"ქართული ჯარი ნამდვილად განსაკუთრებულია!" - გზაპრესი

"ქართული ჯარი ნამდვილად განსაკუთრებულია!"

მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი პროექტ "ყველაზე ძლიერში" ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ დავალებები პირნათლად შეასრულოს. თავდაყირა დაკიდებულმა ყინულივით ცივ წყალში ყვინთვაში სალომე ჭაჭუას აჯობა და "მუხების" გუნდს გამარჯვება მოუტანა. გუნდისთვის ეს ერთადერთი გამარჯვება არ ყოფილა, თუმცა თანაგუნდელები ყოველი ახალი დავალების მიღებისას, წინა გამარჯვებებს ივიწყებენ და განახლებული ძალებით ცდილობენ წარმატების მიღწევას...

- როცა "ყველაზე ძლიერში" მონაწილეობა შემომთავაზეს, პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა, რადგან სულ მინდოდა, ასეთი რამ მენახა, უცებ კი შანსი მომეცა, მონაწილეობა მიმეღო. ჩემს განრიგს გადავხედე, თუ რა მქონდა დაგეგმილი იმ პერიოდში. ასე თუ ისე, მეცალა. რაღაცები გადავაადგილე და პროექტში მონაწილეობას დავთანხმდი. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგია, რადგან "ყველაზე ძლიერი" ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, ქართული ჯარის პოპულარიზაციაა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ქართველი ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- სამხედრო სამსახურზე ოდესმე გიფიქრია?

- სამხედრო სამსახურში წასვლის სურვილი სულ მქონდა, მაგრამ რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ახლა უკვე თავისუფალ უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზე (ბიზნესის ადმინისტრირება) ვსწავლობ, მოგეხსენებათ, სამხედრო სამსახური "მომეხსნა" - ვერ მივდივარ. ასე აეწყო - სწავლა-განათლებას ბევრ დროს ვუთმობ... ყოველთვის მაინტერესებდა, ქართული ჯარი როგორ ცხოვრობდა, როგორ ვარჯიშობდა, რა წვრთნებს გადიოდა, რა ტრენინგებს უტარებდნენ... იდეაში, ეს ყველაფერი მომწონდა, რადგან ქართული ჯარი ნამდვილად განსაკუთრებულია!

- "ყველაზე ძლიერში" მონაწილეობისას შენი რა უნარ-შესაძლებლობები აღმოაჩინე?

- მაგალითად, სულ ვფიქრობდი, რომ ფორმაში ვიყავი, ვვარჯიშობდი, სპორტულად ვცხოვრობდი... პროექტში მონაწილეობისას დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ფორმაში ვარ. სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესი გამომადგა და თავდაჯერება მომემატა. როცა ადამიანს ვეჯიბრები, სხვა ინსტინქტები "მერთვება". იმაზე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება, წავაგო. მხოლოდ იმას ვხვდები, რომ თუკი ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია, მეც აუცილებლად შემიძლია. ჩემს ცხოვრებაში სიტყვა "ვერ" არ არსებობდა და არც ახლა არსებობს. წარმოუდგენელია, რაღაცას ვერ ვაკეთებდე. თუ რამე მინდა, თუ რამის გაკეთებას მოვიწადინებ, აუცილებლად უნდა გავაკეთო! შესაბამისად, ამაში უფრო მეტად დავრწმუნდი: ფაქტის წინაშე რომ დავდექი, მივხვდი, იმაზე უკეთ მომზადებული, ფსიქოლოგიურად ძლიერი ვარ, ვიდრე წარმომედგინა.

GzaPress

- "ყველაზე ძლიერში" შენთვის რაიმე ნიშნით (თუნდაც, სირთულის თვალსაზრისით) ყველაზე გამორჩეული დავალება რომელი იყო? - ყველა დავალება თავისებურად რთული და განსხვავებულია. წყალში ყვინთვას გამოვარჩევ, რომელშიც გავიმარჯვე, რადგან რთული იყო. ძალიან ცივ წყალში ჩაგვსვეს. გარეთ ისე ციოდა, რომ სიცივე დუტის ქურთუკშიც კი ატანდა. ღამე იყო. ვფიქრობდი, ცივ წყალში ყოფნას შევეჩვეოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე - მეგონა, წყალი უფრო და უფრო მეტად ცივდებოდა. ნახევარი საათი ასეთ გაყინულ წყალში გვამყოფეს. შემდეგ გვითხრეს, - ჩაყვინთეთ და ერთმანეთს შეეჯიბრეთო... ბოლოს მე და სალომე ჭაჭუა დავრჩით. თავდაყირა, ფეხებით დაგვკიდეს და ცივ წყალში ჩაგვიშვეს. წარმოიდგინე, მთელი თავი და სახე ცივი გაქვს და მერე კიდევ გეუბნებიან, - ახლა უნდა ამოგაყირავოთ, ფეხებით უნდა დაგკიდოთ და კიდევ ყვინთვაში უნდა შეეჯიბროთო. აი, ამ დროს საკუთარი თავის მაქსიმალური მობილიზება მოვახდინე. ძალიან კონცენტრირებული ვიყავი. ფინალში ჯერ სალომემ ამოყვინთა, შემდეგ ჩემმა გუნდელებმა მეც ამომწიეს. გამარჯვება ძალიან სასიხარულო იყო. ეს ნამდვილად ახალი გამოწვევა გახლდათ, რადგან სიცივეში წყალში არასოდეს ვმჯდარვარ, მით უმეტეს - გაყინულ წყალში, თავდაყირა დაკიდებული არავის შევჯიბრებივარ...

- თანაგუნდელებს როგორ დაახასიათებ? ვინმეზე გული ხომ არ დაგწყდა - გსურდა, შენს გუნდში ყოფილიყო, მაგრამ მეტოქეები აღმოჩნდით?

- არა, რას ლაპარაკობ?! პირიქით, ისეთი საოცარი გუნდი გვყავს, რომ ყველგან ყოველთვის ვამბობ - ჩემი გუნდის თითოეული წევრი ძალიან მემაყება-მეთქი. ყველასთან ვმეგობრობდი. მაგალითად, ბოისა გამორჩეულად მებრძოლი ადამიანია და მართლა მიხარია, რომ ერთ გუნდში ვართ, რადგან გარდა იმისა, რომ მებრძოლი სული აქვს, მართლა კარგი ადამიანია და ვძმაკაცობთ. ვფიქრობ, დიდი შენაძენია, რომ მას ვიცნობ და ასეთი კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს; ასევე - ნინუცა მაყაშვილი, რომელსაც დიდი ხანია, ვიცნობ. როცა რუსკასთან ერთად "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გავიმარჯვე, იქიდან მოყოლებული, ვიცოდი, რომ ნინუცა ძალიან შემტევი გოგო იყო და ფიზიკურადაც კარგად მომზადებული გახლდათ; ნანა ნებიერიძის რეგალიები მასზე უკვე იმდენს ამბობს, ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ჩვენი გუნდის წევრია; ლიზა ყენიაც უნიკალური ადამიანია - ძალიან კარგი მეგობარი, კარგი პიროვნება გახლავთ. უკანდამხევი არ არის, ბოლომდე "აწვება". პირველ რიგში, გაგვიმართლა, რომ გუნდში ყველა საერთო ენაზე ვსაუბრობთ. ისეთი არავინ ყოფილა, ვინც დისკომფორტს გვიქმნიდა, პირიქით - ერთ მუშტად შეკრულები ვართ, შეჯიბრებებს მივყვებით, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, ჩვენი გუნდის - "მუხების" ერთ-ერთი სიძლიერე და პლუსი სწორედ ეს იყო. თან, გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეთაური ჯილდა წურწუმია გახლავთ. ის მართლა საამაყო ადამიანია. მოტივაციას გვაძლევს, გვამზადებს... მან მცირე ასაკში დიდ წარმატებას მიაღწია, უკვე მაღალი წოდებები აქვს. ნამდვილად საამაყო ქართველია, რომელსაც მიმაჩნია, რომ მთელი საქართველო უნდა იცნობდეს. გუნდში ყველანი აღვნიშნავთ, რომ ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ფორმულა ჯილდაა! ჩვენი მეთაური გვაძლიერებს, საერთო ენაზე გვესაუბრება. მოტივირებული და განათლებული გოგოა. გვერდით ასეთი მეთაურის ყოლა სტიმულია. დავალებებს გვაძლევს და წარმატებისკენ ჩვენთან ერთად მიისწრაფვის.

- პროექტში შენი მონაწილეობის მიზანზე, გამარჯვების შანსზე რას გვეტყვი?

- საერთოდ, ნებისმიერ კონკურსში იმიტომ ვმონაწილეობ, რომ ჩემი მიზანი გამარჯვებაა! თავს არ ვზოგავ. შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვიყენებ, საქმეს ბოლომდე ვაკეთებ.

- როცა "ყველაზე ძლიერის" ეპიზოდებს უყურებ, როგორი განცდა გეუფლება?

- ბევრი დავალება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. როცა ეპიზოდებს ვუყურებთ, განვიცდით. ასეთ პროექტში მონაწილეობა ჩვენთვის ახალი გამოწვევაა. ყოველი დავალებისთვის მობილიზება და კონცენტრირება უმნიშვნელოვანესია. როცა რამდენჯერმე მოვიგეთ, ამაზე ისე ვსაუბრობთ, თითქოს არც მოგვიგია - მომდევნო დავალებებისთვის ხელახლა ვემზადებით, რომ ჩვენმა გუნდმა პროექტში რაც შეიძლება მეტი გამარჯვება "ჩაწეროს"... ძალიან კარგი მოგონებები დაგვრჩება... ადამიანს შეუძლია, ყველაფერს გაუძლოს - მიმაჩნია, რომ ფსიქოლოგია ბევრს წყვეტს.

ეთო ყორღანაშვილი