"ის სურვილებიც კი ამისრულდა, 13 წლის ასაკში, დღიურში დიდი ასოებით რომ მეწერა" - გზაპრესი

"ის სურვილებიც კი ამისრულდა, 13 წლის ასაკში, დღიურში დიდი ასოებით რომ მეწერა"

რესპონდენტთან ინტერვიუ მის დაბადების დღეს არასდროს ჩამიწერია, რაც მსახიობ სოფო გორელაშვილის შემთხვევაში მოხდა. როგორი განცდით ეგებება ყოველ დაბადების დღეს, რა არის მისთვის ბედნიერება, რის გამო იღებს საყვედურებს, ვინ არის მისი რჩეული, რომლის შესახებაც საჯაროდ არასდროს ულაპარაკია და რომელმა როლმა შეასრულა დიდი როლი მის ცხოვრებაში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 18 ივნისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ადრეულ ბავშვობაში მინდოდა "პარიკმახერი" (ამ სიტყვას ვამბობდი) ვყოფილიყავი. ძალიან მატრაკვეცა ბავშვი ვიყავი, მიყვარდა დედაჩემის ტანსაცმლის ჩაცმა, სარკესთან ტრიალი, სხვადასხვა როლის განსახიერება, ხშირად ამ როლებით სტუმრების წინაშე წარდგომაც და... სპექტაკლებზე სიარული დიდად არ მიყვარდა, მაგრამ დედას პერიოდულად მაინც დავყავდი. ერთხელ თეატრალურ სარდაფში მონოსპექტაკლი "უცნობი ქალის წერილი" ვნახე, სადაც ნინო ლეჟავა თამაშობდა. 12 წლის ვიყავი, ემოციურად იმდენად ძალიან იმოქმედა, მეც მსახიობობა მომინდა.

- ეს ამბავი ნინო ლეჟავამ...

- ...იცის. წლების შემდეგ ჩვენ ერთმანეთს "მზარეულების" გადაღებისას შევხვდით. მაშინ ვუთხარი, როგორი გავლენა მოახდინა ჩემზე. ძალიან ესიამოვნა და მეც გამიხარდა, რომ ეს ამბავი ვუთხარი.

GzaPress - ჩემზე ამბობენ... - ...რომ არაპროგნოზირებადი ადამიანი ვარ. გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება მჩვევია. ჰოროსკოპით ტყუპი ვარ. ზოგჯერ უმნიშვნელო ამბავზე ძალიან დიდხანს ვფიქრობ, წვრილმანებზე ვერ ვყალიბდები და ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მთელი ჩემი ცხოვრება რომ შეუძლია შეცვალოს, სწრაფად ვიღებ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...შვილი მყავს. ის მალე 8 წლის ხდება და ეს წლები მაბედნიერებს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგული და რისკიანი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზედმეტად ემოციური ვარ, საკუთარ თავს ცოტათი მაინც დავამშვიდებდი.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ტყუილი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო რუსეთში, როცა სასწავლებელი ახალი დამთავრებული მქონდა და იქაური პირველი არხის დაკვეთით, გადაღებულ 12-სერიიან სერიალში გადამიღეს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას, მან აბსოლუტურად ყველაფერში შემიწყო ხელი და გზაზე არ გადამეღობა. სხვადასხვა ეტაპზე ბევრი იმედგაცრუება მქონდა, ის კი ყოველთვის მხარში მედგა. ჩემს წარმატებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის რეჟისორ მანანა კვირკველიას.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვიმოგზაურო. იმდენად ხშირად ვერ ვახერხებ, როგორც მინდა. ჩემი ნება რომ იყოს, დავიხურავდი ქუდს და უსასრულო მოგზაურობაში წავიდოდი. მეყოლებოდა "სახლი მანქანა" და მსოფლიოს შემოვივლიდი.

- მეშინია...

- ...დაბერების. ადამიანის სული ხომ არ ბერდება. ასაკშიც მექნება სურვილები, სიცოცხლის სიყვარული, როგორიც დღეს მაქვს და სიბერეში უკვე რაღაცებს ვეღარ გავაკეთებ, ვეღარ შევძლებ, ამის ძალიან მეშინია.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...მგონი ყველაფერს შევცვლიდი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავი მომწონს. ზოგჯერ მანიაკალური ფიქრები მომეძალება ხოლმე. პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიმიმართავს. სურვილი მაქვს ყველაფრის ძალიან ცოტათი შეცვლის. სულ მეფიქრება, იქნებ ასე სჯობდეს?

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ველოსიპედის ტარება. მანქანას კარგად ვმართავ.

GzaPress - მეზარება... - ...კერძების მომზადება. გურმანი საერთოდ არ ვარ. ძალიან "გაფუჭებული ბავშვი" გახლავართ. მიყვარს ყველაფერი, რაც მავნებელია: ცომი, ტკბილი, ჩიფსები. გაუთავებლად ვსუსნაობ.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მაღაზიაში ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე მოხვედრისას, ბევრი ხალხი მიყურებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნებურად ვექცევი, ეს გარკვეული დისკომფორტია.

- ვნანობ...

- ...ვნანობ კი? დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იმდენად კარგადაა, ალბათ წარსულში ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, რომ ეს რეალობა დამდგომოდა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...გულჩვილობაა. შეიძლება წარსულში მომხდარი ამბავი გამახსენდეს, გული ამიჩუყდეს და ამეტიროს. ზოგჯერ ეს ძალიან მაწუხებს. მეუბნებიან, გარეგნულად ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებო, სინამდვილეში ასე არ არის.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს, მაგრამ ზედმეტი შექება არ მიყვარს. აღარ ვიცი, მადლობა როგორ გადავიხადო, ცოტათი ვიბნევი.

- როლი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა...

- ...იყო პირველი მნიშვნელოვანი როლი იმ სერიალში, რომელიც ინტერვიუს დასაწყისში ვახსენე. მაშინ ასაკით პატარა ვიყავი. უცხო ქვეყანაში, უცხო ენაზე, ახალ გარემოში ყოფნა მთლად ადვილი არ იყო. ეს როლი და პერიოდი ძალიან მეძვირფასება. თითქოს უეცრად გავიზარდე, ჩემში რაღაცნაირი გარდატეხა მოახდინა.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ჩემი პერსონაჟი ეკა კოლია...

- ...ცოტათი სულელი გოგოა. ის ოჯახის გავლენის ქვეშ იმყოფება, მამისგან გატუტუცებულია. მაყურებლიდანაც ასეთი ემოცია წამოვიდა, ის შტერი უფრო მეტადაა, ვიდრე - ბოროტი.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი გულწრფელად ინანიებს. ვთვლი, რომ სიტყვა "ბოდიში" ხშირად საჭირო სულაც არ არის, შეგიძლია შენი სინანული საქციელითაც აგრძნობინო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ვერაფერიც ვერ ვისწავლე. სხვის შეცდომებზეც ვერაფერი ვისწავლე, მაგრამ სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო და ჩვენც სხვის შეცდომებს მეტად ვხედავთ, ვიდრე - საკუთარს.

- ბოლოს ვიტირე...

- ...გუშინ საღამოს. ჩემი დაბადების დღე რომ ახლოვდებოდა, გული ამიჩუყდა და ვიტირე. პირველად ასე 25 წლის ასაკში დამემართა. ფსიქოლოგები "26 წლის სინდრომს" ეძახიან. საკუთარი თავი მეც ხშირად მაოცებს. ადრე დაბადების დღე ყოველთვის მიხაროდა, ტრადიციულად ჩემთან ბევრი გოგო იკრიბებოდა, მილოცავდნენ, მერე სადმე მივდიოდით და ა.შ. ხანდახან წინადღეს ვიწყებდით და იყო დიდი ჟრიამული, მაგრამ 25 წლის რომ ვხდებოდი, 2 დღით ადრე, ჩემთვის უჩვეულო და უცნაური განცდები დამეწყო. "ზევით ასვლა" უკვე აღარ მომწონდა. მას შემდეგ ეს განცდა ყოველ წელს მეორდება. ეს დღე მიყვარს, მაგრამ ისე, როგორც ბავშვობაში, აღარ მიხარია. ახლა ვხვდები, რას ნიშნავს წლების მატება.

- ვიბნევი, როცა...

- ...ერთდროულად ორი ადამიანი მელაპარაკება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...იქ, სადაც ვარ: სახლში და მეგობრებს ველოდები.

- სიყვარული ეს...

- ...დიდი ენერგია, ძალაა, რომელიც ყველა ადამიანშია, მის პოვნას უნარი სჭირდება. უნდა მისცე თავს უფლება გიყვარდეს, სხვას უყვარდე, გახსნილი უნდა იყო.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მის შემდეგ სულ შეყვარებული ვარ. 11 წლის ვიყავი და დილით გაღიმებული ვიღვიძებდი, სულ აფორიაქებული ვიყავი.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ. ამ ამბავზე არასდროს მილაპარაკია. ჩემი რჩეული უცხოელია, ის გერმანიაში ცხოვრობს და ჩვენ სერიოზული ურთიერთობა გვაქვს.

- ის არის...

- ...მუსიკოსი, დიჯეი, ხმის რეჟისორი. საქართველოში 3 წლის წინ, ერთ-ერთ ფესტივალზე გავიცანი. როგორც ხდება ხოლმე, ურთიერთობა ნელ-ნელა ავაწყვეთ, ის ახლა ჩემი ქმარია. მეტს ნუღარაფერს მომაყოლებ.

- ვეპრანჭები...

- ...ყველას, მათ შორის დედას, შვილს და პირველ რიგში - საკუთარ თავს.

- ვრისკავ...

- ...ყოველთვის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ზედმეტი პედანტიზმისა და ემოციურობის გამო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...სჯობს ამ დროს არავინ მეკონტაქტოს. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მირჩევნია ან უნდა მყავდეს ვინმე, ვინც თავად ნაკლებს ილაპარაკებს და მომისმენს.

- ბედისწერა...

- ...არსებობს. მთელი ჩემი ცხოვრება ბედისწერაა. დღეს ყველაფერი ზუსტად ისეა, წარსულში როგორი განცდები და წარმოდგენებიც მქონია მომავალზე. 13 წლის ასაკში, დღიურში დიდი ასოებით ჩაწერილი სურვილებიც (რომელთაგან ბევრი დავიწყებული მქონდა) კი ამისრულდა.

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ...დედა, ჩემი რამდენიმე მეგობარი და საბა. საბას რჩევას ბევრ საკითხში ვთხოვ, ჩაცმის სტილზეც აზრს ვეკითხები.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...მეჯიუტებიან, ასეთ დროს უკიდურესად ჯიუტი ვხდები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...თეატრალურში რომ ჩავაბარე, მეტყველება დასახვეწი მქონდა. პირველ კურსზე მეტყველების პედაგოგმა მითხრა, შენ ისეთი გარეგნობა გაქვს, სცენიდან რომ ჩამოხვალ, არ უნდა გითხრან, რა ლამაზი იყავი. ათასჯერ მეტი უნდა იმუშაო, რომ შენმა ნიჭმა შენი გარეგნობა დაჩრდილოსო. მზია მაღლაკელიძის ეს სიტყვები დღემდე მახსოვს. სხვათა შორის, ორჯერ მქონდა შემთხვევა, როცა მითხრეს, "სცენაზე ისეთი ლამაზი იყავი..." ეს კომპლიმენტი გულზე ძალიან ცუდად მომხვდა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მაქსიმალურად დავაფასოთ ყოველი წუთი და ყოველი წამი. როცა სამყაროში პოზიტივს გავუშვებთ, ის უკან ასმაგი ენერგიით დაგვიბრუნდება. ურთიერთობებისთვის მეტად გახსნილები ვიყოთ!

თამუნა კვინიკაძე