებული მაქვს.
- როგორი რეაქცია გქონდა, როდესაც სახვევების მოხსნის შემდეგ, სარკეში პირველად ჩაიხედე?
- ვაიმე!.. ჰო, კლინიკაში სახვევები რომ მოვიხსენი, საკუთარი გარეგნობა მეუცხოვა. არ მომეწონა-მეთქი, - ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჯერ "დაულაგებელი", დასივებული იყო, რა თქმა უნდა, თუმცა უცბად, მაინც სხვა სახე დავინახე. არანაირი შიში არ მიგრძნია - ვიცოდი, რომ ჩაცხრებოდა და ძალიან მაგარი დადგებოდა.
- ცხვირის ახალმა და ლამაზმა ფორმამ შენს ხასიათზე ზეგავლენა ხომ არ მოახდინა?
- რა თქმა უნდა, ახალია და ასეთ შემთხვევაში, ადამიანი აჟიტირებული ხარ. როცა შენი თავი მოგწონს, ხასიათიც გიუმჯობესდება. ყოველ დილით, სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი მომწონს.
- აღნიშნე, იმიჯის შეცვლა გადავწყვიტე და ცხვირით დავიწყეო. კიდევ რის შეცვლას აპირებ?
- კბილები ჩავისვი... არ ვგეგმავ, რომ გარეგნობაში, თუნდაც - სახეზე, რამე შევიცვალო.
- ჩაცმის სტილი, ვარცხნილობა?
- ძალიან "თავისუფალ" ვარცხნილობას ვატარებ. ქორწილშიც რომ წავიდე, განსაკუთრებულ, სალონურ ვარცხნილობას არ ვიკეთებ - შეიძლება, თმა შინ მოვიწესრიგო და ისე წავიდე, თან - ჯინსის სამოსში გამოწყობილი. თუ დამჭირდა, რა თქმა უნდა, სალონსაც ვსტუმრობ, მაგალითად - ფრჩხილებს ვიწესრიგებ ხოლმე.
- "ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებითი ჯგუფი საქმის კურსში იყო, როცა ცხვირის პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას აპირებდი?
- რა თქმა უნდა. სხვაგვარად არ გამოდის: ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. შეიძლება, პერსონაჟის გარკვეულ ცვლილებაზე უარი თქვან, მაგრამ თანხმობა მივიღე, რის გამოც შემოქმედებით ჯგუფს დიდ მადლობას ვუხდი.
- შენი გარეგნობის ცვლილება ლუნას ცხოვრებაზე როგორ იმოქმედებს?
- ეგ უკვე არ ვიცი. გააჩნია, ქალბატონი ქეთი დევდარიანი როგორ სცენარს დაწერს.
- სხეულის კარგ ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებ?
- უიმე, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. არც ჩაცმულობას და არც სხვა რამეს იმდენ ყურადღებას არ ვუთმობ, რამდენსაც - სხეულის ფორმაში ყოფნას. 2 წელი დარბაზში აქტიურად ვვარჯიშობდი, მაგრამ ახლა, ცხვირის ოპერაციის შემდეგ, ქირურგმა მითხრა, - რამდენიმე თვის განმავლობაში ვარჯიში არ შეიძლებაო. ვარჯიში ჩემთვის ისეთი რამეა, რომ წარმოიდგინე, ამის გამო, ლამის ოპერაცია არ გავიკეთე. ჰოდა, ახლა ამ რამდენიმე თვის გასვლას ველოდები. ასეთი ნაბიჯი რაღაცების დათმობას ითხოვს. დიეტების დაცვა დიდად არ მჩვევია. უბრალოდ, კვებას მაინც ვაკონტროლებ: ღამით არ ვჭამ, ცომეული და ტკბილეული არ მიყვარს.
- ცხვირთან და საერთოდ, გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსი გქონიათ?
- არასოდეს. "ძველ ცხვირშიც" უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, ბევრს მოვწონდი და ბოლოს და ბოლოს, სერიალში მოვხვდი (იცინის). ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა რამის შეცვლა იმიტომ კი არ გინდა, რომ არ მოგწონს, უბრალოდ, გემოვნება გეცვლება, რაღაცების გადაფასება ხდება... ასაკის მომატებასთან ერთად, რაღაცის შეცვლა მომინდა. რომ არ შემეცვალა, არც ამის გამო ვიქნებოდი უბედური, მაგრამ შესაძლებლობა მომეცა და ცხვირი "გავიკეთე" - სხვანაირი იმიჯი მსურდა.
- ადრინდელი ქეთის მიმართ ხანდახან ნოსტალგია ხომ არ გაწუხებთ?
- არა, არანაირად. ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მეუბნებოდნენ, - აღარც გვახსოვს, იმ ცხვირით როგორი იყავიო. ცხვირის ახალი ფორმა სახეში კარგად "ჩაჯდა". დილით რომ ვდგები და სარკეში ვიყურები, ჩემი გარეგნობა ძალიან მომწონს. "ძველი ქეთი" არანაირად არ მენატრება.
- შენს გარეგნობასთან დაკავშირებულ სიახლეს სოციალურ ქსელში ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. რეალურ ცხოვრებაში, გარშემო მყოფები რას გეუბნებიან?
- აბსოლუტურად ყველას ძალიან მოსწონს. ზოგი მაშტერდება და ვერ ხვდება - "ის" ვარ თუ არა. ერთი პერიოდი, მეტროშიც თავისუფლად დავდიოდი. ხომ იცი, ადამიანს რომ გეჩქარება და სწორედ ამ დროს გაჩერებენ? ასეთი სიტუაციები აღარ მექმნებოდა ხოლმე (იღიმის). თავისუფლად ვმოძრაობდი. ხალხი მაკვირდებოდა და რომ უნდა აღმოეჩინათ, ნამდვილად ქეთი ხუციშვილი ვიყავი თუ არა, ამასობაში, მათ უკვე გავცდებოდი ხოლმე და ვეღარ ხვდებოდნენ, ვინ ვიყავი (იცინის).
- ეს თქვენთვის კომფორტული სიტუაცია იყო?
- კი, ძალიან.
- თუმცა აღნიშნავთ ხოლმე, პოპულარობა მომწონსო...
- რა თქმა უნდა, ასეა. უბრალოდ, როცა მეჩქარება, ასეთი სიტუაციები ვიგულისხმე, თორემ რაზეა ლაპარაკი? გავჩერდები, ხალხს მივესალმები და ყველაფერი... უბრალოდ, იმ დღეებში თავისუფლად ვიარე - ვერ მცნობდნენ, მაგრამ ახლა სოციალურ ქსელში ფოტოებიც გამოქვეყნდა და ყველამ გაიგო...
- თაყვანისმცემლების რიცხვი გაიზარდა?
- განსაკუთრებულად გრანდიოზული რიცხვით გაიზარდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. როგორც ყველას, თაყვანისმცემლები მეც მყავს, მაგრამ სერიოზული არაფერია... რამდენიმე ადამიანმა სოციალურ ქსელში დამიწერა: - ქეთი არ გეწყინოს, მაგრამ ცხვირის ადრინდელი ფორმით უფრო მომწონდი, სახასიათო იყო, ლუნა დაიკარგაო... მე ხომ ლუნათი არ ვცხოვრობ, არა? ოდესმე ის სერიალიც დამთავრდება, მე კი ჩემი ცხოვრება მაქვს. ახლა "ახალი ლუნა" გაიცნონ, რა ვიცი (იღიმის)...
- ამბობენ, პლასტიკურმა ოპერაციებმა მიჩვევა იცისო...
- ვიცი, მეც გამიგონია, მაგრამ ჩემზე ეს არ მოქმედებს, რადგან ამჟამად, რაც მინდოდა და მჭირდებოდა, გავიკეთე. თუ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, ჩემს გარეგნობაში ყველაფერი ძალიან მომწონს. რამის შეცვლას საერთოდ არ ვაპირებ.
- ესთეტიკური მედიცინის ცენტრს სხვა პროცედურებისთვის თუ მიმართავთ ხოლმე? თუნდაც - სახის კანის მოსავლელად.
- არა, რადგან ჯერ ერთი, იცით, რა? სახის კანის გაუმჯობესება მინდა, მაგრამ ამისთვის საჭირო თანხა არ მაქვს - ეს ყველაფერი ნამდვილად ძვირი ღირს. ყველაფერს ერთბაშად ვერ გავიკეთებ. მე თუ მკითხავთ, ჩემი სახის კანი განსაკუთრებულ მოვლას არც საჭიროებს. ამ საქმეში ჩახედულთაგან ბევრს უთქვამს კიდეც, - ქეთი, ისეთი სახის კანი არ გაქვს, რომ ამ ეტაპზე, სერიოზული ჩარევა გჭირდებოდესო.
- სახის კანის მოსავლელად, სახლის პირობებში დამზადებულ ბუნებრივ ნიღბებს თუ იყენებ?
- კი, მაგალითად, არაჟანი ძალიან მომწონს: კვირაში ერთხელ სახეზე წავისვამ ხოლმე. ჩემს კანზე რაღაც სასწაულებრივად მოქმედებს - კანი ძალიან რბილი და სასიამოვნო ხდება. სხვა განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ: გამწმენდს, დღის და ღამის კრემებს ვიყენებ, რომელიც გრანდიოზული თანხა არ ღირს - საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს. აი, შამპუნს კი ძალიან ხარისხიანს ვიყენებ, რადგან თხელი თმა მაქვს, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
- ამჟამად, რას საქმიანობ?
- ისეთი პროცედურები (კბილები ჩავისვი, ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე) ჩავიტარე, რაც დროს მოიცავდა. თან, ზაფხულიც დაერთო. ასე რომ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ - ვისვენებ...
ეთო ყორღანაშვილი