რა საიდუმლოს ინახავენ მდუმარე პარლამენტარები - გზაპრესი

რა საიდუმლოს ინახავენ მდუმარე პარლამენტარები

სიტყვა "პარლამენტი" ფრანგული სიტყვისაგან წარმოიშვა ("პარლერ") და ქართულად "ლაპარაკს" ნიშნავს... ამიტომ, პარლამენტი - ეს არის ორგანო, რომლის წევრებმაც უნდა ილაპარაკონ, იმსჯელონ და იკამათონ კიდეც. ჩვენს პარლამენტს ყურადღებით თუ დავაკვირდებით, ძირითადად, ორი კატეგორიის ხალხს შევნიშნავთ: პირველი, რომელიც სხდომებზე ჩუმად ზის, ხმას არ იღებს და მის შესახებ არავინ არაფერი იცის, მეორე კი - კონფლიქტის დროს მამაპაპურად ჩხუბობს, ილანძღება, იგინება და ამის წყალობით საკმაოდ პოპულარულია. ალბათ, ჟურნალ "გზის" მკითხველი დაინტერესდება, რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები პარლამენტართა ამ ორ კატეგორიაზე.

GzaPress

ნუკრი კაპანაძე, მომღერალი:

- ჩემი აზრით, საშინელებაა, როდესაც პარლამენტის წევრი ყველა სხდომაზე დუმს, ნაცვლად იმისა, რომ ხელში ალესილი ხმალი ეჭიროს და ხალხის ინტერესებს კბილებით იცავდეს. ასეთ დროს ჩუმად ჯდომა როგორ შეიძლება? პარლამენტის წევრები ყველა მნიშვნელოვან დეტალზე უნდა მსჯელობდნენ, კამათობდნენ და ამ კამათში ხალხიც უნდა იყოს ჩართული. მით უმეტეს, რომ ჩვენი სახელმწიფო ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და ძალიან რთულ პერიოდში იმყოფება. ამდენი სოფელი წაგვართვეს, გორთან ყოველი გავლა-გამოვლა თითოეული ჩვენგანის გულში უდიდეს ტკივილს იწვევს და სად არის ახლა ძილის დრო?! როცა ვხედავ, რომ ამ სიტუაციაში რომელიღაც თანამდებობის პირს სძინავს, ლამისაა ტელევიზორში შევვარდე. პარლამენტის წევრებმა საქმის გამო შეიძლება იჩხუბონ, მაგრამ იმის გამო, რომ სცენები დადგან, არავითარ შემთხვევაში. მე მგონი, პარლამენტის წევრით დაწყებული, უბრალო მუშით დამთავრებული, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, თანაც ისე, რომ ღამითაც არ უნდა ეძინოს. ეს ბანალური ფრაზაა, მაგრამ ძალიან გონივრული. მე მაგალითად, ასე ვარ: დღედაღამ ჩემს საქმეზე ვფიქრობ - განვითარებაზე, სიახლეებზე... მინდა, ჩემი დღევანდელი საქმიანობა გუშინდელზე საინტერესო იყოს. თავიდანვე ასე მოვდივარ და მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსებმაც თავიანთი საქმე ამგვარი შემართებით უნდა აკეთონ. მაშინ, სულ სხვა საქართველოში ვიცხოვრებთ. ყველაფერი ისე უნდა ჰქონდეთ აწყობილი, რომ სხვა პროფესიის ადამიანები პოლიტიკაში არც უნდა ვერეოდეთ. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. კარგად გამიგეთ - ამ ყველაფერს დიდი გულისტკივილით ვამბობ და არა - ნიშნის მოგებით, ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ხალხიც ყველა სიტყვას სწორად გამიგებს.

გია ბუღაძე, მხატვარი: - ძალიან ბევრი პარლამენტარი პარლამენტში იმიტომ ზის, რომ თავისი ბიზნესი გაამყაროს - ამიტომაც არის ეს ხალხი ჩუმად. ჩვენს პარლამენტში მორჩილი პარლამენტარების მთელი არმიაა შეკრებილი. როგორც ჩანს, მათი მართვა ძალზე იოლია. ჰიპერაქტიური პარლამენტარებიც ხომ გვყავს, მაგრამ ისინი მაშინ არ ყვირიან, როცა უნდა იყვირონ, როცა საქვეყნო საქმეა გადასაწყვეტი. ჩემი აზრით, სიჩუმეს ისევ ჩხუბი და კამათი სჯობია, მაგრამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ლანძღვა-გინების კორიანტელი არ უნდა ისმოდეს. მოკლედ, ჩვენი პარლამენტის მუშაობით მე ძალიან უკმაყოფილო ვარ. იქ ისეთი ხალხი ზის, ვისაც იდეალები არა აქვს, ვისაც საქვეყნო საქმე არ აწუხებს. ეს მდუმარე პარლამენტარები მარტო თავიანთ ბიზნესს იცავენ, რაც დიდ დანაშაულად მიმაჩნია, თანაც, პარლამენტს იმიტომ ჰქვია პარლამენტი, რომ ის სალაპარაკო ადგილია, საფიხვნოა.

GzaPress მანანა ნაჭყებია, პოლიტიკოსი: - ძალიან ცუდია, როცა პარლამენტში ხარ, ხალხის ხმა უნდა იყო, მაგრამ ხმას მხოლოდ მაშინ იღებ, როცა ვინმეს უნდა შეაგინო. მე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად ვუყურებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტში მდუმარე პარლამენტარები სხედან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ ფუნქციებში სულაც არ შედის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა და ლაპარაკი. ისინი მიიჩნევენ, რომ ქველმოქმედებით უნდა იყვნენ დაკავებული, რაც არასწორი მიდგომაა: პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანმა თავისი აზრი უნდა გამოთქვას; უნდა წარმოაჩინოს პრობლემები, რომლის წინაშეც მისი ამომრჩეველი და მთელი ქვეყანა დგას. ამომრჩეველთა პრობლემებზე ზრუნვა და პარლამენტში აქტიურობა მათი საქმიანობის ნაწილია, თუმცა, პარლამენტარის ფუნქცია სულაც არ არის ქველმოქმედება და სოციალური დახმარებების სწორად გადანაწილება. ამისთვის არსებობენ სამინისტროები და მინისტრები, რომლებიც უზარმაზარ ხელფასებს იღებენ. რაც შეეხება პარლამენტის წევრს, მან პრობლემა პარლამენტამდე უნდა მიიტანოს და დაამტკიცოს, რატომ არის ეს პრობლემა საყურადღებო, თანაც, მისი გადაჭრის გზებიც შემოგვთავაზოს. ე.წ. მდუმარე პარლამენტარებზე უფრო მძიმე დასანახია ის ხალხი, რომელიც მხოლოდ მაშინ ყვირის, როცა თავის ოპონენტს უნდა შეაგინოს. ბილწსიტყვაობა და არაეთიკური ქმედება არათუ პარლამენტში, არსად არის მოსაწონი. სამწუხაროა, მაგრამ ე.წ. ქუჩის ბიჭების გავლენა საქართველოში არსად წასულა და მათი ფსიქოლოგია ჩვენს პარლამენტშიც ძალუმად იგრძნობა.

GzaPress ლიზა ვადაჭკორია, ტელეწამყვანი: - პარლამენტარის საქმიანობა იმით ფასდება, თუ რამდენად აქტიური იყო და ქვეყნისთვის რა გააკეთა, რა კანონპროექტი შეიტანა, რა სარგებელი მოუტანა ხალხს. რატომ არ უნდა ვაფასებდეთ ამ პრინციპით ჩვენს პარლამენტარებს? მათ ხელფასებს ხომ ჩვენ ვიხდით! რასაკვირველია, მდუმარე პარლამენტარები მეც არ მომწონს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ისეთ სისულელეებს ამბობს და ისე იქცევა, რომ ამას ისევ ჩუმად ყოფნა ჯობია. ზოგიერთი მათგანი სხდომებზე საერთოდ არ დადის, სამაგიეროდ, დადის საზღვარგარეთ, მივლინებებში, სამოგზაუროდ - ეს მეორე უკიდურესობაა. ამიტომ, ეს ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს; უნდა ვიცოდეთ, ვინ აკეთებს საქმეს და ვინ - არა. ზოგს თითქმის ყველა სხდომაზე სძინავს, ზოგი მობილურშია ჩაფლული - შესაბამისად, მათი ყოფნა არყოფნას უდრის. აქვე გეტყვით, რომ მე ხშირად ვკითხულობ პარლამენტარ ნატო ჩხეიძის პოსტებს, რომელიც ხშირად წერს: დღეს შევიტანე განაცხადი, ჩემი რიგი არ მოვიდა და რადგან საშუალება არ მომეცა აზრი გამომეხატა, "ფეისბუკზე" ვდებო. აქედან გამომდინარე, მცირე იმედი მაინც მაქვს, რომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის მსურველი უფრო მეტია და ყველა თავისი აზრის გამოთქმას ვერ ასწრებს. რაც შეეხება იმათ, ვინც ილანძღება და იგინება - ასეთები თავიანთ თავს იხდიან სამასხარაოდ. ამბობენ, ჩხუბი ყველა ქვეყნის პარლამენტში ხდებაო, მაგრამ მე საერთოდ არ მაინტერესებს აფრიკაში ან სენეგალში რა ხდება. აფრიკის სახელმწიფოს ერთ-ერთი პრეზიდენტი კანიბალი იყო, ჩვენც ხომ არ უნდა მივბაძოთ? ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგიერთი პარლამენტარი მართლა ამაზრზენად იქცევა. პარლამენტარი ხალხს კანონის ენით უნდა ესაუბრებოდეს, რასაც ჩვენთან მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.

GzaPressნინო თარხან-მოურავი, მსახიობი: - ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი: არც ის ხალხი მომწონს, რომელიც პარლამენტში თვეებისა და წლების განმავლობაში ჩუმად ზის და არც ის, ვინც ჰიპერაქტიურია და ხშირად, ეს აქტიურობა აგრესიაში გადასდის. თუ სადღაც ხარ და მუშაობ, შენი აზრიც უნდა გამოთქვა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და ეთიკური ნორმები, მით უმეტეს, რომ პარლამენტის სხდომები ტელევიზიით გადმოიცემა და ბავშვებიც უყურებენ, ქალებიც, ასაკოვანი ადამიანებიც. ყველანაირი აზრის გამოთქმისას მაყურებლის პატივისცემაა საჭირო. შესაძლოა, პარლამენტარებს შორის ჩხუბი სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ მე პირველ რიგში, ჩემი ქვეყანა მაინტერესებს. მე რომ მკითხონ, ტელეეკრანიდან ბილწსიტყვაობას საერთოდ არ დავუშვებდი, სულერთია, ფილმში იქნება ეს, გადაცემაში თუ პარლამენტის სხდომაზე.

GzaPress გიორგი გუგავა, პოლიტიკოსი: - ერთ გენიალურ ფრაზას შეგახსენებთ: ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო... პარლამენტი ის ადგილია, სადაც საკანონმდებლო-შემოქმედებითი საქმიანობა უნდა დუღდეს, ამავე დროს, ეს არის პოლიტიკური განცხადებების და საზოგადოებრივი დუღილის ამსახველი ორგანო. ეს კარგად უნდა იცოდნენ იქ მსხდომმა პირებმა, მაგრამ ჩვენ ისეთი პარლამენტარები გვყავს, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ბიზნესის ლობირებით არიან დაკავებული. ამას ზოგიერთი დაუფარავად აცხადებს. არც კი ახსენდებათ, რომ პარლამენტის წევრს ყოველგვარი ბიზნესსაქმიანობა კონსტიტუციით აკრძალული აქვს. ჩვენ ისეთი პარლამენტარებიც გვყავს, რომლებიც სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ, ამიტომ, ამ ხალხის მდუმარება ერთი მხრივ უცოდინარობით არის განპირობებული, მეორე მხრივ იმით, რომ კანონშემოქმედებასთან და პოლიტიკასთან არანაირი შეხება არა აქვთ. მათ მხოლოდ თავიანთი ბიზნესინტერესები ადარდებთ. ჩვენ ეს ხალხი დუმილისთვის და ფულის კეთებისთვის არ აგვირჩევია, მდუმარების აღთქმა თუ აქვთ დადებული, მაშინ პარლამენტში კი არა, მონასტერში უნდა წავიდნენ. პარლამენტი არ არის ჭაობი, სადაც ერთეულებმა ფული უნდა აკეთონ, ამიტომ, ყველა მოწინავე ქვეყნის პარლამენტში იშვიათად არიან ადამიანები, რომლებიც ფინანსურ საქმიანობას ეწევიან. საქართველოში კი - ამ გაღატაკებული და გაუბედურებული ქვეყნის პარლამენტში 41 ოფიციალური მილიონერი გვყავს!

ხათუნა ჩიგოგიძე